ენერგომაფია და მაღალი ტარიფები

ენერგომაფია და მაღალი ტარიფები

ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის პერიოდში, 2007 წელს „თელასსა“ და მთავრობას შორის გაფორმდა მემორანდუმი, სადაც მითითებულია, რომ დენის ტარიფი 2015 წლამდე არ შეიცვლება. ექსპერტების გათვლებით, იმ პერიოდისთვის დენი უკვე უნდა გაიაფებულიყო, რადგან ტარიფიდან ინვესტიციების წილი ამოვარდა.

ექსპერტთა შეფასებით, მაშინ, ნოღაიდელი სემეკის კომპეტენციაში შეიჭრა, რადგან ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდასა თუ შემცირებაზე გადაწყვეტილების მიღება კანონით სემეკს ენიჭება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აწერს ხელს, სემეკს პირდაპირ მიუთითებენ, რომ 2007 წლის 20 ივნისს საქართველოს მთავრობასა და „ინტერ რაო ეესს“ შორის გაფორმებული მემნორანდუმის პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მემორანდუმში მოცემული საკითხები გაითვალიოსწინოს. ნოღაიდელის განკარგულებაში ლაპარაკია ასევე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საჯარო რეესტრის მიერ შესასრულებელ ვალდებულებებზე.

უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობამ 2011 წელს რუსულ „ინტერ რაოეეს“ ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებით უფლება მისცა, რომ მის საკუთრებაში მყოფი „ხრამჰესების“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფი 6 თეთრით გააძვიროს. შესაბამისად, იმ პოლიტიკის მიხედვით, რაც ყოფილ მთავრობას ჰქონდა არჩეული, არ გამოირიცხება სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებაც, თუმცა გასულ წელსვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულების ეს ნაწილი მთავრობამ გაასაიდუმლოვა.

2011 წლის აპრილამდე „ინტერ რაო“ „ხრამჰესი-1“-სა და „ხრამჰესი-2“-ს 25-წლიანი მართვის უფლებით ფლობდა. აპრილში კი ჰესები მას მუდმივ მფლობელობაში გადაეცა. ახალი ხელშეკრულება, ტარიფის მატების ხარჯზე ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს. საუბარია გაზრდილი ტარიფის ხარჯზე, ანუ  საქართველოს მომხმარებლის მიერ გადახდილი ფულით ახალი ჰესის აშენებაზე. რატომ უნდა ჩაითვალოს ეს ინვესტიციად, ესეც გაუგებარია.

„ინტერ რაო ეესს“, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანია „თელასის“ 75%, მე-9 ენერგობლოკი („მტკვარიენერგეტიკა“), „ხრამჰესი-1“ და „ხრამჰესი-2“ ეკუთვნის, „ხრამჰესი-3“-ის აშენების შემთხვევში, უფლება მიეცემა, ტარიფი 6 თეთრით გაზარდოს. როგორც ჩანს, არც „თელასი“ და არც საქართველოს მაშინდელი მთავრობა ხელისუფლების შეცვლას მინიმუმ 2025 წლამდე არ ვარაუდობდა.

1998 წლიდან 2008 წლამდე ამერიკული „ეი-ი-ეს“-ის სამომხმარებლო ტარიფში გათვალისწინებული იყო „თელასის“ მიერ გაწეული კაპიტალური დანახარჯების კომპონენტი, რომელიც, კომპანიის გაყიდვის შემდეგ „რაო ეეს“-ის ტარიფშიც გადავიდა.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე თავის ერთ-ერთ ანგარიშში ამბობს კიდეც, რომ 2008 წელს დასრულდა „ეი-ი-ეს“-თან დადებული კონტრაქტის და ინვესტიციების ამოღების ვადა. წესით, 2008 წლის ბოლოდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი უნდა შემცირებულიყო, თუმცა 2007 წელს საქართველოს ხელისუფლებასა და „რაო-თელასის“ ხელმძღვანელობას შორის დადებული მემორანდუმი ტარიფის შემცირებას არ ითვალისწინებს და ექსპერტების შეფასებით, რომ არა ეს მემორანდუმი, 2008 წლიდან ტარიფი გაიაფდებოდა.

მემორანდუმი 2015 წლამდე პერიოდს მოიცავს, სადაც ყოველგვარი გათვლებისა და გაანგარიშების გარეშე პირდაპირ, წერია, რომ 7,89 თეთრი თელასის წილია... რომ 2015 წლამდე შენარჩუნდეს ეს ტარიფი. ექსპერტები ეჭვობენ, რომ შემდეგ ამ მემორანდუმში დამატებითი ცვლილებები შევიდა, სადაც ჩაიწერა, რომ „რაო ეესის“ მიერ განსახორციელებელი ინვესტიცია 60 მილიონამდე გაიზრდება, ტარიფი კი შენარჩუნდება 2025 წლამდე.

ყოფილი ენერგოომბუდსმენის, ამჟამად ფინანსთა მინისტრის მოადგილის, დავით ებრალიძის განმარტებით, „თელასის“ წილს ემატება გადაცემისა და გენერაციის წილი, გადაცემა-დისტრიბუციის წილი, რეგულირების საფასური და ა.შ. და ვიღებთ იმ ტარიფს, რა ფასადაც მოსახლეობა ელექტროენერგიას ყიდულობს. ებრალიძის განმარტებით, როდესაც ლაპარაკობენ ტარიფის შემცირებაზე, ლაპარაკია ძირითადად, „თელასის“ წილის შემცირებაზე, თუმცა შეიძლება შემცირდეს დისტრიბუციის წილიც და დასძენს, რომ თვითონ მემორანდუმია არასამართლებრივი აქტი.

„ეს ორივე მხარემ იცოდა, მაგრამ მაინც გააკეთეს. თუ დადგება ეს საკითხი, ჯერ სამართლებრივ ჭრილში უნდა დადგეს, რადგან ეს არის არასამართლებრივი აქტი. ხელისუფლებას შეუძლია ეს საკითხი წამოწიოს, სხვათა შორის, მომხმარებლებსაც შეუძლიათ  დააყენონ ეს საკითხი,“- აცხადებს ებრალიძე. მისივე განმარტებით, ეს არის შემთხვევა, როდესაც ორი მხარე ერთმანეთს ურიგდება მესამე მხარის შესახებ.

„ტარიფი არის მომხმარებლის, რა უფლება აქვს მთავრობას, რომ ტარიფზე ურიგდება კომპანიას? აქ მარტივად არის საქმე, წარმოიდგინეთ, რომ სამი მხარეა - კომპანია, ხელისუფლება და  მომხმარებელი. კომპანია და ხელისუფლება ურიგდება ერთმანეთს მესამე მხარის საკითხზე, რომელიც ხელისუფლების კომპეტენციაში არ არის. სატარიფო საკითხები წყდება არა ხელისუფლების, არამედ მარეგულირებელი კომისიის მიერ, რომელიც დამოუკიდებებლია ხელისუფლებისაგან და ხელისუფლებას არავითარი პრეროგატივა არ აქვს, ტარიფის დადგენაზე. ეს კომპანიამაც იცოდა, მაგრამ მაინც გაურიგდა“, -აცხადებს ებრალიძე.

მემორანდუმში ლაპარაკია კომპაქტურად დასახლებული დევნილების დავალიანების საკითხზეც, ებრალიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ეს საკითხი გახდა „მასტიმულირებელი“ იმისათვის, რომ ასეთი გარიგება დადებულიყო.

„ორი მხარე ერთმანეთში იმაზე გარიგდა, რომ „თელასი“ ლტოლვილების ვალს არ გადაახდევინებდა, სამაგიეროდ, ტარიფზე შეთანხმდნენ. ეს შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის საკითხიც. ხელისუფლებას საკუთარი ბიუჯეტი რომ დაეცვა და ფული არ გადაეხადა, ამის სანაცვლოდ კომპანიას უფრო მაღალი ტარიფი მისცა“,- აცხადებს ებრალიძე.

მისივე განმარტებით, სამართლებრივად არ შეიძლებოდა ხელისუფლება ასეთ გარიგებაში შესულიყო და კომპანიასთან ასეთი მემორანდუმი დაედო, ორივე მხარემ იცოდა, რომ ეს იყო უკანონო,  რადგანაც ტარიფის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ მარეგულირებელი კომისია და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ხელისუფლებას მიეცა გარანტიები ტარიფის უცვლელობასთან დაკავშირებით.

ებრალიძე ასევე აცხადებს, ამ მემორანდუმის მიხედვით, ტარიფში ჩაიდო მუხლი, რომლის სანაცვლოდ კომპანიამ საინვესტიციო ვალდებულებები აიღო, რაც ჩვენი სამართლით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„მარეგულირებელ კომისიას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეთვალისწინებინა ეს მემორანდუმი, რადგან ეს არ იყო სახელმწიფო პოლიტიკა. სახელმწიფო პოლიტიკას პარლამენტი ადგენს, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი რატიფიცირება პარლამენტს უნდა მოეხდინა. პარლამენტს კი ასეთი რამ არ გაუკეთებია. თუ ამ ყველაფრის ანულირება მოხდება, შემდეგ უკვე შესაძლებელია ტარიფის ხელახლა დათვლა“,- მიიჩნევს ებრალიძე.

1997 წლიდან დღემდე ელექტროენერგიის საფასური 300%-ით არის გაზრდილი. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 2006 წელს კიდევ ერთხელ გაზარდა და ახალი, დიფერენცირებული ტარიფები დაადგინა.

როგორ და რის მიხედვით გათვალა სემეკმა ტარიფები, ან სადმე გათვალისწინებულია თუ არა მომხმარებლის ინტერესი, ძნელი სათქმელია. ერთადერთი რისი თქმაც შეიძლება - ეს საკითხი სათანადო უწყებების გამოსაძიებელია.

სემეკის დადგენილების მიხედვით ჰესები საკმაოდ იაფ ელექტროენერგიას აწარმოებენ, მაგრამ გაცილებით ძვირია „ენერგოპროს“ ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია.

ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი ასეთია:

შპს „ვარციხე-2005“ - 1.25 თეთრი/კვტს.

შპს „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“(ჟინვალჰესი) – 1.83 თეთრი/კვტს.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (ლაჯანურჰესი) – 3.8 თეთრი/კვტს.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (გუმათჰესების კასკადი) – 3.64 თეთრი/კვტს.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (ძევრულჰესი) – 3.85 თეთრი/კვტს.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (რიონჰესი) – 3.5 თეთრი/კვტს.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (შაორჰესი) – 3.82 თეთრი/კვტს.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (ორთაჭალჰესი) – 2.5 თეთრი/კვტს.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (საცხენისიჰესი) – 2.33 თეთრი/კვტს.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (აწჰესი) – 3.85 თეთრი/კვტს. სს „ზაჰესი“ – 1.42 თეთრი/კვტს. 

შპს „მუნლეიკ–ჯორჯია (ძევრულჰესის I აგრეგატი) – 3.0 თეთრი/კვტს.

შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია“ – 8.75 თეთრი/კვტს.   

ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი გრძელვადიანი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი) კი ასე გამოიყურება:

სს „ხრამჰესი 1“- 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 2,3 თეთრი/კვტს.

2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 8.2 თეთრი/კვტს.

2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 7.7 თეთრი/კვტს.

2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 2.3 თეთრი/კვტს.

ასე რომ, მემორანდუმის ეს გასაიდუმლოებული ნაწილიც სემეკის გათვლებში უკვე გათვალისწინებულია.

სს „ხრამჰესი 2“- 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3.5 თეთრი/კვტს.

2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 9.4 თეთრი/კვტს.

2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 8.9 თეთრი/კვტს.

2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3.5 თეთრი/კვტს. 

თბოელექტროსადგურების ტარიფები გაცილებით ძვირია:

შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ (თბილსრესის N9 ბლოკი) ტარიფი (ზედა ზღვარი) – 8,092 თეთრი/კვტსთ.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (თბილსრესის №3,4, ბლოკები) ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) –  9,134 თეთრი/კვტსთ. 

შპს „ჯიფაუერი“- ტარიფის (ზედა ზღვარი) – 8,48 თეთრი/კვტსთ.

მარეგულირებელ სადგურად მიჩნეული ელექტროსადგურების წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფიქსირებული ტარიფები კი ასე გამოიყურება - შპს „ენგურჰესი“ - 1.187 თეთრი/კვტსთ.  

შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ - 1.17 თეთრი/კვტსთ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკოსების განმარტებით, ელექტროენერგიის ტარიფი წარმოების, დისპეტჩერიზაციის, დანაკარგების, განაწილების საფასურისგან შედგება. თვით წარმოების ტარიფი კი არის შეწონილი ტარიფი, რომელიც ჰიდრო, თბოელექტროსადგურებისა და იმპორტის წილს მოიცავს. დღეს იმპორტის წილი ჩვენთან ნულია, პირიქით, საქართველო ელექტროენერგიას ყიდის. თბოელექტროსადგურების წილი ქართულ ენერგოსექტორში 20%-ს არ აღემატება.

სემეკის დადგენილებაში კი ტარიფის გაზრდა იმითაა ახსნილი, რომ ქვეყნის თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი გაზის ღირებულების ხარჯზე იზრდება. თუმცა, მას შემდეგ რაც სემეკმა ასეთი განმარტება გააკეთა მაშინ ელექტროენერგიის ტარიფში თბოელექტროსადგურების წილი 28%-დან მკვეთრად შემცირდა.

გამრიცხველიანებამ კომერციული და ტექნიკური დანაკარგიც შეამცირა. ტარიფზე ზეგავლენა ამ ფაქტორებსაც უნდა მოეხდინა, თუმცა, მის შემცირებაზე კვლავ არავის უფიქრია.

ენერგეტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ კომპანიებს, რომელთაც განაცხადები შეიტანეს სემეკში და ტარიფის გაზრდა მოითხოვეს, ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ელექტროენერგიის თვითღირებულება. ისიც ცნობილია, რომ ენერგოკომპანიების მიერ დასახელებული ფასები არავის შეუმოწმებია და სემეკმა მექანიკურად დაუმტკიცა.

სპეციალისტთა გათვლებით, საქართველო ელექტროენერგიის ტარიფის სიძვირით ლიდერობას არავის უთმობს არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან შედარებითაც კი.

საქართველოში დენის ტარიფი საფეხურებად არის დაყოფილი. აბონენტს, რომელიც თვეში 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ერთ კილოვატში საშუალოდ 13 თეთრის გადახდა უწევს, თუ მომხმარებელი თვეში 101-დან 300 კვტ//სთ-მდე ელექტროენერგიას ხარჯავს, 16 თეთრი უნდა გადაიხადოს (რეგიონებში - 17 თეთრი), ხოლო მესამე კატეგორიის აბონენტს, რომელიც 301 კილოვატსაათზე მეტს მოიხმარს, ერთი კილოვატი ელექტროენერგია 17,7 თეთრი უჯდება.

საინტერესოა ისიც, რომ სემეკის დადგენილებით, საქართველოში წარმოებული 1 კილოვატ/საათი ელექტროენერგიის თვითღირებულება 4,45 თეთრია, მისი ე.წ. გასაყიდი ღირებულება კი - საშუალოდ 16 თეთრი.

სემეკის ინფორმაციით, დისპეტჩერიზაციისა და დანაკარგების ხარჯი 1 თეთრია. ე.ი. გამანაწილებელ კომპანიებს 1 კილოვატ/საათი ელექტროენერგია დაახლოებით 6 თეთრი უჯდებათ. დასავლურ ქვეყნებში კერძო კომპანიების მოგების მაქსიმალური მარჟა 6-7 %-ის ფარგლებშია.

ლიანა ჯერვალიძის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე კერძო უცხოური კომპანიები არიან წარმოდგენილი, ტარიფების განსაზღვრა კი დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაა, ტარიფების შემცირება პოლიტიკურ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

სხვათა შორის, საინტერესოა, აქამდე რატომ არ ფასდებოდა პოლიტიკურ ზეწოლად ის ფაქტი, რომ მთავრობა პირდაპირ განკარგულებებს გამოსცემდა სემეკს რა და როგორ უნდა გაეკეთებინა?

„ტარიფებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ბაზარზე მოქმედი კერძო კომპანიების მიერ  წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე. ამდენად, ტარიფების შემცირებისთვის პოლიტიკური ნება განმსაზღვრელი არაა. ამისთვის საჭიროა, მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიების ფინანსური მდგომარეობა თავიდან შეისწავლოს და ტარიფებს გადახედოს.

კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები კომერციულია და ამიტომ, ზუსტ ციფრებზე საუბარი არ შემიძლია, თუმცა ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, რომ თუ ელექტროენერგიის სეგმენტში თუნდაც უმნიშვნელოდ, ტარიფის შემცირება შესაძლებელია, გაზის სეგმენტში ეს პრაქტიკულად ნაკლებსავარაუდოა“, -მიიჩნევს ჯერვალიძე.

მისივე განმარტებით, მაგალითად, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიამ“ რეგიონებში ძალიან დანგრეული სისტემა ჩაიბარა. ამიტომ, მას როგორც საინვესტიციო, ისე საოპერაციო ხარჯები ძალიან მაღალი ჰქონდა და ფაქტობრივად ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფების გარეშე ვერც იმუშავებდნენ. მე მაშინ ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ელექტროენერგიაზე დღეს მოქმედი ტარიფი სწორედ იმიტომ იქნა შემოღებული, რომ კომპანია ამ სისტემაში ინვესტიციის ჩადებით დაინტერესებულიყო, „რასაც „თელასზე“ ვერ ვიტყვი, რადგან დედაქალაქში ელექტროსისტემა ისეთ მდგომარეობაში არ იყო, როგორც – რეგიონებში“,- აცხადებს ჯერვალიძე.

მისივე შეფასებით, თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ შეფერხდება, ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენება გახდება საჭირო, რადგან საექსპერტო შეფასებით, თუ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არ გაგრძელდა, არსებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ქვეყნის შიდა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უკვე 2015 წლისათვის შეუძლებელი იქნება.

„ახალი ჰესების ასაშენებლად დადებულია შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყნების საინვესტიციო ჯგუფებთან. ახალი ინვესტიციები, რასაკვირველია, ტარიფებში იქნება ასახული. ამიტომ, არსებული ტარიფების შენარჩუნება უფრო სასურველია.

სავარაუდოა, ტარიფების შემცირება მოხერხდეს, მაგრამ ჰესების მშენებლობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა იძულებული იქნება, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის საშუალებით, ზამთარში ელექტროენერგიის გენერაცია განახორციელოს. ანუ, იმპორტზე უფრო მეტად გავხდებით დამოკიდებული, თანაც იმპორტირებულ გაზზე წარმოებული ელექტროენერგია ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე იაფი ნამდვილად ვერ იქნება“, - აღნიშნა ჯერვალიძემ.

ტარიფის შემცირება კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში იყო ნახსენები და დღეს მიზანშეწონილია თუ არა, ახალ ხელისუფლებას მოუწევს მისი გადახედვა. თუმცა, საქმე ისე მარტივადაც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. არც კანონიერება უნდა დაირღვეს და მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩეს. იმ ენერგოხლართებში კი რაც წინა ხელისუფლებამ ინვესტორებთან ერთად შექმნა, სამართლიანობის აღდგენა არც ისე მარტივია.    

როგორც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, „თავად ტარიფის გაანგარიშება უნდა იქნეს წარმოდგენილი. ექსპერტები, მთავრობა, პარლამენტი და შესაბამისი ორგანოები განვიხილავთ ამ ტარიფს. იქნება სერიოზული შეღავათი, სერიოზული გაიაფება, მაგრამ კონკრეტული ფასის დასახლებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ“.

საქართველოს ენერგეტიკის ახალი მინისტრი კი ტარიფების შემცირებას ენერგომაფიასთან დაპირისპირებით აპირებს. კახი კალაძის თქმით, ამ ეტაპზე მისი და სამინისტროს მაღალჩინოსნების  უპირველესი ამოცანა დღეს მოქმედი ტარიფების შემცირებაა.

მინისტრის განმარტებით, მალე ყველა დარწმუნდება, რომ საქართველოში შესაძლებელია გაზზეც და ელექტროენერგიაზეც ტარიფის შემცირება. ენერგეტიკის სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გაიშიფრება ის ფინანსური სქემა, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, გაიშიფრება მაქინაციები, რაც შემდეგ გაზის, ნავთობის თუ ელექტროენერგიის ტარიფებზე აისახებოდა.

კალაძის განმარტებით, ზამთარში, როდესაც ქვეყანა მეტ ენერგიას ხარჯავს, ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება, ადგილობრივი რესურსი ცხადია, საკმარისი არ არის და მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ელექტორენერგიის დეფიციტი არ შეიქმნება.

როგორც ჩანს, ენერგეტიკის სამინისტრომ სწორი მიმართულება აირჩია და სქემები, რომელიც საბოლოოდ მომხმარებელთა ჯიბეზე აისახება, სწორედ სამართალდამცველების გასაშიფრია. თუმცა, მეორე მხარეს დგას არა პირადად ზურაბ ნოღაიდელის, არამედ საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული გარანტია, რომელიც ინვესტორს გარკვეულ უფლება-მოვალეობებს ანიჭებს. მემორანდუმი, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც „თელასს“ უფლებას აძლევს, ტარიფში საკუთარი წილი 2015 წლამდე უცვლელად შეინარჩუნოს.