2019 წლის მიწურულს საქართველოში ერთი სასიხარულო ამბავი მოხდა - საკუთარ სამშობლოში ტყვეობისგან ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა. ცხინვალის იზოლატორიდან ქართველი ექიმის გათავისუფლება დადებითი მოვლენა იყო, რომ არა ერთი სამარცხვინო ფაქტი - ყველა პოლიტიკოსი ერთმანეთს ეცილებოდა მის გათავისუფლებას, ავიწყდებოდათ რა მარტივი ბიბლიური ჭეშმარიტება, „არა იცოდეს მარცხენამან შენმა, თუ რასა იქმოდეს მარჯვენა შენი“...
„მთელმა ერმა გამოიხსნა ვაჟა გაფრინდაშვილი და ნურავინ დაიბრალებს. განსაკუთრებული მადლობა მოჭიდავეებს“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მისი ბავშვობის მეგობარი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. მეუფის განმარტებით, ძნელია, როდესაც კეთილ საქმეზე მიდიხარ და შენს ტერიტორიაზე დაგაკავებენ, ვიღაცას თუ თავი არ გაუწირავს სხვისთვის, ვერასდროს გაიგებს, როგორ შეიძლება გადახვიდე იქ, სადაც შეიძლება დაგიჭირონ.
როგორი იყო 2019 წელი საქართველოსთვის? ამის შესახებ For.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.
2019 წლის მოვლენების შეჯამება ცხინვალის იზოლატორიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების გარეშე შეუძლებელია. ვაჟა გაფრინდაშვილს საქართველოში წლის ადამიანად მიიჩნევენ, რადგან ის საკუთარი ნებით წავიდა ამ განსაცდელზე, მაგრამ მისი გათავისუფლების შემდეგ ბევრმა პოლიტიკოსმა გამოავლინა უღირსი საქციელი, რადგან ყველა მათგანი საკუთარ თავზე მიიწერდა ექიმის დახსნას. ვისი კეთილი ნება იყო ექიმის გათავისუფლება და რა წილი ერგებათ იმ ადამიანებს ამ საქმეში, ვინც იბრალებს მის გათავისუფლებას?
- ყველას მცირედი წილი იყო ამ საქმეში. კარგად ვიცი, რაც ხდებოდა, რა პროცესებიც იყო ცხინვალიდანაც, თბილისიდანაც და საერთაშორისო ორაგნიზაციებიდანაც, ყველას თავისი წილი აქვს, მათ შორის, მოჭიდავეებსაც, მაგრამ იმის თქმა, რომ მათ გარეშე არ გათავისუფლდებოდა ქართველი ექიმი, არ შეიძლება. ერთადერთი ადამიანი, ვის გარეშეც შეიძლება ეს პროცესი ასე წარმატებით არ დასრულებულიყო, იყო ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, ქალბატონი თამილა. მან მართლაც ფანტასტიკურად იმუშავა. მინდა, For.ge-ს საშუალებით ვუთხრა ბატონ ვაჟას, გენიალური მეუღლე ჰყავს და უნდა დააფასოს. თუ ვინმეს წარმატებაზე შეიძლება ლაპარაკი, მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონ თამილაზე. ეს გამარჯვება მისი ექსკლუზიური დამსახურებაა. კიდევ ერთი ახალი ბრწყინვალე ქართველი ქალბატონი გავიცანით, მე ყოველთვის ვამაყობ ქართველი ქალბატონებით და ქალბატონი თამილა მშვენიერი მაგალითია ქართული საზოგადოების წარჩინებული ადამიანების. როგორც კი ბატონი ვაჟა დააპატიმრეს, მაშინვე ვთქვი „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში, მერაბ მეტრეველის გადაცემაში, რომ მას ორ თვეს გააჩერებენ ტყვეობაში, მერე ე.წ. სასამართლო მიუსჯიდა რაღაც ვადას და შემდეგ შეიწყალებდა ე.წ. პრეზიდენტი. ეს ოსებმა წინასწარ თქვეს და ზუსტად ისევე გაკეთდა, როგორც უნდოდათ. ამ პროცესში ბევრი ადამიანი ჩაერთო, ყველას ჰქონდა იმედი, რომ ექიმი უფრო ადრე გათავისუფლდებოდა, ანუ სასამართლოს, ან შეწყალების გარეშე, მაგრამ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც თავიდან დაიგეგმა ცხინვალში. ამ ფონზე ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, ინაშვილმაც, მოჭიდავეებმაც, კოსმონავტებმაც, მომღერლებმაც, ბურჯანაძემაც, ვერ ვიტყვით, რომ ისინი არაგულწრფელად მუშაობდნენ, ყველა გულწრფელად მუშაობდა, მათ შორის, რუსეთის დუმაც. ამ ერთობამ შექმნა გარკვეული ტემპერატურა, რომელმაც არსებითი გავლენა ვერ მოახდინა იმაზე, რაც წინასწარ დაგეგმილი იყო ცხინვალში. წინასწარ დაგეგმილი კი იყო, რომ გაფრინდაშვილი ორი თვე იჯდებოდა, სასამართლო მიუსჯიდა გარკვეულ სასჯელს და შემდეგ მას შეიწყალებდა ბიბილოვი. დაახლოებით ეს ასეთი სცენარი იქნებოდა - გაუმარჯოს ცხინვალის სასამართლოს, გაუმარჯოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს.
ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევა არ უღიარებია და არც არაფერი მოუნანიებია, მაგრამ ბიბილოვის სახელზე შეწყალება რომ არ დაეწერა, მაინც შეიწყალებდნენ?
- ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მას შეიწყალებდნენ. ასე ჰაი-ჰარალოზე ლაპარაკი არ გამოვა, არც მე მომიხდება, არც სხვას.
ფიქრობთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ოსებსაც სურთ კარგი სახე შეინარჩუნონ და რუსებსაც?
- ყველამ შეინარჩუნა თავისი სახე. არავის არ მინდა ჩრდილი მივაყენო, არც ბურჯანაძეს, არც ინაშვილს, არც მოჭიდავეებს, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, არც ერთი მხარის ექსკლუზიური დამსახურება არ არის ექიმის გათავისუფლება. ყველას მოვუწოდებ, ერთმანეთს პატივი სცენ და ჩაუთვალონ ერთმანეთს ის წვლილი, რაც ვაჟა ექიმის გათავისუფლების საქმეში ყველამ ერთად გულწრფელად შეიტანა. ძალიან გულდასაწყვეტია, ასე რომ უნდათ მიისაკუთრონ, რაც მათ არ ეკუთვნით, ასიანი შედგება ერთიანებისგან, ყველამ თქვენი წვლილი შეიტანეთ ამ საქმეში და გაიხარეთ, რა არის ამაში ცუდი, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ ყოველგვარი აჟიტირების გარეშე. ბრძოლა, გულწრფელობა ერთია, მაგრამ მეორეა, რომ გამარჯვება არ უნდა მივითვისოთ. რაც შეეხება ცხინვალს, იქ მხოლოდ ერთი ადამიანი - ვაჟა გაფრინდაშვილი კი არ იყო პატიმრობაში, იქ მთელი ახალგორია ტყვეობაში, გადაკეტილია გზა და ასობით ადამიანს საშუალება არ აქვს, იმოძრაოს თბილისსა და ახალგორს შორის, ამ ჩაკეტვის ნაწილი იყო სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც.
მთლიანობაში, რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ 2019 წელს და რამდენად დაშორდა საზოგადოებას? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 2019 წელი ყველაზე წარუმატებელი იყო მმართველი გუნდის 7-წლიან ისტორიაში. ეს იყო სამარცხვინო პოლიტიკური წელი, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის განვითარება შეაფერხა, უარი თქვა რა პროპორციულ სისტემაზე. გარდა ამისა, 2019 წელს „ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ პორტირებული „ნაცები“ მისთვის უფრო პრიორიტეტულნი იყვნენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წლის გამარჯვება მოიტანეს.
- 14 ნოემბრის განწყობამ სულ გადაფარა ყველაფერი, რადგან 14 ნოემბერს ხელისუფლებამ უკან წაიღო პროპორციული სისტემის დაპირება. ასეთი რამ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, არ მახსოვს, ხელისუფლებას ასე მოეტყუებინოს თავისი ხალხი. ჩვენ ვიცნობდით ძალიან თავხედ ხელისუფლებას, როგორიც იყო „ნაცმოძრაობა“, ის მტრულად იყო განწყობილი საკუთარი ხალხის მიმართ და, რასაც ფიქრობდა, იმას აკეთებდა, გვეუბნებოდა, რასაც ფიქრობდა საქართველოზე და ასრულებდა კიდეც, მაგრამ ასეთი ტყუილი „ნაცებსაც“ არ უკადრიათ. „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნებოდა, თქვენ არ გექნებათ პროპორციული სისტემა, არ ეღირსებით ამას, თქვე საცოდავებო, და აკეთებდა კიდეც ამას, „ნაცებს“ პარლამენტშიც დაუდგამთ სპექტაკლი, ხმაც მიუცემინებიათ ხალხისთვის არჩევნებში, მაგრამ არ უთამაშიათ მაინც, რომ სულ სხვა რამ უნდოდათ და სულ სხვა გამოუვიდათ. ასეთი რამ არც შევარდნაძეს არ უკადრებია, რომ უიმე, ეს რა მოგვივიდა, როგორ არ გვეგონა, რომ ვერ გავიდოდა პროპორციული სისტემა. ეს არის დამცირება, შეურაცხყოფა, ცინიზმი ქართველი ხალხის მიმართ. ამიტომ 2019 წელი სწორედ 14 ნოემბრით დაგვირგვინდა, 10-20 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე ასეთი დაცინვა საკუთარი ხალხის მიმართ და, სამწუხაროდ, ეს წელი ამ ფორმით შევა საქართველოს ისტორიაში.
„ქართული ოცნების“ დაკნინება ხომ არ დაიწყო გავრილოვის ღამის შემდეგ, რამაც ზოგიერთებს 7 ნოემბერი, 26 მაისი გაახსენა?
- გავრილოვის ღამეს მომხდარი დარბევა საშინელება იყო, მაგრამ ამას ვერ შევადარებთ ვერც 7 ნოემბერს, ვერც 26 მაისს, გავრილოვის ღამეს ახალგაზრდები სერიოზულად დაზარალდნენ, მშვენიერმა გოგონამ თვალი დაკარგა... ტრაგედიების შედარება არ შეიძლება, პირადი ტრაგედია თითოეული ადამინისთვის პირადი ტრაგედიაა, მაგრამ 26 მაისის ტრაგედია, როცა ადამიანები მოკლეს და სახურავზე შემოაგდეს, მაინც სულ სხვა „დონეა.“ თავხედობასა და უტიფრობაში „ქართული ოცნება“ „ნაციონალებს“ ვერ მოერევა, მაგრამ „ნაცების“ თავხედობა და უტიფრობა პირდაპირი იყო, „ოცნებამ“ კი „ნაცმოძრაობას“ აჯობა ფარისევლობაში. იმათ ფარისევლობა არ სჭირდებოდათ, დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ ძალაში, ენერგიაში, ისინი დედას აგინებდნენ ქართველ ხალხს და ასრულებდნენ კიდეც ამ გინებას. ამათი ლოგიკა კი ასეთია, თითქოს თქვენიანები ვართ, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენიანები არ არიან, ზურგში ხანჯალს გვცემენ. იმის ნაცვლად, ჩვენი ხელისუფლებები ცდილობდნენ, ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ, უარესები არიან. ვერ წარმომედგინა, „ნაცმოძრაობის“ შემდეგ რაიმე ცუდის გაკეთება თუ შეეძლო საქართველოს მომდევნო ხელისუფლებას, მაგრამ თურმე შეიძლება, მოატყუო ხალხი. ეს „ქართული ოცნების“ „ნოუ-ჰაუა“, რაც ძალზე დამაფიქრებელია. პარლამენტს და ამ პარლამენტარების სიტყვას უკვე არავინ ენდობა. მომავალშიც რამეს რომ შეგვპირდნენ, სანდო იქნება? ბავშვობაში გვასწავლიდნენ მორალს, რომ ტყუილად არ უნდა დაგვეძახა „მგელი, მგელიო“, თორემ მართლაც მგელი რომ გამოჩნდებოდა, არავინ დაგვიჯერებდა. ამას ჯერ კიდევ პირველ კლასში გვასწავლიდნენ. „ქართულ ოცნებას“ მართლაც რომ მოუნდეს, გულწრფელად რაღაცას დაგვპირდეს, უკვე არავინ დაუჯერებს.
ფიქრობთ, რომ 2019 წელი იყო გარდამტეხი იმ თვალსაზრისით, რომ ამ წელს მოხდა ჩვენი საზოგადოების სოლიდური ნაწილის გაუცხოება „ქართულ ოცნებასთან?“
- ჩემს მაგალითზე ზუსტად ასე მოხდა. ამდენ ხანს თავსაც ვერ ვუტყდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი, როგორ ეცემოდნენ, მაინც ვხედავდი „ოცნების“ უპირატესობას ოპოზიციასთან მიმართებით და ვცდილობდი, გამემართლებინა, ამეხსნა „ქართული ოცნების“ მინუსები. ეს ბევრს არ მოსწონდა, მათ შორის, ჩემს მეგობრებს, ჟურნალისტებს, ყოველთვის კითხვები იყო იმის გამო, რომ მეტად ვაქებდი „ქართულ ოცნებას“, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ ჩემნაირ ადამიანშიც კი მოხდა სრული განხიბვლა და ერთი წამითაც არ მაქვს სურვილი, გავამართლო ამ ხელისუფლების ქმედებები.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, უცხოეთშიც გაუცხოება მოხდა „ქართული ოცნების“ მიმართ? როგორ აისახება ეს საქართველოს რეპუტაციაზე?
- საერთაშორისო დონეზეც ზუსტად ასე ხდება, წლევანდელ წელს უცხოელებმა ყველაზე მეტად გაიაზრეს, გაითავისეს, თურმე რა ყოფილა „ქართული ოცნება“. ეს შემაშფოთებელია, აქედან იწყება „ოცნების“ დაცემა. ეს არ იქნება საქართველოს დაცემა, საქართველოს შეფერხება კი ნამდვილად იქნება. „ოცნებამ“, სულ ცოტა, 2-3 წლით შეაფერხა საქართველოს განვითარება, რადგან მათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე საზოგადოებას უარი უთხრეს. კარგი იყო, თუ ცუდი, შერეულმა სისტემამ ამოწურა თავისი თავი, მე არ ვიცი, შერეულმა სისტემამ რა გააკეთა წარსულში კარგი, მაგრამ ცუდის კეთებაში საკუთარი თავი რომ ამოწურა, ეს ყველამ დაინახა. ამიტომ ყველას გაუხარდა, როცა გავრილოვის ღამემ აიძულა ხელისუფლება, წასულიყო ასეთ დათმობაზე... და უცებ ასეთი უტიფრობა.
ყველას საღერღელი აეშალა, იმედი გაუჩნდათ, რომ კვლავ შეძლებდნენ რეანიმაციას, მათ შორის, ზაქარეიშვილის პარტიასაც. გუბაზის მაგალითზე შეიძლება შეაფასო, რაზეა წამსვლელი პოლიტიკოსი ამის გულისათვის. თავად დაპირება,მოუფიქრებელი, კონიუნქტურული და საპიარო, რომ იყო, ყველა ხვდება. დროის კარგვაზე და სტაგნაციაზე თუ არის საუბარი, გაცილებით მეტ დროს დაკარგავს ქვეყანა პროპორციული სისტემით, რომ განხორციელდეს არჩევნები. პარლამენტი, პრაქტიკულად პარალიზებული იქნება. დასავლეთის აზრი, ამ შემთხვევაში, არ არის არც გადამწყვეტი და არც ყურადსაღები, იმდენად ტენდენციური, არამყარი და ზერელეა - დროა ასეთი.
სულ სხვა მდგომარეობაა მაჟორიტარული არჩევნების დროს. ყველა ამომრჩეველი ხედავს ყველა კანდიდატს და აქვს არჩევის უფლება.
ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები. მაშინ არც ერთ ოდიოზურ პოლიტიკოსს არ ექნება შანსი მოხვდეს პარლამენტში.