მაქსიმუმი დაუბეგრავი მინიმუმიდან

მაქსიმუმი დაუბეგრავი მინიმუმიდან

დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით ახალი ინიციატივები ჩნდება. ირკვევა, რომ მისი ზღვარი ცვალებადი იქნება და ის საარსებო მინიმუმის ზრდასთან ერთად შეიცვლება.

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის პირველი მოადგილის, უმრავლესობის წევრის  ნოდარ ებანოიძის  თქმით, მომავალ წლებში საარსებო მინიმუმი ზრდაა დაგეგმილი  და შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმიც შეიცვლება.

დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი 2013 წლიდან ამოქმედდება და იმ პირებს შეეხება, რომელთა დაქირავებით მიღებული შემოსავალიც წლის განმავლობაში არ აღემატება 6 000 ლარს.

აღნიშნული სიახლის ირგვლივ არაერთი კითხვა გაჩნდა – საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია,  რომ მათ მთელი ხელფასის 20% დაუბრუნდებოდათ, თუმცა ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საუბარია მხოლოდ საარსებო მინიმუმის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე იმ პირებისთვის, რომლებსაც 500 ლარი ან ნაკლები ხელფასი აქვთ. 

თუმცა აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი. ჯერ ერთი, რომ დასაქმებულებს დაუბეგრავი მინიმუმის სახით 6000 ლარის 20%-ს კი არ დაუბრუნებენ, არამედ მხოლოდ 1800 ლარის 20%-ს; ანუ დაუბეგრავებში მოხვდება ყველა ის ადამიანი ვისაც წელიწადში 6000 ლარი ან ნაკლები შემოსავალი აქვს (თვეში, საშუალოდ, 500 ლარი), მაგრამ ამ შემოსავლის მხოლოდ ნაწილი, ანუ 1800 ლარი არ დაიბეგრება (თვეში, საშუალოდ, 150 ლარი). ეს ნიშნავს, რომ არ იბეგრება საარსებო მინიმუმის ტოლსწორი თანხა. დანარჩენი 4200 ლარი საშემოსავლო გადასახადით ჩვეულებრივად დაიბეგრება.

აქედან გამოდის, რომ მთელი წლის განმავლობაში დასაქმებულები მაქსიმუმ 360 ლარის შეღავათით ისარგებლებენ და 2014 წელსაც სწორედ ამ რაოდენობის თანხა დაუბრუნდებათ. რამდენადაც საქართველოში 680 ათასი დაქირავებით დასაქმებულია და სტატისტიკოსთა მიახლოებითი გამოთვლით, მათგან 300 ათას ადამიანს აქვს თვეში 500 ლარამდე შემოსავალი, სწორედ ეს კატეგორია გადაინაცვლებს დაუბეგრავებში. ეს კი დასაქმებულთა 45%-ია.

მეორე მომენტი უფრო რთულია. საუბარია, რომ მომავალში უნდა გადაიხედოს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი. ახალი მონაცემის დადგენის შემთხვევაში კი, მასზე უნდა მოხდეს სწორება როგორც პენსიის ზრდის, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის ახალი ზღვრის დაწესების კუთხით. ეს კი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. იმისათვის, რომ სააარსებო მინიმუმის მაჩვენებელი შეიცვალოს, საჭიროა,  მეთოდოლოგიის შეცვლა, ახალი პრიორიტეტების დადგენა, ზოგადად კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახლებურად მუშაობა. ამ ყველაფერს კი სჭირდება სტატისტიკის რეფორმირება. ჯერჯერობით კი «საქსტატი» ისევ ძველი შემადგენლობით მუშაობს და როგორც ჩანს, ახლო მომავალში იქ «სისხლის გადასხმა» არ იგეგმება. ნაცმოძრაობის სტატისტიკოსების დადგენილი საარსებო მინიმუმი კი სახეზეა და ის თვეში 150,6 ლარს არ აღემატება.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის პავლე კუბლაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობისთვის დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება მიუღებელია.

,,ჩვენ მსგავს მიდგომას არ ვეთანხმებით, ეს მიუღებელია  ეკონომიკისთვისაც, ინვესტიციებისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადასახადების თვალსაზრისით, მეწარმეზედაც შეიძლება დაბალი იყოს  საგადასახადო ტვირთი და იყოს გასაგები მთლიანად ეს მექანიზმი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გადასახადის შემცირების ალტერნატივა ვერანაირად ვერ იქნება დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება,“ – აცხადებს კუბლაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დაუბეგრავი მინიმუმის საკითხი განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკაა და ძირითადად უტოლდება საარსებო მინიმუმს, ეს არის თანხა, რომლის გამოქვითვაც ხდება ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავლიდან.

„მთლიანობაში ინიციატივა მისასალმებელია. 2013 წლის ბიუჯეტში ის კლებას არ გამოიწვევს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, რომელიც 1,8 მლრდ. ლარს შეადგენს. კლება აისახება 2014 წელს, როდესაც მოხდება ამ გადასახადის უკან დაბრუნება. მნიშვნელოვანია გადასახადის დაბრუნების მარტივი მექანიზმის შექმნა. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ეს შეღავათი დასაქმებულების დაახლოებით 30-40%–ს შეეხება. ზოგადად კარგი იქნება თუ მთავრობა მომავალში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირების საკითხსაც გადახედავს,“ – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.