ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში საქართველოს აღმასრულებელი და საკონონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს. სასტუმრო “თბილისი მერიოტში“ გამართული ამ ღონისძიების ორგანიზატორმა, კავშირის “21-ე საუკუნე“ წარმომადგენელმა პაატა გაჩეჩილაძემ განმარტა, რომ შეხვედრა გაცნობითი-საინფორმაციო ხასიათის იქნებოდა და ასეც მოხდა - ორი საათის განმავლობაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებმა, ხელისუფლების წევრებთან ერთად მოკლედ მიმოიხილეს პრობლემები, რასაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა ღოსნიძიებაზე მყოფ საზოგადოებას მიმართეს. მათგან ყველაზე ვრცელი და საქმიანი სიტყვა თეა წულუკიანმა წარმოთქვა, რომელიც გამომსვლელების საუბრის პარალელურად მათ წინადადებებსა და შენიშვნებს ინიშნავდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ინტერრელიგიური ჯგუფიდან წარმოდგენილნი იყვნენ: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიის, საქართველოში იეზიდთა თემის, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის (ორმოცდაათიანელთა ეკლესიის), საქართველოს ებრაელთა თემის, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის და ხსნის არმიის წარმომადგენლები.
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის, ვაგიფ აქპეროვის თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური მუსლიმური გაერთიანება სწორედ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ივლისში დარეგისტრირდა. მისივე განმარტებით, არასამთავრობო სტატუსით საქართველოში 376 მუსლიმური ორგანიზაციაა დაფიქსირებული, რომელთა ნაწილიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს ატარებს. “ჩვენი ორგანიზაციის ყველა ნაბიჯი საქართველოს მთლიანობისა და უსაფრთხოებისკენაა მიმართული. იქნებ დრო გამონახოთ აუდიენციისთვის“, - მიმართა ვაგიფ აქპეროვმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რაზეც მოგვიანებით თეა წულუკიანმა მიუგო, რომ შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მთავრობის მხრიდან შიდა რელიგიურ საქმეებში ჩარევა მიზანშეწონილად არ მიაჩნია:
“აქ ითქვა ის, რომ საქართველოს მუსლიმთა სამართველო ოფიციალური სამართლის კუთხით ერთადერთია და თუ სწორად გავიგე, საერო ხელისუფლებასთან მიმართებაში გამოითქვა პრეტენზია, რომ საჭირბოროტო საკითხებზე საუბარი მხოლოდ მასთან იყოს. რა თქმა უდნა, ეს ლეგიტიმური მოთხოვნაა, რასაც ყურადღებას მივაქცევთ, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საერო ხელისუფალი შიდა რელიგიურ საკითხებში ვერ ჩაერევა. თუ კი არსებობს სხვა ისლამური წარმომადგენლობები, ორგანიზაციები, მაშინ ისიც განსახილი იქნება მათ რა სტატუსი აქვთ, რა უნდა ჰქონდეთ, ან რა არ უნდა ჰქონდეთ და ვინ წყვეტს ამას, რომ მათ უნდა ჰქონდეთ თუ არ უნდა ჰქონდეთ. დამეთანხმებით, რომ ეს ასე, ერთსაათიანი დიალოგის დროს არ წყდება, რადგან უსერიოზულესი თემაა“.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ იქ მყოფებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებული პრობლემები შეახსენა; იურიდიულ სტატუსზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ჩვენს ეკლესიას სტატუსი, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს. ამას მოჰყვა რეპლიკა სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან და შემდეგ მცირეხნიანი დისკუსია იმაზე, რომ ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას ჯვრის მონასტრისა და ვარძიიის კუთვნილებასთან დაკავშირებით. სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მოგვიანებით განმარტა, რომ ჯვარი და ვარძია სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს არ წარმოადგენს.
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელმა რუსუდან გოცირიძემ აღნიშნა, რომ აქვთ სხვადასხვა რეკომენდაციები ცვლილებებზე: საგადასახადო სფეროში, განათლების და ციხეთა სისტემაში. რუსუდან გოცირიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასთან სწორედ მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ითანამშრომლებენ.
სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა ხელისუფლებას სთხოვა იმუშაოს იმ ექვსი ტაძრის (მისი თქმით, 5 თბილისშია, ერთი ახალციხეში) მათთვის დაბრუნების საკითხზე, რომელიც მისივე განმარტებით საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვათ. სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მათი ეპარქია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს იმდენი ლარით, რამდენიც შეადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხის 5%-ს. ამაზე სხვებს არაფერი უთქვამთ, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ საჭიროებენ, რადგან ევროპის გარკვეული ქვეყნებიდან ფინანსდებიან და ამ თანხით მოხუცებულთა სახლიც აქვთ გაკეთებული.
ამ ადამიანმა ხელისუფლების წევრებს სთხოვა შეღავათების დაშვება კომუნალურ გადასახადებზე, რადგან მაგალითად, მოხუცებულთა სახლის სახელზე მოსული წყლის გადასახადი, მისი განმარტებით, ყოველთვიურად 2 000 ლარს შეადგენს. ამავე ინიციატივის გამხმოვანებელმა არ მოიწონა სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის იმგვარი ფორმა, რომლითაც სოფელ ნიგვზიანში, ახლახანს მომხდარი ინცინდენტი ამოიწურა.
საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელმა მოკლედ აღნიშნა, რომ მისი ეკლესია საჭირო მომენტში თანამშრომლობისთვის მზადაა. იეზიდთა თემის წარმომადგენელი ზაურ ფეროიანი კითხვის დასმით შემოიფარგლა - “გეგმავთ თუ არა საპატიმროებში უმცირესობების უფლებები იყოს დაცული?“
ხსნის არმიის წარმომადგენლისთვის მისაღებია ამერიკული მოდელი, სადაც მისვე განმარტებით, რელიგიები და ხელისუფლება ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნულები არიან.
საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის. როგორც ამ მასალის დასაწყისში აღვნიშნეთ, ყველაზე კონკრეტული და საქმიანი თეა წულუკიანის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო, რომლის მოკლეს შინაარსაც შემოგთავაზებთ.
როგორც წულუკიანის ნათქვამიდან გაირკვა, ხელისუფლების შეცვლამდე კავშირის “21-ე საუკუნის“ მიწვევით ის ორჯერ დაესწრო ინტერრლეგიური ჯგუფის შეკრებას. თვლის, რომ პირადად მისთვის, პრემიერ-მინისტრისთვის და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებისთვის სასულიერო სფერო მნიშვნელოვანია. “რა თქმა უნდა, ის ხელისუფლება ვართ, რომელიც საერო სახელმწიფოს მშენებლობას გააგრძელებს და ყოველთვის იმის მომხრე იქნება, რომ ეკლესიები და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული იყოს, მაგრამ გამიჯვნა ჩვენი გაგებით იმას არ ნიშნავს არ გაინტერესებდეს რა უჭირს სხვადასხვა რელიგიურ თემებს, რა უჭირთ ეკლესიებს და არ ისმენდე მათ გასაჭირს, იმიტომ რომ პრობლემების მოსაგვარებლად თქვენ არ გაქვთ ის ბერკეტები, რაც საერო ხელისუფალს გააჩნია“, - ამგვარია იუსტიციის მინისტრის პოზიცია.
წულუკიანმა ახლახანს ნიგვზიანში მომხდარ ფაქტზეც ისაუბრა - “როგორც მე ამიხსნეს, როცა ამგვარი რამ ხდებოდა, წინა ხელისუფლება, კერძოდ იუსტიციის მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს ატყობინებდა და სხვადასხვა მრევლის წარმომადგენლებს შორის პირველივე შელაპარაკებისთანავე სთხოვდა პატრულის და ზოგადად ძალოვანი სტრუქტურების ჩარევას. როდესაც ნიგვზიანში მომხდარზე ინფორმაცია მივიღე, ჩემი და გუნდის სხვა წევრების პირველი რეაქცია ის იყო, რომ უპირველესად თავად ეკლესიებისთვის გვეთხოვა საკუთარი მრევლის დამშვიდება. არც ერთ მინისტრს არ გვაქვს იმის რესურსი, რომ თქვენი მრევლი დავამშვიდოთ. უპირველესად თქვენ გაქვთ ამის რესურსი, რომ თქვენი მრევლი დაამშვიდოთ, როდესაც აღელვებულია, რელიგიურ ნიადაგზე უფრო მომთხოვნია, ვიდრე უნდა იყოს და არ დაგიდევთ იმას, თუ როგორ შეხედულება აქვს მეორე მხარეს. მიუხედავად იმისა რომ პირადად გავხდი არაერთი კრიტიკის საგანი (რაც მთავარი არ არის), მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩემი გადასახედიდან ორივე სასულიერო მხარის წარმომადგენლებმა საქმეს თავი კარგად გაართვეს და შევქმენით პრეცენდენტი იმისა, რომ უპირველესად ეკლესიებს ვაძლევთ გონივრულ ვადას მათ ხელში არსებული პრობლების მოსაგვარებლად“.
იუსტიციის მინისტრის თქმით, სამომავლოდ, სხვა შემთხვევაში თუ ეკლესიები თავს აარიდებენ ერთმანეთს (სხვადასხვა მრევლს) შორის შესაძლო დაპირისპირების განმუხტვას, სახელმწიფო თავის პოზიტიურ ვალდებულებას შეასრულებს. წულუკიანის განმარტებით, ხელისუფლების მიზანი ძალის ჩვენება არ არის, რადგან მისი აზრით ძალის ჩვენება პრობლემის გადაწყვეტას არ ნიშნავს - “სითავხედეში თუ არ ჩამითვლით, ყველას მოგიწოდებდით უფრო მეტი დიალოგი იქონიოთ უპირველესად ერთმანეთთან, რადგან ჩვენ გვინდა თქვენთან დიალოგი გვქონდეს, პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ვიყოთ და არა ვთქვათ, იმ ტიპის დისკუსიაზე, არის თუ არა ვარძია სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მე ვთვლი რომ არ არის და არ მგონია ვინმე თვლიდეს, რომ არის“.
სწორედ ამ ფრაზის მოჰყვა სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგნლის რეპლიკა - “ჩვენც ვთვლით რომ არის“, რასაც თეა წულუკიანმა ამგვარად უპასუხა - “ამიტომაც გთხოვთ, ერთმანეთს სათუთად მოექცეთ. როგორც მეუფე გერასიმე ბრძანებდა, ჩვენი - ჩემი და თქვენი, საერო ხელისუფლის და რელიგიური წარმომადგენლების უპირველესი მიზანი უნდა იყოს ხალხს შორის და სხვადასხვა რელიგიური რწმენის ადამიანებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, რათა ჩვენ შევძლოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე ხდებოდა“.
იუსტიციის მინისტრის აზრით, მექანიზმი, რომელიც იგულისხმებდა ხელისუფლებასა და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შორის უშუალო დიალოგის არსებობას, არ არის და თუ არის, არ არის საკმარისი - “ინსტიტუციურ მექანიზმს ვგულისხმობ, თორემ ნაცნობობით ყველას გიცნობთ და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ერთმანეთთან ტელეფონით დაკავშირება შეგვიძლია. ესეც გამოვიყენოთ, მაგრამ ინსტიტუციურად იუსტიციის სამინისტროსა და თქვენს შორის (მე როგორც ვიცი, მაგრამ შემისწორეთ თუ ეს ასე არ არის) ურთიერთობის ოფიციალური მექანიზმი არ არსებობს, რაც საშუალებას მომცემდა ამგვარი ჯგუფის ფარგლების გარდა ვიცოდე თითოეულ თქვენთაგანს რა აწუხებს, თქვენ რაც გაწუხებთ იმის მოგვარების გზა შემოგთავაზოთ და ამავე დროს გავარკვიო მოგვარების ის გზა, რაც ერთ ეკლესიას შეიძლება სახელმწიფომ შესთავაზოს, ხომ არ არღვევს სხვა ეკლესიის უფლებებს. მე არ გეუბნებით იმას, რაც ჩემზე კარგად ყველამ არ იცით. ძალიან სერიოზული და კომპლექსური პრობლემაა - ერთი ეკლესიის პრობლემის გადაჭრამ სხვა ეკლესიის უფლებები შეიძლება დაარღვიოს“.
იუსტიციის მინისტრმა გასული წლის ივლისში კანონში რელიგიების შესახებ შეტანილი ცვლილებებიც გაიხსენა, რომელსაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა. მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორე ის, რაც გასულ წელს, სხვადასხვა მედიასაშუალებით უამრავჯერ თქვა - “ის მეთოდი, რომლითაც კანონი მიიღეს, სამარცხვინო იყო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ კანონის შინაარსში სტატუსის გარდა არაფერი დევს. რა უნდა ჩაიდოს სტატუსის უკან, ამ მომენტში არ ვიცი და ამის თქმა არ მრცხვენია. რა უნდა იდოს, თქვენი სურვილები რა არის, ეს თქვენ უნდა გვითხრათ, მაგრამ სურვილი, რომ გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა სურვილი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება“.
თეა წულუკიანის განმარტებით, ის პრემიერ-მინისტრს პირადად ესაუბრა - უმცირესობების პრობლემებთან ერთად აქცენტი იმაზეც გააკეთა, არის თუ არა ბოლომდე მიყვანილი 2002 წელს ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმება და დღეს ერთმანეთისგან რეალურად ისე არის თუ არა ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნული, რომ არსებობდეს ურთიერთობის სწორი მექანიზმები, უმრავლესობის და მათი მესვეური ეკლესიის უფლებების დაცვის გარანტიები.
“ეს თქვენ ალბათ, არ გამოგიცდიათ და ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ (უმცირესობებს ვგულისხმობ), როდესაც უმრავლესობის ეკლესიაში ღამე რომელიღაცა საერო ხელისუფალი შევარდება და იქ დებოშს აწყობს. დამერწმუნეთ, ეს ძნელი გამოსაცდელია და მე ყველაზე რთულ მაგალითს ვამბობ. ვფიქრობ წინა ხელისუფლების დროს უმრავლესობის უფლებებიც არ იყო დაცული, რადგან საერო ხელისუფალს ურთიერთობების სწორი ფორმა , არც უმცირესობებთან და არც უმრავლესობასთან არ სურდა, ან არ შეეძლო (შეიძლება სურდა, მაგრამ, ვერ შეძლო)“.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ყველა ეკლესიასთან მიმართებაში ზემოხსენებული ურთიერთობების მოგვარების სურვილი აქვს. ესე ეხება კონსტიტუციური შეთანხმების პროცესის ბოლომდე მიყვანას და პარალელურად, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლების პრობლემების მოსმენას და რეალური გამოსავლის იმ პირობით წარდგენას, რომ კონკრეტული პრობლემის მოგვარება სხვა ეკლესიის (უმცირესობის, თუ უმრავლესობის) უფლებებს არ დაარღვევს.