ივანიშვილის დაცვის წევრს კუდ-ის მაღალჩინოსნებმა 150 000 ევრო გადაუხადეს

ივანიშვილის დაცვის წევრს კუდ-ის მაღალჩინოსნებმა 150 000 ევრო გადაუხადეს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს 12 მაღალჩინოსანი დააკავეს. ესენი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე  ზაალ მაისურაძე; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი; შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე; შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი; კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.

დღეს კი მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა საზოგადოებას გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის მოპოვებული ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტ-მომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მასში დაცული ინფორმაციის მოგროვება და კომპიუტერის ადგილმდებარეობის სივრცეში (ანუ ოთახში) აუდიო და ვიდეო თვალთვალის განხორციელება. მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდ-ის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების კომპიუტერულ სისტემებში უნებართვოდ აღწევდა და არასანქცირებულ მოსმენებს ახორციელებდა.

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მსგავსი სქემით მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის კომპიუტერში (საქართველოს საზღვრებს გარეთ), ნინო ბურჯანაძის კომპიუტერში და ასევე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში შეღწევა და ამ გზით კუდ-ის თანამშრომლებს უკანონოდ მოპოვებული მრავალი საუბრის ჩანაწერი დაუგროვდათ.

„2012 წლის 26 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ბექა კვარაცხელიას შს მინისტრის მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი დაუკავშირდა და კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ სხვადასხვა ფარული მასალების მოძიება დაავალა, რომელთა გამოქვეყნებაც კოალიციის ლიდერთა მიმართ ხალხის უნდობლობას გამოიწვევდა. ბექა კვარაცხელიამ ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული რამდენიმე პოლიტიკური პირის საუბარი შეარჩია, დააკოპირა ისინი შესაბამის დისკებზე და 26 სექტემბერს საღამოს საათებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე შოთა ხიზანიშვილს გადასცა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი პრეზიდენტის სასახლეში შევიდა“, - აცხადებს მთავარი პროკურორი.

მისი თქმით, მეორე დღეს, 27 სექტემბერს შოთა ხიზანიშვილი დაუკავშირდა ბექა კვარაცხელიას, უთხრა, რომ საჭირო საუბრები ამოარჩია და დაავალა ეს საუბრები ინტერნეტპორტალ youtobe.com-ზე ისეთი სახით განეთავსებინა, თითქოს ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას მიერ იყო განთავსებული. კუდ-ის თანამშრომლებმა სურმავა „იუთუბზე“ მომხმარებლად დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც საიტზე შოთა ხიზანიშვილის მიერ წინასწარ შერჩეული ჩანაწერები ატვირთეს. არჩილ კბილაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წევრების საუბრები 27, 28 და 29 სექტემბერს „იუთუბზე“ ასეთი გზით აიტვირთა. ამ ყველაფრისთვის სურმავას გამოყენებას კი კუდ-ის თანამშრომლების მიერ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უძღოდა წინ. კერძოდ, მთავარი პროკურორის განცხადებით, კუდ-ის თანამშრომლების მიერ უკანონოდ იქნა მოპოვებული ბესიკ სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი, რაც მასზე შანტაჟისთვის იქნა გამოყენებული. იმის შიშით, რომ ეს მასალა საჯარო არ გამხდარიყო, სურმავა დათანხმდა კუდ-ის თანამშრომლების მოთხოვნას, რომ უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო საუბრები თავისი სახელით გაევრცელებინა.

„2012 წლის 17 სექტემბერს, გამთენიისას, ბესარიონ სურმავა კუდ-ის თანამშრომლების მიერ მოდულის შენობაში იყო გადაყვანილი. მისი წახალისების მიზნით შოთა ხიზანიშვილმა კუდ-ის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილს დაავალა, რომ სურმავასთვის შსს-ს სახელით 100 000 დოლარი შეეთავაზებინათ, თუმცა საბოლოოდ, სურმავასთან გასაუბრების შემდეგ, მას გასამრჯელოს სახით 150 000 ევრო გადაუხადეს. ეს თანხა ბესარიონ სურმავას მოდულის შენობაში გადაეცა და საამისოდ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ფულადი თანხა იყო გამოყენებული. ამის შემდეგ ბესარიონ სურმავას გადაეცა წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომლის შინაარსიც მან ვიდეო-კამერის წინ გამოთქვა“, - ამბობს არჩილ კბილაშვილი.

მისი თქმით, ამის შემდეგ სურმავა აღარ გაუშვეს და გადაიყვანეს აჭარაში, სადაც რამდენიმე დღით აღუკვეთეს თავისუფლება. მთავარი პროკურორის განმარტებით, გარდა ამისა, დაკავებული პირების ჩვენებებიდან სხვა დანაშაულის ფაქტიც ვლინდება. კერძოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის, გიორგი ყავლაშვილის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიღებული ჰქონდა დავალება, ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ ჯგუფთან“ დაკავშირებული ყველანაირი ტვირთის შემოტანის შესახებ კუდ-ის ხელმძღვანელობისათვის ეცნობებინა. ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ კი კუდ-ის თანამშრომლები საბაჟოზე გარკვეული ტვირთების გაჩერებას და ელექტროტექნიკის მწყობრიდან გამოყვანას ახდენდნენ.

შესაბამისად, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლევან ქარდავას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და და 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტება). ამავე მუხლებითა და კიდევ 157-ე მუხლით (საუბრების უკანონო მოსმენა) არის დაკავებული ვახტანგ ბოჭორიშვილი. კუდ-ის დანარჩენი მაღალჩინოსნებიც თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საუბრების უკანონო მოსმენისა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით არიან დაკავებულები. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შოთა ხიზანიშვილს ამ ეტაპზე ბრალდება სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტებას ედავება. აქვე მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ გამოძიება გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების საქმეებიც იქნება შესწავლილი.