რომში ეცინებათ, ბერლინში უარყოფენ

რომში ეცინებათ, ბერლინში უარყოფენ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელსაც კვირას ვებ-გვერდ WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ სახელმწიფო დეპარტამენტის წერილებში პატივმოყვარე ცხოველს და ღამის წვეულებების მოყვარულს უწოდებენ „გულიანად გაიცინა“, როდესაც ამ მამხილებელი ინფორმაციის შესახებ შეიტყო, თუმცა სხვები ამ ფაქტის გამო ბედნიერები არ ჩანდნენ. წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთი წევრი მოითხოვს, რომ ეს ინტერნეტ-გვერდი ტერორისტულ ორგანიზაციებს მიაკუთვნონ.

 

ინფორმაციას, რომელიც რომიდან გაისმა, სასიამოვნოს ვერ უწოდებ. 2010 წლის 9 ივნისით დათარიღებულ წერილში, პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის „დაუდევარ, პატივმოყვარე და არაეფექტურ ევროპელ ლიდერს“ უწოდებენ. მასში ნათქვამია, რომ ბერლუსკონი „ზედმეტად თვითდაჯერებულია“, რის გამოც იგი „სხვების მოსაზრებების მიმართ ყრუა“. სხვა წერილში აღნიშნულია, რომ პრემიერი „ხშირად გვიან იძინებს და ძალიან უყვარს ღამის წვეულებები, რის გამოც ის საკმარისად არ ისვენებს“.

 

„ასე აფასებენ იტალიის მთავრობის ხელმძღვანელს, ამერიკელი დიპლომატების 250 000-ზე მეტი წერილობითი დოკუმენტებიდან ერთ-ერთში, რომელიც ვებ-გვერდმა WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტებიდან ბევრი წერილი უკვე კვირას საღამოს იყო ხელმისაწვდომი. მასობრივი ინფორმაციის რამდენიმე საშუალებამ, მათ შორის SPIEGEL-მა, New York Times-მა, Guardian-მა და El País-მა სტატიების სერიის გამოქვეყნება დაიწყეს, სადაც მიმოწერის მასალათა ანალიზია.

 

ბერლუსკონის გარდა, დოკუმენტებში განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი კიდევ რამდენიმე მსოფლიო ლიდერია. წერილებში ბერლუსკონის „ფიზიკურად და პოლიტიკურად სუსტს“ უწოდებენ. ამ დოკუმენტებიდან ცალსახად ჩანს, რომ ჰილარი კლინტონის სახელმწიფო დეპარტამენტს ძალიან სურდა იმის გარკვევა, არის თუ არა სიმართლის მარცვალი იმ ჭორებში, სადაც ნათქვამია, რომ სილვიო ბერლუსკონი და მისი ახლო მეგობარი ვლადიმერ პუტინი კერძო კომერციული ინტერესების ირგვლივ გაერთიანდნენ. ამ ჭორს ორივე ლიდერი კატეგორიულად უარყოფს.

 

თუმცა იტალიური საინფორმაციო სააგანეტო ANSA-ს თანახმად ბერლუსკონი გავრცელებული ცნობების გამო სულაც არ შეწუხდა. „ის „გულიანად იცინოდა“ როდესაც ამ ცნობების გამოქვეყნების შესახებ შეიტყო” – წერს ANSA პრემიერთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ ინფორმაციის გაჟონვას „მსოფლიო დიპლომატიის 11 სექტემბერი უწოდა“.

 

როგორც ჩანს, ფრატინის შეხედულებებს აშშ-შიც იზიარებენ. თეთრმა სახლმა ვებ-გვერდ WikiLeaks-ზე დოკუმენტების გამოჩენა მათი გამოქვეყნებისთანავე დაგმო და განაცხადა, რომ „ასეთი მამხილებელი დოკუმენტაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დიპლომატებს, პროფესიონალ-მზვერავებს და ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც შეერთებულ შტატებში დემოკრატიის პროგრესისა და გამჭვირვალე სახელმწიფო ხელისუფლების შექნის საქმეში მხარდაჭერისთვის ჩამოდიან“. ჯერ კიდევ მანამ, სანამ მასალები საჯარო გახდებოდა, ზიანის პრევენციის მიზნით შეერთებული შტატები უცხო სახელმწიფოებს უკავშირდებოდა.

 

WikiLeaks – ტერორისტული ორგანიზაცია?

აშშ-ს წარმომადგენლობითი პარტიის წევრმა, რესპუბლიკელმა პიტერ კინგმა, რომელიც ამ პალატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტს უხელმძღვანელებს, ობამას ადმინისტრაციას მოსთხოვა იმის „განსაზღვრა, შეიძლება თუ არა WikiLeaks უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების კატეგორიას მიაკუთვნონ“ – ნათქვამია კინგის კლინტონისადმი გაგზავნილ მიმართვაში. „WikiLeaks ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის რეალური და უშუალო საფრთხეა“.

 

სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმა, რომელიც სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობს, WikiLeaks-ის დახურვაც კი მოითხოვა. „ასეთი მასალების გავრცელებით WikiLeaks საფრთხეს უქმნის ამერიკელთა და არაამერიკელთა სიცოცხლეს და თავისუფლებას მთელ მსოფლიოში. ეს აღმაშფოთებელი, უპასუხისმგებლო ქმედებებია“ – თქვა მან.

 

გამოქვეყნებული მასალებიდან 1 700 დოკუმენტი ბერლინში ამერიკის საელჩოში დაიბადა. ბევრგან გერმანული პოლიტიკის შეფასება ბერლუსკონისას არ სჯობია. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს უწოდებენ ლიდერს, რომელსაც „რისკზე წასვლა არ უყვარს და იშვიათად ავლენს შემოქმედებით მიდგომას“. როგორც ეს ერთ-ერთ ბერლინურ წერილშია, ის ობამასთან მიმართებაში „ზოგჯერ არადამაჯერებლად იქცევა“. 2009 წლის 18 სექტემბრით დათარიღებულ წერილში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გვიდო ვესტერველეზე ნათქვამია, რომ მას აკლია სიმტკიცე, პატივმოყვარეა, ამერიკის მიმართ აქვს კრიტიკული დამოკიდებულება და „ზომაზე მეტად ოპორტუნისტია იმისთვის, რომ მისი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ნდობა შეიძლებოდეს“. ერთ-ერთი გზავნილის ავტორის თქმით, იგი ნამდვილი „გამოცანაა“ და საგარეო პოლიტიკის სფეროში „ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს სასწავლი“.

 

ბავარიის პრემიერ-მინიტრს და ქრისტიანულ-სოციალისტური კავშირის ლიდერს ჰორსტ ზიიჰოფერს წერილებში უწოდებენ ადამიანს, რომელსაც „მხოლოდ უმნიშვნელო საგარეო პოლიტიკური გამოცდილება“ აქვს და „ცუდადაა ინფორმირებული ელემენტარულ საკითხებშიც კი“. დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ზეეჰოფერის შემთხვევაში „სახეზეა თანდაყოლილი ინსტინქტი და მიდრეკილება პოპულისტური განცხადებებისადმი“.

 

ძალიან სასაცილოა

ხოლო გერმანიის განვითარების მინისტრ დირკ ნიბელს, რომელიც თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთანაა დაახლოებული და მერკელის კოალიციაში უმცროსი პარტნიორის უფლებებით სარგებლობს, მიმოწერაში უწოდებენ ამ თანამდებობისთვის „შეუფერებელ კანდიდატურას“ და ადამიანს, რომელიც „განვითარების და დახმარების საკითხებში სპეციალისტი არ არის“.

 

სინამდვილეში, გერმანიაში სწორედ ნიბელის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას და საგარეო საქმეთა მინისტრ ვესტერველეს უნდა ეშინოდეთ ყველაზე მეტად WikiLeaks-ის მხილებების. გზავნილები ბერლინიდან, რომელიც გერმანიაში 2009 წელს ჩატარებული სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე გაიგზავნა, მკაფიოდ ცხადყოფს იმას რომ აშშ-ს ელჩი ფილიპ მერფი კარგად იყო ინფორმირებული კოალიციური მთავრობის შექმნაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ვესტერველეს თავისუფალი დემოკრატიული პარტია მართავდა. ინფორმაციის წყარო მოლაპარაკებების ოქმებს თავისუფალი დემოკრატიული პარტიის სახელით აწარმოებდა, შემდეგ კი ამ ოქმებს ამერიკელებს გადასცემდა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დისკუსიები დასრულებული.

 

კვირას საღამოს ნიბელმა განაცხადა: „მიმაჩნია, რომ ეს ბრალდებები ძალიან სასაცილოა“. ნიბელი სახელმწიფო ტელეარხ ARD-ზე თოქ-შოუში დაპატჟეს. „არ ვეთანხმები იმ აზრს, თითქოს არსებობს ინფორმატორი“ – განაცხადა მან. მისი თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ამ მასალების გამოქვეყნება აშშ-გერმანიის ურთიერთობებს დააზიანებს. ამავდროულად, ნიბელმა აღნიშნა, რომ „ახლა უფრო მეტად უნდა დავუკვირდეთ, ვისთან და რამდენად გულწრფელად შეიძლება ლაპარაკი“.

 

გერმანიაში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ჯონ კორნბლიუმმა განაცხადა: „იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დიპლომატებს გერმანიაში მუშაობა მოწონთ, არის ის, რომ გერმანელები ძალიან კომუნიკაბელურები არიან. მათგან ბევრ რამეს შეიტყობთ იმის შესახებ, თუ ვის რა უნდა. ამისთვის, უბრალო კეთილგანწყობაა საჭირო“.

 

ისრაელმა ინფორმაციის გაჟონვით შეიძლება მოიგოს

ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრმა და ფედერალური პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რუპრეხტ პოლენცმა ინფორმაციის გაჟონვის შესახებ განაცხადა: „ვფიქრობ, რომ მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანია. ახლა ამერიკელებს მოუწევთ მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ შეიძლება ენდო“.

 

ორშაბათს, მასალების გამოქვეყნებაზე კომენტარები ზოგიერთი სხვა ქვეყნებიდანაც ისმოდა. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსიარ ზებარიმ მას „ფუჭი და არადროული“ უწოდა. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „ჩვენ ვგმობთ საიდუმლო ოფიციალური ინფორმაციის უპასუხისმგებლო გამჟღავნებას“. რუსეთმა განაცხადა, რომ ჯერ დოკუმენტებს შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას.

 

იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელმაც შეიძლება WikiLeaks-ის მამხილებელი დოკუმენტებით ისარგებლოს, ერთ-ერთი ისრაელია. მრავალრიცხოვანი დოკუმენტაცია ცხადყოფს, რომ ახლო-აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა იმაზე მეტად არის შეშფოთებული იმით, რომ ირანი შეიძლება ბირთვული სახელმწიფო გახდეს, ვიდრე ამას საჯაროდ აღიარებს. ერთ-ერთ გზავნილში ნათქვამია, რომ საუდის არაბეთი აშშ-ს მოუწოდებდა „გველს თავი მოკვეთოს“ და თავს დაესხას ირანს. ასეთი განწყობა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც არის გამეფებული. წერილებში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ-კორეას შეუძლია ირანისთვის ისეთი რაკეტების მიწოდება, რომლებმაც შეიძლება ევროპამდე მიაღწიონ.

 

„ამ დოკუმენტების გამოქვეყნება ისრაელს არანაირ ზიანს არ აყენებს, მეტიც –ალბათ პირიქითაც არის“ – განაცხადა ისრაელის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელის ყოფილი პრემიერების არიელ შარონის და ეჰუდ ოლმერტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გიორა სეილანდმა. „თუკი იქ რამე ეხება ირანის საკითხს, ჩემი აზრით ყველაფერი ისრაელის სასარგებლოდაა. ამ დოკუმენტებით ცხადი გახდა, რომ არაბეთის ქვეყნებს, მაგალითად საუდის არაბეთს, ირანი უფრო აინტერესებს, ვიდრე პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი“.

[foreignpress.ge]