მსოფლიოში ყველაზე ღარიბი მმართველი ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკოა. ის საკუთარი ხელფასის 90%-ს ქველმოქმედებაზე ხარჯავს და მდიდრული აპარტამენტების ნაცვლად, სოფლის პატარა სახლში ცხოვრობს.
"მე საკუთარ თავს ღარიბად არ ვთვლი. ღარიბი ის არის, ვინც მთელი ცხოვრება იმისთვის შრომობს, რომ სიმდიდრეში იცხოვროს. მათ ყოველთვის მეტი და მეტი უნდათ. სინამდვილეში ეს თავისუფლების საკითხია. თუ შენ ცოტა ნივთი გაქვს, მაშინ არ აქვს აზრი მონასავით შრომას, მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი დააგროვო. მეტი დრო გრჩება საკუთარი თავისთვის. შეიძლება მოხუც შეშლილს ვგავარ, მაგრამ მე ასე ვცხოვრობ მთელი ცხოვრება. ეს ჩემი არჩევანია", - ამბობს 77 წლის პრეზიდენტი.
პრეზიდენტის სახლის წინ თოკზე თეთრეული შრება. წყლის მოსატანად კი ჭასთან უნდა გახვიდე. სახლს სულ ორი პოლიციელი და სამფეხა ძაღლი, მანუელა იცავს.
ხოსე მუხიკო ოფიციალურ რეზიდენციაზე უარს ამბობს და ქვეყნის დედაქალაქ მონტევიდეოდან შორიახლოს მდებარე საოჯახო ფერმაში ცხოვრებს. სახლამდე მხოლოდ ვიწრო გზა მიდის.
პრეზიდენტი და მისი მეუღლე გასაყიდად ყვავილებს ზრდიან. მათ დაქირავებული მუშახელი არ ჰყავთ.
ხოსე მუხიკო საკუთარ ხელფასს საქველმოქმედო ორგანიზაციებს ურიცხავს. შედეგად, მისი ხელფასი ურუგვაიში საშუალო ხელფასს - თვეში 775 დოლარს უტოლდება.
ურუგვაიში მთავრობის ყველა წარმომადგენელი იძულებულია საკუთარი შემოსავალი დეკლარაციაში ასახოს. 2010 წელს პრეზიდენტის ქონება 1987 წლის ავტომანქანა "ფოლკსვაგენ-ხოჭოსგან” შედგებოდა, რომელიც 1800 დოლარი ღირს.
წელს მუხიკომ დეკლარაციაში მეუღლის ქონებაც შეიტანა - ესაა მიწა, რამდენიმე ტრაქტორი და სახლი. შედეგად, მისი ქონება 215 000 დოლარამდე გაიზარდა.
ხოსე მუხიკო ურუგვაის პრეზიდენტად 2009 წელს აიჩიეს. 60-70-იან წლებში იგი მემარცხენე მოძრაობა "ტუპამაროსის" დანაყოფებში იბრძოდა, რომელიც კუბის რევოლუციის იდეებით იყო შთაგონებული.