"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ხელისუფლების კრიტიკაზე სამთვიან მორატორიუმს აცხადებს და როგორც მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, ახალ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობისაგან“, ყველა მიმართულებით, მემკვიდრეობით უმძიმესი ვითარება ერგო. ახალ მთავრობას საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალებისაგან დრო უნდა მიეცეს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების შესწავლისა და მოგვარებისთვის საკუთარი ძალების მობილიზება მოახდინოს... თუმცა სამთვიანი მორატორიუმის აღება არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნისთვის პრინციპულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციას არ დააფიქსირებს. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთა მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ნინო ბურჯანაძე ყოფილი თანაგუნდელების მიმართ კვლავ რადიკალურია მასვე ეკუთვნის ახლი პოლიტიკური ტერმინი - „დენაციფიკაცია“. ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს „ნაციონალთა“ მოდგმას, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ბევრ რამეს არ აპატიებს.
ქალბატონო ნინო, ძალიან საინტერესო იდეა წამოვიდა თქვენგან - „დენაციფიკაცია“, რა დროს ხდება ხოლმე ქვეყანაში რეჟიმის გასამართლება და რატომ მაინც და მაინც ეს ფორმა?
- არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ რევანშს, მაგრამ რასაც ვხედავთ ტელეეთერით, რაც ხდება ბაჩო ახალაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, თავხედობას, რასაც ვხედავთ საპარლამენტო დებატებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გამოსვლებში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება მანამდე ჩვენი ქვეყანა ვერ გახდება თავისუფალი და დემოკრატიული.
ვიდრე ასეთი ადამიანები, რომლებსაც ეთერში ვხედავთ (ნაციონალები), მუდმივად წაგვიკითხავენ მორალს, თავს მოგვახვევენ ცხოვრების იმ წესს, რაც დაამკვიდრეს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მუდმივად ვიქნებით იმ ჩაკეტილ წრეში.
ქვეყანაში მუდმივად იყო დაუსჯელობის სინდრომი, არ ვგულისხმობ იმ 35 ათას ადამიანს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ციხეში იჯდა - ეს ადვილად ჩასასმელი ხალხი იყო, რადგან ხელისუფლებას ხელთ ჰქონდა შესაბამისი ბერკეტები. მაგრამ არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა არ აგო რეალურად, დასაბუთებულად პასუხი და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ასე მორიდებით ველაპარაკებით.
არა მხოლოდ ბურჯანაძეს, „სახალხო კრებასა“ და რამდენიმე უფლებადამცველს, არამედ თავის დროზე ყველას ერთად, რომ დაგვერქმია თავისი სახელი, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, ხმა აღემაღლებინათ იმ ათეულობით პოლიტპატიმრებზე, რომლებიც დღესაც ციხეში სხედან, ხმა ამოეღოთ, როცა ამ ქმედებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, დღეს ევროპა ასე ვერ დაგველაპარაკებოდა.
ოპოზიციას თუ გულისხმობთ, ის ამ თემებზე ყოველთვის ლაპარაკობდა...
- როდესაც ევროპაში ჩადიოდნენ, მათ შორის ე.წ. ოპოზიციად წოდებული პოლიტიკოსები და ბურჯანაძის ჯინაზე 26 მაისს დაპატიმრებულ ადამიანებზე ხმას არ იღებდნენ, ვიღაცის ჯინაზე სხვა ადამიანებზე არ იღებდნენ ხმას, ვიღაცის ჯინაზე სხვა პოლიტიკურ პარტიებს არ უდგებოდნენ გვერდით და რეფორმების მეტ-ნაკლებ წარმატებულობაზე ლაპარკობდნენ, დღეს რა თქმა უნდა, ევროპელებს უჭირთ იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, ვითომდა დემოკრატიულად გადასცა ხელისუფლება, დაკომპლექტებული იყო მართლა კრიმინალი მინისტრებით.
რომელ დემოკრატიულ არჩევნებზე ვლაპარაკობთ, დემოკრატიული იყო ის არჩევნები, რომელიც საქართველოში ჩატარდა? ყველას დიდი შეცდომაა, რომ არ ავტეხეთ ის დიდი განგაში, რომელიც ასატეხი იყო. არანაირი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა, უბრალოდ, მეტი ვეღარ გააყალბა სააკაშვილმა. იმდენი ადამიანი გამოვიდა გარეთ, იმდენად დიდი იყო აღშფოთების მუხტი, რომ სააკაშვილი და მისი პატრონები მიხვედნენ იმას, რომ თუ სააკაშვილი დაწერდა სხვა ციფრებს, მას უბრალოდ, ხალხი წალეკავდა.
ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ არანაირი 40% „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიუღია. როდესაც მაინც თვალი დავხუჭეთ იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 40 % მაინც ზის პარლამენტში, როცა ვლაპარაკობთ, რომ მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები და ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიულად მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ ეს არის შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად გამოიყენა.
სააკაშვილმა ბევრჯერ და ბევრი რამ გამოიყენა სათავისოდ, თუმცა ხმის ამოღება შესაძლებელი იყო 26 მაისამდეც. როდესაც „იმედის“ დარბევა მოხდა, მაშინ თქვენ იყავით ხელისუფლებაში. ვნახეთ კადრები, როგორ გამოხვედით ქუჩაში და ცდილობდით დაგეშალათ ხელისუფლების მომხრეები, რათა სამოქალაქო დაპირისპირება არ მომხდარიყო. იქამდე რა ხდებოდა, თუ იყო ლაპარაკი ხელისუფლების უმაღლეს პირებს შორის „იმედში“ სპეცრაზმის შესვლასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილს თუ ელაპარაკეთ ან თუ გაარკვიეთ, ვინ გასცა შესაბამისი ბრძანება?
- „იმედში“ შევარდნასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა. უფრო სწორად, ჰქონდათ სურვილი, რომ ტელევიზია დაეხურათ, მე ამისი კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ზუსტად ვიცოდი, ამას რა მოჰყვებოდა. ბოლო წვეთი იყო სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან ნათია მიქიაშვილის ჩართვა, რომ ამ წუთებში ხალხი სამებაშია შეკრებილი და იქ სპეცნაზის შესვლას ელოდებიან. შემდეგ გაკეთდა ბადრი პატარკაციშვილის განცხადება და როგორც სააკაშვილმა ჩათვალა, ამან გაუხსნა ხელ-ფეხი, რომ „იმედი“ დაეხურათ.
დარბევა ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო. როდესაც მივხვდი, რომ არანაირი შანსი არ არსებობდა იმისა, რომ ამათ რაიმე არაორდინალური გადაწყვეტილება არ მიეღოთ, ნამდვილად მაქვს ეს სიტყვები ნათქვამი და ამაზე უკან არ ვიხევ - ვთქვი, რომ თუ არის ამისი უკიდურესი აუცილებლობა, მაშინ ანძიდან გამოირთოს ტელევიზია-მეთქი, მერე ამიხსნეს, რომ თურმე ანძიდან არ ირთვებოდა.
რაც შეეხება ხალხის დაწყნარებას, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ხშირად ეს ფაქტი შეგნებულად არის ხოლმე დავიწყებული პოლიტიკოსების მიერ, მაშინ ჩემი ამ მოქმედებით ქვეყანა სამოქალაქო ომს გადავარჩინე და დღეს რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, რატომ არ გადადგა მაშინ ნინო ბურჯანაძეო, ბურჯანაძე რომ გადამდგარიყო 7 ნოემბერს, მას უკვე აღარავინ მოუსმენდა - როდესაც კანცელარიის წინ უკვე რამდენიმე ათეული ზონდერებით სავსე ავტობუსი იდგა და მზად იყვნენ, საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ - ეს უდიდეს სისხლისღვრას, სამოქალაქო ომის დაწყებას გამოიწვევდა. ამისი კადრები არსებობს და მოვა დრო, როდესაც არა მარტო გაიხსენებენ ამ კადრებს, არამედ იმასაც იტყვიან, რას გადავარჩინე მაშინ ჩვენი სამშობლო.
იმედის დარბევის თავიდან აცილება არაფრით არ შეიძლებოდა?
- ეს იყო სააკაშვილის დანაშაული და როგორც შემდეგ თვითონ ამბობდნენ, ეს იყო გზა ქართველებისთვის ჭკუა ესწავლებინათ.
ბრძანება ვინ გასცა?
- არ ვიცი. როდესაც წამოვედი კანცელარიიდან, მადლობელი ვარ ბატონების გოგი თოფაძის და ზურაბ ტყემალაძის, რომლებიც ჩემთან იმყოფებოდნენ კაბინეტში იმ დროს, როდესაც დამირეკეს და შემატყობინეს „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით. მათ საკუთარი თვალით დაინახეს ჩემი რეაქცია, შოკირებული ვიყავი. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ სპეცნაზი შევარდებოდა დამოუკიდებელ ტელევიზიაში.
ყველაზე ძვირად, იმ ხელისუფლებას, სხვათა შორის, „ტელეიმედის“ დარბევა დაუჯდა, რადგან მთელი მსოფლიოს, მთელი ცივილიზებული სამყაროს თვალში, ეს იყო ყოვლად წარმოუდგენელი ქმედება. იმის მიუხედავად, რომ 7 ნოემბერიცა და 26 მაისიც, როდესაც პირდაპირ სასიკვდილო-სადამსჯელო ოპერაცია ჩატარდა, იყო ჩვეულებრივი საპროტესტო მიტინგის დაშლა, რაც მეტ-ნაკლებად მრავალ ქვეყანაში ხდება ხოლმე.
სააკაშვილის ხელისუფლებაში მანამდეც მოხდა საკმაოდ შოკისმომგვრელი ფაქტი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რამაც ბევრი კითხვა დაბადა და რის გამოძიებასაც უკვე ახალი ხელისუფლება აპირებს, ამდენად ეს საქმე კვლავ აქტუალური იქნება. შეგიძლიათ გაიხსენოთ მაშინ რა ხდებოდა?
- მაშინ ქვეყანაში არ ვიყავი. ზამთრის საპარლამენტო არდადეგების დრო იყო. ერთ-ერთი ახლობლის მიწვევით შვილებთან ერთად ევროპაში ვიყავი. დილის ხუთის ნახევარი იყო, როდესაც ჩემმა მეუღლემ დამირეკა, მივხვდი, რომ რაღაც უბედურება მოხდა - მისი ხმა რომ გავიგონე ვიფიქრე, ოჯახის რომელიმე წევრს რაღაც შეემთხვა-მეთქი. მითხრა, რომ მომეფიქრებინა, როგორ მოვახერხებდი სასწრაფოდ თბილისში ჩამოსვლას, რადგან მოხდა დიდი უბედურება, გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია. როდესაც ვკითხე, თუ რა მოხდა, მითხრა, რომ ეს წუთია დაურეკა გია ბარამიძემ და ზურაბ ჟვანიას სახლში მიდიოდა, ალბათ, გულით გარდაიცვალაო. როგორც მივხვდი, ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ეს ამბავი შეიტყო. გარკვეული დროის შემდეგ ისევ დამირეკა და მითხრა, რომ ზურაბ ჟვანიას სახლთან მივიდა მაგრამ იქ არავინ დახვდა. დაახლოებით 40 წუთში ისევ გადმომირეკა და მითხრა, რომ გაცილებით დიდი ტრაგედიაა, ვიდრე გარდაცვალება - მას მაშინვე ეჭვი შეეპარა, რომ რაღაც მძიმე და უსიამოვნო მოხდა, გაჩნდა კითხვის ნიშნები.
საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ მეორე დღეს მოვახერხე. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლა გულწრფელად განიცდიდნენ. იყვნენ, ვინც ცივად შეხვდნენ ამ ამბავს, თუმცა იყვნენ გახარებულები და ამბობდნენ, რომ ამით „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა.
ეს რას ნიშნავს?
- საფრთხეს ხედავდნენ ზურაბ ჟვანიას პიროვნებაში. ბუნებრივია, ასეთი ღია ტექსტით ვერ ბედავდნენ ჩემთან საუბარს, მაგრამ ბუნებრივია, ჩემამდე ეს ინფორმაცია მოვიდა.
ვინ იყვნენ ეს ადამიანები? „ნაციონალური მოძრაობის წევრები“?
- დიახ. თუმცა ეს არ ყოფილა სააკაშვილი და არც ზურაბ ჟვანიას უახლოესი გარემოცვა. ასეთი განწყობა „ნაციონალებში“ იყო.
მაშინ გარკვეული სფეროები ზურაბ ჟვანიას კონტროლის ქვეშ იყო. მთელი ეკონომიკა სწორედ ჟვანიას ხელში იყრიდა თავს, შეიძლება ითქვას, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილი უფუნქციოდ იყო?
- შეიძლება ითქვას, ჟვანიას ხელში იყრიდა თავს იმაზე მეტიც, ვიდრე „ნაციონალები“ ისურვებდნენ. - უფუნქციოდ იყო, მთლად ასეც ვერ დავარქმევთ, ის უდავოდ ლიდერის თვისებების მატარებელი ადამიანია, მაგრამ ძალიან სერიოზული ბერკეტები მაშინ თავს იყრიდა ზურაბ ჟვანიას ხელში. ეს მისთვის, როგორც ჩანს, ძალზე სახიფათო გახდა.
მე დღესაც არ შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო, ის მართლაც უბედური შემთხვევა იყო თუ მოკლეს, არ შემიძლია მტკიცებითი ფორმით ვილაპარაკო, რადგან მტკიცებულებები არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეჭვი ძალიან დიდია.
ამ ფაქტს ჯერაც არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და თუ მკვლელობა იყო, შესაძლო მოტივზეც ოფიციალურად ვერ საუბრობენ, მაგრამ ამ შედეგით პოლიტიკურად ვინ მიიღო ყველაზე მეტი სარგებელი?
- რა თქმა უნდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ საკაშვილმა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ისინიც წაგებული დარჩნენ, რადგან ზურაბ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ვერ გათავხედდებოდა და ამდენ სისულელეს ვერ გააკეთებდა.
ის ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. შეიძლება ის მოგწონდეს ან არა, მაგრამ უდავოდ ჭკვიანი ადამიანი იყო და აქედან გამომდინარე, ამდენ სისულელეს არ გააკეთებინებდა და ასე საზღვრებიდან ვერ გავიდოდა „ნაციონალური მოძრაობა“.
თავის დროზე, როდესაც ჩვენ შევთანხმდით, რომ სააკაშვილი ყოფილიყო პრეზიდენტი, ჩემი მოტივაცია თავის დროზე თანხმობისა იყო ის, რომ ჩემი და ზურაბ ჟვანიას ერთობლივი მოქმედებებით შევძლებდით „ნაციონალური მოძრაობის“ ჩარჩოებში მოქცევას და სააკაშვილის გარკვეულწილად დამუხრუჭებას, მაგრამ სამწუხაროდ, ზურაბ ჟვანიამ უფრო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გააკეთა აქცენტი - მიშასკენ გადაიხარა და ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა უფრო და უფრო მწირი ხდებოდა.
დავუბრუნდეთ სააკშვილის რეჟიმის ბოლო პერიოდს - 26 მაისის შემდეგ ისმოდა საყვედური თქვენს მიმართ. ითქვა, რომ ლიდერებმა კარგად იცოდნენ რაზეც მიდიოდნენ, თუმცა შემდეგ იგივე 26 მაისი გახდა ერთგვარი ტრამპლინი იმისათვის, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციას განახლებული ძალებით დაეწყო ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ...
- მოდით ასე ვთქვათ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც 26 მაისის ორგანიზატორებს საყვედურობენ? როგორც წესი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თვითონ თბილად ისხდნენ სახლში და უყურებდნენ ტელევიზორს.
ის ხალხი ვინც იქ იდგა, ამაყობს ამით. რადგან რომ არა 26 მაისი, სააკაშვილი დღეს მყარად იქნებოდა. საქართველოს ყველა მეფემ, მხედართმთავარმა თუ ჯარისკაცმა შიდა თუ გარე მტერთან ომისას, ყოველთვის იცოდნენ, რომ შესაძლოა, ეს ბრძოლა ცუდად დამთავრებულიყო. იმის შიშით ვაიმე, რამე არ დაგვემართოსო, მონღოლების ან სხვა მტრების ბატონობას რომ შეგუებოდნენ, დღეს საქართველოსგან რა იქნებოდა დარჩენილი...
შეიძლებოდა იმ უსამართლობის შეგუება, რაც ამ ქვეყანაში თანდათანობით დაროვდა და უკვე ისე ზღვარს მიაღწია, რომელიც 26 მაისს იყო? შეიძლებოდა იმის შეგუება, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩვენი ტერიტორიების მეხუთედი დავკარგეთ და დიდი შანსი იყო, რომ სააკაშვილი კიდევ დაგვაკარგინებდა ტერიტორიებს?- ვფიქრობ, რომ არ შეიძლებოდა.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არ ყოფილიყო 26 მაისი, არ იქნებოდა 1 ოქტომბრის გამარჯვება - ეს ელემენტარული პოლიტიკური ანალიზია. ვინც როგორ არ უნდა გადაარტიალ-გადმოატრიალოს, ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ჩვენ ვიბრძოლეთ, აბსოლუტურად ყველამ, თავი არ დაგვიზოგავს. იცით, რომ მანქანას, რომელშიც ჩემი შვილი იჯდა, ნამდვილი ტყვიები ესროლეს? ერთ-ერთი ჩემი მცველის ბრონირებული ჟილეტიდან, რომელიც ჩემს შვილს ახლდა, ნამდვილი ტყვიებია ამოღებული, ოღონდ ეს დამალა ხელისუფლებამ.
ნებისმიერი სხვა ადამიანიც, რომელიც იქ იყო, სასიკვდილო საფრთხის წინ იდგა და ასე მატივად ნუ მელაპარაკება ნურავინ. ყველანი ერთად ვიდექით და ვიბრძოდით იმისათვის, რომ დღეს ნებისმიერ ჩვენს ახლობელს ჯიბეში ნარკოტიკს არ ჩაუდებენ და პოლიტიკური ნიშნით არ გამოკეტავენ ციხეში.
კატეგორიულად ვამბობ, ვინც 26 მაისს იქ არ ყოფილა, არავისგან საყვედურს არ მივიღებ. 26 მაისს იქ მყოფი ადამიანებისგან კი ერთი საყვედური არ მსმენია. იქ არც ფულით იყო ვინმე მოსული, არც მოტყუებით და ესენი არ იყვნენ ცხვრები, რომლებიც შეიძლებოდა ვინმეს სადმე მიერეკა. მაპატიეთ, მაგრამ ამ სიტყვას შეგნებულად ვამბობ რადგან ამასწინათ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, კი მაგრამ ეს ხალხი თქვენ არ წაიყვანეთო? ეს არ იყო ის ხალხი, ვისაც ვინმე სადმე წაიყვანდა. ეს იყო ძალიან გონიერი, მობილიზებული, მაღალი თვითშეგნების მქონე ხალხი და ყველამ კარგად იცოდა, სად და რისთვის იდგა. იმ ადამიანებს ვინც იქ იდგნენ, ყველას დიდს და პატარას ეგებ საზოგადოებამ ერთი-ორი თბილი სიტყვა უთხრას, რადგან მათი ბრძოლით იქნა მნიშვნელოვანწილად გაკაფული 1 ოქტომბრის გამარჯვების გზა.
იმის გამო, რომ ელემენტალური სოლიდარობა ვერ მივიღეთ მაშინ, ვერ გავიტანეთ ევროპაში ეს ამბები.
ნახეთ რა ხდება, როდესაც ბაჩო ახალაიას სოლიდარობა გამოუცხადა და სერიოზულად იმუშავა მანქანამ, ნახეთ რა ამბავი ატყდა ევროპაში. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ გონივრული ეჭვი ხომ არსებობს, რომ ბაჩო ახალაია ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავეა?
ამის ნახევარი მაშინ არაფერი არ უთქვამს რასმუსენს და იცით რატომ? იმიტომ, რომ ამ აქციის ლიდერები და მონაწილენი მარტონი აღმოვჩნდით. პოლიტიკურ სპექტრში ისეთი ადამიანებიც კი აღმოჩნდნენ, რომლებმაც ჩვენსკენ ისროლეს ქვა და არა სააკაშვილისკენ.
26 მაისს სააკაშვილის რეჟიმი პოლიტიკურად გადატყდა წელში. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ელჩებთან მქონდა შეხვედრა და მათ ვარწმუნებდი, რომ სააკაშვილი თუ არჩევნებს გააყალბებდა, მას ხალხი წალეკავდა და სისხლისღვრა ატყდებოდა. იცით რა მითხრა რამდენიმე ელჩმა? სააკაშვილი ძალას ვერ გამოიყენებს, 26 მაისის შემდეგ მას ეს რესურსი აღარ აქვსო.
ამის მიუხედავად, თქვენ არ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. ზოგიერთი პოლიტიკოსის შეფასებით, ეს იყო სწორი პოლიტიკური სვლა, მაგრა თქვენ როგორ ახსნით, რა იყო რეალური მიზეზი?
- ნორმალური ვითარება რომ ყოფილიყო, როგორც ხდება-ხოლმე მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში, ჩვენ მივიღებდით არჩევნებში მონაწილეობას და 15%-ს ნამდვილად აიღებდა ის პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც შევქმნიდით. არ იქნებოდა ცუდი, რომ 3-4 სერიოზულ პოლიტიკურ ძალას მიეღო მონაწილეობა არჩევნებში და არ ყოფილიყო ასე პოლარიზებული.
მართალია, ბევრი ადამიანი ბიძინა ივანიშვილს უჭერდა მხარს, მაგრამ ბევრმაც „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ იმიტომ მისცა ხმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგი იყო. ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი.
ეს გავიარეთ ერთხელ, 2003 წელს, როდესაც ასეთი პოლარიზებული იყო ვითარება და ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში უზარმაზარი კარტბლანშით. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ვითარება უფრო წარმატებულად დამთავრდება, მაგრამ ასე ერთპიროვნულად მოსულ ხელისუფლებას ყოველთვის ახლავს საფრთხე, რამდენად გონივრულად იქნება ძალაუფლება გამოყენებული.
არ მინდა ვთქვა, რომ დღესაც არსებობს საფრთხეები და იმედი მაქვს, წინა ხელისუფლების ყველა შეცდომა სკურპულოზურად იქნება გათვალისწინებული. რომ აუცილებლად გამოვიყენებთ იმ შანსს, რომელიც კიდევ ერთხელ მოგვეცა უსისხლოდ.
ამ ვითარებაში, არჩევნებში ჩვენი მონაწილეობით ოპოზიციური ხმების ფრაგმენტაციას მოვახდენდით და სააკაშვილს ამით მანიპულირების ძალიან კარგი შანსი მიეცემოდა. ეს მას არჩევნების გაყალბებას გაუადვილებდა. მით უფრო, რომ ჩვენ გაცილებით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიდრე გამოქვეყნდებოდა ციხის კადრები.
თუ გახსოვთ, ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ გვსურს სააკაშვილმა ხელისუფლება დათმოს, არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოვიგოთ-მეთქი. რეალურად, არჩევნები ჩვენ, ყველამ ერთად, მოვიგეთ იმ საღამოს როდესაც გამოქვეყნდა ციხის კადრები.
რამდენად შეიძლება დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ხალხის აზრის გამომხატველი... ვგულისხმობ იმ პროვიკაციულ ქმედებებს, რასაც არჩევნების წაგების შემდეგ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ზოგადად, ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. ამის მაგალითია შემწეობების, დევნილების, ციხეში არეულობის თემები...
- „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ნამდვილად არის ოპოზიცია, მაგრამ საკუთარი ხალხის ოპოზიციაა. ისევე, როგორც ის იყო საკუთარი ხალხის ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში.
ამ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ხალხის სახელით ლაპარაკის არანაირი მორალური უფლება არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ისევე როგორც არ აქვს ოპოზიციაში კი არა, პარლამენტში ყოფნის მორალური უფლება.
ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, როგორ შეიძლება ასე გაგიწყდეს შუბლის ძარღვი და პოლიტიკურ დევნაზე ილაპარაკო, მაშინ, როცა შენ გაქვს გაკეთებული ისეთი რაღაც, რაც თუნდაც გააკეთა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ. დაგვაბრალა სამშობლოს ღალატი, სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენი მომხრეები დაიჭირეს, თითქოს, მათ აბაზანებში აღმოჩენილი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების ბრალდებით. დაგვბრალდა რუსული ფული, გრუ-ს სპეცნაზის შემოყვანა, პოლიციელის მკვლელობა და ა.შ.
ამ ყველაფერზე არ იჩივლეთ?
- მარტო 14 ჩემი პირადი საჩელია შეტანილი საქართველოს სასამართლოში. არაფერს ვამბობ პოლიტიკურ პატიმრებზე, ადმინისტრაციულ სარჩელებზე და ა.შ. მაგრამ რომელ სასამართლოში უნდა გვეჩივლა?
სტრასბურგში დევს უზარმაზარი საქმე, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო იქნება და მერე ილაპარაკოს ბატონმა რასმუსენმა როგორი დემოკრატიული ხელისუფლება იყო და როგორი დემოკრატიის შუქურაა სააკაშვილი.
ჩვენ არ ვქონდა იმისი რესურსები, რომ ეს ყველაფერი გვეპიარებინა, ლობისტური კომპანიები გვექირავებინა და ეს ამბები ბოლომდე გაგვეტანა.
საქართველოს პარტლამენტში იხილება 180 პოლიტიკური პატიმრის საქმე და 60 „ნაციონალი“ დეპუტატი ზის იქ, რომელსაც ხმა არ ამოუღია მათ დაპატიმრებასთან დაკავშირებით და ბაჩო ახალაიას 24 საათიან მონახულებას ითხოვენ.
როგორ არ რცხვენიათ და მიწა როგორ არ უსკდებათ, როცა 26 მაისის შემდეგ 3 დღე და ღამე ვეძებდით ადამიანებს, ვერ ვპოულობდით, ვერ ვიგებდით ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. ვითომ, ჩემი მანქანით პოლიციელის სიკვდილი ცხვირში ამოედინებათ მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, შოთა უტიაშვილს და ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც ამ საქმესთან შეხება აქვს. მიწაში ჩავყვები და არ ვაპატიებ ამ ადამიანებს, რომ დამაბრალეს სამშობლოს ღალატი.
ჩემი შვილი, ერთ-ერთი პირველი გაიქცა აგვისტოს ომში საბრძოლველად, მხედართმთავარი წელზე ირტყამდა ფეხებს ისე გამორბოდა და სწორედ ამის ამო ვერ მოასწრო ბრძოლაში ჩართვა. ამათ კი ჩემსა და ჩემს შვილს შორის საუბარს ფალსიფიცირება გაუკეთეს და ჩემი შვილი მოღალატედ გამოიყვანეს, ამას არ ვაპატიებ „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ვაპატიებ არც იმ 180 პოლიტპატიმარს. არ ვლაპარაკობ მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ძალის 43 პოლიტპატიმარზე. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის პოლიტიკურ შეხედულებას არ ვიზიარებ, მაგრამ ადამიანი პოლიტიკური ნიშნით ციხეში არ უნდა იჯდეს. არ ვაპატიებ ძალიან ბევრს რამეს, რაზეც ვაფრთხილებდი ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც - იმ უამრავ უსამართლობაზე, რაც მაშინ ხდებოდა.
5- წლიანი საპრეზიდენტო ვადა მომავალი წლის იანვარში იწურება, თუმცა მიხეილ საკაშვილი პრეზიდენტად რჩება დამატებით, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში...
- მიხეილ სააკაშვილს სინდისი და ნამუსი რომ ჰქონდეს ის პრეზიდენტი აღარ უნდა იყოს უკვე აგვისტოს ომის შემდეგ.
მე გავაფრთხილე მიხეილ სააკაშვილი, რომ ყველაფერს ვაპატიებდით მეც და საქართველოს მოსახლეობაც, ოღონდ არა ქვეყნის დაქცევას, ტერიტორიების დაკარგვას, ჩვენი სამშობლოს დანაწევრებას. ესეც კი ვერ მოახერხა, რომ ერთიანობა შეენარჩუნებინა, თუნდაც ის მყიფე ერთიანობა, რომელიც იყო.
ვერ წარმომიდგენია, ნორმალური ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც დარჩებოდა აგვისტოს ომის შემდეგ და ეს ჩვენი, ყველას დიდი სირცხვილია. ჩვენ რომ ის გაგვეკეთებინა, რაც გასაკეთებელი იყო, სხვათა შორის, თვითონვე გვიკარნახა, თქვენს ადგილას ორ თვეში ჩამოვაგდებდი ხელისუფლებასო, დიახ, ასეთი ხელისუფლება უნდა ჩამოგვეგდო და ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი უბედურებისაგან გადარჩებოდა.
დიახ, უნდა აიღო პოლიტიკოსმა შენს თავზე და ვაღიარებ, რომ არც ერთ ჩვენგანს, მათ შორის მეც, არ გვეყო პოლიტიკური გამბედაობა, რომ 2008 წლის აგვისტოში გამოგვეცხადებინა - „დიახ, სააკაშვილი ახლავე უნდა გადადგეს“.
2009 წელს რომ არ ერბინათ პოლიტიკოსებს სააკაშვილის კაბინეტში, 2009 წელს არ იქნებოდა სააკაშვილი, მაგრამ ახლა ალბათ, არ ღირს ამაზე საუბარი.
დღეს ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს პოლიტიკური დევნა, მაგრამ რა პოლიტიკურ დევნაზე მელაპარაკებით, ხელის გულზე დევს ათობით სისხლის სამართლის დანაშაული, იმ ხელისუფლების მიერ ჩადენილი.
დღეს დაიწყო ეს პროცესი და იმედი მაქვს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან გამოძიებული იქნება ყველაფერი. იმედი მაქვს, ცოტა უფრო ადეკვატურად დაველაპარაკებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. იმიტომ, რომ თუ არ იციან, კეთილი ინებონ, ჩაიხედონ საქმეებში და გაიგონ, ვის იცავენ და რას იცავენ. თუ იციან და მაინც ასე ლაპარაკობენ, მით უარესი მათთვისაც და ჩვენთვისაც. მაგრამ მაშინ ჩვენ ჩვენი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ აქედან.
შემდგომი ნაბიჯები რა იქნება, ზოგიერთი ექსპერტი რიგგარეშე საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებსაც არ გამორიცხავს...
- იცით, რომ ახლა მორატორიუმის რეჟიმი გვაქვს. ახალ მოსულ ხელისუფლებას მხარდაჭერა სჭირდება. გულწრფელად აღშფოთებული ვარ იმ გამოსვლებით, საპროტესტო აქციებით, რომელმაც ასე მოიცვა მთელი რიგი სფეროები. მესმის, რომ ამ ადამიანებს უჭირთ, თუმცა მათ უჭირდათ 1 ოქტომბრამდეც, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. კარგია, რომ თავისუფლებაა, მაგრამ ეგებ, აცალონ ახლა მოსულ ხელისუფლებას საკითხებში გარკვევა და თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, მერე შეუძლიათ გააპროტესტონ. ჯერ არმოსულ ადამიანს დაეტაკო და აქციები მოუწყო იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებას ამას ვერ უბედავდი, წინა ხელისუფლების ცოდვების გასტუმრება მოსთხოვო, მგონია, ეს უბრალოდ ეთიკური არ არის.
არ ვამბობ, რომ ყველაფერზე თვალი უნდა დავხუჭოთ, თუ დავინახავთ, რომ რაღაც ეშლება ახალ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ამის შესახებ უნდა მივუთითოთ, მოსაზრებები შევთავაზოთ. დარწმუნებული ვარ, მათი უმეტესობა გონივრულ შენიშვნებს გაითალისწინენს. კრიტიკა თუ ეს არ არის უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული, ორი-სამი თვის განმავლობაში ნამდვილად არ არის სასურველი. ამ პერიოდში ახალმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს საკადრო რესურსების დალაგება.
რაც შეეხება ჩვენს პარტიას, ვაძლიერებთ პარტიულ სტრუქტურებს, გვემატებიან თანამოაზრეები და ვემზადებით, ყველა შემდგომ არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩავერთოთ.