ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში ხშირად ვვარდებით.
გამონაკლისს არც ჩვენი პოლიტიკოსები წარმოადგენენ. ამ პროფესიის ხალხს სხვა ქვეყნებში ყოფნა ხშირად უწევთ და საზღვარგარეთული თავგადასავლების შესახებ მრავალი სახალისო მოსაგონარი გააჩნიათ.
ჩვენი წერილის პირველი გმირი ბატონი ლევან ბერძენიშვილი გახლავთ. ნამდვილად არ ვიცი შორეულ ბრაზილიაში რა მანქანებით მოხვდა, მაგრამ ფაქტია რომ პელეს სამშობლოში დიდ შარში გაეხვა.
ლევან ბერძენიშვილი: „რიო-დე-ჟანეიროში პლაჟზე მივსეირნობდით მე, ივლიანე ხაინდრავა და კიდევ ერთი რუსი მეგობარი. აზრზე მოსვლა ვერც მოვასწარით, რომ დანებით შეიარაღებული შვიდი - რვა ზანგის ბიჭი გვეძგერა და პირწმინდად გაგვფცქვნეს.
პოლიციამ მოახერხა, მძარცველები ეპოვა და განყოფილებაში ჩვენი ნივთები დაგვიბრუნეს. გამოვდივართ გარეთ და ხაინდრავა მეუბნება:
- ლევან, არ გეწყინოს და შენს გვერდით სეირნობა შარია.
- რატომ? - დავიბენი.
- სანამ 100 კილოს არ ჩამოსცდები, ბრაზილიაში აღარ წამოგყვები.
- ეგ რა შუაშია?
- პოლიციელმა მითხრა, ბრაზილიაში რაც უფრო მსუქანია ადამიანი, მით უფრო მდიდარი ჰგონიათო და ამ 170 - კილოგრამიან კაცს რომ გდიო, ყელის გამოჭრა გარანტირებული მაქვს.“
პარლამენტარი ვალერი გელაშვილი დიდი ხნის განმავლობაში ლიტვაში ცხოვრობდა. იქაური ადათ - წესები შესანიშნავად აქვს შესწავლილი და არც ამ ქვეყნის სამართალდამცველებთან უჭირს ურთიერთობა. ერთხელ ქართული მახვილგონიერება გამოიყენა და მიამიტი ლიტველი მესაზღვრე „ბოროტად“ გააცურა.
ვალერი გელაშვილი: „ლიტვაში პირველმა მე ვიყიდე ახალი „მერსედესი“. 1991 წელია, საქართველოდან მივდივარ, მიმაქვს საბჭოთა მანეთებით გაძეძგილი ტომარა და ძვირფასი თეთრი ლითონის ზოდი. 50 და 100-მანეთებიანი ბანკნოტები იყო, რომელიც დღითიდღე უფასურდებოდა და მთელი ტომარა რომ გადამეცვალა, 10 ათასი დოლარიც არ გამოვიდოდა. ფული - არაფერი, მაგრამ ძვირფასი ლითონის შეტანა ქვეყანაში კანონით იკრძალებოდა.
ლიტვამდე მშვიდობიანად მივაღწიე და საზღვარზე გამაჩერეს. პოლიციელმა ტომარა შეათვალიერა და მერე ზოდს მიაჩერდა ეჭვით:
- შენია? - მეკითხება.
- ჩემია, - დავუდასტურე.
- ძვირფას ლითონს ჰგავს, - მოიფხანა კეფა, - მართალი ვარ?
- ვარიანტი არაა! - შევიცხადე.
მივიდა, კარგად შეამოწმა და გაბრაზებულმა გამომხედა.
- ძვირფასი ლითონია!
- აბა, ავშენებულვარ და ეგ არის, გადავეხვიე გაოცებულს, - შენ გაგახარა ღმერთმა ისე, როგორც მე გამახარე!
- რა, არ იცოდი? - გადაირია.
- საიდან, ძმაო, აქედან სამ კილომეტრში, ტყესთან რომ გამოვიარე, დავინახე, გზის პირას ეგდო რამდენიმე. ვიფიქრე - იქნებ რამეში გამომადგეს - მეთქი და მანქანაში ჩავაგდე.
- რაო, სად ეგდო? - ცქვიტა ყურები.
- სამი კილომეტრი არც იქნება, - დავუზუსტე, - ახლა დროს ნუ დამაკარგვინებ, გავქანდები, სახელმწიფოს ჩავაბარებ და კანონით, როგორც მპოვნელს 25 პროცენტი მეკუთვნის!
უკვე აღარ მისმენს.
- ბიჭებო, ახლავე მოვალ, ეს კაცი გაატარეთ, - გასძახა თავისიანებს, მანქანაში ჩახტა და გავარდა.
სანამ ის სამ კილომეტრს გაივლიდა, მე ათი კილომეტრი მქონდა გავლილი...“
ერთი პერიოდი ბატონი რომან გოცირიძე მოსკოვის ერთ - ერთ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. გაგანია კომუნისტების დრო იდგა, მაგრამ ქართველი რომანი რუსების „მოთვინიერებას“ მაინც ახერხებდა.
რომან გოცირიძე: „ასპირანტურაში ყოფნისას მოსკოვში მიწევდა ყოფნა, სადაც საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი.
იმ პერიოდში გენერალური მდივანი ანდროპოვი იყო, თავისი მკაცრი რეჟიმით. იმისთანა უჟმური კომენდანტი გვყავდა, უნებართვოდ სტუმრის მიღება არ შეგვეძლო. მოკლედ, სისხლს გვიშრობდა. მამაჩემს, როგორც ომის მონაწილეს, უამრავი მედალი და ორდენი ჰქონდა სახლში. იმდენი, რომ ყველას ერთად დაკიდება უჭირდა და მთხოვა, მოსკოვში „პლანკა“ გამეკეთებინა, მათი შემცვლელი.
ერთხელაც, შემოდის მოულოდნელ „რეიდზე“ ეს ჩვენი კომენდანტი და ხედავს, მაგიდასთან ვზივარ, წინ საბუთები მაქვს დახვავებული. აიღო ერთ - ერთი და კითხულობს: რომ რ. გოცირიძე (მამაჩემს რაჟდენი ჰქვია) არის ამა და ამ ორდენის კავალერი. კაცი გაფითრდა, ოფლმა დაასხა.
- ეს ყველაფერი შენია? - დააღო პირი.
- დიახ, - ავიღე ნამუსზე ხელი.
- რა დამსახურებისთვის? - სკამზე დაეცა.
- ჯარში ჩინეთის საზღვარზე ვმსახურობდი, - დავიწყე ზღაპრის მოყოლა, - როგორც კი ამური გაიყინებოდა, დივერსანტები მოძვრებოდნენ და ხუთ-ექვს კაცს ერთად ვიჭერდი.
აუჰ! - გაგიჟდა.
- ეჰ, - ამოვიოხრე სინანულით, - ნახევარი წელიც რომ გავჩერებულიყავი, გმირობასაც მომცემდნენ. ისე, ჩვენს შორის დარჩეს, ამაზე ლაპარაკის უფლება არა მაქვს.
კომენდანტი უკან-უკან გავიდა, პირველად ვნახე გაღიმებული და იმ დღის შემდეგ ვერც სალამს ვასწრებდი და თვრამეტი სტუმარიც რომ მიმეყვანა, ხმის ამომღები არ იყო“.
საზღვარგარეთ ყოფნა ალექსანდრე შალამბერიძესაც არაერთხელ უწევდა. მისი დაკვირვებით, ქართველი პარლამენტარი მამაკაცების ნაწილი, უცხოეთში ჩასვლისთანავე ალერსს მოწყურებული „სუსტი სქესის“ არსებების ძიებას იწყებდა. ერთხელაც ჩვენებურებს „ამ საქმეში“ გადაულახავი დაბრკოლება შეემთხვათ, რადგან პარლამენტის წევრების მორალური მხარის დასაცავად, თვით ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილი დაირაზმა.
ალექსანდრე შალამბერიძე: „ერთი პერიოდი მუდმივმოქმედ დელეგაციაში ვიყავი, რომელშიც საქართველოს გარდა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შედიოდნენ და ექვს თვეში ერთხელ ვიკრიბებოდით. პირველი შეხვედრა როდესაც შესდგა, აეროპორტში სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთმანეთს დასცხეს.
შემდეგი შეხვედრა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გვქონდა. ზაფხულია, მთელი ბულგარეთი გახდილი დადის ქუჩაში და სასტუმროში რა გაგვაჩერებდა. ახლა, ყველგან ერთად დავდიოდით, მაგრამ ერთი ჩვენი მეგობარი, პარლამენტარი რომან კუსიანი ხან სად გაქრებოდა, ხან სად. ერთხელაც ბარში ვსხედვართ და რომანი ცხვირჩამოშვებული შემოდის.
- კაცო, სად დადიხარ, აღარ იტყვი? - ვეკითხებით.
- სად და ქალებში.
- შე ოჯახაშენებულო, გაიხედე, ქალების მეტი რა არის და შენ სადღა ეძებ?
- თუ ვეძებ, რა ხეირი? - ამოიოხრა.
- რა მოხდა?
- მიწისქვეშ ერთ „ტოჩკას“ მივაგენი და უპასპორტოდ არ შემიშვეს.
- ქალისთვის მიწაში ძვრებოდი? - გამეცინა.
- მე, ძმაო, სიძნელეები მიყვარს, - ამაყად გამომხედა.
- ჰოდა, თუ სიძნელეები გიყვარს, სასტუმროში ხათუნა გოგორიშვილს აქვს ჩვენი პასპორტები და წაართვი, ქვესკნელის დათვალიერება მინდა-თქო.
- რას ამბობ, ალეკო, - შეშინდა, - ეგ სიძნელე კი არა, თვითმკვლელობა