ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებული ადამიანები დახმარებას უკვე ახალ მთავრობას სთხოვენ. ისინი წელიწადზე მეტია უშედეგოდ დაეძებენ სამართალს. არჩევნების წინ ჰიბრიდული პროგრამით დაზარალებულებმა პოლიტიკურ პარტიებსაც კი მიმართეს დახმარებისთვის, მაგრამ დიდი გამოხმაურება ამ საკითხს არ მოჰყოლია.
რამდენადაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდეც მხარს უჭერდა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებული გლეხების დახმარებას და მათი ვალების ჩამოწერას, ახლა ჯერი მათზეა. ფერმერებს დიდი მოლოდინი აქვთ, რომ უსამართლოდ დაკისრებული ვალებისგან გათავისუფლდებიან.
უნდა ითქვას, რომ ახალი მთავრობა, რაც შეეძლო, სწრაფად დაინტერესდა დაზარალებულთა პრობლემებით და მათ ნაწილს უახლოეს მომავალში პარლამენტის აგრარული კომიტეტში შეხვდებიან და სპეციალური მოსმენაც გაიმართება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი სოფლის მეურნეობის კორპორაციიას დაზარალებული ფერმერების დავალიანების რესტრუქტურიზაციის თხოვნით უკვე მიმართა.
„ჰიბრიდული სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირის“ თამჯდომარე ელიზავეტა ფიოდოროვა-ქორიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ შეინიშნება. სხვათა შორის, მან არჩევნებამდე კითხვით მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თუ დაინტერესდებოდნენ დაზარალებულთა პრობლემებით და აღმოუჩენდნენ მათ რეალურ დახმარებას. მაშინ ფიოდოროვა-ქორიძის კითხვას მეტ-ნაკლებად „ქართული ოცნება“ გამოეხმაურა და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემის მოგვარების სურვილი გამოთქვეს.
ახლა, რადგან მთავრობაში სწორედ ივანიშვილის გუნდია, დაზარალებულებს იმედი გაუჩნდათ, თუმცა კონკრეტულად მათთან რაიმე სახის მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა.
„უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ შევხვდეთ პარლამენტის აგრარული კომიტეტის წევრებს. ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან კონკრეტული მოთხოვნები არ გვაქვს, რადგან შეიცვლა მთავრობა და სიტუაციაც შეცვლილია.
მოკლედ, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება. რაღაც ფორმით უნდა მოხდეს ჩვენი ზარალის ანაზღაურება. მეორე და უმთავრესი ისაა, რომ ვაპირებთ პროკურატურაში განცხადების შეტანასაც. ჰიბრიდული თესლის პროგრამა იყო დიდი სახელმწიფო „აფიორა“ და ის აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული“, - განაცხადა პრესასთან საუბრისას ელიზავეტა ფიოდოროვა-ქორიძემ.
ჰიბრიდული თესლის პროგრამით დაზარალებულ მოსახლეობასთან, ფერმერებთან შეხვედრა იგეგმება პარლამენტის აგრარულ კომიტეტში. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, შეხვედრა რამდენიმე ძალიან მალე გაიმართება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სამართლებრივად მათ არ აქვთ უფლება, რომ კომერციული სტრუქტურისა და კერძო პირის ურთიერთობებში ჩაერიონ. „ამიტომ მივმართეთ სოფლის მეურნეობის კორპორაციას თხოვნით, რომ დავალიანებების გადავადება მოხდეს. ალბათ, თხოვნა გათვალისწინებული იქნება“, - ამბობენ სამინისტროში.
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულებთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხია. ზოგიერთ ფერმერს ჰიბრიდული მოსავალი (რაც კი მოიწია) სპეციალურ შემნახველ კონტენიერებში აქვთ გადატანილი, სადაც 1 კგ მარცვლის შენახვა 8 თეთრი ჯდება. მართალია, სიმინდის ეს უმნიშვნელო რაოდენობა მათ ზარალს ვერ აანაზღაურებს, მაგრამ ისინი ბაზარზე ფასების აწევას მაინც ელოდებოდნენ. აკი, ასე იყვნენ წინა მთავრობისგან ინფორმირებულნი, რომ საერთაშორისო ბირჟებზე სიმინდი განუხრელად ძვირდებოდა. სინამდვილეში კი ბოლო 1 წელია სიმინდი მსოფლიო ბაზარზე და ადგილობრივზეც საკმაოდ გაიაფდა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, უხვმოსალიანობაა.
საქართველოში წლეულს, შარშანდელთან შედარებით, მოსავლის რაოდენობა გაორმაგდა, ფასი კი განახევრდა. გასული წლის ამ პერიოდში 1 ფუთი (16 კგ) სიმინდის ღირებულება, საშუალოდ, 13-15 ლარს შეადგენდა. ამ ეტაპზე მისი საბაზრო ფასი 7-8 ლარია.
სავარაუდოდ, სიმინდზე დაბალი ფასი მთელი სეზონის განმავლობაში შენარჩუნდება. სპეცილისტები მიიჩნევენ, რომ ეს კარგად იმოქმედებს ქართული სოფლების მდგომარეობაზე და გლეხებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
მართალია, უხვი მოსავალი ახარებთ, მაგრამ ფასის გამო გლეხები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ გაორმაგებული მოსავალი მათ მატერიალურ მდგომარეობაზე, შეიძლება, არც აისახოს, რადგან ფასი ძალიან დაბალია.