საბანკო სექტორში საპროცენტო განაკვეთების შემცირების პერსპექტივა ჯერჯერობით ისევ არ გამოკვეთილა. თავის დროზე აბსოლუტურად ნულოვანი შედეგი მოჰყვა პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკას, რომელიც ბანკების საკრედიტო პოლიტიკას შეეხო და ახლა არც პრემიერის ინიციატივას უჩანს კარგი პირი. მეტიც, ბოლო დღეებში თვით ახალმა მთავრობამ დაიხია უკან და მათი განცხადებები უკვე შემდაგნაირად ჟღერს: საპროცენტო განაკვეთების შემცირება თავად ბაზარმა უნდა არეგულიროს.
საერთოდ, ხელისუფლების მხრიდან ბანკებზე ზემოქმედება არ შეიძლება. საქმე არც ისე არ არის, რომ რომელიმე პირველ პირს მოუნდეს ცვლილება და ბანკებს მითითება თვითნებურად მისცეს. ამისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც საბანკო სფეროში არსებულ ვითარებას შეისწავლის. მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ბანკების (მათ შორის, ეროვნული ბანკის) თვითნებურ პოლიტიკას ბაზარზე მაღალი განაკვეთების დაწესება მოჰყვეს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლის ყველა ეკონომიკური აქტივობის განვითარებას, ხოლო კრედიტორები გაკოტრების პირამდე მიჰყავს.
“ცხადია, ეს არის ძალიან სათუთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. აუცილებლად დავიწყებთ შესაბამისის ღონისძიებების გატარებას, მაგრამ კონკრეტულ ვადებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. შეიქმნება ისეთი გარემო, რომ საბანკო სექტორს ჯანსაღ და კონკურენტუნარიან გარემოში უხდებოდეს საქმიანობა”, - აცხადებს სამომავლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მოაზრებული ნოდარ ჯავახიშვილი.
საქართველოს საბანკო სექტორში სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 15-დან 30პროცენტამდეა მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებში ამავე კატეგორიის სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელი 6,75 პროცენტს შეადგენს. საქართველოში ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 11-დან 17პროცენტამდეა. სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთი15-დან 30 პროცენტამდე მერყეობს. საკრედიტო ბარათებზე განაკვეთი წლიური 36 პროცენტია. იპოთეკურ სესხებზე კი - 12-დან 16პროცენტამდე.
ეს გაცილებით მეტია ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში არსებულ განაკვეთებზე. მაგალითად, ბელგიაში 1-5 წლამდე სამომხმარებლო სესხზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 7,5 პროცენტია, იტალიაში - 4,32 პროცენტი, გერმანიაში კი - 5,4 პროცენტი. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო სესხის წლიური განაკვეთი 5-7 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
იპოთეკურ სესხებზე ყველაზე დაბალი პროცენტი დიდ ბრიტანეთშია და ის 5 პროცენტს შეადგენს. 2012 წელს აშშ-ში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი 6,52-დან 5,22 პროცენტამდე შემცირდა. იქ 1-5 წლამდე ვადიან იპოთეკურ სესხზე განაკვეთი 4,73 პროცენტია.
საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობა რეალურია, მაგრამ არ არსებობს სურვილი. მისი თქმით, სიტუაციის შეცვლას ამ მხრივ ბანკები არ აპირებენ და ეს ჯერჯერობით წარმოუდგენელიცაა.
“საქართველოში მოქმედ ბანკებს საპროცენტო განაკვეთების დაწევის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ სურვილი, არა მგონია. როცა მიჩვეული ხარ მაღალ შემოსავალს, აღარ გინდა ნაკლები მიიღო და ეს ბიზნესისთვის დამახასიათებელი თვისებაა. შესაძლებლობა იმისა, რომ ბანკებმა სამომხმარებლო სესხის განაკვეთი 38 პროცენტიდან 20 პროცენტამდე ჩამოიყვანონ, ნამდვილად არსებობს. რაც შეეხება იპოთეკურ სესხს, მისი დაწევა 8 პროცენტამდე დასაშვებია. გადახდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი იპოთეკურ სესხებზე, 3-5 წელიწადში საპროცენტო სარგებელი ძირითად თანხას ყოველთვის აღემატება”, - აცხადებს ექსპერტი.
საბანკო ექსპერტის მერაბ კაკულია კი განმარტავს, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. “რით არის ეს გამოწვეული? დეპოზიტებზე განაკვეთების დონე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოთხოვნა საკრედიტო რესურსებზე. საქართველოში ის სტაბილურად მაღალია, რაც ბანკებს საშუალებას აძლევს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები შეინარჩუნონ როგორც სესხებზე, ისე დეპოზიტებზე”, - განმარტავს ექსპერტი.
მისივე თქით, ახლო მომავალში განაკვეთების რაიმე მნიშვნელოვანი დაწევა ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ნაკლებად სავარაუდოა. “რაც შეეხება უცხოური ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებს, მათზე განაკვეთების შემცირება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოუწვდებათ ხელი ქართულ ბანკებს შედარებით იაფ და გრძელვადიან უცხოურ საკრედიტო რესურსებზე”, - ამბობს კაკულია.