ფარული აუდიო-ჩანაწერი, რომელშიც პატარკაციშვილისა და გირგვლიანის მკვლელობებზეა ლაპარაკი

ფარული აუდიო-ჩანაწერი, რომელშიც პატარკაციშვილისა და გირგვლიანის მკვლელობებზეა ლაპარაკი

ადვოკატმა ლალი აფციაურმა პროკურატურას სკანდალური ნივთმტკიცებები გადასცა

როცა გლდანის ციხეს აშენებდა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და, ამ ციხის განმარტოებულ საკანში სასჯელის მოხდა მოუწევდა... როცა ქვეყნიდან გაქცეული უკან ბრუნდებოდა, ალბათ, ეგონა, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი  პრეზიდენტია, მის დაჭერას ვერავინ გაბედავდა... ასეა თუ ისე, დღეს ყოფილ მინისტრსა და სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე “მაგარ შემსრულებელ” ბაჩო ახალაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი და, როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, სასჯელი კიდევ უფრო დაუმძიმდება... ამ მხრივ კი, სამხილად, შესაძლოა, ე.წ. ციხის ბუნტი გამოდგეს. ადვოკატმა ლალი აფციაურმა 2006 წლის ორთაჭალის ციხის ბუნტთან დაკავშირებით პროკურატურას ფარული ვიდეოჩანაწერი უკვე გადასცა და მზადაა, ჩვენებაც მისცეს. როგორც ლალი აფციაურმა “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას განაცხადა, მხოლოდ ორთაჭალის ციხის ამბებიც საკმარისია, რომ ახალაიას სასჯელი კიდევ უფრო დაუმძიმდეს... რატომ დაბრუნდა ბაჩო ახალაია საქართველოში და რაზეა საუბარი ზემოხსენებულ ფარულ ჩანაწერში? _  “ქართული სიტყვა” ადვოკატ ლალი აფციაურს ესაუბრა.

ბაჩო ახალაიას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მისი დამცველები და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალაია მხოლოდ ვაშლის გათლისთვის დასაჯეს და პროკურატურას მტკიცებულებები, რომლებიც ყოფილი მინისტრის ბრალეულობას დაამტკიცებს, არ აქვს. ქალბატონო ლალი, თქვენ, როგორც იურისტს, ამ საქმესთან დაკავშირებით უკმარისობის გრძნობა ხომ არ გაქვთ?
 - ვიცი, რომ ბაჩო ახალაიას საქმეს არაერთი ეპიზოდი დაემატება. არჩილ კბილაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ დაიწყება ორთაჭალის ციხის ბუნტის გამოძიება. გარდა ამისა, არაერთი ბუნტის ამბავი ვიცით და ბაჩო ახალაიას ბრალდება, ალბათ, ეტაპობრივად დაუმძიმდება. ვერავის მოვთხოვ, რომ ყველაფერი ერთ დღეში მოასწროს _ იურისტი ვარ და ვიცი, რომ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, უკმარისობის განცდა ნამდვილად არ მაქვს. 

 ბევრი შკითხვა გააჩინა მტკიცებულებებმა, რომლებიც ამ წუთისთვის საქმეში დევს და რომელთა საფუძველზეც ახალაიას დაპატიმრება მოხდა...
 - საქმის მასალებს არ ვიცნობ, ამიტომ, მიჭირს კომენტარის გაკეთება, მაგრამ ვინაიდან თეა წულუკიანისა და არჩილ კბილაშვილის კვალიფიკაციაში დარწმუნებული ვარ, ზუსტად ვიცი, რომ მტკიცებულებები იქნება, თორემ ახალაიას დაპატიმრება არ მოხდებოდა. ახალაიას სხვა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი, მაგრამ რადგან მტკიცებულებები არ არსებობს საქმეში, ამაზე ლაპარაკი ჯერჯერობით არაა.

რაც შეეხება ახალაიას სხვა დანაშაულებებს, თქვენი პრაქტიკიდან რომელიმე ეპიზოდს ხომ არ გაიხსენებდით, რომელიც შესაძლებელია, ბაჩო ახალაიას საქმეში მოხვდეს?
 - ამისათვის სრულიად საკმარისია 2006 წლის 27 მარტის ბუნტი. ასევე, რუსთავის დაწესებულებაში, ქსანსა და ქუთაისში მომხდარი ე.წ. ბუნტი. 2006 წელს ბაჩო ახალაიას მიერ პროვოცირებულ ე.წ. ორთაჭალის ბუნტის დროს 7 ადამიანი გარდაიცვალა. დავიჯერო, ეს საკმარისი არ არის? 

 ხომ არ ჯობდა, რომ პროკურატურას ახალაიას საქმეების გამოძიება სწორედ აქედან დაეწყო? რატომ არ დევს მის საქმეში სწორედ ეს ეპიზოდები?
 ამის შესახებ მტკიცებულებები ნელ-ნელა გროვდება. მუშაობა ერთი კვირის დაწყებული აქვთ და რაზეა საუბარი? პროკურატურას უკვე გადავეცი ორთაჭალის ბუნტთან დაკავშირებული მასალები - ვიდეო და აუდიო მასალა, მათ შორის, “მასტერასა” და მამარდაშვილის ფარული აუდიო ჩანაწერი.  დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ ჩანაწერში არა მხოლოდ ბუნტთან, არამედ პატარკაციშვილისა და გირგვლიანის მკვლელობებთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო ინფორმაციაა. მზად ვარ, ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ჩვენებაც მივცე.

 რაც შეეხება არჩევნების შემდეგ ციხეებში ბუნტის პროვოცირებას, ამბობენ, რომ ამაშიც ახალაიას ხელი ურევია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
 - ზუსტად ვიცი, რომ არსებობს, მინიმუმ, სამოცი ადამიანი, რომელიც ნებაყოფლობით, ან იძულების წესით თანამშრომლობდა ადმინისტრაციასთან. სწორედ ამიტომ კეთდებოდა ის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ბედუკაძემ გადაიღო და რომლებიც წინასაარჩევნოდ ვნახეთ. ეს ჩანაწერები იმისთვის კეთდებოდა, რომ უნდოდათ, შემდგომში შანტაჟისთვის გამოეყენებინათ. გასულ წლებშიც არაერთხელ მითქვამს, რომ შანტაჟის გზით იყენებდნენ პატიმრებს დანაშაულებრივ საქმიანობაში. ამის ნიშნები ჩანს ბოლოდროინდელ ბუნტებშიც, თუმცა, აქვე მინდა დავამატო, რომ საპყრობილეებში პრობლემები, მართლაც, ძალიან დიდი იყო. ახალ ხელისუფლებას რვა წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსმენა და მოგვარება უწევს.

ასე რომ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩემს ხელთაა, შემიძლია ვთქვა, რომ ციხის ბუნტები, მართლაც, ახალაიას ორგანიზებით მოხდა. ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მას ეხმარებოდნენ, არ დაუკავებიათ. მაგალითად, ციხეების დირექტორები, რომელთაგან ზოგიერთი ქვეყნიდან გაიქცა. გარეთაა მუხაძე, რომელსაც უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული თეთრაძის მკვლელობაში, გარეთ არის ახალაიას მარჯვენა ხელი მეგის ქარდავა და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?

 თქვენი აზრით, რატომ დაბრუნდა ბაჩო ახალაია საქართველოში? განა არ იცოდა, რომ დაიჭერდნენ?
 - ორი ვარიანტია: ან ფიქრობდა, რომ ვერ გაბედავდნენ მის დაჭერას, რადგან პრეზიდენტი ისევ სააკაშვილია. შეიძლება, პროვოკაციის მოწყობისთვისაც “შემოაგდეს”, ანუ იმის გასარკვევად, თუ რას გაბედავდა ახალი ხელისუფლება.  არ არის გამორიცხული, რომ ბაჩო ახალაიამ სიცოცხლის გადასარჩენად ყველაზე საიმედო თავშესაფრად გლდანის მერვე საბყრობილე მიიჩნია.

ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ ეტაპობრივად დაიწყება სხვა ყოფილი ჩინოვნიკების დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიება. ხმამაღლა არავის უთქვამს, მაგრამ აქ, ალბათ, სააკაშვილიც იგულისხმება. თქვენი აზრით, რამდენადაა შესაძლებელი, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიება მისი პრეზიდენტობის პირობებში მოხდეს?
 - სააკაშვილი მაღალი ტრიბუნიდან იძახდა, ესროლეთ ყველას ფეხებში, მოკალით, დახვრიტეთო. მანვე განაცხადა, დიახაც, მე გავეცი აფრასიძეების დახოცვის ბრძანებაო. მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია, რომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამასთან, აუცილებლად დადგება არაერთი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ და დუმდნენ.
_ ბაჩო ახალაია ხომ არ იქნება ამ მაღალჩინოსნებისთვის “განტევების ვაცი”?
_ მასზე არ უნდა გადაიაროს ყველაფერმა. პასუხი სააკაშვილმაც უნდა აგოს!
_ ...ბაჩო ახალაია ახლა იმ ციხეში ზის, რომელიც თავის დროზე თვითონ ააშენა. როგორია პატიმრების დამოკიდებულება ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით?
_ პატიმრები ამბობენ, არ უნდა გაგიხარდეს ადამიანის დაპატიმრებაო, მაგრამ ეს ადამიანი არა მხოლოდ პატიმრებისთვის, არამედ, საზოგადოებისთვისაც საშიშია და აუცილებლად ციხეში უნდა იჯდეს.