სოსო ცისკარიშვილი :

სოსო ცისკარიშვილი : "პროცესები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, მხოლოდ ჟურნალია, კინო მალე დაიწყება!"

"საოცარია, რომ ვიღაცებს უკვირთ, რაც ხდება საქართველოში. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ძირითადი მოტივაცია გახლდათ ის უკიდეგანო უსამართლობა, კაცთმოძულეობა და სადიზმი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა. ამ მრავალწლიანი უსამართლობის აღმასრულებელნი იყვნენ პოლიტიზებული პროკურატურის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების სწორედ ის მაღალჩინოსნები, რომელთა მცირე ნაწილმა დღეისთვის უკვე გააცნობიერა, რას ნიშნავს ხალხური სიბრძნე - რასაც დასთეს, იმას მოიმკი. მათ ეგონათ, რომ არასოდეს დადგებოდა მათივე დათესილის მომკის დრო. ქართველმა ხალხმა მოიყვანა ეს დრო და შესაბამისად, პროცესები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, ჩემი აზრით, მხოლოდ ჟურნალია, კინო მალე დაიწყება", აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საქართველოში უახლოეს მომავალში ქონებრივი დავების ბუმი დაიწყება / "ამდენი მასალის პირდაპირ პროკურატურაში შესვლამ შესაძლოა, ამ სტრუქტურის დამბლაც გამოიწვიოს".

"უამრავი საჩივარი შედის პროკურატურაში და ქვეყნდება მედიაში, ერთმანეთზე დაუჯერებელი ფაქტებია აღწერილი ამა თუ იმ ბიზნესის ყოფილი მეპატრონეების მიერ. მიჩნდება კითხვა, - კი მაგრამ, რას აკეთებდა ბიზნესომბუდსმენი. როდესაც ამ თანამდებობაზე ნიშნავდნენ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი და ვიკითხე, ვინ არის-მეთქი, მიპასუხეს - კარგი ბიჭიაო. ვერ ყოფილა კარგი ბიჭი. პასუხისგების საკითხი მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულისას არ დგება, უმოქმედობაც გარკვეული პასუხისგების საფუძველია. არსებობს დანაშაულებრივი გულგრილობის ცნებაც, რომლის მაგალითი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლაშა თორდიაა. წინა მოწვევის პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშების მიმართ გულგრილობას იჩენდა და იმიტომაც მივიღეთ ეს შედეგი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"უპრეცედენტო გამჭვირვალობის ფორმატია - ლამის ერთნაირ დროს ხარჯავენ იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი მედიასთან ურთიერთობასა და თავიანთი მოვალეობის შესრულებაში. ეს ზოგჯერ გამაღიზიანებელიც ხდება. პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ საქმე და აცნობონ ამის შესახებ მედიას, მაგრამ დღის განმავლობაში 2-3 საათი მინისტრი ან მისი მოადგილე ტელეეთერში რომ ზის, არა მგონია, მთლად კარგი იყოს. ზეგამჭვირვალობამ ზოგჯერ შეიძლება პროცესს ავნოს. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი უნდა იყოს, მაგრამ არა ასეთი უთავბოლო ტოქშოუების სახით. ასევე, მიმაჩნია, რომ ახალი ხელისუფლების შეცდომების შესახებ მედია უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ არა ისეთი ფრაზებით, როგორსაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ვისმენთ. "ნაციონალები" ემსგავსებიან იმ ცუღლუტ მეცხვარეს, რომელიც მუდმივად იძახდა - მგელი, მგელიო და როდესაც მართლა მოვიდა მგელი, აღარ დაუჯერეს: როდესაც ბაჩო ახალაიას წმინდანად ნათლავ, რასაკვირველია, შემდეგ რაც უნდა იძახო, არავინ გენდობა", - განაგრძობს ექსპერტი.
"მწვავე საკითხებზე, ინფორმაციის ნაკლებობაც არსებობს, მაგალითად, არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რა ცვლილებები მოხდა კადრებთან დაკავშირებით პროკურატურაში. იგივე ხალხი დარჩა, რომლებიც ადამიანებს იარაღსა და ნარკოტიკს უდებდნენ? სად წავიდა ამდენი პროკურორი, თუ ყველას ჯადო გადააყლაპეს და გაკეთილშობილდნენ?! რა თქმა უნდა, არის ფუნდამენტური განსხვავება, რაზე საუბარიც უყვარს პრეზიდენტს. ფუნდამენტური განსხვავებაა ზურიკელა ადეიშვილსა და თეა წულუკიანს შორის, მურთაზ ზოდელავასა და არჩილ კბილაშვილს შორის, თუმცა სანდოობისთვის უკეთესი იქნება, თუ კიდევ რამდენიმე პროკურორი გამოაჩენს საკუთარ სახეს. "გამოაჩინონ" სხვა ფიგურაც, რათა ჩვენს უაღრესად გადატვირთულ მთავარ პროკურორს საკუთარი თავის პრესსპიკერობის ვალდებულება არ ჰქონდეს", - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "უახლოეს მომავალში ქონებრივი დავების ბუმი დაიწყება..." პასუხობს:.

"სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ ყველა საკითხი სამართლიანად გადაწყვიტოს. მაგრამ ჩვენი უზენაესი სასამართლო რეალურად აღმოჩნდა უზენაესი უსამართლო. ამიტომაც რაიმე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინი უსაფუძვლოა. ქონების პატრონი, პატიმრისგან განსხვავებით, სიტუაციის შეცვლას დაელოდება, შესაბამისად, მოითმენს კიდეც. თუმცა, რა თქმა უნდა, თითოეული ასეთი საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს. სწორედ ამიტომაცაა საჭირო, შეიქმნას სტრუქტურა, სადაც ქონებრივ დავებთან დაკავშირებული თემების პირველადი განხილვა მოხდება. ამ სტრუქტურამ საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადასცეს მასალები პროკურატურას. ამდენი მასალის პირდაპირ პროკურატურაში შესვლამ შესაძლოა, ამ სტრუქტურის დამბლაც გამოიწვიოს".