„2019 წელი, შეიძლება ითქვას, იყო ე.წ. კოაბიტაციის დასასრულის წელიწადი“

„2019 წელი, შეიძლება ითქვას, იყო ე.წ. კოაბიტაციის დასასრულის წელიწადი“

„სწორედ 20 ივნისის მოვლენებმა დაუდეს სათავე იმ პროცესებს, რა პროცესებსაც შეიძლება დავარქვათ კოაბიტაციის დასასრული“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და განმარტავს, კოაბიტაციის დასრულების შემდეგ რამდენად ცხელი პოლიტიკური პროცესები გველის 2020 წელს.

რა შეცდომებით შეხვდაქართული ოცნება“ 2020 წელს და წარსულში დაშვებული შეცდომები განაპირობებს თუ არა იმას, რასაც მმართველი გუნდი 2020 წელს მოიმკის?

- ცხადია, შეცდომები იქნა დაშვებული ქვეყნის მართვაში. ეს შეცდომები მოიცავს ყველაფერს, როგორც საკადრო პოლიტიკას, ასევე, პრიორიტეტების დასახვას და შემდეგ მათ შეუსრულებლობას. თავად ყოფილმა პრემიერმა ბახტაძემ საჯაროდ აღიარა, რომ სერიოზული პრობლემები არსებობდა მუნიციპალიტეტებში ადგილებზე მენეჯმენტის თვალსაზრისით. ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი იმ პრობლმების, რაც ქვეყანაში განვითარდა, იყო სწორედ მუნიციპალიტეტებში სუსტი და არაკვალიფიციური მენეჯმენტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო პოლიტიკური ნების დეფიციტთანაც, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებები გასცა ხელისუფლებაში მოსვლისას და შემდეგ უკვე 2016 წელს მან ხელახლა ითხოვა მოსახლეობის ნდობის მანდატი და მიიღო კიდეც. მართალია, მაშინ არ ყოფილა ასეთი მკვეთრი ხაზგასმა სამართლიანობის აღდგენასთნ დაკავშირებით, მაგრამ მოსახლეობას ხომ ახსოვს, ეს დაპირება ხალხის გონების უმეტესობაში ხომ იყო ჩაბეჭდილი. ეს დაპირება ვერ შესრულდა და „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ისეთი გარემო, რომელშიც ოპოზიცია ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მან შეძლო ძალების მოკრება და შემდეგ უკვე კონტრშეტევაზე გადასვლა.

ფაქტია, ის შეცდომა, რაც დაშვებული იყო გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებით, როგორი ახსნაც არ უნდა მოვუძებნოთ ამას, გარდამხტეხი აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ამის შემდეგ მოვლენები იმ მიმართულებით წავიდა, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიადგა. ასევე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ, კი ბატონო, შეცდომები იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ეს პერიოდი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად გადავატარეთ. თუ 20 ივნისის ამბებს არ ჩავთვლით, ქვეყანაში სერიოზული კატაკლიზმები არ მომხდარა, არც უშუალოდ ქვეყნის შიგნით, არც რუსეთთან დაპირისპირების თვალსაზისით. მეტ-ნაკლები სტაბილურობა შენარჩუნდა და სწორედ 20 ივნისის მოვლენებმა დაუდეს სათავე იმ პროცესებს, რა პროცესებსაც შეიძლება დავარქვათ კოაბიტაციის დასასრული. შეიძლება ასე ითქვას, რომ კოაბიტაციის პირობა პირველად დაარღვიეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა განშტოებებმა. ანუ „ოცნება“ არ ყოფილა მშვიდობიანი ცხოვრების დარღვევის ინიციატორი, ინიციატორი იყო „ნაცმოძრაობა“, მათმა მოქმედებმა დიდწილად დაუდეს სათავე 20 ივნისის მოვლენებს და შემდგომ განვითარებულ პროცესებს. 2019 წელი, შეიძლება ითქვას, იყო ე.წ. კოაბიტაციის დასასრულის წელიწადი.

ამ მოცემულობით მოვედით 2020 წლისთვის, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ხომ არ განვითარდება მოვლენები უფრო უარესად? არჩევნებამდე მივალთ, თუ რევოლუციური სცენარია მოსალოდნელი?

- რევოლუციური სცენარის ალბათობა არის, მაგრამ ჯერჯერობით ეს ალბათობა არ არის მაღალი მოსახლეობაში. არ იგრძნობა მოთხოვნილება რევოლუციურ სცენარზე, რადგან ყველამ კარგად იცის, ეს სცენარი რასაც ნიშნავს. მეორეც, ჩვენმა საზოგადოებამ უკვე გამოიარა ერთი რევოლუცია და კარგად იცის, ამ რევოლუციებს შემდეგ რა მოსდევს, სიკეთეებთან ერთად მათ უფრო მეტი პრობლემა მოაქვთ მოსახლეობისთვის. რევოლუციური სცენარი იმიტომაცაა ნაკლებად მოსალოდნელი, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დგანან რევოლუციური სცენარის ავანგარდში, მოსახლეობაში მაინცდამაინც დიდი მხარდაჭერითა და პოპულარობით არ სარგებლობენ. ვიცით, ვინც არიან ეს ძალები, ეს არის „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და კიდევ რამდენიმე მომცრო პარტია, რომლის ლიდერიც ყველამ იცის, ვინც არის. შესაბამისად, ეს პოლიტიკური ძალები საზოგადოებაში უფრო ნეგატიურ განწყობას იწვევენ, ვიდრე დადებითს.

ვერც ახალდაბადებული პოლიტიკური მოძრაობალელოგამოდგება რევოლუციის მედროშედ?

- ვერც „ლელო“ ვერ გამოდგება რევოლუციის მედროშედ. რევოლუციური სცენარი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან სერიოზული, ფატალური შეცდომები და, როგორც 2003 წელს შევარდნაძემ მიუშვა მართვის სადავეები ხელიდან, ასევე გაექცეს ხელისუფლებას მართვის სადავეები. ჯერჯერობით არ ჩანს ამის ნიშნები, რომ ხელისუფლებას ასეთი რამ დაემართოს.

ამ შემთხვევაში, რევოლუცია კლასიკური გაგებით არ უნდა გავიგოთ. ხომ შეიძლება, ხალხის გარეშე მოახდინონნაცებმაგადატრიალება და შემდეგ ამას რევოლუცია უწოდონ?

- რევოლუცია იგივე გადატრიალებაა. საინტერესოა, რანაირად უნდა მოახდინონ გადატრიალება ხალხის გარეშე? ეს ნიშნავს, რომ ძალადობრივ მეთოდებს უნდა მიმართონ. ამ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ ექნათ საზოგადოებრივი, სახალხო მხარდაჭერა, თუნდაც საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერა, ისინი ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, რადგან ყველა რევოლუციას მთელი საზოგადოების თუ არა, საზოგადოების ერთი ნაწილის ნდობის მანდატი მაინც სჭირდება. ამ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ნდობის მანდატს საზოგადოების მხრიდან, რომელიც საკმარისი იქნება არა მარტო რევოლუციისთვის, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. არც ძალოვან სტრუქტურებშია დღეს ისეთი განწყობები, როგორიც იყო, დავუშვათ, 2003 წელს.

ქართული ოცნებისპარადოქსზე როცა საუბრობენ, შენიშნავენ, რომ, მართალია, „ნაცებიდასრულდნენ, მაგრამქართულ ოცნებასმთელი ამ 7 წლის განმავლობაში გამუდმებით მაინც პირზე აკერიანაცმოძრაობა“. ფიქრობთ, 2020-შიც გაგრძელდება ეს ტენდენცია და კვლავაც ვიხილავთ გადმოპორტირებულნაცებს“, წინა რეჟიმიდან გადმობარებულ მოსამართლეებს? ეს მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, კოაბიტაცია იყო ჩვენი შეცდომა.

- ასეთ პროცესს არ ველი, თუმცა ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში არაფერია გამორიცხული. ყოველ შემთხვევაში, მწარე გაკვეთილების ფონზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ბოლო თვეების მანძილზე, არ ველოდები, რომ „ოცნება“ კიდევ ერთხელ მოუწყობს საზოგადოებას სიურპრიზებს „ოცნებაში“ პორტირებული „ნაცმოძრაობის“ წევრებით. არა მგონია,
„ქართული ოცნება“ ასეთ რისკზე წავიდეს. ახლა არ ჩავუღრმავდები, როგორ შედგა 2016 წლის საპარლამენტო სია, როდესაც „ქართული ოცნების“ რიგებში ბევრი პორტირებული „ნაციონალი“ აღმოჩნდა. „ნაციონალი“ აქ პირობითია, რადგან ის ხალხი, ვინც პორტირებული იყო, ნამდვილად არ წარმოადგენდა იმ დროის მნიშვნელოვან ფიგურებს, უბრალოდ, იყვნენ მესამე თუ მეოთხე ეშელონის წარმომადგენლები, მაგრამ საზოგადოებაში ეს მაინც არ აღიქმებოდა კარგ ნიშნად. არა მგონია, „ქართულ ოცნებას“ იმდენად უჭირდეს პოლიტიკურად, რომ მან კიდევ ერთხელ მისცეს საზოგადოებას იმის თქმის საფუძველი, რომ ისევ პორტირებული „ნაცების“ ხარჯზე სურთ ლელოს გატანა და ასეთი ხალხი გაჰყავთ თავიანთ რიგებში. ჩემი გადმოსახედიდან, ეს არ იქნებოდა „ოცნებისთვის“ კარგი ნაბიჯი. მით უმეტეს, ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, არ არიან აფილირებულნი „ნაცმოძაობასთან“ და შეუძლიათ საკადრო რესურსის შევსება.

ახალი პარტიები იქმნება და ძლიერი ფინანსური საყრდენის გამო პატარ-პატარა პარტიებსაც შთანთქავენ. მესამე ძალის ნიშის დასაკავებლად გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მესამე ძალა მაინც არ ჩანს. რომელი პარტია დაწინაურდება და გაირღვევა თუ არ ორპოლუსიანი სივრცე?

- გაირღვევა თუ არა ორპოლუსიანი სივრცე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუნდაც ახლად დაფუძნებული „ლელო“ რამდენად შეძლებს გახდეს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, ანუ ის ძალა, რომლის გამოჩენასაც საზოგადოება ელოდება. საერთოდ, ექსპერტებიც და პოლიტიკოსებიც თავიანთ შეფასებაში ნაკლებად უწევენ ანგარიშს საზოგადოების მოლოდინებს. არადა, პირიქით უნდა იყოს, საზოგადოების მოლოდინის შესწავლაა საჭირო იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს წარმატების მიღწევა. „ლელოს“ პირველი ნაბიჯებიდან თუ ვიმსჯელებთ, მე მგონი, „ლელო“ მაინცდამაინც კარგად არ იცნობს ჩვენი საზოგადოების მოლოდინს და დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც საზოგადოებრივ მოლოდინსაა აცდენილი. თუნდაც სიის შედგენა, რომლის გაგზავნასაც აპირებენ საზღვარგარეთ, პოლიტიკური პარტია, რომელიც პოლიტიკურ ველზე შემოდის, ამით არ უნდა იწყებდეს, რადგან უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების წყებაა სახელმწიფოში, რომელიც რეალურად აწუხებს ხალხს, ვიდრე სიის შედგენა. ჩვენი პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი სისუსტე სწორედ ისაა, რომ ისინი ვერ გრძნობენ ხალხისა და საზოგადოების მაჯისცემას. რატომღაც მგონია, ეს სენი სჭირს ახლადდაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობა „ლელოსაც“. მტკიცებით ფორმაში ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებზე კიდევ ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის მოწმენი გავხდეთ და ისეთი ადამიანები შემოვიდნენ პოლიტიკურ არენაზე, რომლებიც ადრე თავს იკავებდნენ ამისგან.