„ტრამპის ადმინისტრაციას ამ ხელისუფლების შეცვლა ნამდვილად არ აწყობს, მაგრამ, თუ არ შედგა კონსენსუსი, მაშინ 31 ოქტომბერს არჩევნები როგორ ჩატარდება? მარტო „ქართული ოცნება“ მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას?“ - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია და არ გამორიცხავს, ამერიკელებმა ფსონი დადეს „ლელოზეც“, რათა როგორმე გააწონასწორონ სააკაშვილ-ბოკერიას ფაქტორი.
ვახტანგ მაისაია: როგორ ვხვდებით 2020 წელს? გასული წელი საკმაოდ რთული და მძიმე გახლდათ. იყო 20-21 ივნისის მოვლენები, ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრების ფაქტი, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, მასშტაბური კიბერშეტევა, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობის სურვილი, ეკონომიკური უმძიმესი სიტუაცია, ლარის გაუფასურება. დღეს ასი ლარი უკვე აღარაფერს ნიშნავს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გრძელი ენები რომ აქვთ და ბევრს ლაპარაკობენ, შეიძლება არც კი იციან, რა არის ჰიპერინფლაცია და რა შეიძლება მოიტანოს ამან. შეიძლება ეს პროცესი კიდევ გაგრძელდეს.
ახლა უკვე ლარის კურსი დასტაბილურდა, რადგან მოთხოვნა ლარზეა გაზრდილი, თორემ ეკონომიკური სიტუაცია უმძიმესია. პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში არ შემოდის, ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდნილია. ეს იყო პირდაპირი ინდიკაცია, რადგან ეს პროექტი ჩავარდა წმინდა გეოპოლიტიკური მსხვილი მოთამაშეების ინტერესების წინააღმდეგობის გამო. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ლატენტურად დაიძაბა ურთიერთობა. ყველა ინდიკაცია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოდიოდა ვაშინგტონიდან, თუნდაც საექსპერტო წრეებიდან, თუნდაც ლობისტური, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიდან და ბოლოს სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ მკაფიო მესიჯიდან, ნიშნავს იმას, რომ არ მომხდარიყო მესამე სახელისუფლებო შტოს - სასამართლოს პოლიტიზაციის პროცესი. ვინ როგორ წაიკითხა ეს მესიჯი, ეს მათ სინდისზეა. მე, როგორც პოლიტიკის მეცნირებათა დოქტორი და პოლიტიკის პროფესორი, გამოვედი მითებისა და ზღაპრების ასაკიდან, ვიღაცებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ თვითონ არიან ჭკვიანები და სხვები სულელები არიან. დღეს საქართველოში იწყება პოლიტიკური მარაზმი.
ვინ ქმნის პოლიტიკურ მარაზმს?
- მარაზმი უკვე გადავიდა პოლიტიკურ შეუსაბამო ქცევებში. ჯერ ერთი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თავში ჩამახედა, მადლიერების წერილების ჩასაგდები ყუთი რომ დადგა ვაჟა გაფრინდაშვილის გმირული საქციელის გამო. ეს ხომ ბატონი ვაჟას შეურაცხყოფა და მისი გმირობის დაკნინებაა. ან კიდევ, რას ნიშნავს სპეკულაცია, ერთმანეთთან შეჯიბრი, არა, მე გავათავისუფლე ვაჟა ექიმი, არა მე - თუ სიკეთე ჩაიდინე, მადლი დადე და წინ დაგვხვდება.
ფიქრობთ, რომ ასეთი საქციელი ორმოში ჩავარდნილი კაცის ამბავს ჰგავს, რომელიც იხვეწება, ისევ ორმოში ჩამაგდეთ, ამდენი დაყვედრება არ მინდაო?
- ეს არ არის ქრისტიანული საქციელი, ჩვენ დაგვავიწყდა ყველაზე მთავარი მორალისტური თეზა. ბატონი ვაჟას გათავისუფლებაში მთელმა ერმა მიიღო მონაწილეობა, ეს გმირი ადამიანი ჩვენი ღირებულებაა, რომელიც ჩვენ გამოვგლიჯეთ ოკუპანტთა ჯურღმულებიდან. ასეთი იაფფასიანი საქციელით მას ჩრდილს აყენებენ. მინდა, ვაჟა გაფრინდაშვილს გამოვუცხადო სოლიდარობა. რაც მან გააკეთა, ეს არის ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე და უნდა ვეცადოთ, ასეთი რამ გავაკეთოთ სამშობლოსთვის. მინდა, შევეხო სხვა საკითხსაც, ისეთ დონემდე დავიდნენ ვითომ „სვეცკი“ მინისტრები და ვითომ „სვეცკი“ ჟურნალისტები, რომ ერთმანეთს საშინელ ენაზე ესაუბრებიან, შემდეგ გამოდიან და ამავე სიტყვებით ელაპარაკებიან საზოგადოებას. კარგით, ხეპრე მინისტრმა ასეთი უცენზურო სიტყვები უთხრა ჟურნალისტებს, მაგრამ ჟურნალისტი უნდა გამოვიდეს და ეს ნათქვამი „გააპრავოს?“ ეს ხომ პოლიტიკური მარაზმია. პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებობს სამი ფენომენი - პოლიტიკური ბიჰევიორიზმი, პოლიტიკური ფსიქოლოგია და პოლიტიკური ცნობიერება. პოლიტიკური ბიჰევიორიმზია, ჩვენ რომ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვიმყოფებით. თავის დროზე მე შემოვიტანე ტერმინი „ეროვნული უსაფრთხოების ჩიხი“ და სულაც არ მინდოდა, ეს ტერმინი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაზე ყოფილიყო მორგებული. დღეს კი ჩვენ პოლიტიკურ ჩიხში ვართ, ისიც არ ვიცით, არჩევნები ჩატარდება თუ არა. ესეც სერიოზული საკითხია.
რევოლუციურ სცენარზე მსჯელობთ ახლა?
- არა, რევოლუციურ სცენარზე არ არის საუბარი. აქ საუბარია სამოქალაქო დაპირისპირებასა და სახელმწიფოებრიობის მოშლაზე. ასეთი სცენარისკენ წავალთ, თუკი პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე არჩევნები არ ჩატარდება. არ აქვს მნიშვნელობა, „ნაციონალები“ არიან, თუ ვინც არიან, „ქართული ოცნებისა“ და მმართველი პოლიტიკური ძალის ბრალია, რომ არ გაასამართლა და არ მიუზღო ამ ჯალათებს, კაცის მკვლელებს და ამ პოლიტიკურ ძალას გაუკეთა ლეგიტიმაცია. ეს „ოცნების“ ინტერესში შედიოდა. მთელი პოლიტიკური არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთადაა შეკრული. ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მარტო „ნაცები“ და „ევროპული საქართველო“ ხომ არ არის? აქ „პატრიოტთა ალიანსიცაა“, რომელიც, ასევე, უცხადებს პროტესტს მმართველ პოლიტიკურ ძალას. ამიტომ, თუ არ შედგა კონსენსუსი, მაშინ 31 ოქტომბერს არჩევნები როგორ ჩატარდება? მარტო „ქართული ოცნება“ მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას? ვენესუელის ორხელისუფლებიანობის სიტუაცია ვითარდება. ასეთი ვითარება ჩვენ გამოვიარეთ 1991 წელს, რამაც მიგვიყვანა ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობამდე. ჩვენ გამოვიარეთ ორხელისუფლებიანობის მომენტი, როდესაც შეიქმნა ეროვნული კონგრესი, იქ იყო უზენაესი საბჭო და ორი პოლიტიკური ძალა, მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური კოალიცია „მრგვალი მაგიდა“ და ასევე ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც გაერთიანდა ეროვნული კონგრესის სახით. ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამან მიგვიყვანა სამოქალაქო ომის სიტუაციამდე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საკუთარ ისტორიას არ ვსწავლობთ.
თუკი ორხელისუფლებიანობის სცენარს წარმოვიდგენთ, გამოდის, ერთ მხარეს იქნებიან „ქოცები“, მეორე მხარეს „ნაცები“, რადგან ყველამ კარგად იცის, ძირითადად ვინც მოიაზრებიან ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში?
- „ნაცები“ ასეთ ვითარებას რომ გამოიყენებენ, ეჭვი ვინმეს ეპარება? ეს დესტრუქციული ძალა რომ მოსკოვიდან იმართება, აღარ არის გასაკვირი. ეს არის პრომოსკოვური ლატენტური ძალა, რომელსაც მორგებული აქვს ვითომდა პროდასავლურობის მანტია. სინამდვილეში, ეს არის მოსკოვის მეხუთე კოლონა. მე მთლიან ოპოზიციაზე მოგახსენებთ, სადაც კონსენსუსი არ არსებობს. ამ სიტუაციიდან გამოსავალია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბიროს რომელიღაც პოლიტიკური ძალები, პარტიები, როგორც ეს მიშამ გააკეთა, როცა შექმნა კვაზი მარიონეტული, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ჩართო საარჩევნო ფერხულში. თორემ მარტო ერთი ძალა რომ წავიდეს არჩევნებზე, რა გამოდის? მარტო „ქართული ოცნება“ გავა არჩევნებზე და მაჟორიტარული დეპუტატები, რომლებიც „ოცნებასთან“ არიან ასოცირებულნი? წარმოიდგინეთ, 2020 წლის 31 ოქტომბერს სიტუაცია იქამდე მივიდეს, რომ კონსენსუსი არ შედგეს, მაშინ რა არჩევნებს ვღებულობთ? არჩევნებზე მიდის მხოლოდ „ქართული ოცნება“, თავისი მაჟორიტარებით და მორჩა?
როგორ გგონიათ, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საიმისო რესურსი, განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციაში? იქნებ, ამის იმედი აქვს მმართველ გუნდს 2020 წლის არჩევნებისთვის?
- კი ბატონო, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა ჯგუფებმა შეიძლება მოახდინონ გახლეჩვა და ამის შემდეგ რომელიღაც პოლიტიკური ძალები ჩაერთონ საარჩევნო მარათონში. ეს ვარიანტიც არსებობს. მაგრამ ამაზე წამოვლენ მხარეები? ნახეთ, როგორი სიტუაციაა. პოლიტიკური პარტიების სიტუაცია საქართველოში უმძიმესია, ჩვენ პოლიტიკური პარტიები არც გვყავს. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ ძლიერი პოლიტიკური ამინდის შექმნა. ჩვენი პოლიტიკური პარტიების რეიტინგი 5%-მდეც შეიძლება დავიდეს. გარკვეული ზომბირებული ამომრჩეველი ჰყავს „ნაცმოძრაობას“, საუბარია დაახლოებით 10%-ზე. ეს არის პოლიტიზირებული ელექტორატი, „ნაცმოძრაობის“ მომხრე ელექტორატს მე დავარქმევდი პოსტსოვიეტიკუსის ელექტორატს. ისინი საბჭოთა მენტალიტეტში არიან ჩარჩენილნი. სააკაშვილი მათთვის კომუნისტური მმართველობის ერთგვარი გაგრძელება იყო. მიშა რომ არ ყოფილიყო, სტალინი და ლენინი რომ მოსულიყვნენ, ორჯონიკიძე რომ გაცოცხლებულიყო, ეს ადამიანები მათაც მისცემდნენ ხმას. 1921 წელს ასეთმა ადამიანებმა მოახდინეს ბოლშევიკების ლეგიტიმაცია ოკუპირებულ და ანექსირებულ საქართველოში. ამ პოსტ-ჰომოსოვიეტიკუსის ტიპის ადამიანების გარდა, დანარჩენები „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან.
მესამე ძალას ისევ ვერ ხედავთ?
- როგორც კი გამოჩნდება ალტერნატიული ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იქნება ასოცირებული არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაცმოძრაობასთან“ და მის განაყოფ „ევროპულ საქართველოსთან“, სიტუაცია შეიცვლება. სხვათა შორის, მესამე ძალად უკვე გამოჩნდა ორი პოლიტიკური გავლენის მქონე ცენტრი, ეს არის ე.წ. გაერთიანებული „ლელო“, სადაც შევიდა სამი მემარჯვენე ცენტრისტული გაერთიანება და მეორე პოლიტიკური გავლენის ცენტრია „პატრიოტთა ალიანსი“, რომლებიც ფორმალურად მაინც ემიჯნებიან ამ ორ პოლიტიკურ გაერთიანებას, ანუ არც „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, არც გაერთიანებულ ოპოზიციას, სადაც დომინირებენ „ნაცმოძრაობის“ ავტოკრატიული ძალები.
ცალკეული პოლიტიკოსები და ასტროლოგები პროგნოზირებენ, რომ 2020 წელი შეიძლება გახდეს ამ ხელისუფლების შეცვლის წელი. არის ამის წინაპირობა?
- არ ვიცი, რას ეფუძნება ხელისუფლების შეცვლის განცხადება. თუ მოხდა გარე აგრესია და ამას დაემატა გეოპოლიტიკური ფაქტორები, სიტუაცია ისე დაიძაბა, ამერიკელებმა და რუსებმა დასცხეს ერთმანეთს, მაშინ ყველაფერი მოსალოდნელია. ფაქტობრივად, სირიაში ამერიკელებმა და რუსმა სამხედროებმა ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს ერთმანეთს, ცოტაღა უკლიათ, მოხდეს შეიარაღებული დაპირისპირება ამ ორ ძალას შორის. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში რუსეთი უკან არ დაიხევს და განახორციელებს მკაცრ ქმედებას საქართველოსთან მიმართებით. ამიტომ, როცა საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზეა საუბარი, როგორც ჩანს, აქ იგულისხმება გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით ტრანსფორმაცია და არა შიდა პოლიტიკური სიტუაცია. მოგეხსენებათ, თავის დროზეც საქართველოში პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა მოხდა ორი საკმაოდ დიდი მოთამაშის - ამერიკისა და რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და ურთიერთთანხმობის საფუძველზე. ზვიად გამსახურდიას სამხედრო დამხობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ელცინის უშუალო მითითებით. გენერალი ბურბულისი ამ გადატრიალებას უშუალოდ ახორციელებდა და მას მხარს უჭერდა ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაცია. მოხდა ამ ორივე ძალისთვის მიუღებელი ზვიად გამსახურდიას გადაყენება.
ანალოგიური რამ განხორციელდა 2003 წელსაც, ვარდების რევოლუციის დროს, როდესაც ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციის ჯორჯ ბუშ უმცროსსა და ახალ პოლიტიკურ ძალას - პუტინის ადმინისტრაციას შორის გარკვეული კონსენსუსი შედგა, ამიტომაც იყო ივანოვის და ბეიკერის ჩამოსვლა, ისინი შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ და მოხდა ედუარდ შევარდნაძის გადაყენება. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოცილებაშიც ასევე იყო ამერიკისა და რუსეთის ინტერესთა თანხვედრა, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ვერ იტანდა სააკაშვილის რეჟიმს და რომ არა ამერიკის მაშინდელი ელჩის, ნორლანდის ვაჟკაცობა, ჩვენთან შეიძლება მომხდარიყო სისხლიანი სამხედრო გადატრიალება, სააკაშვილი და ბაჩო ახალაია სწორედ ამას აპირებდნენ და მერე დაიწყებოდა სისხლის კალოები.
ახლა არავითარი კონსენსუსი არ შედგება საქართველოსთან მიმართებით, რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, ამერიკას თავისი ინტერესები. ეს კარგად გამოჩნდა ამერიკა-საქართველოს ბოლო პერიოდის ურთიერთობებშიც. რუსეთის ინტერესი, ასევე, გამოჩნდა ანაკლიის პორტთან მიმართებითაც, როცა ამერიკელების პროექტი ჩავარდა, ამას ემატება ჩინეთის ინტერესი, რომელიც ასევე ჩავარდა. მოვიპოვე საინტერესო მტკიცებულებები, რომ ჩინეთსაც ჰქონდა ანაკლიასთან მიმართებით სერიოზული ინტერესები და რატომ მოხდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჩინეთის ნიველირება, ეს გასაგებია, რადგან პომპეოს განცხადება იყო მომთხოვნი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში, რადგან რუსეთი საკუთარ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. ამას ემატება ყირიმში ანალოგიური პორტის მშენებლობა. ყველაზე მეტად რუსეთის ინტერესებია გამოკვეთილი ბათუმისა და ფოთის პორტის მიმართულებით, ანაკლიის მშენებლობა კი ფოთის პორტს სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა.
ეს მიანიშნებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული სურვილები გაითვალისწინა?
- აქ რუსეთის დაკვეთა შეიძლება არც იყო, აქ უფრო მოხდა ჩინელებისა და ამერიკელების ინტერესების დაჯახება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ორივე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. ამერიკელებთან ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი ქარტია, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩინეთთანაც გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთი არის პირველი პირდაპირი საგარეო ინვესტიციების მოცულობის კუთხით, საქართველოს იმპორტი ჩინეთის ბაზარზეა მიბმული და ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია ჩინეთი. არაღიარების პოლიტიკაშიც ჩინეთი ძალიან გვეხმარება. რატომღაც ამას არავინ აქცევს ყურადღებას, თუ რა როლი აქვს ჩინეთს არაღიარების პოლიტიკაში. არ გამოვრიცხავ, ამერიკელებთან ერთად, ჩინეთის წვლილიც ყოფილიყო, რომ ვანუატუმ უკან წაიღო აღიარება. ამ შემთხვევაში ამერიკელებისა და ჩინელების პოზიცია დაემთხვა ერთმანეთს. საბოლოოდ ანაკლიის პროექტის ჩაშლით რუსეთი დარჩა მოგებული.
მკვეთრი განცხადებების შემდეგ, რაც ჩვენ მოვისმინეთ დეკემბრის თვეში, როგორ ფიქრობთ, აწყობს ამერიკას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება?
- თავისი ლობისტური ჯგუფი ამერიკის ადმინისტრაციას უკვე აღარ ჰყავს საქართველოში, ჩუგოშვილისა და მისი გუნდის წასვლით შესუსტდა ამერიკელების ზეგავლენა მმართველ პოლიტიკურ ძალაზე. ადგილობრივი „ენ-დი-აიც“ და „აი-რა-იც“ ასრულებენ ამერიკელი „ნეოკონების“ დაკვეთებს. ეს გახლავთ ნეოკონსერვატიული პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ამ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს ვერ იტანს, ისინი მხარს უჭერენ „ევროპულ საქართველოს“ და მათთან ასოცირებულ მარიონეტულ პოლიტიკურ ძალებს. ამერიკელები სააკაშვილსაც უკვე აღარ ენდობიან და მას თვლიან პრომოსკოვურ პოლიტიკოსად, რადგან მან უკრაინაში აჩვენა, რომ მოსკოვის ინტერესების გამტარებელია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სააკაშვილი დაუპირისპირდა პოროშენკოს პროამერიკულ პროექტს და პოროშენკოს ხელისუფლებას ისეთ დონეზე დაუპირისპირდა, რომ აპირებდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას დონბასელი სეპარატისტების ფულით. სააკაშვილი ამერიკელებისთვისაც ჩამოწერილი საქონელია. ამიტომ, ვინც ახლა ცდილობს სააკაშვილთან გააბას ურთიერთობები, ისინი აბამენ ურიერთობას კრემლთან. ამის მტკიცებულებებიც არსებობს, რომელიც ადასტურებს მოსკოვის ლიბერალურ კლანთან სააკაშვილის ინტერესებს.
რაც შეეხება „ლელოს“, ეტყობა, „ლელოც“ ამერიკული პროექტია. ამერიკელებს არ უნდათ მაინცდამაინც „ნაცმოძრაობის“ ნარჩენებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. მათ იციან, რომ ქართული საზოგადოება „ნაცებს“ არ დაუჭერს მხარს. საუბარია ბოკერიას დაჯგუფებაზე. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი მარტო სააკაშვილის არ იყო, ეს იყო სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმიც. ამერიკელებმა ფსონი დადეს „ლელოზე“, რომ როგორმე გააწონასწორონ ბოკერიას ფაქტორი.
ამ ხელისუფლების შეცვლას ამერიკა მიესალმება?
- აქ ერთი ნიუანსიცაა, ეს რამდენად შედის ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესებში. აქ უნდა გავყოთ ტრამპის ადმინისტრაცია და „ნეოკონები“, რომლებიც ტრამპს დაუპირისპირდნენ, მაგრამ ძლიერი ბერკეტები გააჩნიათ, მათ შორის საქართველოზეც, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც, პენტაგონსა და კონგრესშიც. ამერიკის სისტემა არ არის მონოლითური, ის რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფების კონკურენციის საფუძველზე იქმნება, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი მასმედია, მედიოკრატია, ლობისტური ჯგუფები, სეგმენტები აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ აქ მთავარია, ვინ აკონტროლებს თეთრ სახლს და ვინ ზის პრეზიდენტის პოსტზე. ჩვენ შეიძლება ნეოკონსერვატორებს არ მივაქციოთ ყურადღება, რომელთა პირდაპირი ინსტრუმენტიცაა „აი-რა-ი“, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციას ამ ხელისუფლების შეცვლა ნამდვილად არ აწყობს რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება ტრამპის მოწინააღმდეგე რესპუბლიკური რადიკალური ლიბერტარიანული პარტია; ნეოკონსერვატორებს გააჩნიათ თავიანთი იდეოლოგია-ლიბერტარიანიზმი, მაგრამ ისინი არიან რესპუბლიკური პარტიის შიგნით და ეს არის ტრამპის შიდა რესპუბლიკური პარტიის ოპოზიცია, იქ შიდა დაპირისპირებაა. ამიტომ ტრამპი არ მიესალმება, ნეოკონსერვატორების გავლენა გაძლიერდეს საქართველოში, ტრამპს საკუთარი დღის წესრიგი აქვს საქართველოს მიმართ, თუმცა ინტერესი საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციას არ გააჩნია, ისევე როგორც რეგიონის მიმართ არ გააჩნია. ეს სამწუხარო რეალობაა. უბრალოდ, ტრამპის ადმინისტრაციას არ აწყობს საქართველოში არასტაბილურობა, არ აწყობს რუსული გავლენის გაძლიერება, მას ურჩევნია, ის ხელისუფლება, რაც არსებობს „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც გააჩნია საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ხალხის მხრიდან ეს როგორი ტიპის მხარდაჭერაა, ეს ცალკე საუბრის თემაა, ანუ რას ეფუძნება ეს მხარდაჭერა - ეს მხარდაჭერა ეფუძნება სააკაშვილისა და ბოკერიას რეჟიმის არმოსვლასა და რევანშიზმის არდაბრუნებას. პირდაპირ ამას უკავშირდება ეს მხარდაჭერა და „ქართულ ოცნებას“ არავითარი სხვა მხარდაჭერის ბერკეტები არ გააჩნია.
რუსეთს თუ აწყობს ამ ხელისუფლების შეცვლა?
- რუსეთს აწყობს საქართველოში არასტაბილურობის სინდრომის შექმნა. მცოცავი ოკუპაცია შემთხვევით არ ხორციელდება. ამის მიზანია, რუსეთმა მიაღწიოს საქართველოს ე.წ. ლიბანიზაციის პროცესს ნებისმიერი ხელისუფლების არსებობის შემთხვევაში, იქნება ეს ივანიშვილი, თუ ჰიპოთეტურად სააკაშვილისა და ბოკერიას რეჟიმის რევიზირება. სააკაშვილის დაბრუნება რუსეთის ინტერესებში პირდაპირ ჯდება, ნებისმიერ შემთხვევაში, ისეთი დიდი გავლენის ბერკეტები გაიჩინა რუსეთმა საქართველოში, რომ მას აქ ხელისუფლების შეცვლა ნაკლებად აინტერესებს. ამიტომ მცოცავ ოკუპაციას აქვს გრძელვადიანი გეოპოლიტიკური მიზნები. გარდა ამისა, რუსეთი თანდათანობით ფსიქოლოგიურ ომს ახორციელებს და ცდილობს, გაზარდოს თავის მომხრეთა რაოდენობა საქართველოს შიგნით.
რაც შეეხება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს, რა არის მისი მინუსი? იქნებ, ის, რომ საკუთარი გარემოცვა მას შარავანდედით მოსავს და მაღალფარდოვან ეპითეტებს არ იშურებს მისთვის?
- ის იმყოფება ვაკუუმში. მას არ აწვდიან ზუსტ და რეალურ ინფორმაციას, ეს მისი სისუსტეა. ის ნამეტანი ენდობა თავის გარემოცვას. მეშინია, მან არ გაიმეოროს ზვიად გამსახურდიას შეცდომები, რომელიც ჩაიკეტა და რეალობას მოსწყდა. ბუნებრივია, ზვიად გამსახურდიასა და დღევანდელი პერიდი განსხვავებულია, მაშინდელ ოპოზიციას ჰქონდა იმის უნარი, გადაეყენებინა ხელისუფლება და მათ ეს განახორციელეს კიდეც გარე ძალების დახმარებით. იმ პერიოდში საზოგადოებაში კრიტიკული მასა შეიქმნა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა გამსახურდიას მმართველობას. შეიძლება, ბატონი ზვიადის მიმართ დიდი პატივისცემა მქონდეს, მაგრამ მისი გუნდის მიერ გატარებულმა კურსმაც მიიყვანა სიტუაცია აქამდე, რადგან გაუცნობიერებელი ადამიანები ერეოდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არ ხდებოდა მათი მკაცრად გაკიცხვა და ლაგამის ამოდება. რაც შეეხება პარალელებს, თუ ზვიად გამსახურდიამ შეძლო კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დამარცხება და დამხობა, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო სააკაშვილ-ბოკერიას ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება-დამხობა. ამის მიუხედავად, ექვთიმე თაყაიშვილთან შედარება არ უნდა აწყობდეს თავად ბიძინა ივანიშვილს, ეს პირად შეურაცხყოფადაც უნდა მიიღოს, რადგან განდიდების მანია ივანიშვილს არ გააჩნია. სხვათა შორის, არც ზვიად გამსახურდიას ჰქონდა განდიდების მანია. მან კარგად იცოდა თავისი როლი, თავისი ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მლიქვნელების მთელი არმია ჰყავდა, ზვიად გამსახურდიამ მაინც შეინარჩუნა თავისი ღირსება. მან როცა დაინახა, სიტუაცია სერიზულად დაიძაბა, დატოვა პარლამენტი, უზენაესი საბჭოს შენობა და დათმო ხელისუფლება. რომელი ადამიანი დათმობდა ამ ყველაფერს? მით უმეტეს, რომ გამსახურდიას მაშინ ჰქონდა სერიოზული ძალა. მიუხედავად იმისა, რომ პუტჩისტი გვარდიელები, ოპოზიციის უკან მდგომი რუსეთის პოლიტიკური წრეები ამზადებდნენ გადატრიალებას, მისი დამხობა ასე იოლი არ იყო. ზვიად გამსახურდიას ჰქონდა სერიოზული სამხედრო ძალა, 3-4 ათასი ადამიანი იყო შეიარაღებული, მის დასახმარებლად მოდიოდნენ მისი მომხრე ეროვნული გვარდიის ნაწილები, მას ჰქონდა მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა და 6 იანვარს საკუთარი ნებით რომ არ წასულიყო უზენაესი საბჭოს შენობიდან, როგორ დასრულდებოდა დაპირისპირება, არავინ იცის. უბრალოდ, ეს მიიღებდა სისხლიანი, მასშტაბური დაპირისპირების სახეს და პუტჩისტების გამარჯვება შეიძლება არ ყოფილიყო მყარი.
თვითონ ჯაბა იოსელიანი წერდა თავის მოგონებებში, რომ 5 იანვრისთვის მათი ძალები იმდენად შესუსტებული იყო, რომ ისინი ლამის აპირებდნენ მოლაპარაკებას ზვიად გამსახურდიასთან, მაგრამ გამსახურდიამ თავისი ნებით დათმო ხელისუფლება, რადგან დაინახა, რომ ხელისუფლება უნდა გადასულიყო სისხლიანი დაპირისპირების ეპოქაში. ამით ბატონმა ზვიადმა საქართველო გადაარჩინა გაცილებით საშიშ და დიდმასშტაბიან სამოქალაქო ომს. მართალია, სამოქალაქო ომი მაინც გაჩაღდა, ვერ ავცდით ამას, მაგრამ მისი მასშტაბი გაცლებით დიდი იქნებოდა, გამსახურდია რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში.
რაც შეეხება დღევანდელობას, ერთი სასულიერო პირის ნათქვამი რომ გავიმეოროთ, სპეცრაზმელები თურმე ტიროდნენ ბოლოდროინდელი დარბევებისას, რადგან არ უნდოდათ თავიანთ თვისტომებზე ხელის აღმართვა. ძალოვანები რამდენად თანაუგრძნობენ ბიძინა ივანიშვილს?
- ძალოვანების ბარომეტრი საკმაოდ სენსიტიურია. ისინი გრძნობენ, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას საზოგადოება მხარს უჭერს თუნდაც ლატენტურად, რათა რევანშისტული ძალები არ დაბრუნდნენ. თუ რევანშისტები დაბრუნდებიან, სამოქალაქო ომი გარდაუვალია. აქ იქნება ლიბანის დონის სამოქალაქო ომი. ხელისუფლების სათავეში არავინ მოითმენს სააკაშვილ-ბოკერიას და იარაღით ხელში გამოვლენ ადამიანები, რადგან სააკაშვილის ჯურღმულებში უაზრო სიკვდილს იარაღით სიკვდილი სჯობს. სააკაშვილისა და ბოკერიას პერიოდში ოპოზიციის ასეთი გამოსვლები რომ მომხდარიყო, მათი ძალოვანები აჩეხავდნენ ხალხს, ასეთ დროს ისინი ზონდერებს იყენებდნენ და ისევე გაუხსნიდნენ ცეცხლს ადამიანებს, როგორც ჩაუშესკუმ გამოიყენა გასამხედროებული ფორმირებები. სხვათა შორის, ეს მოდელი ჩაუშესკუდან გადმოიღო სააკაშვილმა, რაც ბოკერიამ შესთავაზა მას. 7 ნოემბერს ხალხი დაარბია არა ჩვენმა მაშინდელმა სპეცრაზმმა, არამედ გასამხედროებულმა გაურკვეველი რჯულის ზონდერჯგუფებმა. „ნაცებისგან“ განსხვავებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო სპეცრაზმელების მენტალიტეტი გარდაექმნა, ამიტომაც გაუშვეს სისტემიდან ოდიოზური ჯალათები.
დიახ, ხოდორკოვსკის საკმაოდ სოლიდური ფინანსური რესურსები მონაწილეობს გაერთიანებული ოპოზიციის და ქუჩის საპროტესტო ეფემერული და კომიკური წარმონაქმნების მოქმედებებში.