„ვფიქრობ, მოხდება ჩვენი საზოგადოების განხიბლვა „ქართული ოცნების“ მიმართ და, როგორც „ნაცმოძრაობამ“ წააგო შერეული სისტემით, ასევე წააგებს „ქართული ოცნება“ შერეული სისტემით“, - ასეთია პაატა ზაქარეიშვილის პროგნოზი.
2020 წლის საგარეო და საშინაო პროცესების შესახებ For.ge შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
ჩვენისთანა პატარა ქვეყანას გამუდმებით აქვს განცდა, რომ დასავლეთმა ჩვენს მიმართ ყურადღება არ მოადუნოს და რუსეთს არ შეგვატოვოს. 2020-ში მსოფლიო აზრი საქართველოს შესახებ როგორი იქნება?
- მსოფლიოს არ ვაინტერესებთ. მსოფლიოს აინტერესებს, რა ხდება სირიაში, უკრაინაში. მსოფლიოც ხმამაღალი ცნებაა, ყველა სახელმწიფოში არის 5-6-კაციანი ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ კავკასიაზე, ცალკე საქართველოზე კი არავინ მუშაობს. როგორც წესი, ყველგან არის დეპარტამენტები, სახელად - „კავკასია“, „ცენტრალური აზია“ და, ვინც მუშაობს ყირგიზეთზე, ის მუშაობს საქართველოზეც. რაც შეეხება, შეგვაჩეჩებენ თუ არა რუსეთს, არავისაც არ შეგვაჩეჩებენ, ჩვენ თუ არ შევაჩეჩეთ ჩვენი თავი ვინმეს. თუ საქართველო წავა რუსეთისკენ, არავინ შეგვიშლის ხელს.
ხედავთ ამას, რომ ჩვენ ვაბარებთ საკუთარ თავს რუსეთს?
- ვერ ვხედავ ამას, მე ვხედავ ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, უნიათო, უუნარო ხელისუფლებას, რომელსაც სურვილი აქვს, ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდეს. ეს არ გამოუვათ, მაგრამ ვერც იმას ვხედავ, რომ რუსეთისკენ მივდივართ. ჯერჯერობით ეს არ ჩანს, შეიძლება მომავალში გამოჩნდეს. პროპორციულ სისტემაზე უარი იმით კი არ აიხსნება, რომ პუტინმა დაურეკა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილი მიხვდა, რომ წააგებდა არჩევნებს. აქ არაფერ შუაში არ არიან სხვა ძალები. რუსეთი ძალიან სერიოზული ხიფათია, მაგრამ, თუ ჩვენ მხოლოდ რუსეთზე ვილაპარაკებთ, გამოვა, სიმართლეს არ ვლაპარაკობთ,
ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ახლანდელი ხელისუფლება რუსულ პროექტად წარმოაჩინოს. საამისოდ რაიმე არგუმენტი აქვთ?
- ოპოზიცია ძალიან სცოდავს, როცა საზოგადოებას ორიენტაციას უცვლის. არ უნდა იყოს იმაზე ლაპარაკი, თითქოს დღევანდელი ხელისუფლება რუსული პროექტია. სინამდვილეში, ეს არის „ქართული ოცნების“ პროექტი. მე მგონი, 2020 წელი უნდა იყოს წარმატებული წელი იმით, რომ უნდა გავისტუმროთ ეს ძალა- „ქართული ოცნება“, რომელმაც პროპორციული სისტემის უკან წაღებით დაგვამახსოვრა თავი და ამის შემდეგ პროპორციული სისტემით მოვსინჯოთ ის თანაბარი ძალები, რაც იქნება. პროპორციულმა სისტემამ უნდა მოსპოს ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობის სისტემა, ვერც „ნაცმოძრაობა“, ვერც „ქართული ოცნება“, ვერც ვერავინ ვერ უნდა მოვიდეს უპირატესობით, უნდა იყოს თანასწორობა.
2020 წლის არჩევნებში საკუთარი წარმატების ფორმულად ოპოზიცია პროპორციულ სისტემას მიიჩნევს, მაგრამ ასეთ თანასწორმ სისტემასაც აქვს თავისი პრობლემები. პროპორციული სისტემა უალტერნატივოა?
- ცხადია, ასეთი პრობლემები თანასწორობასაც ექნება. იქ არის ძალიან ბევრი პრობლემა, მაგალითად, მთავრობა შეიძლება დროზე ვერ ჩამოყალიბდეს. ასე იყო იტალიაში 2-3 წლის განმავლობაში, მაგრამ დღეს მთელი საქართველო იტალიაში მიდის, ანუ წარმატებას მიაღწიეს იტალიელებმა. ქართველებს შეგვწევს იმის უნარი, გადავიდეთ დემოკრატიულ ახალ პრინციპებზე, პროპორციულ სისტემაზე და, მე მგონი, 2020 წელი ამით იქნება გამორჩეული.
2019 წლის მიწურულს გაისმა დასავლეთის მკაცრი შეფასებები დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მათ შორის იყო კონკრეტული ფეისბუკგვერდების გაუქმება, ე.წ. ტროლების დაბლოკვა. ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას, რომელიც ორ ვადაზე მეტი ხნით მოინდომებს დარჩენას?
- საერთაშორისო საზოგადოებას სულაც არ ადარდებს საქართველოს ხელისუფლება რამდენ წელს შეინარჩუნებს ძალაუფლებას. უცხოელები ასე არ ითვლიან წლებსა და თვეებს, ისინი უყურებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას. დაახლოებით ეს იგივეა, თუ როგორ ვაფასებთ ჩვენ საკვებს. ჩვენთვის რა არის მთავარი, რამდენი ხნისაა საკვები, თუ რამდენად გაფუჭებულია? თუ საკვები კარგადაა შენახული, შეიძლება ადამიანმა მიიღოს იმის მიუხედავადაც, რამდენი ხნისაა ეს საკვები, ჩვენ სუნით ვაფასებთ საკვებს, გემოთი და არა ვადით. თუ კარგად შეინახა მაცივარმა, რა პრობლემაა. ასე რომ, არავინ არ აფასებს საქართველოში ხელისუფლებას ვადების მიხედვით, აფასებს გაფუჭებულობის მიხედვით, „ქართული ოცნება“ უკვე გაფუჭდა. ეს სუნი აწუხებს ყველას.
ეს იმაზე მეტად აწუხებს დასავლეთს, ვიდრე „ნაცების“ 9-წლიანი მმართველობა აწუხებდა?
- „ნაცები“ ჩაბარდნენ ისტორიას, ისინი გაუშვა ქართველმა ხალხმა, მორჩა, „ნაცებს“ ჰქონდათ ყოვლად მიუღებელი ცოდვები და ხალხმა გაუშვა ისინი ბიძინა ივანიშვილის და არა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. იმ პერიოდში უკვე სერიოზული ბრძოლა იყო გამართული, ბიძინა რომ მოვიდა პოლიტიკაში, მანამდე აგორებული იყო ანტინაცების კამპანია, ჯერ ოპოზიციური „რვიანი“ შეიქმნა, შემდეგ ოპოზიციური „ექვსიანი“, მაგრამ „ნაციონალებს“ ვერ ერეოდნენ. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მოხდა ოპოზიციური ძალების გაძლიერება და „ნაცმოძრაობის“ გაშვება, მაგრამ დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან „ნაციონალების“ ცოდვებზე ლაპარაკი სასაცილოა, ეს ნიშნავს, რომ არაფერი აქვს სალაპარაკო „ქართულ ოცნებას“. სალაპარაკო არ აქვს ეკონომიკაზე, ლარის კურსზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე, დეცენტრალიზაციაზე, ადამიანის უფლებებზე, სასამართლოზე. ერთადერთი, პირს რომ დააღებენ, „ნაცმოძრაობა“ ამოსდით პირიდან. სხვა არაფერი არ ხდება? უკვე წავიდა „ნაცმოძრაობა“, მე გახლდით „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგე და დღემდე ასეთად ვრჩები, მაგრამ არ არიან ისინი ხელისუფლებაში და ისინი ვერ დაბრუნდებიან, რადგან შემდეგი არჩევნები იქნება მხოლოდ პროპორციული, როცა გადავაგორებთ 2020 წლის არჩევნებს. თუ იქნება შერეული სისტემა, ამ არჩევნებითაც „ნაციონალები“ ვერ მობრუნდებიან. ამიტომ ნუ აშინებენ მოსახლეობას იმით, რაც ვერ მოხდება. რომც მოინდომოს „ნაცმოძრაობამ“, ისინი ვერ მობრუნდებიან.
მაგრამ სააკაშვილი პარალელურად აქტიურდება. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი ტყუილად წვალობს ყოველი ასეთი გააქტიურებისას? ჰგავს ის ისეთ ადამიანს, ამაოდ რომ ირჯებოდეს?
- თუ დაბრუნდება, მას ციხე ელოდება. ვიდრე პროკურატურა არ დახურავს საქმეს, მანამდე მას დააპატიმრებენ აეროპორტში და გაუშვებენ ციხეში. „ქართული ოცნების“ პროკურატურა იქნება, თუ შემდგომი ხელისუფლების, ვიდრე პროკურატურა არ შეცვლის სააკაშვილზე დევნას, მანამდე ის ციხეში მიდის და ვერ დაბრუნდება. ამიერიდან არც ერთ პარტიას არანაირი შანსი არ ექნება, ერთპარტიულად გაიმარჯვოს. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება 35-40% აიღონ, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. ასე რომ, თუ ბრუნდება, მაშინ ბრუნდება ნორმალურ, გათანაბრებულ პირობებში. მეორეც, დღეს დისკრედიტირებულია თვითონ მიშა, ყველა დასცინის მას, თავისი ხალხიც დასცინის. თუ გაიყო „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, მხოლოდ მიშა სააკაშვილის გამო გაიყო, თორემ დანარჩენი მათ ყველაფერი აერთიანებთ. სააკაშვილი მათ მართლაც გულწრფელად ჰყოფს. ასე რომ, სააკაშვილი არ არის ის, ვისითაც აშინებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ის ჩემთვის მხოლოდ ანტიგმირია, ნულია, დღეს ის არაფერი არაა, ნუ გვაშინებენ მისით.
კოალიციური მთავრობა რომ მოვიდეს, რა გარანტიაა, რომ ისინი არ დაკომპლექტდებიან პორტირებული „ნაცებით“, რომლებიც შეიწყალებენ მიშას? იმთავითვე ამბობდა გრიგოლ ვაშაძე, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ მესამე პრეზიდენტს შეიწყალებდა.
- მაგრამ ეს ჰიპოთეტური რეალობაა, მე ნამდვილი რეალობა მაწუხებს. არაფრის გარანტია არ არსებობს, ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, ამომრჩეველზე. შესაბამისად, თუ პროპორციულ სისტემაშიც ხალხი აირჩევს „ნაცმოძრაობას“, ანუ ჩემთვის ყოვლად მიუღებელ ვარიანტს, ეს ხალხის გადაწყვეტილება იქნება და არა სხვისი. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება.
ჩვენ ვიხილეთ, რომ ხაზარაძის „ლელომ“ შთანთქა ორი პარტია-უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“. გაირღვევა თუ არა 2020 წელს ორპოლუსიანი სივრცე?
- კარგი იქნება, თუ მესამე ცენტრი შეიქმნება. როგორც ჩანს, ყველაფერი მაინც პროპორციულობისკენ მიდის და „ქართული ოცნება“, უბრალოდ, დროს წელავს. „ოცნებას“ არ ადარდებს არც ამერიკა, არც ევროპა და ცალსახად უყურებს შერეული სისტემით რაც შეიძლება მეტი ხმა აიღოს და მეტი დეპუტატი შეიყვანოს მაჟორიტარული ნაწილით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, მოხდება საზოგადოების განხიბლვა და როგორც „ნაცმოძრაობამ“ წააგო შერეული სისტემით, ასევე წააგებს „ქართული ოცნება“ შერეული სისტემით. ამ ფონზე ყველა ელოდება მესამე ძალას, მესამე ცენტრს. კი ბატონო, ახალი ძალები არ ჩანს, ყველა ძალა ძველია, მაგრამ, თუ არჩევანს არ მისცემენ ჩემნაირ ადამიანს, რომელსაც არც „ნაცმოძრაობა“ არ უნდა, არც „ქართული ოცნება“, მაშინ მესამე ძალის ძებნას დავიწყებთ სხვაგან. ყველამ ეძებოს სხვაგან მესამე ფიგურა, რომელსაც შეიძლება ხმა მისცენ. ხმა არ მისცენ მათ, ვინც იყო ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობაში, ხმა არ მისცენ „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „ქართულ ოცნებას“, დანარჩენ ყველას მისცენ ხმა. ვინ იქნება კონკრეტულად მესამე ძალა, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. ამის შესახებ გაზაფხულზე შეიძლება დაიწყოს მსჯელობა იმის მიხედვით, ცალკეული პარტიები როგორ დაჯგუფდებიან. თუ იმავე „ლელომ“ მოახერხა და სხვა პოლიტიკური ძალებიც შეიერთა, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ სუფთა პროპორციული სისტემის შემთხვევაში გადალახავდნენ ნულოვან ბარიერს და რაღაც ფორმით მაინც მოვიდოდნენ პარლამენტში, მაშინ შეიძლება შეიქმნას მესამე ძალა. ჯერჯერობით დღევანდელი „ლელო“ ამ კონფიგურაციით ვერ გაქაჩავს მესამე ცენტრის ფაქტორს, თუ კიდევ არ შემოიმატებს სხვა ძალებს.
ზაქარეიშვილის ეს ბჟუტური მიკიბულ-მოკიბული "ბრძნული" დამოძღვრა ლიბერასტული წკმუტუნია და მეტი არაფერი!...