„როგორც ჩანს, ხაზარაძემაც დაინახა, რომ საჭიროა არა ზოგადად 12-12 კაცის პრეზენტაცია, არამედ ისეთი ჯგუფის შექმნა, ყოველ შემთხვევაში საარჩევნოდ მაინც, სადაც ცნობადი სახეები იქნებიან, რადგან გვინდა თუ არა, ამომრჩეველი ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას სწორედ ასეთ ფორმას თავად კარნახობს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აწ უკვე პოლიტიკურ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის" „შენების მოძრაობისა" და „ახალი მემარჯვენეების" შესვლას.
ახალდაფუძნებული პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, ხოლო გენერალური მდივანი - ბადრი ჯაფარიძე. პარტიის დამფუძნებლები ასევე „შენების მოძრაობისა" და „ახალი მემარჯვენეების" წევრებიც არიან.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება ცნობილი სახეებისა და პოლიტიკური პარტიების მიერთების შესახებ სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან, მისი აზრით, ეს მომავალში გაერთიანების რეიტინგზე დადებიტად აისახება.
„მე მოვუსმინე განცხადებას, რომ „ახალი მემარჯვენეები", როგორც პოლიტიკური გაერთიანება წყვეტს საქმიანობასო, მაგრამ არ ვიცი რა ხდება „შენობის მოძრაობათან" დაკავშირებით, ისინი ერთ პარტიაში გაერთიანდნენ, თუ კენჭს ერთად იყრიან, მაგრამ „შენების მოძრაობა" ცალკე სუბიექტად დარჩება - ეს არ ვიცი.
„თავიდან, როდესაც „ლელო" ჩამოყალიბდა და ასპარეზზე გამოვიდა, მაშინ ხაზარაძის მხრიდან, ჩემი აზრით, არასწორი განცხადება გაკეთდა, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენ ახალი ხალხით მოვალთ, არ გვინდა ახალი სახეები, მით უმეტეს პოლიტიკოსები და ისე შევეცდებით პოლიტიკაში დამვიდრებასო. ეს ყველა ვარიანტში არასწორი გზა და არასწორი განცხადება იყო. მგონია, რომ ამჯერად სწორი გადადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ ასეთმა დაჯგუფებამ ახლა უკვე სერიოზული პოლიტიკური ბირთვი შექმნა,რომელსაც ენერგიული და აქტიური საქმიანობის დაწყება შეუძლია. რას მოუტანს ეს და პოლიტიკურ ლანდშაფტს რამდენად შეცვლის, რთული სათქმელია, მაგრამ ასეთი ჯგუფის არსებობა უკვე განაპირობებს იმას, რომ 3 თუ 5%-იან ბარიერს უპრობლემოდ დაძლევენ.
„თუ შეძლებენ იმას, რომ მათ კონკურენცია „ევროპულ საქართველოს" და „ნაცმოძრაობას" გაუწიონ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ მათი პერსპექტივა ისევ და ისევ დამოკიდებულია არა მხოლოდ პოლიტიკის გააზრებაზე, არამედ ამ საარჩევნო სისტემაში სწორ ნაბიჯებზე და ადგილის დამკვიდრებაზე იმ სპექტრში, რომელშიც დამკვიდრების პრეტენზია აქვთ", - აცხადებს ძაბირაძე.
იგი მიიჩნევს, რომ დღეის გადასახედით უკვე პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელომ"რეიტნგში შესაძლოა „პატრიოტთა ალიანსსაც" გაუსწროს და „ნაციონალურ მოძრაობას" და „ევროპული საქართველოს" შემდეგ მეოთხე ადგილი დაიმკვიდროს.
„ჯერჯერობით პოლიტიკურ ძალათა ჩამონათვალს თუ გავაკეთებთ, ჩემი აზრით ასე გამოიყურება: 1 „ქართული ოცნება", 2. „ნაციონალური მოძრაობა", 3. „ევროპული საქართველო" და 4) ალბათ უკვე „ლელო". ჯერჯერობით ასე ჩანს, ამას ალბათ დაემატება „პატრიოტთა ალიანსი" და შემდეგ გამოკითხვების მიხედვით მოსდევს „ლეიბორისტები".
„მე რამდენადაც მოვუსმინე ისინი თითქოს აცხადებდნენ, რომ აღარ აპირებდნენ ამ მიმართულებით სვლას, რომ ისინი წვრილ პარტიებს კიდევ შეიერთებდნენ, მაგრამ მგონია, რომ ისევ ნაჩქარევ განცხადებას აკეთებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გაზაფხულზე კიდევ მოხდეს ერთი გადაჯგუფება. ასევე ძალიან კარგი იქნება ისიც, თუ კიდევ რამდენიმე ჯგუფი ჩამოყალიბდება, ან ერთი დიდი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ უმრავლესობით მოსვლას თუ არა, საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი წარმატებას მაინც მიაღწიოს.
„ბლოკის გაკეთება იმ პარტიებთან ერთად, რომლებსაც ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ აქვთ, ნიშნავს იმას, რომ საკუთარი პარტიის მანდატი აჩუქო სხვა პარტიებს და თუ იქიდან არაფერი პოლიტიკური მოგება არ ნახეს, მაშინ გაუგებარია რატომ უნდა გადადგან ეს ნაბიჯი", - განაცხადა ძაბირაძემ.
ახალი პარტიის პრეზენტაცია კვირას „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას პოლიტიკური საბჭოს 17 წევრი წარუდგინა.
პოლიტსაბჭოს წევრები არიან: კახა ხაზარაძე, ლაშა ბაქრაძე, საბა ბუაძე, მედეა მეტრეველი, გრიგოლ გეგელია, სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, თამაზ დათუნაშვილი, მამუკა კაციტაძე, კახა კოჟორიძე, თამარ შავგულიძე, გია მორდეხაშვილი, ირაკლი კუპრაძე, დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი კანაშვილი და ბადრი ჯაფარიძე.