სერგო თეთრაძის საქმეში კიდევ ერთი ახალი მოწმე გამოჩნდა. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე განსასჯელმა შოთა სადუნიშვილმა განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან ის არის ერთადრეთი მოწმე 2011 წლის 23 სექტემბერს თადარიგის ოფიცრის სერგი თეთრაძის მკვლელობისა.
როცა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა სადუნიშვილს დართო ნება სასამართლო პროცესზე კითხვით მიემართა იმ პიროვნებისათვის, რომელიც მას თაღლითობაში სდებდა ბრალს, სადუნიშვილმა შეკითხვის ნაცვლად განცხადება გააკეთა.
„მე სულ არ მაინტერესებს ის საქმე, რომელიც ამჟამად იხილება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, არ მაინტერესებს კიდევ რამდენს დამიმატებენ. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან ვარ ერთადერთი მოწმე, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ მოკლა მეგის ქარდავამ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე. დანარჩენი 2 მოწმე კი მოსპეს,“- განაცხადა შოთა სადუნიშვილმა.
შოთა სადუნიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, მას 12 წელი ჰქონდა მისჯილი და სასჯელს იხდიდა გლდანის საპყრობილეში. ახალი ბრალდების წაყენების შემდეგ (ზუგდიდელი ჯუმბერ ჩაბალუხას მიმართ თაღლითობა – ფულის გამოძალვა), ის გლდანიდან ზუგდიდის საპყრობილეში გადაიყვანეს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ვარაუდობდა, რომ შესაძლო იყო, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით მალე სისხლის სამართლის ახალი საქმეებიც გამოკვეთილიყო და ერთ-ერთი მათგანია სერგო თეთრაძის საქმე.
„თქვენ იცით, რომ სამხედრო პოლიციამ ეს ავღანეთში მებრძოლი ადამიანი დააკავა შინ და რამდენიმე დღეში უკან მოუსვენეს გვამი ოჯახს. მას კითხავდნენ ბაჩო ახალია და მეგის ქარდავა. როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილი წყარო ავრცელებს ინფორმაციას, სერგო თეთრაძე შემოაკვდათ ფიზიკური შეურაცხყოფის პირობებში. სერგო თეთრაძის მეუღლემ შემოიტანა ბაჩო ახალაიასა და სხვების წინააღმდეგ საჩივარი და ეს იქნება ახალი საქმე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რამდენიმე დღის წინ თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმაც შეიტანა პროკურატურაში განცხადება.
საუბარია დავით ლონდარიძის ჩვენებაზე, რომლის საფუძველზეც სერგო თეთრაძე დააპატიმრეს. ლონდარიძის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თეთრაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს. 2011 წლის 17 სექტებერს მეგის ქარდავას კაბინეტში, სადაც ასევე იმყოფებოდა ბაჩო ახალაია, მათზე ზეწოლისა და წამების შედეგად ლონდარიძემ თავის ტვინის ტრავმა მიღო. დღეს იგი სასჯელაღსრულების სისტემაში ტელევიზიების შესვლასა და ხელახალ დაკითხვას ითხოვს.
ოფიციალური ვერსიით, 2011 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში ნათქვამია, რომ „ლონდარიძეს, ჩაპლიგინს და გორელაშვილს ბრალი დაედოთ საქართველოს წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. საქმის მასალების მიხედვით, დავით ლონდარიძე, რომელიც 1992 წელს მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დისლოცირებულ საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, გადაბირებულ იქნა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, ვინმე „მაიორ ჟუკოვის“ მიერ. მოგვიანებით ლონდარიძეს აგენტურული ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ოფიცერ ვინმე „ივანოვთან“, ხოლო 2002 წლიდან აგენტურულ კავშირზე იმყოფებოდა სერგეი ჩაპლიგინთან და იმ პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელ სერგო თეთრაძესთან. 2002 წლიდან ლონდარიძე ხვდებოდა რა ჩაპლიგინს და თეთრაძეს, გადასცემდა საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს, მათ შორის, 2011 წლის ზაფხულში გადასცა მეხსიერების ბარათები, რომელზედაც ჩაწერილი იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობები“.
მოკლედ, სერგეი ჩაპლიგინი, გიორგი გორელაშვილი, დავით ლონდარიძე და სერგო თეთრაძე ერთად დააკავეს იმ მოტივით, რომ თითქოს, ისინი ჯაშუშები იყვნენ.
გელა ნიკოლაიშვილი: „იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც პროკურატურაში შევიტანე, მოხდა დაკითხვა. დეტალებზე გარკვეული მიზეზების გამო არ მინდა საუბარი. ზოგადად კი გეტყვით, რომ ლონდარიძე ამხელს მეგის ქარდავას და ბაჩო ახალაიას საკუთარ წამებაში, დაინვალიდებაში, ჩვენების იძულებით ჩამორთმევაში და სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე დააკავეს თეთრაძე. დააწერინეს, რომ თითქოს, თვითონაც ჯაშუში იყო და სერგო თეთრაძეც, მაგრამ უშუალოდ თეთრაძის წამების ეპიზოდთან დაკავშირებით არაფერი იცის.
თეთრაძესთან დაკავშირებით გიორგი გორელაშვილსაც აქვს ინფორმაცია, რომელიც ამავე საქმეზეა დაპატიმრებული. როგორც ამბობს, მას თეთრაძის მკვლელობასთან დაკავშირებით აქვს მოსმენილი გარკვეული ინფორმაცია და დავაყენეთ კიდეც საკითხი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ისიც დაიკითხოს.
რაც შეეხება ბედუკაძეს, ის ადასტურებს იმ ინფორმაციას, რაც მედიის საშუალებით თავის დროზე გაავრცელა. თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმეა და თანახმაა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოწმედ წარსდგეს. თუმცა, ამ ეტაპზე, არ მიაჩნია, რომ საქართველოში უკვე სამართლიანი სასამართლოა. ამიტომ, ვფიქრობ, მისაღები იქნება დაიკითხოს იქ, სადაც არის, ანუ აქედან ჩავიდეს გამომძიებელი მის დასაკითხად და მეც თანახმა ვარ, როგორც მისმა ადვოკატმა, მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა“.
ჯაშუშობაში ბრალდებული, თადარიგის ოფიცერი, ყოფილი მზვერავი, ომის ვეტერანი 57 წლის სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს, ხოლო ოფიციალური ვერსიით ის 23 სექტემბერს გარდაიცვალა გულის შეტევით. მეგის ქარდავა ამ პერიოდში სამხედრო პოლიციის უფროსი იყო.
ლადო ბედუკაძემ, რომლის სახელსაც უკავშირდება გლდანის ციხეში წამების ფაქტების გადაღებაცა და შემდეგ უკვე გავრცელებაც, სხვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას რამდენჯერმე დაადასტურა, რომ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ციხის უფროსი და რეჟიმის უფროსი ეჭვმიტანილისაგან აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ.
ბედუკაძე ამბობს, რომ „ბატონი სერგო იყო გამოცდილი ადამიანი, როგორც მე ვიცი, წლების განმავლობაში მუშაობდა სამხედრო დაზვერვაში და არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ადვილად გატეხილო, ადვილად დამორჩილებოდა მათ ნებას და ამიტომ მიმართეს უკიდურეს ზომას“.
ლადო ბედუკაძე აცხადებს, რომ იგი უშუალო მოწმეა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა, რადგან იმ ღამეს მორიგეობდა და მზად არის, სასამართლოზე დაამტკიცოს, რომ სერგო თეთრაძის წამება უშუალოდ ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ დაუკვეთეს. შემსრულებელი კი ალექსანდრე მუხაძეა.
დაკავებამდე საკითხზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამაც გააკეთა კომენტარი რადიო „თავისუფლებასთან“ და როგორც მან აღნშნა:
„ზუსტად იგივე ინფორმაცია მაქვს მე, რაც თქვენ, მე ვიცი, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა ციხეში, გულის შეტევით, მე მჯერა ოფიციალური ვერსიის. ხალხი ამბობდა, რომ მოკლეს, ჩამოახრჩვეს, ფაქტები არ დაიმალება“.
სერგო თეთრაძე საბჭოთა შეიარაღებული ძალების ოფიცერი იყო, ავღანეთის შემდეგ თბილისში საინჟინრო ბაზაზე მსახურობდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის შემდეგ თეთრაძე მაშინვე გადავიდა ქართული არმიის რიგებში და იმავე საინჟინრო ბაზის მეთაური გახდა. იბრძოდა აფხაზეთში, სხვადასხვა დროს მუშაობდა საარტილერიო ბრიგადაში, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებში. სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე 2007 წლიდან აღარ მსახურობდა ჯარში. 57 წლის თეთრაძე ასაკის გამო დაითხოვეს. საკმაოდ მცირე პენსიის გამო ოჯახს ძალიან გაუჭირდა და ის იძულებული გახდა, დარაჯად ემუშავა.
აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი ოფიცერი სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა საკუთარ სახლში დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, ოჯახს არ უთხრეს არც დაკავების მოტივი.
თეთრაძის წაყვანიდან რამდენიმე საათში მეუღლემ გამომძიებელს დაურეკა, რომელმაც უპასუხა, რომ მან არ იცოდა, სად იყო სერგო თეთრაძე და, რომ უფროსობას ჰყავდა ზევით აყვანილი. იმავე საღამოს ახლობლებმა თეთრაძეს ადვოკატი მიუყვანეს, თამარ იასეიშვილმა, თავდაცვის სამინისტროს შენობაში თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვა მოახერხა და ოჯახს შეატყობინა, რომ სერგო საშინლად ნაცემი იყო.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია თეთრაძის ოჯახის ახლობლებმა მაშინვე გაუგზავნეს ქართულ მედიასაშუალებებს და პარტიებს.
პროცედურის დარღვევით მიმდინარეობდა დაკავების მთელი ოპერაცია - თეთრაძესთან სახლში 6 სამხედრო პირი მივიდა. ბინაში ჩხრეკა მოწმეების გარეშე ჩატარდა. გამომძიებელმა გიორგი ხევსურიანმა ჩხრეკის ოქმში მიუთითა, რომ აღმოჩენილ იქნა გეოგრაფიული რუკები და წითელი „ფლეშკა“, თეთრაძემ რამდენჯერმე თქვა, რომ ეს „ფლეშკა“ მას არ ეკუთვნოდა და უცნობია, რა ინფორმაცია ინახებოდა მეხსიერების ბარათზე. როგორც შემდეგ გაირკვა, რუკები სერგო თეთრაძის სიდედრს, გეოგრაფიის ყოფილ მასწავლებელს ეკუთვნოდა და სწორედ მისი ოთახიდან ამოიღეს. თეთრაძის მეუღლეს ოქმისთვის ხელი არ მოუწერია, რადგან წითელი „ფლეშკა“ მათ არ ეკუთვნოდათ.
მეორე დღეს მეორე ჩხრეკაც მოწმეების გარეშე ჩატარდა, სარდაფიდან ამოიღეს ერთი მჭიდი ერთი ვაზნით.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სერგო თეთრაძე დაპატიმრების პირველი 24 საათის განმავლობაში უზნაძის ქუჩაზე სამინისტროს შენობაში ჰყავდათ „დაკითხვაზე“. ახლობლებმა, ეს ინფორმაცია შენობიდან გამოსული თვითმხილველისგან გაიგეს. შეიტყვეს, რომ სერგო თეთრაძეს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული და სასტიკად სცემდნენ.
19 სექტემბერს თეთრაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურული სასამართლო სხდომა ჩატარდა. შემინული კარიდან ახლობლებმა შეძლეს სერგო თეთრაძის დანახვა. დაინახეს ისიც, რომ სერგოსთან ერთად კიდევ სამი კაცის საქმე იხილებოდა. მოგვიანმებით მეუღლემ თქვა კიდეც, რომ სერგო მხოლოდ ჭაღარა თმებითღა იცნო, იმდენად იყო ფიზიკურად განადგურებული და შეცვლილი.
24 სექტემბერს სერგო თეთრაძის დედას, რომელიც სხვა სახლში ცხოვრობს, გლდანის ციხიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ მისი შვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და შეეძლოთ, ცხედარი სახლში წაესვენებინათ.
ოჯახში მისვენებულ გვამს წამების კვალის დასაფარად სახეზე მაკიაჟი ჰქონდა, ტანზე კი სხვა ტანსაცმელი ეცვა. ოჯახს ექსპერტიზა ჩატარებული და ორგანოებამოცლილი გვამი დაუბრუნეს, მაგრამ ოფიცრის მეუღლეს ექსპერტიზის პასუხის მისაღებად დიდხანს დასჭირდა ლოდინი. როგორც იურისტები განმარტავენ, ოჯახის გარეშე ექსპერტიზის ჩატარება დანაშაულად ითვლება, რადგან ოჯახს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა ეკარგება. და კიდევ ერთი - გარდაცვალების ცნობის თანახმად, სერგო თეთრაძე 24 საათით ადრეა გარდაცვლილი, ვიდრე ეს ფაქტი ოჯახს შეატყობინეს.
თეთრაძის მეუღლემ დუმილი პატიმართა წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ დაარღვია და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლეც სწორედ გლდანის მე-8 საპყრობილეში დაიღუპა სასტიკი წამებით.
ბედუკაძის ინტერვიუებში გამოთქმულ ბრალდებას ადასტურებს ერთ-ერთი პატიმრის წერილიც, რომელიც N8 დაწესებულების პატიმარმა ოლეგ რამიშვილმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გაუგზავნა.
რამიშვილი წერილში ამბობს, რომ ის ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა. სექტემბრის შუა რიცხვებში, საღამოს თერთმეტის ნახევარზე, ალექსანდრე მუხაძემ მას დაავალა, რომ სერგო თეთრაძისგან გაეგო, ვისთან თანამშრომლობდა და ვის აწვდიდა ინფორმაციას.
როგორც რამიშვილი წერს, ის დატოვეს საკანში, ერთ საათში კი მასთან თეთრაძე უნდა შეეყვანათ. როგორც ირკვევა, ეს დრო თეთრაძის „დასამუშავებლად“ სჭირდებოდათ. რამიშვილის ინფორმაციით, იმ საკნიდან საკარანტინო ოთახები კარგად ჩანდა და ყველაფერი თავის თვალით ნახა. დაინახა, როგორ შევიდნენ თეთრაძესთან ოლეგ ფაცაცია და ალეკო მუხაძე და კარგახანს ხელკეტითა თუ მუშტებით ურტყამდნენ. ცემის დროს თეთრაძე დაეცა, და აღარ წამომდგარა. შემდეგ ის საკაცით გაიყვანეს.
ცნობისათვის, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“, პროფესიით ექიმი, გლდანის სამკურნალო დაწესებულებას ხელმძღვანელობდა.
მუხაძეს ახსენებს ბედუკაძეც: „ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დავალებით, ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია მას აუპატიურებდნენ რეზინის ხელკეტით. მზად ვარ, მათ ხელი დავადო და დავამტკიცო ის, რასაც ახლა ვამბობ. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ბაჩო ახალაიას სეიფში ინახება. ამას უშუალოდ ალექსანდრე მუხაძე იღებდა ახალაიასთვის და ჩანაწერიც თვითონ აქვს. ეს ჩანაწერი მაღალი ხარისხის ვიდეოზეა გადაღებული, სპეციალურად ახალაიასთვის, მზად ვარ, სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოვიდე და თუ უარყოფას გაბედავენ, 2-3 მოწმეს პირადად მე წარვადგენ“, - განაცხადა ბედუკაძემ „ობიექტივთან“ საუბრისას.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს თანამშრომელ დავით ლონდარიძეს რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი ჰქონდა (დღეს ამ ტერიტორიაზეც ავტობაზრობაა), რომლის გაყიდვაზეც უარი განაცხადა და მასზე ზეწოლა ამ მოტივით დაიწყო. ბოლოს მას ნაკვეთი მაინც გააყიდინეს, მაგრამ ნაკვეთის გაყიდვიდან 3 თვეში, ის მაინც დააპატიმრეს. ჯაშუშობის იდეაც სავარაუდოდ, ამ მიწის ნაკვეთს მოჰყვა და კიდევ ერთი ჯაშუშობის სერიალის გადაღება მხოლოდ სერგო თეთრაძის გარდაცვალების გამო ჩაიშალა.