ფოტორეპორტიორებმა შესაძლოა ზურაბ ჟვანიას საქმეს ნათელი მოჰფინონ

ფოტორეპორტიორებმა შესაძლოა ზურაბ ჟვანიას საქმეს ნათელი მოჰფინონ

2011 წლის ზაფხულში თბილისში რამდენიმე ფოტორეპორტიორი დააკავეს. ფოტორეპორტიორთა დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოში ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე და  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებოდათ ”ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება.” მოგვიანებით ნათია გედენიძე გაათავისუფლეს, ფოტორეპორტიორებთან კი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მათ აღარებითი ჩვენებებიც მისცეს. გედენიძემ დაკავებიდან ორ დღეში აღიარა "დანაშაული", ქურციკიძემ 8 დღეში, ხოლო აბდალაძემ, რომელიც 7 დღე შიმშილობდა კიდეც იმის გამო, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, აღიარებითი ჩვენება დაკავებიდან მე-11 დღეს მისცა, თუმცა მათი აღიარებითი ჩვენებების ქართულ საზოგადოებაში თავიდანვე არავის სჯეროდა. მოგვიანებით კი ცხადი გახდა, რომ ფოტორეპორტიორებზე 2011 წლის 26 მაისს გადაღებული მასალების გამო იძიეს შური, რადგან სწორედ ამ ადამიანების ნამუშევრების წყალობით მთელმა მსოფლიომ იხილა 26 მაისის აქციის სისხლიანი დარბევა.

დღეს ერთ-ერთი ფოტორეპორტიორი, გიორგი აბდალაძე აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ის და მისი კოლეგები ხელახალი გამოძიების დაწყების თხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავენ და ისეთ მასალებს წარუდგენენ, რომლებიც საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი  იქნება. აბდალაძე ამბობს, რომ მასალა, რომელიც პროკურატურას გადაეცემა, საჯაროც გახდება და მასში არა მხოლოდ ფოტორეპორტიორების უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები იქნება, არამედ ბევრ სხვა, მათ შორის მრავალ ცნობილ საქმესთან დაკავშირებით იქნება მასალები წარმოდგენილი.

გიორგი აბდალაძე: „ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები უახლოეს დღეებში ვაპირებთ მთავარი პროკურორის სახელზე საჩივარი შევიტანოთ მოთხოვნით, რომ ჩვენი საქმე გადაიხედოს. ამასთანავე, ველოდებით მტკიცებულებებს, ანუ რაღაც მასალებს, რომლებიც დაამტკიცებს, რომ ჩვენ სრულიად უდანაშაულო ადამიანები ვართ და ცხადჰყოფს იმასაც, თუ როგორ ითითხნებოდა ჩვენი პირადი საქმე. გარდა ამისა, ამ მასალაში იქნება სერიოზული მტკიცებულებები სხვა საქმეებთან მიმართებაშიც. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს არის არქივი, რომელიც მთლიანად სისტების გამოაშკარავებას მოახდენს, ანუ აჩვენებს, როგორ მუშაობდა პროკურატურა, სოდ-ი და კუდ-ი და როგორ იკერებოდა საქმეები (არა მხოლოდ ჩვენი).

ამ შემთხვევაში საუბარია ვიდეო და აუდიო მასალებზე, თუ დოკუმენტურ მტკიცებულებებზე?
- ყველაფერ ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ აუცილებლად იქნება ვიდეო მასალებიც, მაგრამ ასევე სხვა დოკუმენტებიც. ამაზე დეტალურად ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ.

თქვენ ამბობთ, რომ ელოდებით მტკიცებულებებს. გამოდის, რომ თავად სისტემის თანამშრომლისგან უნდა მიიღოთ ეს არქივი?
- ამ კითხვაზე პასუხისაგან თავს შევიკავებ. ვიცი, რომ ეს მტკიცებულებები არსებობს და არა მხოლოდ ჩვენს საქმეზე. სხვას ვერაფერს გეტყვით.

როგორც ჩანს, ვიღაცასთან გარკვეული მოლაპარაკება გაქვთ?
- დიახ.

გიორგი, როდესაც ციხის ცნობილი კადრები გახდა საჯარო, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს იყო მონტაჟი, დაკვეთა და ა.შ. თქვენ პირადად მოგიწიათ ამ სისტემასთან შეხება და იძულებული გახდით, აღიარებითი ჩვენება მიგეცათ დანაშაულზე, რომელიც არ ჩაგიდენიათ. ამდენად, თქვენ საკმაოდ სერიოზული წნეხის ქვეშ მოექეცით და შეგიძლიათ თქვათ, რამდენად მძიმე იყო სიტუაცია ქართულ ციხეებში?
- ის, რაც ციხეში ხდებოდა, იცოდა თითოეულმა პატიმარმა, რომელიც იქ იმყოფებოდა. მართალია, ეს ყველაფერი გარეთ არ იყო გამოტანილი, მაგრამ ყველა პატიმარი ყვებოდა თავის ისტორიას იმ მმართველობის შესახებ, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალაიას მიერ იყო დამკვიდრებული. ამ კადრების მეშვეობით კი მთელმა საზოგადოებამ გაიგო, როგორი სისასტიკე და არაადამიანური მოპყრობა იყო ქართულ ციხეებში.

რამდენადაც ცნობილია, თქვენს მიმართ საქმე დღესაც არ არის შეწყვეტილი. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- დიახ, ჩვენ დღესაც პრობაციონერები ვართ, ვიხდით პირობით სასჯელს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი საქმე გადაიხედება, ყველაფერი შეიცვლება.

თქვენზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, რის გამოც იძულებული გახდით აღიარებითი ჩვენება მიგეცათ. შეგიძლიათ დაასახელოთ ის ადამიანები, ვინც თქვენზე ზემოქმედებას ახდენდა?
- მე პირადად მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს ვდებ ბრალს. შემსრულებლები სულ სხვა თემაა, მაგრამ უშუალოდ სააკაშვილის ბრძანებით, ადეიშვილის შეთითხნილი ბრალდებებით და მერაბიშვილის აღსრულებით მოხდა ის, რაც მოხდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს საქმესთან დაკავშირებით ყველა ეს ადამიანი დაიკითხება.

თქვენ შემსრულებლები ახსენეთ და თქვენთვის ცნობილია მათი ვინაობა, თუ მხოლოდ სახეზე სცნობთ მათ?
- ვიზუალურად აბსოლუტურად ყველას ვცნობ და სხვათაშორის ციხის კადრებშიც ბევრი მათგანი ამოვიცანი. გვარებისა და სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა რამე შემეშალოს და რომელიმე უდანაშაულო ადამიანის ვინაობა არ დავასახელო.

თქვენ ამბობთ, რომ თქვენს მიერ იქნება წარმოდგენილი მასალები, რომლებიც არა მხოლოდ თქვენს საქმეს, არამედ ბევრ სხვა საქმესაც შეეხება. ამ საქმეებს შორის არის რომელიმე ცნობილი და გახმაურებული საქმე?
- დიახ, ძალიან ბევრ საქმესთან დაკავშირებით იქნება მტკიცებულებები წარმოდგენილი და მთელს ამ საქმეებს თავდაყირა დააყენებს, რადგან ციხეებში არსებულ სიტუაციას გამოააშკარავებს.

მოდით პირდაპირ გკითხავთ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობდა ვიდეო-მასალა, რომელიც ამ საქმეს ნათელს მოჰფენდა. თქვენს მიერ წარმოდგენილ მასალებში ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებული ვიდეო-ჩანაწერიც შეიძლება იყოს?
- ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ეს საკმაოდ დიდი არქივია და ვიცი, რომ მასში ჩვენს საქმესთან მიმართებაში სერიოზული მტკიცებულებებია. რაც შეეხება ჟვანიას საქმეს, მე უბრალოდ არ ვიცი, ამ საქმესთან დაკავშირებით ამ არქივში არის თუ არა მასალები.“