”შავ სიაში” მოხვედრილ ადამიანთა რიცხვი ბანკების მოგების ზრდის პროპორციულად იმატებს
განმარტება: „შავი სია“ – „მგლის ბილეთის“ თანამედროვე ინტერპრეტაციაა. სია, რომელშიც ბანკებს შეყავთ ის კლიენტები, ვინც ვერ შესძლო კრედიტის გადახდა, ან მიზანმიმართულად არ გადაიხადა, „გადააგდო“ ბანკი.
Georgianbanks.com-ის მიერ ჩატარებულმა ქართული ბანკების ბოლო წლების საქმიანობის ანალიზმა გამოააშკარავა რამდენიმე საინტერესო, ურთიერთდაკავშირებული ტენდენცია და ფაქტი - კერძოდ, ე.წ. “შავი სიის“ და საბანკო სექტორის მოგების დინამიკების ურთიერთკავშირი. ეს ურთიერთკავშირი გარკვეულ კითხვებს და ეჭვებს ბადებს.
ტენდენცია - ფაქტი 1. კრედიტ-ინფო, შავი სია და მისი ზრდის დინამიკა
2008 წლიდან დღემდე კრედიტ-ინფოს „შავ სიაში“ მოხვედრილ მსესხებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ:
ა) 2008 წლის მონაცემით ამ სიაში ირიცხებოდა 142 000 მსესხებელი; (წყარო 1)
ბ) 2010 წლისთვის ამ ციფრმა მიაღწია 316 594 - მსესხებელს, 2 წელიწადში მოიმატა 2,2-ჯერ ანუ 122%-ით! (წყარო 2)
კრედიტ-ინფოს „შავ სიასთან“ საინტერესოდ დაკავშირებული ფაქტებია:
ა) კრედიტ-ინფოს დამფუძნებლები არიან ქართული ბანკები - „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „პროკრედიტ ბანკი“ და „ბანკი რესპუბლიკა“;
ბ) 2010 წლის შემდეგ კრედიტ-ინფომ შეწყვიტა ინფორმაციის საჯაროდ გაცემა „შავი სიის“ სიდიდის შესახებ;
გ) 2010 წლიდან დღემდე, ეს სია კვლავ განუხრელად იზრდება და მასში გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე 316 594;
დ) კრედიტ-ინფოს დამფუძნებელმა ბანკებმა გადაწყვიტეს აღარ გაესაჯარაოებინათ „შავი სიის“ ზრდის ტენდენცია და სწორედ ამიტომ არის ეს ინფორმაცია დაფარული საზოგადოებისთვის.
ტენდენცია - ფაქტი 2. საბანკო სექტორის მოგება და მისი დინამიკა 2007-2012 წლებში
“შავ სიაში“ მოხვედრილ მსესხებელთა რიცხვის მსგავსად, 2007 წლიდან დღემდე, ასევე გაიზარდა საქართველოს საბანკო სექტორის მოგებაც:
ა) 2007 წელს საბანკო სექტორის მოგებამ 109 000 000 ლარი შეადგინა;
ბ) 2010 წელს იგივე მაჩვენებელი 156 000 000 ლარს გაუტოლდა;
გ) 2011 წელს საბანკო სექტორის მოგებამ 323 000 000 ლარს მიაღწია, ეს არის საქართველოს საბანკო სექტორის ისტორიაში მოგების მაქსიმალური ოდენობა.
2011 წლის მოგება 2010 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ (106,7%-ით), ხოლო 2007 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება! (წყაო 3)
საბანკო სფეროსთან და მისი მოგების დინამიკასთან საინტერესოდ დაკავშირებული ფაქტებია:
ა) საბანკო სფეროს მოგებაში უმეტესი წილი ორ მსხვილ ბანკზე - ”საქართველოს ბანკსა” და ”თიბისი ბანკზე” მოდის. ამ ორი წამყვანი ბანკის მოგებამ 2011 წელს ჯამში 227 300 000 ლარი შეადგინა, რამაც საბანკო სექტორის საერთო მოგების მაჩვენებლის 70% შეადგინა. სხვა დანარჩენი 16 ბანკის მოგება კი მთლიანობასი მხოლოდ 95 700 000 ლარი იყო.
ბ) დაახლოებით იგივე თანაფარდობა ნარჩუნდება 2012 წლის 3 კვარტალშიც - 2 უმსხვილესი ბანკის მოგება - 75%, ხოლო დანარჩენი ბანკების მოგება კი - 25%-ია. (წყარო 4)
განსახილველ 2007-2012 წლებში სწორედ ეს ორი წამყვანი ბანკი და მათი მაჩვენებლები განსაზღვრავენ ამინდს საბანკო და მასთან დაკავშირებული სამომხმარებლო სექტორში და ამ სფეროებში მიღებულ სამწუხარო შედეგებს.
შესაბამისად სახეზეა შემდეგი სურათი:
შედეგი 1. საბანკო სექტორის მოგება და კრედიტ-ინფოს „შავ სიაში“ მოხვედრილ მსესხებელთა რიცხვი განუხრელად იზრდება. თან ეს 2 მაჩვენებელი იზრდება დაახლოებით თანაბარი პროპორციით - ბანკების მოგება დაახლოებით 3-ჯერ, ხოლო „შავი სიის“ მოცულობა 2-ზე მეტად.
შედეგი 2. საქსტატის მონაცემებით საქართველოში 1 664 000 ადამიანია დასაქმებული 4,5 მილიონი მოსახლიდან. (წყარო 5) ამ გათვლაში შედის ყველა ის ადამიანი, ვინც გამოკითხვის მომენტის წინა 1 კვირის განმავლობაში 1 საათი მაინც იმუშავა და სარგებელი მიიღო, ასევე ის ვინც სოფლად ნებისმიერი ფართობის მიწა დაამუშავა. (წყარო 6) ბანკები სესხს მხოლოდ დასაქმებულ მოსახლეობაზე გასცემენ. ცხადია, რომ ამ 1 664 000 ადამიანიდან ბანკი ყველას სესხს არ აძლევს. მაგრამ, რომც დავუშვათ, რომ ბანკებმა სესხი ყველა დასაქმებულს მისცეს, გამოდის რომ მსესხებელთა 25% “შავ სიაშია“ მოხვედრილი, რომელიც ვერ იხდის კრედიტს ან უბრალოდ ბანკის „გადამგდებია“. გამოდის, რომ ყოველი მეოთხე დასაქმებული ქართველი „გადამგდებია“ !
2008 წლის ომის და ფინანსური კრიზისის პერიოდში სახელმწიფომ სასიცოცხლო დახმარება აღმოუჩინა ბანკებს მოიზიდა მათთვის ინვესტიციები, დაეხმარა სესხების გადავადებაში. იგივე ომის მიზეზით, მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჭირდა კრედიტების მომსახურება.სამწუხაროდ, მთავრობის მიერ გადადგმულმა მაშინდელმა ნაბიჯმა ბანკების დასახმარებლად, მაგალითი ვერ მისცა თვითონ ბანკებს მოსახლეობასთან და მსესხებლებთან მიმართებაში - გადაედგათ შემხვედრი ნაბიჯი მათი ნაწილის მიმართ მაინც!
როგორც ყოველთვის, Georgianbanks.com-ს აქვს კითხვები:
წესით, საბანკო სექტორის მოგების ზრდა დაფუძნებული უნდა ყოფილიყო მათი კლიენტების მხრიდან ვალდებულების პირნათლად შესრულებაზე - შედეგად კრედიტ-ინფოს „შავი სიის“ ზომაც უნდა შემცირებულიყო. როგორ მოხდა ისე, რომ მოგება ”შავი სიის” ზრდის კვალდაკვალ გაიზარდა? თუ კლიენტების ასეთ დიდ მასას მდგომარეობა დაუმძიმდა, როგორ გაუუმჯობესდათ ბანკებს?
რა ურჩევნია ბანკს: რომ კლიენტმა ვალდებულება პირნათლად შეასრულოს, თუ კლიენტმა კრედიტი ვერ გადაიხადოს გრაფიკის მიხედვით, რის გამოც ამოღების სხვა მექანიზმები ჩაირთვება?
ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი, თუ გასული 4-5 წლის მანძილზე მსესხებლების 25% იდენტიფიცირებულია როგორც კრედიტის არ/ვერ გადამხდელი, როგორ და ვის ხარჯზე მოახერხეს ბანკებმა 2011 წელს რეკორდული 323 000 000 ლარი მოგების მიღება (საიდანაც 227 300 000 ლარი 2 წამყვან - „საქართველოს ბანკზე“და „თიბისი ბანკზე“ მოდის)?
რა გახდა 400 000-მდე მსესხებლის „შავ სიაში“ მოხვედრის მიზეზი - მოსახლეობის შედარებით შეძლებული, ნაწილის მხრიდან ასე ერთხმად ბანკების „გადაგდება“ თუ - ბანკების მიერ წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია „შავ სიაში“ მოეხვედრებინათ მათთვის სასურველი კლიენტების მასა?
კლიენტების დიდი ნაწილის „შავ სიაში“ მოხვედრა იმით, ხომ არ იყოს გამოწვეული, რომ „გაშავებული“ კლიენტი ბევრად მარტივად მოლაპარაკებადი, კონტროლირებადი და დამოკიდებულია კონკრეტულ ბანკზე, ვიდრე ის კლიენტი, რომელიც არ არის ”შავ სიაში”?
რატომ ცდილობენ ბანკების საკრედიტო მენეჯერები იმ კლიენტებისთვისაც კი სესხის მიცემას, რომლებიც არიან „შავ სიაში“ - იმიტომ ხომ არა, რომ ასეთი კლიენტები ლოგიკურად უფრო ადვილად თანხმდებიან ახალი კრედიტის ბანკისთვის უფრო სასარგებლო ანუ კლიენტისთვის უფრო მძიმე პირობებში აღებას?
400 000 კაცი „შავ სიაში“ მათი შემდგომი კონტროლის და მართვის სიმარტივის თვალსაზრისით, ძალიან ხომ არ გავს ე.წ. პრობაციონერთა ყველასთვის ცნობილ სქემას - რომლის მიხედვითაც გასული წლების განმავლობაში, პრობაციონერი ყველაზე ადვილად სამართავი და კონტროლირებადი პირი იყო სახელმწიფოს მხრიდან?
ხომ არ არის „შავი სია“ ერთ-ერთი საბანკო სტრატეგია, რომლითაც მეტი მოგების მიღება შეიძლება?
ინფორმაცია განსჯისათვის
მოსახლეობა 4,500,000-მდე
ეკონომიკურად აქტიური
მოსახლეობა (სამუშაო ძალა) 1,959,300
დასაქმებული მოსახლეობა 1,664,000
სიღარიბის ზღვარს მიღმა 22% 990,000-მდე
შავი სია 400,000-მდე
ვინ დარჩა?
დავუშვათ, რომ ამათგან 20% ერთმანეთს ემთხვევა, მიუხედავად ამისა, მაინც საკმაოდ მძიმე სურათს მივიღებთ
საინტერესოა, რომელი უცხოელი ინვესტორი ისურვებდა ასეთი სტატისტიკის მქონე ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებას? მიუხედავად იმისა, რომ ახალი კომპანიის დარეგისტრირება 7 წუთშია შესაძლებელი, რაც უდაოდ დიდი პლიუსია.
და ბოლოს, ჩვენ არ გვჯერა, რომ ყოველი მეოთხე დასაქმებული ქართველი გადამგდებია. თქვენ?