აფრასიძეების საქმის გაუხმაურებელ დეტალებზე გვესაუბრება ძველი თბილისის რაიონის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, გადამდგარი პოლკოვნიკი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ვახტანგ ჯაფარიძე, რომელმაც თავის დროზე ძებნილი ევგენი აფრასიძე დააკავა:
- გია ბარამიძის მიერ ეცერში ჩატარებულ ვანდალურ სპეცოპერაციაზე იმდენი რამ ითქვა და დაიწერა, უკვე მეუხერხულება ამაზე ლაპარაკი... როგორ არ შერცხვა გიორგი ბარამიძეს, რომ გამოვიდა და თავი იმართლა? თუმცა, კაცი რომ კაცობას დაკარგავს, მისგან რაღა უნდა გაგიკვირდეს?! სულ ტყუილი და ტყუილი... უბედურებაა, როდესაც მატყუარა კაცს თანამდებობა უკავია და ტყუილით წყვეტს ქვეყნის და ხალხის ბედ-იღბალს. ამაზე მეტი დანაშაული შეიძლება რამე იყოს?
- სააკაშვილის ნათქვამზე რას იტყვით - მე გავეცი აფრასიძეების განადგურების ბრძანებაო.
- პრეზიდენტმა კი თქვა, მაგრამ შენ რომ ამ ბრძანებას ასრულებ, ცოდვას სად მიუდიხარ, უფალი არ გწამს? 35 წელიწადი ვიმუშავე შსს-ში, მაგრამ ბორკილდადებული კაცი (ევგენი და ომეხ აფრასიძეებს ვგულისხმობ) რომ ვინმეს დაეხვრიტა, ასეთი რამ არ მსმენია - ვინ დახვრეტდა მაშინ კაცს ქუჩაში?
- ბარამიძემ თქვა, აფრასიძეებმა ჩვენს ვერტმფრენს ყუმბარმტყორცნი დაუშინეს და ძლივს მოახერხა დაჯდომაო.
- ეს ყველაფერი არის ბლეფი. რა შეიარაღება? აფრასიძეებს თუ საზენიტო არტილერია ჰქონდათ, რატომ არ დაურთეს სს საქმეს, როგორც ნივთმტკიცება? ხომ უნდა ამოეღოთ? იმაზე ამაზრზენი არაფერია, როდესაც ყოფილი მინისტრი ასე უტიფრად ცრუობს. რაც თვითონ გააკეთეს, იმას სხვას აბრალებენ.
- ბატონო ვახტანგ, თქვენ კარგად იცნობდით აფრასიძეების ოჯახს. ლეგენდებს ჰყვებიან მათ კრიმინალურ წარსულზე. შეგიძლიათ ამის დადასტურება?
- ეს ყოფილი ხელისუფლების მიერ აგორებული შავი პიარია ძალადობის გასამართლებლად. ევგენი აფრასიძე, რომელიც 16 წელი იძებნებოდა, მე დავაპატიმრე. მას სიძის (დის ქმრის) მკვლელობა ვერ დაუდასტურეს, ვინაიდან არავითარი მტკიცებულება არ იყო საქმეში. რა არ იღონა პროკურატურამ, რაიმე მტკიცებულება რომ მოეპოვებინა, არადა, ამ კაცს ერთი უბრალო დანაშაულიც კი არ ჰქონდა ჩადენილი. ჩრდილო კავკასიაში გადადიოდა და იქ შრომით არჩენდა ოჯახს.
- როგორც ამბობენ, ამ წლების განმავლობაში აფრასიძე სვანეთს არ გასცილებია და რატომ გაძნელდა მისი შეპყრობა?
- ეცერში აფრასიძეების სახლი მაღლობზე იდგა. ევგენის სოფელში ვინმეს სტუმრობა არ გამოეპარებოდა და ყოველთვის ახერხებდა ხელიდან დასხლტომას. პირველად მის ასაყვანად 40 კაცი წავედით, სულ ტყე-ტყე ვიარეთ, მაინც გავიშიფრეთ. აფრასიძეების სახლის მახლობლად ეკლესია იყო და იქ ჩავასაფრეთ ოპერატიული ჯგუფი, რაციით უნდა გადმოეცათ ჩვენთვის მისი მარშრუტი. ევგენი აფრასიძე შვილთან ერთად მიდიოდა ტყისკენ და ეკლესიასთან გაიარა. ეს ამბავი ოპერატიული ჯგუფის უფროსმა გვაცნობა. ვის მოუვიდოდა აზრად, მისთვის ცეცხლი გაეხსნა და მოეკლა? შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე სანდრო კავსაძისგან ნაბრძანები გვქონდა, სროლა არ აგვეტეხა... ვინ არ ჩაერია ამ საქმეში, ვინ არ გაიგზავნა იქ, მათ შორის ავტორიტეტული ადამიანებიც, აფრასიძეს უთვლიდნენ, ჩაგვბარდიო, მაგრამ იგი არავის ენდობოდა, ფიქრობდა, რომ დახვრეტდნენ. იარაღით დადიოდა და ამბობდა, ბოლო ტყვია ჩემთვის მაქვსო. 1999 წელს, როცა შსს-ს სს სამძებრო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე ვიყავი, გადავწყვიტე, ცოცხლად აგვეყვანა ძებნილი. პარიკით შევედი სოფელში როგორც ცემენტის გამყიდველი. ვიცოდი, სახლს იშენებდნენ და ცემენტი სჭირდებოდათ.
- პარიკით რატომ წახვედით, გიცნობდათ?
- პარიკი და წვერი იმიტომ გავიკეთე, რომ მანამდე მისასვლელი გზები დავზვერე და, როგორც ჩანს, ევგენიმ მნახა. ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. ევგენი აფრასიძეს ხალხმა სვანეთის დათა თუთაშხია შეარქვა. წარმოიდგინეთ, როგორი კაცი უნდა ყოფილიყო, ასეთი სახელი რომ შეერქმიათ?! გარკვეული დროის შემდეგ მისი ნდობა მოვიპოვე. მე და სანდრო კავსაძემ ჩავსვით მანქანაში და ზუგდიდში რომ ჩამოვედით, მერე ვუთხარი, ვახტანგ ჯაფარიძე ვარ-მეთქი. თურმე ცოლი ეუბნებოდა ჩემზე, მაგ კაცს არ ენდო, იმას არ ჰგავს, რადაც თავს ასაღებსო. ათკაციანი ჯგუფით ვიყავით, მაგრამ იარაღი არავის გაუსვრია.
- ევგენის მეუღლემ, დოდო სიდიანმა გვითხრა, რომ ამის შემდეგ თქვენ და ევგენი აფრასიძე დამეგობრდით.
- თბილისში რომ ჩამოვიყვანეთ, ზამთარი იყო, ციოდა და ევგენის ციხეში პლედი და საკვები შევუგზავნე. მერე რა, რომ პატიმარი იყო, პატიმარსაც ადამიანურად და კაცურად უნდა მოექცე. რითაც შემეძლო, ვეხმარებოდი. სამი წლის შემდეგ, ევგენი იმხანად ციხიდან უკვე გამოსული იყო, ავტოავარიაში მოვყევი. სვანეთიდან ჩამოვიდა და ჯიხვის რქები ჩამომიტანა... ომეხი რომ გზას აცდენილი იყო, ამას არ უარვყოფ. სპეცოპერაციამდე გამომძიებელმა ბათუ საღინაძემ დამირეკა შს მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავას თხოვნით: ნოდარ გვიჩიანმა კალაძეებისგან 200 ათასი დოლარი აიღო, ომეხ აფრასიძეს მიუტანა და, იქნებ დაგვეხმარო, შენ გარდა იმ ფულს ვერავინ ამოიღებსო. იმ საღამოსვე დავურეკე ომეხს, რომელმაც მითხრა, ფული მართლა ჩამომიტანა ოთხმა კაცმა და მითხრეს, იქნებ კალაძის ადგილსამყოფელი დაგვიდგინოო. ომეხს უთქვამს, მე რა კავშირი მაქვს ამასთან, არაფერი ვიციო. ისე, საღინაძეც რაღაცებს თხზავდა. ომეხმა მითხრა, როცა დავარწმუნე, კალაძის შესახებ არაფერი ვიცოდი, 10.000 დოლარი დამიტოვეს და დამიბარეს, იქნებ რამე გაგვიგოო. ის ფული შენახული მაქვს, ხელი არ მიხლია, დანარჩენი - 190.000 უკან წაიღესო. მე ის არ მომატყუებდა. მეორე დღესვე მივედი შსს-ში და ვნახე ბათუ საღინაძე. ამ დროს მის კაბინეტში იყო ლევანის მამა - კარლო კალაძე. საღინაძეს პირდაპირ ვუთხარი ომეხის ნათქვამი, ბათუ ამას ვერ უარყოფს. ომეხ აფრასიძე იმის გამო იძებნებოდა, რომ დაჭრა მეგობარი, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. ვურჩიე მას, ოჯახს ნუ დაღუპავ, ჩაბარდი-მეთქი და ისიც შემპირდა, აუცილებლად ჩამოვალ და ჩაგბარდებით, თქვენ მიმიყვანეთ პოლიციაში, ოღონდ, ორი კვირა მაცალეთო. თუმცა არ აცალეს და მალევე ჩატარდა სპეცოპერაცია. ის, რომ ომეხ აფრასიძემ ლევან კალაძის ადგილსამყოფელი იცოდა, ტყუილია.
- მაშინ რატომღა ჩაცხრილეს აფრასიძეები?
- ჰკითხეთ მათ, რატომ ჩაცხრილეს. მარტო აფრასიძეები ჩაცხრილეს? ვანო მერაბიშვილს წერილიც კი მივწერე... ამაზე ახლა ნუ მალაპარაკებ...
- ძმებზე - გოჩასა და შმაგი აფრასიძეებზე რას იტყვით?
- შმაგის ჰყავდა ოჯახი, 4 შვილი. მთელი სვანეთი დაადასტურებს, რომ მას დანაშაული არასოდეს ჩაუდენია. ის მშრომელი ადამიანი იყო. იგივე ითქმის გოჩაზეც. ბატონმა ბარამიძემ რომ თქვა, წინააღმდეგობას გვიწევდნენო, არ შერცხვა?! ქუთაისის სასამართლომ ამ კაცს 18 წელი რომ მიუსაჯა, ნეტა როგორ სძინავს იმ მოსამართლეს, ძალიან მაინტერესებს. ან გოჩამ რა წინააღმდეგობა გაუწია, ზემოდან წვიმასავით მოდიოდა ტყვიები. 48 ოპერაცია მაქვს ჩატარებული, ყველა მათგანზე გეგმა მქონდა და ყველა უსისხლოდ ჩავამთავრეთ. გეგმა კი არა, ყოფილ თანამშრომლებს ახლოს არ გვიკარებენ!
- ბატონო ვახტანგ, თქვენზე, ომის ვეტერანებზე ვინმე ზრუნავს?
- ქალაქის მერი ერთხელაც რომ არ შეხვდება ომის ვეტერანებს, რა უნდა ელაპარაკო? დახმარებები რომ გაუუქმეს, საწყალი ომის ვეტერანები მიდიოდნენ მერიასთან, უგულავა მეორე სართულზე იჯდა და ერთს არ გადმოხედავდა და დაელაპარაკებოდა ამ ხალხს. რატომ შეგვიძულა ასე?! 9 მაისს ვაკის პარკში ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეგვხვდა ომის ვეტერანებს, ადამიანურად დაგველაპარაკა, დახმარებას შეგვპირდა. ამ ხალხს ჯერ წესიერად არ ჩაუბარებია ხელისუფლება და უკვე პრეტენზიებს უცხადებენ. ბარამიძემ რომ უსაყვედურა, გრაფიკი არ გაქვთ, დანაპირებს არ ასრულებთო, თვითონ ცხრა წელი იყვნენ ხელისუფლებაში და რა შეუსრულეს ხალხს?