რუსეთის მთავრობა გადადგა. ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრაზე, პრემიერ–მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობა გადადგეს.
„როდესაც ცვლილებების მიღება მოხდება, შეიტანენ მნიშვნელოვან ცვლილებებს კონსტიტუციის არა მხოლოდ ერთ პუნქტში, არამედ ხელისუფლების სრულ ბალანსში, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების“, – აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენმტა მთავრობას სთხოვა, სრულად შეასრულოს თავისი მოვალეობები ახალი კაბინეტის შექმნამდე. ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა, ხოლო პრემიერ-მინისტრის პოსტი ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსს, მიხაილ მიშუსტინს შესთავაზა.
„პუტინმა სამუშაო შეხვედრა გამართა მიხაილ მიშუსტინთან და თანხმობის მიღების შემდეგ, მისი კანდიდატურა სახელმწიფო დუმას შესთავაზა“, – წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პუტინმა ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დააანონსა. მისი თქმით, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. პუტინის ინიციატივით, სახელმწიფო დუმას უნდა მიენიჭოს უფლება დანიშნოს პრემიერ–მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი.
ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე თვლის, რომ შეიცვლება, თუ არა რუსეთის კონსტიტუცია, არ ცვლის მოქმედი ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებს, რომელშიც თავისუფალი, დემოკრატიული და განვითარებული საქართველოს არსებობა არ ჯდება. მისივე თქმით, ცვლილებები უფრო შიდა თემებისკენაა მიმართული, ვიდრე საგარეო პოლიტიკაში ცვლილებისკენ. ფხალაძის თქმით, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ რუსეთის კონსტიტუციას ენიჭება უპირატესი უფლება საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შედარებით.
„ანუ, ეს ნიშნავს, რომ თუკი საერთაშორისო ხელშეკრულება „აღმოჩნდება“ ან ვინმე აღმოაჩენს, რომ თურმე რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომელიც შეიძლება, ყოველდღიურად იცვლებოდეს, საერთაშორისო ვალდებულება შეიძლება, არ შესრულდეს. რუსეთი ყოველთვის გაიმართლებს ამით თავს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
რა თქმა უნდა, აღნიშნული ცვლილებები, ანუ, საპრეზიდენტოდან საპარლამენტოზე გადასვლა, გულისხმობს ძლიერ პრემიერ–მინისტრს და პუტინისთვის კიდევ ერთ შანსს ლეგალურად დარჩეს ხელისუფლებაში. მე არ მგონია, რომ ამ წუთას ჩვენთვის განსაკუთრებით იცვლებოდეს რამე, რადგან ვერ გეტყვით იმას, რომ რუსეთში დემოკრატიული ცვლილებები განხორციელდეს“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფიქრობს, რომ იგეგმება სახელისუფლებო სიმძიმის ცენტრის გარკვეული დოზით გადაცემა დუმისთვის, ანუ ნაწილობრივ საპარლამენტო მოდელისკენ გადახრა. მისი თქმით, ამ ინიციატივის თანახმად, პრემიერ–მინისტრის, ვიცე–პრემიერების და მინისტრების დამტკიცება მოხდება დუმის მიერ, რის შემდეგაც პრეზიდენტი ვალდებული იქნება ისინი თანამდებობებზე დანიშნოს. თუმცა, როგორც სალუქვაძე აცხადებს, პრეზიდენტს მათი თანამდებობიდან გადაყენების უფლება დარჩება ნდობის დაკარგვის, ან მოვალეობების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში.
„საერთაშორისო სამართლის, ხელშეკრულებების მოთხოვნები ან ორგანოების გადაწყვეტილებები რუსეთის ტერიტორიაზე იმოქმედებს იმ ნაწილში, რომელიც წინააღმდეგობაში არ იქნება რუსეთის კონსტიტუციასთან. მაღალი თანამდებობის პირებს არ შეიძლება ჰქონდეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება. პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იქნას პირი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა რუსეთში, არ ჰქონია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ან ბინადრობის უფლება და არ ჰქონია რაიმე საბუთი, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას აძლევდა, როგორც არჩევნების პერიოდში, ასევე მანამდე.
რუსეთის მთავრობა გადადგა, მედვედევი გადაინაცვლებს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში. მთლიანობაში, გასაანალიზებელია ეს ცვლილებები. შესაძლოა, პუტინი აღარ აპირებს შემდეგი ვადით პრეზიდენტობას, ცვლილებებს ამ კუთხით და, სავარაუდოდ, შესაძლოა, გადაინაცვლოს ისევ პრემიერად ან შესაძლოა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, სპიკერად. ალბათ, საპრეზიდენტო ვადის ბოლოს კიდევ უნდა ვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები“, – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ პუტინმა პიარის მეთოდოლოგია გამოიყენა, თითქოს ახალი ძალის მოსვლით, რეფორმების პროცესი დაიწყო. მისი თქმით, პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომა იმისთვის გადაწყვიტა, რომ სოციალური გაღიზიანება ჩაეხშო და ის უბედურება, რაც რუსეთს სჭირს, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, კონკრეტულ პირებს გადააბრალოს.
„რუსეთის მთავრობის გადადგომა იყო პროგნოზირებადი. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო აქტივობა ჩვეულებრივ ადამიანს აფიქრებინებს, რომ რუსეთს იმდენი რესურსი აქვს, რომ მას თავისუფლად შეუძლია მასშტაბური სამხედრო სამუშაოები აწარმოოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სინამდვილეში ეს ასე არ არის, რადგან რუსეთს აქვს ძალიან სერიოზული სოციალური პრობლემები და ეკონომიკის ზრდის უაღრესად დაბალი ტემპი. იმ ფონზე, როდესაც აქვს უზარმაზარი შემოსავალი რუსეთს ენერგომატარებლების გაყიდვით, ეკონომიკის მდგომარეობა არის უაღრესად მძიმე.
სოციალური უკმაყოფილების ხარისხი მატულობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკი გაზარდეს და პენსიები შეამცირეს, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა მთავრობის გადადგომა იმისთვის, რომ სოციალური გაღიზიანება ჩაეხშო და პიარის მეთოდოლოგია გამოიყენა, რომ თითქოს ახალი ძალის მოსვლით რეფორმების პროცესი დაეწყო და, რომ მთელი ის უბედურება, რაც რუსეთს სჭირს, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, გადააბრალოს კონკრეტულ პირებს. ეს არის ჩვეულებრივი პიარ–სვლა“, – ამბობს მამუკა არეშიძე.
ექსპერტის, ნიკა ჩიტიძის შეფასებით, თუ რუსეთი საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავა, პირველ რიგში, პუტინზე იქნება მორგებული. ჩიტაძე ფიქრობს, რომ ნაკლებადაა შესაძლებელი, ამ ეტაპზე რუსეთი საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავიდეს, რადგან რუსეთის მოსახლეობის მოთხოვნაა ძლიერი ლიდერი და ნაკლებადაა შესაძლებელი, რომ პრეზიდენტის როლი შესუსტდეს და გაიზარდოს პარლამენტის და პრემიერ–მინისტრის როლი.
„რაც შეეხება საპარლამენტო რესპუბლიკას, არ არის გამორიცხული, მას შემდეგ, რაც 2024 წელს პუტინს საპრეზიდენტო უფლებამოსილება გაუვა, შესაძლებელია, დადგეს დღის წესრიგში საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა, რადგან პუტინს შეეძლება პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავება და ამ შემთხვევაში, მას დასჭირდება, რომ პრემიერ–მინისტრის ინსტიტუტი იყოს გაძლიერებული, თუმცა აქ საქმე არ გვექნება რეალურ საპარლამენტო რესპუბლიკასთან, ისეთთან, როგორიცაა გერმანია ან იტალია.
საპარლამენტო რესპუბლიკაზე რუსეთი რომც გადავიდეს, პირველ რიგში, პუტინზე იქნება მორგებული. რუსეთი ვერ გახდება უახლოეს მომავალში დემოკრატიული სახელმწიფო იმ შემთხვევაშიც კი, თუ საპარლამენტო მოდელზე გადავიდა, რადგან რუსეთის საზოგადოება არ არის მზად დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.
ან კიდევ რა გიკვირთ? საააკაშვილს კოვზი რომ ნაცარში არ ჩაჰვარდნოდა, რააა... ისიც მასე არ ,,იკეთებდააა,,??
აბა პუტინისა რა გიკვირთ?? სხვანაირად არც იქნებოდა.....