გლდანის ციხის ამშენებელი თურქი ბიზნესმენი ადეიშვილმა გლდანის ციხეში გამოკეტა?!

გლდანის ციხის ამშენებელი თურქი ბიზნესმენი ადეიშვილმა გლდანის ციხეში გამოკეტა?!

ვინ არის ორჰან აქსუ, რა ურთიერთობა ჰქონდა “ნაციონალებთან” და რატომ მიუსაჯეს 12-წლიანი პატიმრობა

ბიზნესმენი ორჰან აქსუ, იგივე ოთარ გოგიტიძე, წარმოშობით ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭალიდანაა. ორი საუკუნის წინ, გოგიტიძეების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელმა ქვეყანა დატოვა და თურქეთის ქალაქ ფაცაში დასახლდა. წლები გადიოდა, ოჯახი თაობიდან თაობას გადასცემდა ქართული მიწისა და ენის სიყვარულს... მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, სარფის საზღვრის გახსნის შემდეგ, მამა-შვილმა გადაწყვიტა, ,,რუსეთში” (ასე უწოდებდნენ მაშინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ საქართველოს) წინაპართა საფლავები მოენახულებინა... ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭალის ეკლესიის ეზოში სოფლელებმა უცხო პირები შენიშნეს, რომლებიც საფლავებს ათვალიერებდნენ... ორჰან აქსუმ და მამამისმა ქართველი გოგიტიძეები გაიცნეს და წინაპართა ფიქრებში ნალოლიავები სამშობლო შეიყვარეს. ორჰან აქსუმ გადაწყვიტა, მჭიდრო კავშირი ჰქონოდა ისტორიულ სამშობლოსთან და... 2002 წელს, თურქულ-ამერიკული გრანტით, მონაწილეობა ქვეყნის საჯარისო ბაზების რეაბილიტაციაში მიიღო. ბიზნესსაქმიანობის დაწყებიდან დაკავებამდე, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა - შავი ზღვის უნივერსიტეტი, ტურიზმის სკოლა, დაამთავრა გლდანის მერვე საპყრობილის მშენებლობა, გაარემონტა გეგუთის კოლონია, ააგო შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ახალი შენობები, გარკვეული სამუშაოები ჩაატარა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, ააშენა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და წეროვანში - იძულებით გადაადგილებულთათვის კოტეჯები; დაწყებული ჰქონდა აგრარული პროექტები, ასევე, ლაითურის ციხის მშენებლობა. ფირმა ,,აქსმშენი” საქართველოში კიდევ ბევრ სხვა რამეს აკეთებდა... 2010წლის 25 თებერვალს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა იფორმაცია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, დაკავებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები - ზაზა ჩიჩუა და ზაზა გადელია. მათ შპს ,,აქსმშენის” ხელმძღვანელების - ორჰან აქსუს, სერდარ გიოქსუს და კომპანიის თანამშრომლის, ანზორ კეკელიძისგან, ქრთამის სახით, 4 ათასი აშშ დოლარი და 6 800 ლარი აიღეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა ორჰან აქსუ, სერდარ გიოქსუ და ანზორ კეკელიძეც დააკავეს. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა აქსუმ 2007-2008 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროსთვის შესრულებული სამუშაოების თანხის ანაზღაურება კატეგორიულად მოითხოვა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულს თავდაცვის საშუალება არ მიეცა - მისი ორი ადვოკატი დაიჭირეს, მესამე კი, შვილის დაპატიმრების მუქარით შეშინებული, ემიგრაციაში, რუსეთში გაიქცა. მოწმეები, რომლებიც ორჰანის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებას, სასამართლოს დაწყებამდე დაიბარეს და “დაამუშავეს”. პროცესზე პროკურორმა წაიკითხა ბრალდება, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან იყო შეთანხმებული და, პროკურორისვე თქმით, ზემოდან ნაკარნახევი განაჩენი არ შეიცვლებოდა. ძიების პერიოდში ბიზნესმენს ორჯერ მოაწერინეს ხელი ჩვენებასა და იუსტიციის სამინისტროსთან კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. პიროვნება, რომელიც მას ზურაბ ადეიშვილის სახელით ელაპარაკებოდა, შეპირდა, რომ თუკი ხელს მოაწერდა ჩვენებას, გათავისუფლდებოდნენ გიოქსუ, ჩიჩუა და გადელია. უდანაშაულოთა გათავისუფლების მიზნით, ბიზნესმენმა მოაწერა ხელი ჩვენებას, რის შემდეგაც, მისი ანგარიშიდან გაქრა მილიონ შვიდასი ათასი დოლარი და არ ანაზღაურდა 600 ათასი ლარის ოდენობის შესრულებული სამუშაოები. შესაბამისად, მუშახელიც უხელფასოდ დარჩა. ზემოდასახელებულ პირებს შეეფარდათ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ორჰან აქსუს კი, - 12 წლით. მოკლედ, ქრთამის მიცემის ბრალდებით გაასამართლეს პიროვნება, რომელიც სამთავრობო ელიტურ წრეებში ყოველდღიურად ურთიერთობდა, ყველა სამუშაო ობიექტს სხვადასხვა უწყება თუ სამინისტრო თვითონ სთავაზობდა...
სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ორჰან აქსუს უძრავ-მოძრავი ქონება თავის სახელზე ჰქონდა, რადგან კანონის ზედმიწევნით დაცვით მუშაობდა და არც ქონების დაყადაღების ეშინოდა. დაპატიმრების შემდეგ, ორჰან აქსუს ქონება იუსტიციის სამინისტროს მიერ შერჩეულმა აუდიტმა 7 მილიონ ლარად შეაფასა, არადა, მისი ღირებულება, რეალურად, ორჯერ მეტი იყო, თან უთხრეს, თუკი აქ ამდენი ქონება გაქვს, თურქეთში უფრო მეტი გექნება და ვალებსაც გადაიხდიო - ყოველ გადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოებისათვის ფირმას დიდძალი გადასახადი უგროვდებოდა ჯარიმის სახით. გაყიდული ქონება, რა თქმა უნდა, ,,აქსმშენის” ვალებს არ მოხმარებია, რომელიც, აქსუს დაპატიმრების შემდეგ, არითმეტიკული პროგრესიით იზრდებოდა. ბიზნესმენმა სთხოვა პროკურორს, სამშენებლო ფირმისთვის მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცა, რათა ჯარიმებს ასცდენოდა. პროკურორმა უპასუხა, ამას იმ შემთხვევაში დავუშვებ, თუკი ერთი კონკრეტული ფირმის ვალებს გადაიხდიო.
ამონარიდები ორჰან აქსუს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს კონსულის მიმართ გაგზავნილი წერილიდან:
“მიუხედავად ჩემს მიმართ განხორციელებული უსამართლობისა, მაინც ვრჩები საქართველოს აქტიურ გულშემატკივრად. 2008 წლის ავადსახსენებელი პროცესების დროს, როდესაც თქვენი ქვეყნის ზოგიერთი ჩინოვნიკი საზღვარგარეთ გაქცევით შველიდა თავს და ათანხმებდა გაქცევის მარშრუტებს საზღვრის დამცველ ორგანოებთან, მე, თურქეთის მოქალაქემ, შევიძინე საქართველოს ხუთასამდე სახელმწიფო დროშა, დავამაგრე ჩემი ფირმის ბალანსზე მყოფ ყველა სამშენებლო ტექნიკასა თუ მანქანაზე, ასევე, შენობებზე, რომლებზედაც ხელი მიმიწვდებოდა და ბოლომდე დავრჩი საქართველოს ტერიტორიაზე ზოგიერთი ქართველი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით. შემოვიყვანე პირველი მოძრავი საავადმყოფო და გავუშვი ქ. გორისაკენ. უსასყიდლოდ დავუთმე ჩემი ოფისი თურქულ “წითელ ჯვარს” და ვეწეოდი საქართველოს მხარდამჭერ კამპანიას საერთაშორისო დონეზე. ნუთუ, ზემოთთქმული არ იყო საკმარისი იმისათვის, გარკვეულიყო, რომ არ ვარ კანონდამრღვევი და კრიმინალი? ან რას გავდა ჩემი დაკავების პროცესი, რად იყო საჭირო ავტომატიანი და ნიღბიანი ხალხის შემოჭრა ჩემს საცხოვრებელ სახლში?..
მთელი ცხოვრება ვიყავი კანონმორჩილი პირი, მოგონილი ბრალდებითა და მოსყიდული მოწმეების ჩვენების საფუძველზე დამატყვევა მთავრობამ, რომელიც 24 საათი ჩემს ქება-დიდებაში იყო და რომელმაც ერთ წუთში დაივიწყა ყველა ის სიკეთე, რომელიც მიკეთებია. დღესაც ამაყობენ ჩემი აშენებული შენობებით, ყოველ წუთს აჩვენებენ ტელევიზიითა და თითქმის ყველა ინტერვიუ თუ ბრიფინგი მთავრობის წევრებისა მიმდინარეობს ჩემს მიერ აშენებული შენობების ფონზე. საქართველოს მმართველი ელიტა დადის მთელ ევროპასა და აზიაში და აქტიურ პროპაგანდას უწევს საქართველოში არსებულ იდეალურ ბიზნეს-გარემოს. დარწმუნებული ვარ, თქვენც აწვდით გარკვეულ ინფორმაციას თურქ ბიზნესმენებს დ არც კი დაფიქრებულხართ, რომ მათაც იგივე ბედი ელით, რომელიც მე მარგუნეს. უმორჩილესად გთხოვთ, არ დაღუპოთ ის ხალხი, არ დაუნგრიოთ ცხოვრება და ვიღაცის პირადი ინტერესების გამო არ გაწიროთ ციხისთვის, თუმცა, რომელი უცხოელი ინვესტორის უფლებების დაცვას გთხოვთ, როდესაც თქვენი ქვეყნის მთავრობამ არ დაინდო და გააუბედურა ჩემთან ერთად დაკავებული საქართველოს მოქალაქეები - გადელია და ჩიჩუა, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე, პატიოსნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და რა მიიღეს საბოლოო ჯამში? - მათი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენეს და ბოლოს, მოისროლეს, გამოამწყვდიეს ციხეში, რომ ზედმეტად თვალში არავის მოხვედროდნენ.
რაში დაიხარჯა ამდენი ფული, რომელიც ჩემი სასამართლოზე წინ და უკან ,,სეირნობას” მოხმარდა? თავიდანვე ყველასათვის ცნობილი იყო განაჩენი. ჩემი სასამართლო პროცესი უფრო წააგავდა კარგად დადგმულ სპექტაკლს, ვიდრე - სასამართლო პროცესს, რომლითაც ასე ამაყობენ და ტრაბახობენ მმართველი ელიტის წარმომადგენლები.
მე ვარ ერთი მიუსაფარი კაცი, რომელსაც ქართველები თურქს ეძახიან, ხოლო თურქები - ქართველს და რომელიც საკუთარ სამშობლოში თავს დაუცველად და უცხოდ გრძნობს”.

დალი იმნაიშვილი, ორჰან აქსუს ადვოკატი: - ორჰან აქსუს ბრალად ედება იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის ქრთამის მიცემა, საგადასახადო დავალიანებისგან თავის არიდება და ყალბი დოკუმენტების შედგენა. პროკურატურამ შეკრიბა ეს მუხლები და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. Mმისი განმარტებით, ზურაბ ადეიშვილის პირადი პატიმარია. მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ წალაპარაკების გამო ურთიერთობა დაიძაბა, რასაც მოჰყვა ფინანსური პოლიციის რევიზიები. ,,აქსმშენს” 4 მილიონის სამუშაოები ჰქონდა შესრულებული. ორჰანის აზრით, სწორედ ამ თანხის გადარიცხვა არ უნდოდათ ფირმის ანგარიშზე, რაზეც მოაწერინეს ხელი, ანუ ბრალდება შეთხზეს. სამი წლის განმავლობაში, რაც ფირმა დაარსდა, 28 ობიექტი აქვს აშენებული. წეროვანის კოტეჯები საჩუქრად გადასცა ლტოლვილებს, მაჰმადიანმა ლაითურში ეკლესია ააშენა.... ყველა ინსტანციის სასამრთლოში შევიტანეთ სარჩელი, რომ დაგვემტკიცებინა მისი უდანაშაულობა. მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, თურქეთის გაზეთები აჭრელებული იყო ორჰანზე სტატიებით, თურქეთის საკონსულოც ცდილობდა დაეცვა თავისი მოქალაქე, მაგრამ ქართული მართლმსაჯულება შეუვალი იყო - ორჰან აქსუ საქართველოს მოქალაქე, საქართველოში აწარმოებდა ბიზნესსაქმიანობას და ქართული კანონმდებლობით უნდა გასამართლდესო. საქმე კი, ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა - ორჰან აქსუმ ვითომ ქრთამის სახით გარკვეული თანხა გაატანა სერდარ გიოქსუს თავის ყოფილ თანამშრომელთან, კეკელიძესთან. მან კი, თავის მხრივ, 4000 დოლარი და 6 800 ლარი თითქოს გადასცა ჩიჩუასა და გადელიას, რისი დამამტკიცებელი საბუთიც, გარდა კეკელიძის ჩვენებისა, საქმეში არაა. კეკელიძე დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი დაედო ორჰანისთვის, იგი გაასამართლეს შუამავლობისთვის და გაათავისუფლეს საპროცესო გარიგებით, 5000 ლარის გადახდის შემდეგ. კიდევ ერთი ბრალდება იყო: თითქოს, აქსუმ სახლი აუშენა გადელიას. ფირმამ სახლი ნამდვილად აუშენა ზაზა გადელიას ფონიჭალაში, მაგრამ გადელიას საკუთარი ფულით და ყველაფერი კანონიერადაა აღრიცხული. ორჰან აქსუ თავის მიერ აშენებულ გლდანის ციხეში ჩასვეს. გარდა იმისა, რომ დაასრულა ამ ციხის მშენებლობა, თავისი ფულით შეიძინა 5000 დოლარის ღირებულების ბორკილები და მაგიდები. პატიმრები სანამ გაიცნობდნენ, ფრიად უპატივცემულოდ ექცეოდნენ და ,,ციხის მშენებელს” უწოდებდნენ, მაგრამ მისი ქველმოქმედების ამბავი რომ გაიგეს, დაშოშმინდნენ. მრავალი პატიმარი აღნიშნავდა ჩემთან საუბარში, რომ აქსუმ შემოიკრიბა პატიმრები და ასწავლიდა თურქულს, ინგლისურს. აზერბაიჯანელებს ქართულად ესაუბრებოდა. ორჰანი კომუნიკაბელური, კაცთმოყვარე, ქართველთმოყვარეა. მიუხედავად მისი მდგომარეობისა, გასაოცარ ლექსებს, მოთხრობებს წერს. კითხულობს ქართულ ხალხურ ლექსებს... თიაქარი აწუხებდა, ჩემთან შეხვედრაზე ოთხად მოკეცილი გამოდიოდა... რუსთავის საპყრობილეში ოპერაცია გაუკეთეს და ამბობდა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო მედპერსონალის ყურადღებითა და ოპერაციის შედეგით, მადლიერებასაც გამოხატავდა მათ მიმართ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია: ნერვიულობს, რომ უდანაშაულოდ გასამართლებულია. ერთხელ ვკითხე, როცა ციხიდან გამოხვალ, ხომ წახვალ შენს ქვეყანაში-მეთქი. მიპასუხა, არავითარ შემთხვევაში, ჩემი ფესვები აქაა და ჩემი ქვეყანაც, მე აქ დავრჩებიო. ციხის რეჟიმს რომ უყურებდა, მეუბნებოდა, უფალი არ დაუშვებს, რომ დიდხანს გაგრძელდეს პატიმრების გმინვაო... მთხოვდა, ადმინისტრაციასთან შემეთანხმებინა, რომ პატიმრებისთვის ერთად შეკრებისა და მათთვის ენების სწავლებისა და მეცადინეობის საშუალება მიეცათ.
საჩივარი შეტანილი გვაქვს მთავარ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთან, იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან და ველოდებით საქმის გადასინჯვას. დარწმუნებული ვარ, სიმართლეს დაადგენენ და გაირკვევა, თუ რა უდევს მის დაკავებას საფუძვლად. როგორ ფიქრობთ, პიროვნებას, რომელმაც 100 000 ლარით დააჯარიმა ,,აქსმშენი”, ორი დღის შემდეგ ქრთამს მისცემდა?

სოფო ჭუმბურიძე, ორჰან აქსუს მეუღლე: - ორჰანის დასაპატიმრებლად ღამის თორმეტის ნახევარზე მოვიდნენ. კარზე კაკუნი გავიგონე და გავაღე, შავებში ჩაცმული ოთხი მამაკაცი იდგა, ფოტორობოტი ეჭირათ. შემეკითხნენ, ამ პიროვნებას თუ იცნობო. როგორ არ ვიცნობ-მეთქი, ვუპასუხე. თქვენი სახლი უნდა გავჩხრიკოთო. მამაჩემს დავუძახე. ორჰანი ამ პერიოდში იუსტიციის სახლს აშენებდა. ყოველ საღამოს ადეიშვილთან, ჩიჩუასა და გადელიასთან ერთად გვიანობამდე თათბირობდა. შინ ახალი მოსული იყო და მითხრა, შემოუშვი, რა უნდათო. ისე შემოვიდნენ, როგორც კრიმინალთან. ძაღლი დაინახეს და მითხრეს, დაამწყვდიეო. რომ არ გავინძერი, იარაღი ამოიღეს, გადატენეს და ძაღლს მიუშვირეს, ვესვრითო... ორჰანი წაიყვანეს და მითხრეს, დაკითხვაზე მიგვყავს და სამ საათში მოვიყვანთო. ეს სამი საათი მესამე წელია, გრძელდება. ახლახან დავბრუნდი თურქეთიდან, ორჰანის ოჯახში ვიყავი სტუმრად. სამწუხაროდ, ორჰანის მამამ ბევრი ინერვიულა და მაისში გარდაიცვალა... ბაჩო ახალაიას დაპატიმრების გამო, ზოგი პროტესტს გამოთქვამს, რომ ერთადერთი კაცის ჩვენების საფუძველზე დაიჭირეს, განა ორჰანიც ერთი ცრუ მოწმის ჩვენების საფუძველზე არ დაიჭირეს? რა უკვირთ? თუ ორჰანი დამნაშავე იყო, შეეძლოთ, იქვე, იუსტიციის სახლში აეყვანათ. არასოდეს დავიჯერებ, რომ დამნაშავეა!.. ლაითურის ეკლესიას რომ აშენებდა, გაიგო, იქაურ ბავშვებს უჭირდათ, დამირეკა და მთხოვა, ბავშვებს ქუდები, შარფები, ჩანთები, წიგნები უყიდეო. ორჰანის დაპატიმრების შემდეგ, შესრულებული სამუშაოებისთვის სამშენებლო ფირმას თანხა არ გადმოურიცხეს და 500-მა მუშამ პროტესტი გამოთქვა, მაგრამ მათზე ზეწოლა მოახდინეს, გაჩუმდით, თორემ ორჰანს 36 წელს მივუსჯითო.

იასონ ბესელია, ზაზა ჩიჩუას ადვოკატი:  ზაზა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, მაგრამ ეს მოგონილი დანაშაულია და, რეალურად, ორჰან აქსუსა და მისი პარტნიორის, გიოქსუს მიერ ვინმე მაღლაკელიძისგან ნაქირავები ბინის თანხა ჩაითვალა ქრთამად. ბინის ქირას იხდიდა თვითონ აქსუ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს. ზაზა ჩიჩუას, ქრთამის აღების სანაცვლოდ, რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედება უნდა ჩაედინა _ აქსუსთვის, ან მისი კომპანიისთვის სარგებელი ხომ უნდა მოეტანა? ასეთი არაფერი დაფიქსირებულა, ანუ გამოდის, რომ ორჰან აქსუ არაფერში იხდიდა ფულს... როგორც ჩანს, მაღალჩინოსნებს თურქი ბიზნესმენის მიმართ ინტერესი გაუჩნდათ და მაღლაკელიძის ბინის ქირა ქრთამად მოინათლა. გამოძიებას არ დაუსვამს შეკითხვა ბრალდებულთათვის, თუ რისთვის გადაუხადეს ქრთამი და სამაგიეროდ რა მიიღეს? ზაზა ჩიჩუას უწყება აქსუს კომპანიას ინსპექტირებას უტარებდა და კოლოსალური თანხებით აჯარიმებდა.