"ფორუმი" პარტია "ქართულ ოცნებას" უერთდება?! - "ფორუმმა" თავისი მისია უკვე შეასრულა"

"ბევრს ეგონა, ფრაქცია პარლამენტში არასაკმარისი ხალხის გამო არ გავაკეთეთ, ამ დროს 6 დეპუტატი გვყავს - ამ არჩევნებში გმირულად ვიბრძოლეთ თბილისში, გორში, ქუთაისში, ფოთში, მოვიგეთ და პარლამენტში "ფორუმიდან" 6 კაცი შევიდა. ანუ ჩვენ ფრაქციის შექმნა შეგვეძლო და ეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ გავაკეთეთ: "ფორუმმა" გადაწყვიტა, დარჩეს ფრაქცია "ქართული ოცნების" შემადგენლობაში, რადგან პარტია "ოცნება" უნდა გაძლიერდეს "ფორუმისა" და ფორუმელების ხარჯზე. ეს სამაგალითოც უნდა იყოს სხვისთვის - ჩვენ ჩვენი პარტიის ინტერესები, ფაქტობრივად გავანულეთ, ჩვენი ინტერესები უკან გადავწიეთ და სანაცვლოდ, წინ წამოვწიეთ კოალიციიის ინტერესები", - აცხადებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია და მინდა ეს თემა ამ საუბრით საერთოდ დავხურო!" / რა ბედი ელის "ეროვნულ ფორუმს", რა განმარტებას აკეთებს ფარულ ჩანაწერებზე და როდის მიდის პანკისელ ქისტებთან გუბაზ სანიკიძე.

"პარტია "ქართული ოცნება" ბრძოლისუნარიან ორგანიზაციად უნდა ჩამოყალიბდეს, სტრუქტურებია ასაწყობი, რეგიონული ორგანიზაციებია დასაფუძნებელი. ეს პარტია ვინმეს ეჭვის გამო კი არა, იმიტომ უნდა გაძლიერდეს, რომ სახელისუფლებო პარტიაა, ოღონდ ისე კი არა, ნაციონალებს რომ გამოუვიდათ, პარტის ხელისუფლებასთან შეზრდილი რომაა და როგორც კი მოწყვეტ, მერე პარაზიტულ ორგანიზაციად რომ იქცევა! როგორც კი კოალიციაში შევედით თებერვალში, ეს გადაწყვეტილება მაშინვე მივიღეთ. "ფორუმმა" ძალიან სერიოზული როლი უკვე ითამაშა ქართულ პოლიტიკაში, ახლა მიგვაჩნია, რომ "ფორუმმა" თავისი მისია და საქმიანობა შეასრულა ხალხის ფეხზე დაყენებაში, პროტესტის გაღვივებაში, მხნეობის აღდგენაში, ამით იყო სწორედ გამორჩეული", - აღნიშნავს გამოხცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - "პირდაპირ მიპასუხეთ, "ფორუმი" უქმდება და "ოცნებას" უერთდება?" - პასუხობს:

"ამ ეტაპზე არც ჰოს ვამბობ, არც არას, მაგრამ გამორიცხული არაფერია. მოკლე ფორმულას გეტყვით: დღეს "ეროვნული ფორუმის" უპირველესი ინტერესია პარტია "ქართული ოცნებას" გაძლიერდეს. რომ მკითხოთ რა განსხვავებაა "ფორუმის" და "ოცნების" იდეოლოდიაში, ვერაფერს გიპასუხებთ. წინასწარ ვერ გეტყვით, როდის რა მოხდება, რადგან ეს საკითხი ორმხრივია. კახა შარტავა კი აპირებს ძლიერი პარტიული მუშაობის გაგრძელებას - მტერიც კი აღიარებდა, რომ "ფორუმი" ყველაზე ორგანიზებული პარტია იყო, რაც კახა შარტავას, ჩემი, ირაკლი მელაშვილის, ნოდარ ჯავახიშვილის, ცხონებული ირაკლი ორველაშვილის დამსახურებაა".