იმის ნაცვლად, რომ რკინიგზელებს ანაზღაურება მომატებოდათ, პირიქით, ზოგიერთ თანამშრომელს უცერემონიოდ ჩამოაკლეს. “საქართველოს რკინიგზაში” განუკითხაობა გრძელდება, შესაბამისად, არ ცხრება საპროტესტო ტალღაც.
რკინიგზის პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, ქუთაისში ბროწეულას სადგურის, კასპისა და თბილისის სალიანდაგო სამსახურის თანამშროლების ნაწილს ხელფასები შეუმცირდათ. წინა თვეს მუშები ხელფასს თანრიგის მიხედვით იღებდნენ. ამ თვეში კი ხელფასები გათანაბრდა და 45 ლარით ნაკლები აიღეს.
“ჩვენ არჩევნებამდე მოვახერხეთ იმდენი, რომ მუშებისთვის 100 ლარით გაგვეზარდა ანაზღაურება. ისინი ხელფასს მძიმე სამუშაოს მიხედვით იღებდნენ. ყველაზე რთული საქმე მე-6 თანრიგის მუშებს უწევდათ. ახლა კი აღმოჩნდა, რომ საერთოდ გაუქმდა მე-6 თანრიგი და მათ სამუშაოს სხვა თანრიგზე განაწილებული მუშები აკეთებენ”, - აღნიშნა გიორგაძემ.
რკინიგზის პროფკავშირები ზუსტი მიზეზების დასადგენად ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, რადგან აუცილებელია გაირკვეს რატომ შეუმცირდათ მუშებს ხელფასი.
გიორგაძის თქმით, თუ გაირკვა, რომ მუშებს ხელფასები არაკანონიერად დააკლდათ, აუცილებლად დადგება იმ ადამიანების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, ვისაც უშუალოდ ხელფასების გაცემის საკითხი ევალება. ამ საკითხით დაინტერესებულია როგორც რკინიგზელთა პროფკავშირი, ასევე გაერთიანებული პროფკავშირი.
“საქართველოს რკინიგზასთან” მიმდინარე საპროტეტო აქცია მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც ეკონომიკის სამინისტროსა და რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრა მოხერხდა. შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ რკინიგზის თანამშრომლების ნაწილი საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად მოლაპარაკებებს “საქართველოს რკინიგზის” ახალ გენერალურ დირექტორთან გააგრძელებს, მის დანიშვნამდე კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
დოლიძის თქმით, მოლაპარაკებები სამინისტროს წარმომადგენელთან ძალიან კონსტრუქციული იყო და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ რკინიგზაში ხელფასების შემცირების პრეცედენტი მას შემდეგ აღინიშნა, რაც გადაწყდა, რომ “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლების ნაწილს ხელფასები 1-ლი დეკემბრიდან მომატებოდათ. ამ გადაწვეტილებას კი წინ უძღოდა რკინიგზელთა გამაფრხილებელი გაფიცვა და საპროტესტო მოძრაობა.
“ხელფასების საბოლოო გაზრდის ეტაპი 30 ნოემბერს დასრულდება, რის შემდეგაც რკინიგზის თანამშრომლების ხელფასები შემდეგი იქნება: მემანქანე - 1 250, მემანქანის თანაშემწე - 900, დიდი დატვირთვის სადგურის უფროსები - 2 500, დიდი დატვირთვის სადგურის მორიგეები - 900”, - აცხადებდა რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა სტეფნაძე.
ამ დროს კი, სანამ პირველი დეკემბერი დადგება, მანამდე ორგანიზაციის ქვედა რგოლებში დასაქმებულთა ანაზღაურების შეკვეცა მოხდა.
ზოგადად კი “საქართველოს რკინიგზაში” იმდენი პრობლემებია ანაზღაურების საკითხი ლამის მეორე რიგში გადადის. რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენელი გია ყრუაშვილს დიდი ნუსხა აქვს, სადაც დასახელებულია საკითხები, რომელსაც სასწრაფო რეაგირება სჭირდება.
“უნდა აღვნიშნო, რომ მთელი მოძრავი შემადგენლობა არის ამორტიზირებული, ავარიული და ამ სიტყვებზე პირადად ვარ პასუხისმგებელი. ნებისმიერი ლოკომოტივი და ვაგონი, ფაქტობრივად, ავარიულ მდგომარეობაშია და მისი ექსპლოატაცია არ შეიძლება იქედან გამომდინარე, რომ ყველა ლოკომოტივს და ყველა მოძრავ შემადგენლობას სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს აწევითი შეკეთება, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა შეიცვალოს წევის ძრავები, დამხმარე მანქანები, ელექტროკაბელები და ა.შ. ეზუგბაია უკვე 8 წელიწადია საქართველოს რკინიგზას ხელმძღვანელობს და არცერთ ლოკომოტივს აწევითი შეკეთება არ ჩატარებია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აწევითი შეკეთების საამქრო საქართველოში არ არსებობს.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა არის, ის რომ საქართველოს რკინიგზას არ გააჩნია ბაზისი, სადაც კადრები გაიზრდებიან. იყო ელიავას ტექნიკუმი, 31-ე პროფსასწავლებელი, 126-ე პროფსასწავლებელი, ტექნიკური უნივერსიტეტი და კიდევ უამრავი სასწავლებელი, სადაც იზრდებოდნენ კვალიფიციური კადრები. დღეს ეს არავის ადარდებს, რადგან რეალურად რკინიგზის ბედზე კი არ ფიქრობდნენ და მის განვითარებაზე, არამედ ფულის საკეთებლად იყვნენ მისულები იქ ეზუგბაია და მისთანები”, - აცხადებს ყრუაშვილი.