ტელეკომპანია „კავკასიის“ ინციდენტის გამო დაკავებული აფხაიძე შიმშილობას იწყებს

ტელეკომპანია „კავკასიის“ ინციდენტის გამო დაკავებული აფხაიძე შიმშილობას იწყებს

მსჯავრდებულ შოთა აფხაიძის ადვოკატი გიგა გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ პატიმარი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ იგი პრინციპულად უარს ამბობს შეწყალების გზით საპყრობილის დატოვებაზე. ამის შესახებ ადვოკატმა for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს,  „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ (მმკ), „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ (სმმ) წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილი უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელს დავით აქუბარდიას და ტელეკომპანიის თანამშრომლებს.

მოგვიანებით „კავკასიაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს. მათ შორის იყო შოთა აფხაიძე. დღესდღეობით ეს ადამიანები პოლიტპატიმართა იმ სიაში არიან მოხვედრილები, რომელსაც არასამთავრობოები უახლოეს დღეებში განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადასცემენ. „კავკასიის“ ინციდენტთან დაკავშირებით დაპატიმრებულ პირებს შორის მხოლოდ მალხაზ გულაშვილი არის ციხიდან გათავისუფლებული, დანარჩენები კი დღესაც იხდიან სასჯელს. აღსანიშნავია, რომ მათ დიდ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მიუვიდათ ბრძანება შეწყალებასთან დაკავშირებით, თანაც ისე, რომ არც ერთ მათგანს შეწყალებაზე თხოვნა არ დაუწერია. შეწყალება მიიღო შოთა აფხაიძემაც, რომელიც როგორც მოგახსენეთ, მასზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ არის პოლიტპატიმარი და მხოლოდ პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრების საკითხის განხილვის შემდეგ სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად დატოვებს ციხეს.

თუმცა მისი ადვოკატი, გიგა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ აფხაიძეს უკანასკნელ პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუუარესდა. ადვოკატის თქმით, „კავკასიის“ ინციდენტთან დაკავშირებით პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ გლდანის ციხეში წამების მრავალნაირი მეთოდი იყო გამოყენებული და აფხაიძის ჯანმრთელობის დამძიმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის.

გიგა გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ორი თვის წინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიმართა თხოვნით, შოთა აფხაიძე სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანათ, რადგან მისი თქმით, პატიმრის წამებაში მონაწილე პირები დღესაც გლდანის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მუშაობენ, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შოთა აფხაიძეს სათანადო გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა იქ ვერ ჩაუტარდება. ადვოკატი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ აფხაიძეს ხმის იოგზე კისტოზური წარმონაქმნი აქვს, რაც ონკოლოგიური დაავადებაა და საკმაოდ მკაცრ მეთვალყურეობას საჭიროებს. აქვე გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთია იმ მრავალრიცხოვან დაავადებათაგან, რაც პატიმარს აწუხებს. ამიტომაც აუცილებელია მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს, მაგრამ ამ განცხადების საპასუხოდ სამინისტროს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

„რამდენიმე დღის წინ შოთა აფხაიძეს შეტევა დაემართა, უჭირდა სუნთქვა და სასწრაფო დახმარების სამსახურმა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მოკლევადიანი გამოკვლევები ჩაუტარდა, მიეცა დანიშნულება და ისევ რუსთავის N12 დაწესებულებაში (სადაც იგი სასჯელს იხდის) გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დანიშნულების, რომელიც ექიმმა აფხაიძეს მისცა ციხეში შესრულება, პრაქტიკულად შეუძლებელია. თავიდან ამაზე თავს ვიკავებდით, მაგრამ შემდეგ სამინისტროს აფხაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების თხოვნით მივმართეთ. ის დანაშაულები, რაც მას დააბრალეს (მაგრამ რაც არ ჩაუდენია), ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და ის საშეღავათო პერიოდი, რაც პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლებას შესაძლებელს ხდის, უკვე გასულია. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ შოთა აფხაიძე ამ პირობით გათავისუფლდეს“, - ამბობს ადვოკატი გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, სამინისტროსადმი მიმართვას საფუძვლად ედო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ადვოკატი ითხოვდა, რომ მათ ეს გარემოება მიეღოთ მხედველობაში, მაგრამ რეაგირება არც ამ შუამდგომლობას მოჰყოლია.

„მე გაგაცნობთ იმ ინფორმაციას, რომელიც შოთა აფხაიძეს აქვს და რომლის შესახებაც მას სურს, რომ ჟურნალისტებს აუწყოს. კერძოდ, იგი ამბობს, რომ იმ კომისიაში, რომელიც პატიმრების პირობით ვადაზე ადრე, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განთავისუფლების საკითხებს განიხილავს, არიან ის პირები, რომლებიც გლდანის ციხეში აფხაიძის ყოფნისას მის წამებაში უშუალოდ ღებულობდნენ მონაწილეობას. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ კომისიაში ის პირები არიან, რომლებმაც მალხაზ გულაშვილს განთავისუფლებაზე ორჯერ თუ სამჯერ უარი უთხრეს, ხოლო მოგვიანებით, მინისტრის შუამდგომლობის საფუძველზე რატომღაც გაანთავისუფლეს“, - ამბობს ადვოკატი.  

მისი თქმით, შოთა აფხაიძე კომისიის ამ წევრები ვინაობასაც ასახელებს, თუმცა ადვოკატი მათი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს. ამასთანავე, გაჩეჩილაძე ამბობს, რომ დღეიდან შოთა აფხაიძე შიმშილობას აცხადებს და მასთან ჟურნალისტების შესვლას ითხოვს, რათა პირადად გააცნოს ჟურნალისტებს იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც ამ კომისიაში მუშაობენ. პატიმრის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ადვოკატი ამბობს, რომ აფხაიძეს იმ დაწესებულების დირექტორი, სადაც იგი სასჯელს იხდის, შეძლებისდაგვარად გვერდში უდგას და ყველანაირად ცდილობს, მისი მძიმე მდგომარეობა შეამსუბუქოს, მაგრამ პატიმარს სპეციფიური მკურნალობა და შესაბამისი დიეტა ესაჭიროება. ამის განხორციელება კი ციხის პირობებში უბრალოდ შეუძლებელია. ამასთანავე, შოთა აფხაიძეს საკმაოდ რთული ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება, რაც ასევე ვერ მოხდება ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. ამიტომაც ადვოკატი მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.