კადიროვი ავად გახდა და მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა

კადიროვი ავად გახდა და მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ავად გახდა და რეგიონის პირველ პირად დროებით მთავრობის მეთაური მუსლიმ ხუჩიევი დანიშნა. ინფორმაციას ჩეჩნეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხუჩიევი კადიროვის მოვალეობების შესრულებას 13 იანვრიდან შეუდგა და ამ საქმიანობას მის გამოჯანმრთელებამდე განაგრძობს. კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება.

კადიროვის ავადმყოფობა რუსეთში პოლიტიკურ ცვლილებებს დაემთხვა. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ კრებას მიმართა, რა დროსაც კონსტიტუციის რეფორმის ინიციატივა წარადგინა. რომელიც გულისხმობს, პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილის პარლამენტისთვის გადაცემას, საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის მოთხოვნების გამკაცრებას და რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართალის პრიორიტეტულობის შეზღუდვას. დღესვე რუსეთის ფედერაციის მთავრობა გადადგა, პრემიერმინისტრობა კი პუტინმა ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროს მიხაილ მიშუსტინს შესთავაზა. ყოფილი პრემიერი დიმიტრი მედვედევი კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება.