„რუსეთის სურვილია, ორთავიანი არწივები არ ვიყოთ და არ ვიყურებოდეთ დასავლეთისკენაც და აღმოსავლეთისკენაც“

„რუსეთის სურვილია, ორთავიანი არწივები არ ვიყოთ და არ ვიყურებოდეთ დასავლეთისკენაც და აღმოსავლეთისკენაც“

როგორი იქნება 2020 წელს რუსეთს-საქართველოს ურთიერთობა? ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ, როგორ უხდის მადლობას ჩვენი საზოგადოების ნაწილი ოკუპანტს, გეგონებათ, სწორედ ოკუპანტებმა არ დაიჭირეს ქართველი ექიმი და დღემდე სხვა ქართველებიც არ ჰყავდეთ ტყვეობაში, რომელთა ვინაობაც არ არის ისეთი ცნობილი, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის. საკუთარ სამშობლოში ტყვეობიდან დახსნილი ქართველი ექიმის გათავისუფლება იძლევა კი იმის საფუძველს, რომ რუსებს უნდათ ჩვენსკენ შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა?

სხვათა შორის, სანამ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ, სალომე ზურაბიშვილმა თქვა კიდეც, „მსოფლიოში ყველაფერი იცვლება და ყველა ყველასთან საუბრობს, სამწუხაროა, რომ საქართველო არ სარგებლობს ყველა დიპლომატიური რესურსით, უკრაინა კი მზად არის, ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს, დიალოგი და მოლაპარაკებები სულაც არ ნიშნავს დათმობას“. უფრო ადრე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ საჭირო იყო პოლიტიკურ რეგისტრში გადასულიყო ურთიერთობა რუსეთთან.

ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ რუსეთთან მოლაპარაკების სეზონი იხსნება?! კიდევ რა დამატებითი სურვილები აქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს საქართველოსთან მიმართებით?

„რუსეთს ერთი რამ სურს, მას სურს თავისი საზღვრების მეზობლად შექმნას პატარა საბჭოთა კავშირი“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და იქვე დასძენს, რომ, თუ ძველი საბჭოთა კავშირის პრინციპი იყო, მე თქვენ გინახავთ, გაჭმევთ, ტყესა და კარაქს გაწვდით, ჩემს ხელში თქვენ შედარებით მაძღარი მონები ხართ, ოღონდ პოლიტიკაში ხმა არ ამოიღოთო, ახლანდელი რუსეთი ამბობს, მე ვერ შეგინახავთ, გაზში იმდენი უნდა გადამიხადოთ, რამდენსაც გერმანელები მიხდიან, მაგრამ ლოიალურები უნდა იყოთ ჩემს მიმართ, არავითარი ამერიკა, არავითარი ნატო.

„ეს განსხვავებაა წინანდელ და ახლანდელ „საბჭოთა კავშირს“ შორის. ბოლო დღებში რომ ვუყურებ რუსეთის ოფიციალურ არხებს, ასეთი ყოველდღიური ანტიამერიკული კამპანია და გამუდმებულად პუტინის ქება-დიდება, არასდროს ყოფილა. ასეთი რამ თვით საბჭოთა კავშირის დროსაც არ მახსოვს. ყოველდღიურად „ვრემიას“ ვუსმენდი, რათა გამეგო, რუსეთში რა ხდებოდა, მაგრამ თვით ბრეჟნევიც კი არ ყოფილა ყოველდღიურად ტელევიზიაში, დღეს უკვე რუსეთის არხებმა გადაუჯოკრეს საბჭოთა კავშირის არხებს. ერთი მხრივ, ეს არის ანტიდასავლურობა, ანტიამერიკანიზმი, მეორე მხრივ, ეს არის მოსკოვის უსაფრთხოების ქამარი. რუსები პოლონეთს ვერაფერს უხერხებენ, ვერც ბალტიისპირეთს უხერხებენ რამეს, ორივეგან სიმბოლურად, მაგრამ მაინც დგას ნატოს ჯარი, ამერიკისა და ბრიტანეთის ჯარი. ასეთ სიტუაციაში, რუსების გაგებით, ერთადერთი დონ კიხოტია საქართველო.

ვაჟა გაფრინდაშვილისნაირი ინციდენტები ყოველ მეორე დღეს შეუძლიათ, მოგვიწყონ, მაგრამ ყოველ მეორე დღეს ჩვენ თითო გაფრინდაშვილები გვეყოლება? არ გვეყოლება. გაფრინდაშვილები ძალიან ცოტანი არიან. დაკავებულთა 99% რიგითი გლეხები არიან, რომლებიც ხელს აწერენ ყველაფერზე, ბოდიშით, ე.წ. საზღვარი დავარღვიეთო, ფულს იხდიან და უშვებენ პატიმრობიდან“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისი განმარტებით, რუსი დეპუტატების განცხადებები, აი, გავათავისუფლეთ ვაჟა გაფრინდაშვილი, მალე ფრენები აღდგება, შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობაც აღდგეს, ეს ყველაფერი რა არის? არის ის, რომ საქართველო ნელ-ნელა ეგუება ახალ რეალობას. არაფერი არ შეიცვლება, მოსკოვი გვეუბნება, დაივიწყეთ სოხუმი და ცხინვალი, ეს უკვე ახალი რეალობაა, მოდით, ამ ახალ რეალობაში ვიცხოვროთ ისე, რომ გაფრინდაშვილების ამბავი ყოველდღე არ ხდებოდეს. რუსეთის ლოგიკით, ამისთვის საჭიროა, ორთავიანი არწივები არ ვიყოთ და არ ვიყურებოდეთ დასავლეთისკენაც და აღმოსავლეთისკენაც, რუსეთი ჩვენგან მოითხოვს, ერთთავიანი არწივის თავი გვქონდეს და ვიყურებოდეთ მხოლოდ ჩრდილოეთისკენ.

„ხედავთ, უკვე რა ლაპარაკი წამოვიდა მოსკოვიდან? დრო ხომ არ არის, გააუქმოთ ოკუპაციის შესახებ კანონიო. ეს კანონი ყოველდღიურად ირღვევა, რადგან სოხუმში, ან ცხინვალში ვინ ჩადის და ვინ ჩამოდის, ამის არც აღრიცხვა ხდება, არც ამაზე რეაგირება, მაგრამ რუსებს ესეც არ სიამოვნებთ, რომ ეს კანონი არსებობს. ამის გაუქმება იქნება პირველი სიმბოლური ნაბიჯი დე ფაქტო რეჟიმების აღიარებისკენ, რუსების ლოგიკით, კანონი აღარ არის, თურმე აღარ არის ოკუპაცია“, - მიიჩნევს სოსო ცინცაძე და, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, განმარტავს, რომ რუსეთთან საუბარი აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რათა გავიგოთ, რუსეთს რა უნდა.

პოლიტოლოგი ახლო წარსულსაც იხსენებს, როცა პოროშენკო კატეგორიული წინააღმდეგი იყო რუსეთთან ლაპარაკის, მაგრამ ზელენსკიმ შეცვალა კურსი და უკვე შედეგი არის, სულ ახლახანს გათავისუფლდა 81-მდე ახალგაზრდა უკრაინელი ტყვე, დაუბრუნდა თავის ოჯახს. ეს დიდი ამბავია თითოეული მათგანისთვის. ამიტომ ლაპარაკი რუსეთთან აუცილებლია. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, ვინ ელაპარაკოს რუსეთს და რაზე ელაპარაკოს.

„ზურაბიშვილის რუსეთში გაშვება მტრისას, რუსეთთან კი არა, საათივით აწყობილი გვქონდა ურთიერთობა აზერბაიჯანთან და სომხეთთან და ხომ ხედავთ, რა დღეში ჩაგვაგდო? ზურაბიშვილი თბილისის გარდა არსად არ უნდა გაუშვან, უნდა შემოღობონ გზები, დაახლოებით ისე, „პესოჩნიკებს“ რომ ეძახიან, ბავშვებისთვის მოწყობილ ქვიშის სათამაშოებს. კარგად მომზადებული მოლაპარაკება რუსეთთან აუცილებელია. რუსები სულელები არ არიან, მათ სურთ, დაელაპარაკონ პიროვნებას, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები იქნება, ანუ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს. ზურაბიშვილს კი თავად რუსები არ მოინდომებენ, რადგან ზურაბიშვილი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი აღარ არის. მოსკოვში უნდა წავიდეს პრემიერი, მით უმეტეს, ჩვენთან საპარლამენტო რესპუბლიკაა“.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა დიდწილად დამოკიდებულია იმ ტენდენციებზე, რაც ვითარდება გლობალურ პოლიტიკაში.

„რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ზუსტად იმდენად იქნება აგრესიული, რამდენადაც ამის საშუალებას მისცემს დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი. აქედან გამომდინარე, მოვლენები ჩვენზე ნაკლებადაა დამოკიდებული. თუ ჩვენ აღმოვჩნდით სავაჭრო დახლზე, ეს არის მოვლენების ერთი განვითარება, რაც ჩვენთვის არასასურველია, თუმცა, სამწუხაროდ, ისე ვითარდება მოვლენები, რომ ამ განვითარებასაც ვერ გამოვრიცხავ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

სოციალისტი მხატვარი არწივს და ხოხობს ვერ არჩევს?!
4 წლის უკან
Maverick სოციალისტი, მაგი როგორი არწივიცაა ისეთივე არწივიძეა ცინცაძე, ხუხიზმისკენ აქვს გადახრა!
წინაპართა სიბრძნეა "გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი"-ო და "ცდა ბედის ნახევარია"-ო.
მტერს, მოძალადეს თუ არ დაელაპარაკე საიდან გაიგებ რა სურს?! მთელი მსოფლიო ელაპარაკება პუტინს, შენ ვისი ტიკი ტომარა და ყარამანი ხარ, რო ფეხებს აფიჩინებ, ჭირვეული ღლაპივით გაიძახი "მე ვარ და ჩემი ნაბადი"!-ო, თანაც ტრაKZე რომ გამოგეხა ეგ ნაბადი და შემოცვეთილი რომ გაქვს იმას აღარ ჩივი... აი ეს ხართ სულ მიშმაკი პოლიტიკოსები!!!!!!!!...
4 წლის უკან