„თუ საბრძოლო ოპერაციები დაიწყო, რა თქმა უნდა, აშშ-ს გარკვეული ტერიტორია დასჭირდება, რომელსაც გარკვეულწილად თუნდაც სადაზვერვო პასიური ტიპის ოპერაციების განხორციელებისთვის გამოიყენებს. რეგიონში მისი ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე კი საქართველო რჩება. თუმცა იმედია საქმე აქამდე არ მივა", -ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აშშ-ირანის დაპირისპირების შესაძლო გამწვავებას და მის შედეგებს საქართველოსათვის.
აშშ-მა საჰაერო დარტყმით ირანის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური მოკლა, რის გამოც ირანის ხელისუფლება აშშ-ს „მკაცრი საპასუხო ზომებით" დაემუქრა და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მაისაია მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა სამხედრო დაპირისპირების წინაპირობაზე მიუთითებს.
„ეს ფაქტიურად ომის წინაპირობაა, ფაქტიურად ორივე მხარემ ერთმანეთს ომი გამოუცხადა, გენერალ-ლეიტენანტი ყასემ სოლეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური დაზვერვის ხელმძღვანელი იყო და ირანის ფარგლებს გარეთ სპეცოპერაციებს ატარებდა, თუმცა ის მაინც სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლად ითვლებოდა და ბუნებრივია, მასზე განხორციელებული თავდასხმა ირანმა აღიქვა, როგორც ომის გამოცხადების პრეცენდენტი. მეორე მხრივ კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ასევე მზადაა შეირაღებული პირდაპირი კონფრონტაციისთვის.
„ცოტა ხნის წინ, ირანი და ამერიკა ასევე იყვნენ საომარი მოქმედებების ზღვარზე, მაგრამ მაშინ ტრამპმა საბრძოლო ოპერაციის დაწყებისაგან თავი შეიკავა. დღეს, როგორც ჩანს, ტრამპი მზადაა ირანთან კონფრონტაციაში შევიდეს. მეტიც, ამერიკელებმა ფართომასშტაბიანი წვრთნები უკვე დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე გეგმა აქვთ შემუშავებული, აქ უფრო საჰაერო დარტყმებზეა საუბარი.
„ირანიც, როგორც ჩანს, დათმობას არ აპირებს. ალბათ უკვე ერაყში მოქმედი დაჯგუფებები ამერიკელების სამხედროებზე ნადირობას განახორციელებენ, მათ მწვანე ზოლის დაბომბვები უკვე დაიწყეს, როგორც ჩანს ისინი დაკრძალვის ცერემონიალის დასრულებას ელოდებიან, რომ მერე შეტევაზე გადავიდნენ.
„ამერიკელები კი აპირებენ, რომ რეგიონში თავიანთი სამხედრო წარმომადგენლობა 80 ათასამდე გაზარდონ. როგორც ჩანს, ტრამპს თავისი სიტყვის უკან წაღება მოუწევს და ავღანეთში კონტინგენტს გაზრდის. შესაძლოა ავღანეთიც მეორე ცხელი წერტილი იყოს. ირანელებისთვის ავღანეთში დარტყმა უფრო მისაღები ვარიანტი იქნება, აქ უკვე ჩვენი სამშვიდობო ძალების რეალური საფრთხე იქმნება.
„რაც შეეხება მიგრანტების ტალღას, პირველი ის, რომ საქართველოს ირანთან უშუალო საზღვარი არ გააჩნია და მეორე, სირიის კონფლიქტმა აჩვენა, რომ ეს საფრთხე ნაკლებად რეალური იყო. მაგრამ რეალობა ისაა, რომ საქართველოში მყოფ შიიტურ მოსახლეობაში ძლიერი ეროვნული პოზიციებია და ესეც შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკა-ირანის დაპირისპირების მიზეზად იქნას გამოყენებული.
„ერაყის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ უცხოური ბაზები დახურონ და მოხდეს უცხოური ჯარების გაყვანა, თუმცა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯარების გაყვანას არ აპირებს, რაც შესაძლოა ახალი კონფრონტაციის მიზეზიც კი გახდეს,
„ამერიკელები ირანთან სახმელეთო ოპერაციას ვერ განახორციელებენ, რადგან რუსეთი და ჩინეთი ირანელების უკან დადგებიან. ამას პუტინი ხელიდან არ გაუშვებს, რადგან ერაყში რუსული ენერგოუსაფრთხოების ინტერესებიცაა. ამიტომ აშშ საჰაერო ოპერაციებს განახორციელებს", - აცხდებს მაისაია.
მისი აზრით, აშშ-ს ირანთან სამხედრო კონფლიქტში დახმარებაზე რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა უარს ეტყვის და მის ერთადერთ მოკავშირედ საქართველო რჩება.
„ისრაელი და ამერიკაც სამხედრო მოკავშირეებად ითვლებიან და ირანის დარტყმის ქვეშ შესაძლოა ისრაელიც აღმოჩნდეს იმიტომ, რომ ირანის სპეცსამსახურები თვლიან, რომ ეს სპეცოპერაცია ისრაელის სპეცსამსახურის უშუალო ჩართულობით მოხდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ აზერბაიჯანმა ამერიკელებს უფლება მისცეს, რომ მისი ტერიტორია ირანელების წინააღმდეგ გამოიყენონ. ერთდერთი ტერიტორია, რაც რჩება, ეს ჩვენი ქვეყანაა. შესაძლოა ჩვენ გვთხოვონ დახმარება. თურქეთმაც ანტიამერიკული განცხადებები გააკეთა, ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე საქართველო რჩება.
„თუ საქართველომ ამერიკას დახმარებაზე თანხმობა განუცხადა, ჩვენ აღმოვჩნდებით საბრძოლო ოპერაციების უშუალო ზონაში. ირანელები ჩვენთან ცერემონიას არ დაიწყებენ და საქმე მივა საკმაოდ სერიოზულ სამხედრო კონფლიქტამდე.
„თუმცაღა, ახლა ამერიკის კონგრესის ჯერ ქვედა პალატაში შესულია კანონპროექტი, რომელიც ტრამპის მიერ სამხედრო ოპერაციების გადაწყვეტილების მიღების შეზღუდვას ითვალისწინებს. ნატოს ხელმძღვანელობამაც უკან დაიხია და განაცხადა, რომ გენერლის მკვლელობა ნატოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ იყო. ნატოს ევროპულმა სახელმწიფოებმა რა თქმა უნდა აშშ-ის სპეცოპერაცია მიიღეს, მაგრამ არ მგონია, რომ აშშ-ს მათ სერიოზული სამხედრო დახმარება გაუწიონ.
„თუ საბრძოლო ოპერაციები დაიწო, რა თქმა უნდა ამერიკას გარკვეული ტერიტორია დასჭირდება, რომელსაც გარკვეულწილად თუნდაც სადაზვერვო პასიური ტიპის ოპერაციების განხორციელებისთვის გამოიყენებს და ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე კი რეგიონში საქართველო რჩება. თუმცა, იმედია საქმე აქამდე არ მივა", -განაცხადა მაისაიამ.