მიხეილ სააკაშვილი «ნაციონალური მოძრაობის» წინააღმდეგ

მიხეილ სააკაშვილი «ნაციონალური მოძრაობის» წინააღმდეგ

სააკაშვილის რეჟიმის «ორმოცზე» (თუ 1 ოქტომბრიდან დავითვლით) მისმა მთავარმა ჭირისუფალმა უცაბედად თავი შეგვახსენა და შეეცადა, გენერალი გიორგი კალანდაძე, რომელიც პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პოსტზე დაებრუნებინა. მართალია, მომდევნო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება აინუნშიც არ ჩააგდო და კალანდაძეს უფლებამოსილება შეუჩერა, მაგრამ მთელ ამ ისტორიაში მთავარი, ალბათ, არა მისი იურიდიული, არამედ პოლიტიკური შემადგენელია.

არჩევნების შემდეგ «ნაციონალური მოძრაობა» ფრიად სერიოზული არჩევანის წინაშე დადგა. მას, ერთის მხრივ, შეეძლო ფსონის გაკეთება სწრაფ რევანშზე, რომლისთვისაც სააკაშვილის (აგრეთვე, თბილისის მერისა და გუბერნატორების) ხელთ ჯერ კიდევ დარჩენილ ბერკეტებს, კრიზისების მუდმივი წარმოქმნისა და ახალ ხელისუფლებასთან მწვავე დაპირისპირების ტაქტიკას გამოიყენებდა, რაც ძალიან მალე «გენერალურ ბრძოლამდე» მიიყვანდა. «ნაცების» საფირმო სულსწრაფობა, ბოღმა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ მათ თვალწინ ასეთი რუდუნებით შეკოწიწებული რეჟიმი იმსხვრევა და მათი უმძიმესი ემოციური მდგომარეობა სწორედ ამ მიმართულებით უბიძგებდა.

მეორე გზა გულისხმობდა პაუზას, შეცდომების ანალიზს, ოპონენტის ძლიერი და სუსტი მხარეების შესწავლას (რაც არჩევნებამდე ვერ მოახერხეს), ძალთა გადაჯგუფებას, თუნდაც ეს პარტიის რიგების შეთხელებას უკავშირდებოდეს, სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური და საინფორმაციო სტრატეგიების შემუშავებას, უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან ფრონტალური დაპირისპირების თავიდან არიდებას რამდენიმე წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ მასშტაბური შეტევის დაგეგმვას. თუ პარალელების გავლებას შევეცდებით, ყველაზე კარგ მაგალითს, ალბათ, მეორე პუნიკური ომის ისტორიაში მოვძებნით. პირველმა გზამ ძველი რომაელები კანას კატასტროფამდე მიიყვანა და რომი კინაღამ დაღუპა. ალტერნატიული ვარიანტი კი კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსის სახელს უკავშირდება, რომელსაც «კუნტაქტორი» (ნელი, გაუბედავი) შეარქვეს, რამეთუ ყველანაირად ცდილობდა, თავიდან აეცილებინა გადამწყვეტი ბრძოლა ჰანიბალთან, თუმცა მოხერხებული მანევრებით თანდათან გამოფიტა მისი არმია, შეუზღუდა თავისუფალი გადაწყვეტილების სივრცე და, საბოლოოდ, შექმნა ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ მას იტალია დაეტოვებინა. «ნაციონალებს», მათთვის სამწუხაროდ, დღეს ასეთი ლიდერი არ ჰყავთ, სამაგიეროდ, ჰყავთ სააკაშვილი, რომლის პროვოცირება მოუმზადებელ გენერალურ ბრძოლაზე არც ისე რთულია.

«ქართული ოცნების» ამომრჩევლებს, ისევე, როგორც (სავარაუდოდ) მის ლიდერებს, არ სურთ, რომ «ნაცმოძრაობა» მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდეს (ამ როლის შესრულება სხვა პარტიებსაც შეუძლიათ). მაგრამ იმისთვის, რომ ყოფილი მმართველი პარტიის სრულ დემონტაჟს, თუნდაც ის ხისტი მეთოდების გამოყენებით განხორციელდეს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ოვაციებით შეხვდეს, ხოლო უცხოელი პარტნიორები გაგებით მოეკიდონ, აუცილებელია მისი წარმოჩენა უაღრესად დესტრუქციულ ძალად, რომელმაც შეიძლება ქვეყნის ისედაც ფარდობითი სტაბილურობა იმსხვერპლოს. ძალად, რომელიც დღეს საბოტაჟს მიმართავს და ხვალ შეიძლება დივერსიებზე, ზეგ კი პუტჩზე დაფიქრდეს. სააკაშვილი მშობლიურ პარტიას, სავარაუდოდ, სწორედ ამ იმიჯისკენ მიაქანებს და «კალანდაძის ეპიზოდი» ამ მხრივ კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს. ისევე, როგორც არჩევნებამდე, სააკაშვილი «ააგდეს» და მან გადადგა იმპულსური ნაბიჯი, რომლის წარმოჩენა საბოტაჟის და დესტრუქციის აქტად საკმაოდ მარტივია. ამის შედეგად ის ცუდ მდგომრეობაში აღმოჩნდა და, მისგან თავის დაღწევის მიზნით, გამორიცხული არაა, კიდევ უფრო წამგებიანი ნაბიჯი გადადგას და ასე შემდეგ, სრული კმაყოფილების მიღწევამდე; მსგავსი რამ უკვე არაერთგზის მომხდარა და პროცესის ხელახალ აღწერას აზრი, ალბათ, არ აქვს.

სინამდვილეში, სააკაშვილისა და უგულავას ხელთ დარჩენილი ბერკეტები, ლოდია, რომელიც «ნაციონალებს» ფსკერისკენ მიათრევს. სწორი გადაწყვეტილება მათი მხრიდან, ალბათ, გადადგომა და ოპოზიციაში სრულფასოვანი გადაბარგება იქნებოდა და არა სწრაფვა ორხელისუფლებიანობისკენ, რომლის შენარჩუნებისთვის და გამოყენებისთვის რესურსი დღეს არ აქვთ. თუ ვანო მერაბიშვილი საკუთარ თავზე აიღებდა «ნაცმოძრაობის» დიდი, თუმცა ერთობ ამორფული ნაწილის რეფორმირებას, ხოლო გიგა ბოკერია სათავეში შედარებით მცირე, მაგრამ ფარდობითად «იდეინი» ნაწილს ჩაუდგებოდა (თუნდაც ეს გაყოფის ხარჯზე მომხდარიყო), ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლების პერსპექტივა, სავარაუდოდ, უფრო ოპტიმისტური გახდებოდა. დღეს კი სააკაშვილსა და უგულავას თანაპარტიელები «ერთიანი ნაციონალური კრახისკენ» მიჰყავთ, როგორც იმ სულსწრაფ და ამბიციურ რომაელ კონსულებს, რომლებმაც ბოლო მომენტამდე ვერ გაიგეს, რა ხდება მათ თავს; ხოლო რიგითებს ან თუნდაც ცენტურიონებს ამ საბედისწერო მარშის შეჩერების შესაძლებლობა არ აქვთ.

ამ მეტაფორის ექსპლუატაცია საკმაოდ დიდხანს შეიძლებოდა და ეს, სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან მიგვიყვანდა მოწოდებამდე «ჰანიბალი კარიბჭესთანაა, სააკაშვილი გადამალეთ!», თუმცა, ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო სტრატეგიაზე საუბრისას, გაცილებით მართებულია არა რომაული, არამედ ჩინური გამოცდილების გახსენება; იქ ჯერ კიდევ X საუკუნეში (ეს როგორც მინიმუმი) მოიძებნა ზუსტი ფორმულირება იმის აღსაწერად, რასაც ივანიშვილი ჩვენ თვალწინ სააკაშვილს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, «უტარებს»: «და ცაო ძინ შე!» (ურტყი ბალახს, რათა გველი დააფრთხო).

ეს მეცამეტე სტრატაგემაა 36-დან, რომელთა შესწავლა არცთუ უსარგებლოა ჩინური პოლიტიკის, ბიზნესისა და სამხედრო ხელოვნების ანალიზისთვის; ეს ირიბი გაფრთხილების, დაშინების და, საბოლოო ჯამში, პროვოკაციის სტრატეგემაა (მიუხედავად იმისა, რომაელი ავტორების ნაშრომებზე საუბრისას ჩვენ ვხმარობთ სიტყვას «სტრატეგემა», ჩინურ მემკვიდრეობასთან მიმართებაში მიღებულია «ე»-ს ჩანაცვლება «ა»-თი; მაგალითად, ფრონტინის «სტრატეგემები» და ჩინური «36 სტრატაგემა»). მისი გამოყენების დროს ხდება კონფლიქტური სიტუაციის შექმნა წინდაუხედავი, გაუფრთხილებელი რეაქციის მიღწევისთვის; მთავარი რესურსი, რომელიც ამ დროს გამოიყენება მოწინააღმდეგის გრძნობებია (სიამაყე, რისხვა, შიში და ა. შ.). წარმატების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია ორი რამ: ფსიქოლოგიის კარგი ცოდნა და ზომიერება, რათა მოწინააღმდეგე არ მიხვდეს, რომ მანიპულაციის ობიექტი გახდა. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ შექსპირის «ოტელო» და გავიხსენოთ, რას და როგორ აკეთებდა იაგო.

რაც შეეხება ჩინურ პოლიტიკას, საინტერესო მასალას ანალიზისთვის, ამ მხრივ 1957 წლის კამპანია გვაძლევს, რომელიც მაო ძედუნმა შემდეგი ლოზუნგით დაიწყო: «დაე, აყვავდეს ასი ყვავილი, დაე, ასი სკოლა ეპაექროს ერთმანეთს». მან ინტელიგენციას მიმართა და მოუწოდა უფრო თამამად გამოეთქვა საკუთარი აზრი, გაეკრიტიკებინა ნაკლოვანებები და პლურალისტული დისკუსია დაეწყოთ. ჩინელ ინტელიგენტებს იმ დროისთვის სათქმელი საკმარისზე მეტი დაუგროვდათ, თუმცა თავიდან ფრთხილობდნენ და დიდად არ აქტიურობდნენ. მაო ძედუნმა გააკრიტიკა ისინი, «ვინც ხელისუფლების გაკრიტიკებას ვერ ბედავს» და, საბოლოოდ მიაღწია იმას, რომ ინტელიგენციამ შიში დაძლია, კრიტიკული სტატიების გამოქვეყნება დაიწყო, მთავრობაში გამანადგურებელ წერილებს აგზავნიდა (და, რაც მნიშვნელოვანია, ამ წერილებს ხელს აწერდა) და მიტინგებსაც კი ატარებდა. მაომ საწადელს მიაღწია, მან აიძულა «გველი» (ცხადია, მისი წარმოდგენით და შეფასებით) გამოჩენილიყო, შესაძლებლობა მისცა ოპონენტებს, თავი მაქსიმალურად წარმოეჩინათ, რის შემდეგაც «ასი ყვავილის» კამპანია დაასრულა, ინტელიგენცია კონტრრევოლუციაში დაადანაშულა და არნახული გააფთრებით დაერია მათ, ვინც მის კარგად დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

სხვადასხვა ქვეყნის ისტორიიდან «მეცამეტე სტრატაგემის» გამოყენებაზე არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, დღეს საქართველოში მომდინარე მოვლენები გვაინტერესებს. გიორგი კალანდაძის «ხელახალ დანიშვნასთან» დაკავშირებულ ეპიზოდში სააკაშვილის რეაქცია, როგორც უკვე ვთქვით, იმპულსური და წინდაუხედავი იყო, მან ნათლად აჩვენა საქართველოსა და გარესამყაროს, რომ «ჯინაზე» შეიძლება იბრძოლოს ორხელისუფლებიანობისთვის გაერთიანებულ შტაბში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია და უდიდეს საფრთხეს უკავშირდება. სააკაშვილს ყველა წინაპირობა შეუქმნეს ამ გაუფრთხილებელი დემონსტრაციისთვის, შემდეგ კი საჯაროდ დაამცირეს, სასამართლომ კალანდაძეს უფლებამოსილება შეუჩერა, რამაც სააკაშვილს თითქოსდა უბიძგა მომდევნო, უფრო დესტრუქციული და საიმიჯო თვალსაზრისით, უფრო წამგებიანი ნაბიჯების გადადგიმისკენ.

არაფერი ახალი ამ ალგორითმში არ არის, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი რამ (პროვოცირება-სულელური რეაქცია, ხელახალი პროვოცირება- უფრო სულელური რეაქცია და ა.შ.) არაერთგზის მომხდარა და ამან «ნაციონალური მოძრაობის» დამარცხებაში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა. თუმცა კალანდაძის ეპიზოდმა, რომელიც სააკაშვილის წინა შეცდომებთან შედარებით გამორჩეულად რეზონანსული არ იყო, ნათლად აჩვენა, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ბელადს საკუთარ შეცდომებზე სწავლის უნარი არ აქვს და ისევ ერთსა და იმავე ორმოში ვარდება; ეს კი მისი თანაპარტიელებისთვის ძალიან დიდ საფრთხეს მოასწავებს.

შესაძლოა, პირველ «დარტყმად ბალახზე», არა ახალაიასა და კალანდაძის დაპატიმრება, არამედ ბიუჯეტიდან სააკაშვილის დაფინანსების შეზღუდვა უნდა ჩავთვალოთ. ვერ გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილი წყობიდან სწორედ ამან გამოიყვანა, თუმცაღა მას არ შეეძლო საკუთარი პრივილეგიები ღიად დაეცვა, რადგან ეს ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მეტად წამგებიანია. სავარაუდოდ, ის გაფაციცებით ეძებდა მომენტს «შურისძიებისთვის» და სწორედ ამ დროს მისი თვალთახედვის არეში «კალანდაძის საქმე» მოხვდა (ნუთუ შემთხვევით?) და მან დაიწყო მოქმედება ისე, რომ მოსალოდნელ შედეგებზე არ დაფიქრებულა. არადა, მას და მის პარტიას, მსგავსი ქცევა, სავარაუდოდ, მიიყვანს იქამდე, რომ საბოტაჟი და საკუთარი პოლიტიკური წარმატება მათთვის ურთიერთდაკავშირებული გახდება და, ამის შედეგად, ზე დესტრუქციულ პოზიციას დაიკავებენ. აქედან გამომდინარე, მათი ამოშანთვა პოლიტიკიდან საზოგადოების დაკვეთა #1 გახდება, რასაც დასავლელი პარტნიორები, მოწონებით თუ არა, გაგებით მოეკიდებიან, რადგან ალტერნატივა მსგავს სიტუაციებში სამოქალაქო ომია, რომელიც არავის სჭირდება და რომლის დაწყების თავი სააკაშვილის ჯგუფს, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არ აქვს.

შესაძლოა, «ნაციონალების» ერთადერთი შანსი შექმნილ სიტუაციაში სააკაშვილის «გაკოჭვაა». მათ შეუძლიათ ის დიდ თეორეტიკოსად, უდიდეს ბელადად ან თუნდაც უზენაეს ღვთაებად გამოაცხადონ და კაბინეტებში მისი ლეღვის ფოთლით (უკაცრავად, დაფნის გვირგვინით) დამშვენებული ქანდაკებები დადგან, თუმცა როგორც პოლიტიკოსს, მას, ალბათ, აღარ უნდა დაუჯერონ. ის, სავარაუდოდ, ფრიად დაიღალა და ახალი გამოწვევების ადეკვატური აღარ არის. საინტერესოა, მოხდება თუ არა «ნაციონალურ მოძრაობაში» შიდაპარტიული რევოლუცია, რომელსაც ავანსცენაზე უფრო გონიერი და წინდახედული ლიდერების გამოსვლა მოჰყვება.