საქართველოს საზღვაო ძალების სარდალი, ადმირალი გიგლა ირემაძე, რომელიც ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენების კავალერი იყო, 2004 წელს 13 აგვისტოს ფოთში, უცნაურ ვითარებაში, მოულოდნელად გარდაიცვალა. ადმირალის მეუღლე, მანანა ირემაძე უამრავმა საეჭვო გარემოებამ აიძულა, პროკურატურაში სარჩელი შეეტანა. ქალბატონი მანანა იმედოვნებს, რომ მეუღლის სიკვდილის მიზეზს ახალი ხელისუფლების პირობებში მაინც გაარკვევს.
ქალბატონო მანანა, ამდენი წლის შემდეგ, მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტეთ, ხმამაღლა გეთქვათ, რომ თქვენი მეუღლის, გიგლა ირემაძის ბუნებრივი გარდაცვალების ვერსიაში ეჭვი გეპარებათ?
- ჩემი მეუღლე, ადმირალი გიგლა ირემაძე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამ ამბიდან ოცი დღის შემდეგ კი, სიძე, ჩემი ქალიშვილის ქმარი, დავით რუხაძე გრიგოლეთში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ექსპერტიზა არც ჩემს ქმარს ჩატარებია და არც _ სიძეს. ყოველ შემთხვევაში, ოჯახს არ გვაქვს დასკვნა, თუ რამ გამოიწვია მათი გარდაცვალება. დასაფლავებამდე ჩემზე მომაგრებული ექიმთა ბრიგადა გულდაგულ ცდილობდა, რომ მუდმივად წამლების ზემოქმედების ქვეშ ვყოფილიყავი, თითქმის გათიშული, რამაც ჩემს ჯანმრთელობას დაღი დაასვა. მას შემდეგ ეჭვი მაწვალებს. რამდენ ხანს შეიძლებოდა ჩუმად ყოფნა? რატომ, რისთვის დაგვატყდა თავს ამდენი უბედურება? ბევრმა საეჭვო გარემოებამ და ადამიანების საეჭვო საქციელმა გადამაწყვეტინა, რომ ამ გაურკვევლობას წერტილი დავუსვა.
არსებული ინფორმაციით, რა ვითარებაში დაიღუპა ადმირალი გიგლა ირემაძე?
- გიგლა, რომელიც საქართველოს საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი იყო და რომელსაც ადმირალის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭა, ფოთში მსახურობდა. 2004 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნების საწრთვნელი სწავლება მიმდინარეობდა, რომელშიც 7 ქვეყნის საზღვაო ფლოტის გემები მონაწილეობდნენ. რაღაც მიზეზების გამო, ბათუმიდან ზღვაში 6 ქვეყნის გემი გავიდა, ჩევნი კი, _ არა, რაზეც გიგლას ძალიან უნერვიულია და სწორედ ამას დააბრალეს მისი გარდაცვალება, განიცადა და გულის შეტევით დაიღუპაო.
ყველაფერი კი, ასე მოხდა: გემები ბათუმიდან უნდა გასულიყვნენ ზღვაში, გავიგე, რომ გიგლა ფოთში დაბრუნდა. დავურეკე და ვუთხარი, მთელი კვირაა, სახლში არ ყოფილხარ, დაღლილი, მშიერი, უძილო ხარ, მოდი, დაისვენე-მეთქი. ეტყობა, ძალიან შევაწუხე და მერე, თვითონ დამირეკა და მითხრა, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ვერ ვახერხებ შინ მოსვლასო. ბოლოს, იმდენჯერ დავურეკე, რომ ღამის 11 საათსა და 50 წუთზე მძღოლმა მოიყვანა. შინ შემოსულმა მითხრა, არ მშია, ვივახშმე, მხოლოდ კიტრი და ყველის ნაჭერი მომიტანეო.
მალე ტელეფონმა დარეკა, ჩვენი ქალიშვილი, თამთა რეკავდა შეშინებული, ვიღაც კარზე აკაკუნებს, ხმაურია და მეშინიაო. გიგლა წასასვლელად მოემზადა. 2004 წლის 13 აგვისტო იყო. მინდოდა, გავყოლოდი, მაგრამ გიგლა უარობდა. რომ შევხედე სახეში, რაღაც უცნაური მეჩვენა: ყურის ბიბილოები, ცხვირის წვერი მომწვანო-ყვითელი ჰქონდა. შევშინდი და ვკითხე, ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი. მიპასუხა, არაო... პირველი, ვინც გაჭირვების ჟამს გაგვახსენდა, ჩემი ქმრის თანამებრძოლი და მეგობარი ვიქტორ ჭელიძე იყო, საზღვაო ძალების სარდლის თანაშემწე ლოჯისტიკისა და უზრუნველყოფის საკითხებში. მაშინვე დავურეკეთ, თითქოს არ ესმოდა ჩვენი ხმა, ჩვენ კი, მისი გვესმოდა. ხმა ვერც საადმირალოს მორიგეს მივაწვდინეთ - არც იმას ესმოდა. ქალაქში მოულოდნელად ჩაქრა შუქი, გაითიშა “მობილურები”. ადმირალი ფეხით წავიდა შვილის სახლისაკენ, მანძილი დიდი არ იყო. ცოტა ხნის შემდეგ, ყრუ გასროლის ხმა შემომესმა. ჩემი ვარაუდით, გზაში ცუდად გახდა, იფიქრა, შვილამდე ვერ მივაღწევო და საშველად გაისროლა. მისი პერანგი და შავი ჯინსის შარვალი, რომელიც იმ ღამეს ეცვა, დაიკარგა... თამთას ბინაში შესულმა, ყველა ოთახი დაირბინა, უკან ქალიშვილი მისდევდა, მამა, აქ არავინ არისო. გიგლა, თურმე, ყვიროდა, დავინახე ეგენიო. მერე, ცუდად გახდა, თამთამ სასწრაფოს გამოუძახა, მაგრამ სასწრაფომ უთხრა, საწვავი არა მაქვს და ვერ მოვალო. ამდენი დამთხვევა? _ თითქოს უხილავი ხელი მართავდა ყველაფერს. მოკლედ, ბევრი კითხვაა ადმირალის გარდაცვალებაში. მიუხედავად იმისა, რომ წამლების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, მაინც ჩამრჩა მეხსიერებაში: გარდაცვლილ მეუღლესთან ყოველდღე მოდიოდა ერთი თანამშრომელი, ვეფხვო მელქაძე და ცხედარს ყურებიდან და ტუჩის კუთხეებიდან გადმოსულ სითხეს დიდი სიფრთხილით წმენდდა, შემდეგ, პოლიეთილენის პარკში დებდა და მიჰქონდა. უძილო ღამეებში ამაზე ფიქრი ტვინს მიბურღავდა. ვის რაში სჭირდებოდა ყველაფერი ეს? 2-3 წლის წინ, თავდაცვის სამინისტროსთან სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი შეგვხვდა მე და ჩემს ქალიშვილს. დრო ვიხელთე და ჩემი ეჭვების შესახებ წამოვიწყე საუბარი. ექიმმა მიპასუხა, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი იყო დამამშვიდებელი წამლების მიღება. ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი, აი, რატომ დამძიმდა: მან მითხრა, რომ ჩემი ქმრის უახლოესი მეგობრის, ვიქტორ ჭელიძის დავალებით, ვეფხვო მელქაძე ცხედრიდან იღებდა ანალიზს, სწორედ ზაზას მიჰქონდა რუსულ ჰოსპიტალში ექსპერტიზაზე და პასუხიც მას მიუტანია პოლკოვნიკ ჭელიძისთვის. ეს უკანასკნელი სამი წლის წინ დაგვეკონტაქტა და გვაცნობა, რომ ხუთი წელია, საქართველო დატოვა და ძებნილია. როცა მიზეზი ვკითხე, მიპასუხა, შენმა პრეზიდენტმა ჩამაგდო ამ დღეშიო. ინტერვიუებსა და წერილებში ათასნაირ რამეს ამბობდა. მაგალითად, მიცვალებული გავყიდე, ორი მილიონი ავიღეო... მერე, ამბობდა, თითქოს ჩემი ქალიშვილი თამთა უშიშროებამ ,,დაავერბოვკა” და მამა მოაკვლევინა. მეუღლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ, დილის 5 საათზე სახლში ყაჩაღები შემოვიდნენ: ითხოვდნენ ფულს, იარაღს და კასეტაზე ლაპარაკობდნენ. მაშინ ნათესავის ბინაში ვცხოვრობდით, ყველაფერი წაიღეს, კასეტა, როგორც ჩანს, ვერ იპოვეს. ამჟამად დედაჩემის ბინაში ვცხოვრობთ, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის 19 აგვისტომდე ოთხჯერ გატყდა, მთელი ძვირფასეულობა წაიღეს... მერე, თამთა უჩემოდ წაიყვანეს დაკითხვაზე. 7 საათის განმავლობაში წყალიც არ დაალევინეს... საოცარია: ვიდეოკამერა ისევ აქაა, კასეტები კი, რომლებზეც შვილიშვილის ბაღის, სკოლისა და დაბადების დღის ამბებია ჩაწერილი, გაქრა. გამოდის, რომ მთელი რვა წელი იმის გამო ვიტანჯებით, რომ გიგლა ირემაძისგან დანატოვარ რაღაც კასეტას ეძებენ. რომ ვიცოდე, მივცემდი, რად მინდა? შვილების სიმშვიდე უფრო ძვირად არ მიღირს?!
ქალბატონო მანანა, თქვენი მეუღლის მეგობრებმა და თანამშრომლებმა არაფერი იციან?
- გიგლა თბილისში დავასაფლავეთ და ფოთიდან საცხოვრებლადაც აქ გადმოვედით. გვეგონა, თავდაცვის სამინისტრო საუწყებო ბინას მოგვცემდა... გიგლას გარდაცვალებიდან მესამე დღეს, მისი კაბინეტი გატყდა. რამდენიმე დღით ადრე, მდივანმა კაბინეტის გასაღები მომიტანა, თან შემომთავაზა, თუ გინდათ, ჩემთან იყოს, დილით მტვერს გადავწმენდ, ჩვეულებისამებრ, ადმირალისთვის ყავას მოვადუღებ, სიგარეტს შევიტან, ვითომ ისევ ჩვენს გვერდითააო. დავიჯერე, რომ კეთილი ზრახვები ამოძრავებდა და დავუბრუნე გასაღები. იქნებ, იმ ავადსახსენებელ კასეტას კაბინეტშიც ეძებდნენ? ალბათ, ვერ იპოვეს და ამიტომაც არ დაშოშმინდნენ და ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს. ფოთიდან წამოსვლის წინ, პოლიციაში განცხადების შეტანა გადავწყვიტე, გავამზადე კიდეც, ვერ ვასწრებდი და ვეფხვო მელქაძეს დავუტოვე, გავიდა 2 თვე და არავინ გამომეხმაურა. როცა ვეფხვოს განცხადებაზე ვკითხე, მიპასუხა, შემეშინდა და პოლიციაში ვერ შევიტანეო. არ ვიცი, რისი ეშინოდა. ის დაახლოებული იყო ჩვენს ოჯახთან და თვალდახუჭული ვენდობოდი... ყველა ჩამოგვაშორეს თუ ჩამოგვშორდა. ვიქტორ ჭელიძე და ალექსანდრე ოგანესიანი ბათუმში ჩასულან ჩემს მულსა და მაზლთან. არ ვიცი, რა უთხრეს, ერთი წელი არ გველაპარაკებოდნენ, ვერ ვხვდები, რატომ ჩამოგვაშორა ჭელიძემ ყველას და თვითონაც რატომ ჩამოგვშორდა. იმ ბედკრულ ღამეს ჩემთან მოვიდა და მითხრა, გიგლა მოკვდაო. იმის მერე აღარ მინახავს.
ქალბატონო მანანა, ადმირალი სამსახურის საქმეებზე თქვენთან არ საუბრობდა?
- ამ თემაზე ოჯახში საუბარი არ უყვარდა, არასოდეს არაფერი უთქვამს, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ხდებოდა. სახლიდან დაიკარგა მისი ფოტოალბომი _ ყველაფერი გადავაქოთეთ და ვერსად ვიპოვეთ. გავიდა დრო და ალბომი, ერთ-ერთი ძარცვის შემდეგ, საძინებელში, საწოლზე დადებული დაგვხვდა. კიდევ ერთიც: სახლში ორი წიგნი გვქონდა _ ,,ქართველი გენერლები და “ქართველი გენერლები და ადმირალები”. ამ წიგნებმა ნათესავები შემოიარეს, მიჰქონდათ, ნახულობდნენ და უკან აბრუნებდნენ. ყველასთან დავრეკე, არავისთან აღმოჩნდა. ბოლოს, ისევ სახლში ვიპოვეთ. ერთი კვირის განმავლობაში, აგვისტო-სექტემბერში, ყოველ დილით, მანქანაზე სისხლიანი ხუთი თითის ნაკვალევი გვხვდებოდა.
სატელეფონო მუქარაც იყო?
- კი, ასეთი შემთხვევაც რამდენიმეჯერ იყო... ღამ-ღამობით მაღვიძებდა მამაკაცის ხმა: ,,როგორ გძინავს? შენ დედა ხარ, შვილი მოგიკლეს!” 3-4 წლის წინ უცნობმა მამაკაცმა დამირეკა და მითხრა, მე ის პიროვნება ვარ, ვინც ადმირალი ბათუმში სასტუმროს ნომერში ნახა. მან ტანსაცმლის მიტანა მთხოვა და მეც ტაქსით მივედი. კარზე დავაკაკუნე, არავინ გამომეხმაურა, სახელური ჩამოვწიე და კარი გაიღო. ადმირალი ფართო საწოლზე იწვა... მითხრა, რომ რაღაცამ აწყინა და ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ექიმის მიყვანაზე სასტიკი უარი მითხრა. ცოტა ხანი დავრჩი, იმდენად შეუძლოდ იყო, ვერ გამომემშვიდობაო. ვიყვირე, ვინა ხარ, თუ კიდევ რამე ინფორმაცია გაქვს გიგლას შესახებ, შევხვდეთ-მეთქი. მიპასუხა, ამ ეტაპისთვის მეტს ვერაფერს გეტყვი. ჯერ ჩრდილში ვამჯობინებ ყოფნას, მაგრამ თუ ოდესმე რამეს წამოიწყებთ, ყველაფერს გეტყვითო. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, ვთხოვო იმ პიროვნებას, გამომეხმაუროს! ყველას გთხოვთ, დამეხმარეთ, ვისაც რამის თქმა შეგიძლიათ, რომ დამთავრდეს ჩემი და ჩემი შვილების ტანჯვა და ნათელი მოეფინოს ადმირალ გიგლა ირემაძის გარდაცვალებას!
ამბობთ, რომ მეგობრებმა მიგატოვეს. სახელმწიფოსგან გქონდათ ყურადღება?
- სადაც მივედით, ყველა კარი დახშული იყო ჩვენი ოჯახისთვის. ადმირალის ცოლ-შვილს საუწყებო ბინაც არ მისცეს, არ დაგვინიშნეს პენსია. ამჟამად პენსიონერი დედის ბინაში ვცხოვრობ, რომელიც იპოთეკითაა დატვირთული. შემოსავალი არ გვაქვს. ვცდილობდით, რაღაცით თავი გაგვეტანა, ამასობაში, ვალებში გავიხლართეთ. აღმასრულებელი თავის საქმეს გააკეთებს და ქუჩაში ვრჩებით. განა, ჩემი ქვეყნის მძევალი არ ვარ? არ ვარ საკუთარ ქვეყანაში რეპრესირებული?
ადრეც მინდოდა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება მაია ნიკოლეიშვილთან, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. დღეს ექსგუმაციაზე თანახმა ვარ _ ოღონდ სიმართლეს მივაღწიო.
თამთა ირემაძე, ადმირალის ქალიშვილი: - ვიკა, ასე ვაძახდით ვიქტორ ჭელიძეს, მამას უახლოესი მეგობარი იყო და მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჩემი შვილი, გვანცა მონათლა. ისეთი ახლობლობა გვქონდა, ხანდახან მამის მაგივრობას მიწევდა. შემეძლო, მისთვის ის გამემხილა, რასაც მამას ვერ ვეუბნებოდი. ის ჩემი სულის ნაწილი იყო... ვერ ვიხსენებ, საიდან გაჩნდა იმ ღამეს ჩვენს სახლში, ტელეფონზე ხომ ვერ დავუკავშირდით? გარდაცვლილი მამის მობილური მასთან აღმოჩნდა, დიდი ხნის შემდეგ დაგვიბრუნა სიმ-ბარათის გარეშე. ლეპტოპიც რამდენიმე წლის შემდეგ, დიდი ხვეწნა-მუდარით დავაბრუნებინეთ. კარგა ხანს ხელიც არ გვიხლია. ამასწინათ, გვინდოდა კომპიუტერის ჩართვა და აღმოჩნდა, რომ “ტვინი” ამოცლილი ჰქონდა, ასე დაიკარგა ყველაფერი. იმ ღამეს, როცა მამა ცუდად გახდა, ჩემი მეგობრის, თათიასა და მეზობლის ბიჭის დახმარებით, ჰოსპიტალში გადაგვყავდა, იარაღი სახელდახელოდ გადავმალე _ სახლის კარი ღია რჩებოდა და შემეშინდა, ვინმეს ხელში არ ჩავარდნოდა. ჰოსპიტალში საუბრის დროს ვიქტორმა თვითონ მკითხა იარაღის შესახებ. შევეხვეწე, ამა და ამ ადგილზე გადავმალე, ახლავე წადი და შეინახე-მეთქი. ამის მერე მამას იარაღი აღარ გვინახავს. საოცარია, რომ ჩემი ქმარი, დავით რუხაძე, საზღვაო ძალების ოფიცერი, კაპიტნის მოადგილე, გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად უცნაურად დაიღუპა: წესით, ამ ავარიის შედეგად, არავინ უნდა დაღუპულიყო, რადგან მანქანას უკანა მხარე ჰქონდა დაზიანებული, წინა კარი თავისუფლად იღებოდა. თქვეს, რომ დათო “ლუქიდან” ამოვარდა და მრავალრიცხოვანი ტრამვებიც ამის გამო ჰქონდა. დღემდე მტკივნეულია იმის გახსენება, რომ ჩემის ქმრის გვერდით ჩემი მეგობარი, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდიდან არ მცილდებოდა, თათია როინიშვილი იჯდა. დედამისმა მითხრა, დილაუთენია ანერვიულებული დათო მოვიდა და თათიაც თან გაჰყვაო. როცა მეგობარს პასუხი მოვთხოვე, რატომ აღმოჩნდა ჩემი ქმრის გვერდით, დამემუქრა, თუ ხმას ამოიღებ და კიდევ რამეს იკითხავ, შენც გაგისწორდები და შენი ქმრის გვერდით მიგაწვენო. მისმა პირველმა ქმარმა კი, ამერიკიდან დამირეკა, თუ ჩუმად არ იქნები, “აგაორთქლებო”. თათია და ვეფხვო იმ ღამესაც ჩემს სახლში იყვნენ, როცა მამა დაიღუპა. დღესაც არ ვიცი, რა უნდოდა ამ ხალხს ჩვენგან.
მანანა ირემაძე: - გიგლას გარდაცვალების შემდეგ, გემები წრთვნებიდან დაბრუნდნენ და ექვსივე ქვეყნის ადმირალმა მომისამძიმრა. საბერძნეთისა და თურქეთის სარდლებმა შემომთავაზეს, თუ სურვილი გექნებათ, ჩვენი ქვეყნები თავშესაფარს მოგცემენო. რვა წლის განმავლობაში, ბევრჯერ მიფიქრია ამ შემოთავაზებაზე, შვილები ბევრად უსაფრთხოდ იგრძნობდნენ თავს უცხოეთში. იქნებ, ჯობდა კიდეც, მაგრამ მიცვალებულები ვის დავუტოვო?