ქართველები რომ ყველაფერში «ძალიან მაგრები» ვართ და ჩვენი ბადალი მსოფლიოში არ მოიძევება, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჰაკერული ისტორიით, რაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (ესე იგი სპეცსამსახურის) 12 თანამშრომლის დაპატიმრებას დაედო საფუძვლად. მათ შორის დააპატიმრეს ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი, შოთა ხიზანიშვილი. თუმცა სანამ ამ აქციის შორსმიმავალ მიზნებზე ვისაუბრებდეთ, რამდენიმე სიტყვა ფაბულაზეც უნდა ითქვას: როგორც აღმოჩნდა, სპეცსამსახურები ყველა მათთვის საინტერესო პერსონაჟს უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ გენიალური «თხუნელა-პროგრამის» მეშვეობით, რომელიც ინერგებოდა კომპიუტერებში, შემდეგ კი იყენებდა კომპიუტერის მიკროფონს და ვიდეოთვალს.
სპეცსამსახურთა თემა ზოგადად ძალიან საინეტრესოა და ინფორმაციის მთელი ოკეანე არსებობს როგორც ინტერნეტში, ასევე ბეჭდურ ლიტერატურაში, მაგრამ მსგავსი არსად არაფერი წამიკითხავს. ნუთუ ეს პროგრამა მართლა ვიღაც ქართველმა პროგრამისტმა შექმნა, რომელიც ვანოს ბიჭებმა გადაიბირეს და «სამშობლოს სამსახურში» ჩააყენეს? აბა როგორ დავიჯეროთ, რომ ამგვარი (მართლა უნიკალური) პროგრამა ამერიკელებმა, ევროპელებმა, რუსებმა ან ჩინელებმა მოიგონეს და ამის შესახებ არსად არანაირმა ცნობამ არ გაჟონა?
თუ გახსოვთ, ამერიკაში რომ რუსი ჯაშუშები დააკავეს, მათი ისტორია პრესამ დაწვრილებით აღწერა და რუსული დაზვერვა - ისევე როგორც სადაზვერვოდ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება, - ყველაზე საინტერესო გახდა, მაგრამ მაშინაც არავის მოსვლია აზრად თუნდაც ევარაუდა, რომ არსებობს პროგრამა, რომელიც ამერიკელ კონგრესმენთა და დიპლომატთა ლოგინში ჩაგორებულ ანა ჩაპმენზე უფრო ეფექტურიც კი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ბევრს კომპიუტერი საძილე ოთახშიც უდგას.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ქართველები აქაც პიონერები აღმოვჩნდით.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ბესო სურმავას ისტორიას უკავშირდება. ცხადია, მას არც არაფერი ჩაუწერია და არც ბიძინასთვის უღალატია. ან «თითქმის არ უღალატია» - «უბრალოდ დაიბრალა», რაც არ ჩაუდენია. თუმცა მაინც რჩება კითხვა: რა უფრო განმსაზღვრელი აღმოჩნდა მისთვის: სპეცსამსახურთა მიერ დაფიქსირებული ადიულტერი თუ ის 150 ათასი ევრო, რომელიც მოდულის შენობაში გადასცეს.
და სად არის ახლა ეს ფული?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სარწმუნო ინფორმაციით, პოლიტიკოსთა ფარული მიყურადება-თვალთვალისას (ეს ტერმინები პროკურორ ნიკა გვარამიას წვლილია ქართულ სემანტიკაში) კუდ-ის თანამშრომლები ორ ტექნოლოგიას იყენებდნენ. ოღონდ ამ შემთხვევაში არა «სოფტ»-ის არამედ იურიდიული თვალსაზრისით: საქართველოს კანონმდებლობა ფარულ ჩაწერას უშვებს მხოლოდ მოსამართლის სანქციით. რაკი ყოველთვის და ყველგან ასეთ სანქციას ვერ მიიღებდნენ, ამ პროცესს ხელოვნურად აკავშირებდნენ რომელიმე სხვა სისხლის სამართლის საქმესთან, სადაც მოსამართლის სანქცია უკვე მიღებული ჰქონდათ. ამით ფორმალურად თითქოს კანონი არ ირღვეოდა, თუმცა სასამართლოზე ადვოკატებს მოუწევთ დაამტკიცონ, რომ მიყურადება-თვალთვალი კონკრეტულ შემთხვევაში მიზანშეწონილი იყო და ობიექტს მართლა ჰქონდა კავშირი იმ სისხლის სამართლის საქმესთან. «ყურით მოთრეულიაო» - სწორედ ასეთ დროს ითქმის.
მეორე: რამდენიმე წლის წინ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლთაც გადაუდებელ შემთხვევებში სპეცსამსახურებს ჰქონდათ ფარული თვალთვალის და ჩაწერის უფლება მოსამართლის სანქციის გარეშეც, თუმცა ადრე თუ გვიან ამგვარი სანქცია მაინც უნდა აეღოთ.
თუმცა, ეს ყოველივე მაინც დეტალებია დაპატიმრებათა პოლიტიკურ შინაარსთან შედარებით. არჩილ კბილაშვილი ძალიან ჭკვიანურად, ფრთხილად, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ განუხრელად უახლოვდება მთავარ სამიზნეს. მთავარი სამიზნე კი ნამდვილად ვანო მერაბიშვილია!
ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს იურიდიული იმუნიტეტი არ იცავს, რაკი დეპუტატი არ არის. სამაგიეროდ, იცავს ერთგვარი «პოლიტიკური იმუნიტეტი»: თუ «ნატო»-ს გენერალურმა მდივანმა ბაჩო ახალიას დაპატიმრებაც კი «პოლიტიკურ დევნად» შეაფასა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა რეაქცია მოჰყვება ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებას. მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ის თვისება აქვს, რომ ისინი ხშირად თვითკმარ ინერციას იძენენს ხოლმე და თავისთავად ვითარდება ლოგიკური დასასრულისკენ. დაპატიმრებათა სერია, რაკი დაიწყო, ვერ შეწყდება მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპაში ვიღაცას არ მოეწონება, ან სახელმწიფო დეპარტამენტი გამოთქვამს «შეშფოთებას».
სამაგიეროდ, ყოფილ და მომავალ ადვოკატ არჩილ კბილაშვილისთვის, რომელიც საკუთარ რენომეს უფრთხილდება, სერიოზულ წინაღობად შეიძლება იქცეს ის გარემოება, რომ შოთა ხიზანიშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის (ამ კონკრეტულ საქმეზე) არის საშუალედო რგოლი - დათა ახალაია, ვინც პროკურატურამ ვერ მოიხელთა, რაკი ძმისგან განსხვავებით, საქართველოში აღარ დაბრუნდა.
ხიზანიშვილმა შეიძლება კიდეც მისცეს ჩვენება ახალაიას წინააღმდეგ, მაგრამ იმის დასადასტურებლად, რომ უკანონო თვალთვალი-მიყურადება და მთელი ეს ოპერაცია, «კუდავას» ჩათვლით, მინისტრის თანხმობით ხორციელდებოდა, კუდ-ის ნამდვილი ხელმძღვანელის, დათა ახალაიას ჩვენებაა საჭირო! ეს ჩვენება კი პროკურატურას არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით.