მოლოდინი არ გამართლდა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმი ქართველ ექიმს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება, რომელსაც დაკავებული ქართველი ექიმი არ აღიარებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი–ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა. ცხინვალის დე–ფაქტო სასამართლოს გადაწყეტილების შემდეგ, პრემიერ–მინისტრთან პირად შეხვედრას ითხოვს დაკავებული ექიმის მეუღლე. თამილა ლაფანაშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრა ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ისევ მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მოხდეს მაქსიმალური გააქტიურება.
„დიდი შოკი და იმედგაცრუებაა, რაც მოხდა. ეს არის მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება ვაჟასთვის ყოფილიყო გამოტანილი, რომელსაც ჩვენ არაფრით არ შევეგუებით, რადგან ადამიანი ისჯება მხოლოდ იმისთვის, რისიც სჯერა. მას არანარირი კირმინალი, არანარირი დანაშაული არ ჩაუდენია. ანუ, ისჯება თავისი იდეებისთვის და სწორი იდეებისთვის. ჩვენ ისევ მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ ვინც იცავს ადამიანის უფლებებს, რადგან მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოხდეს და სასწარაფოდ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი.
ეს არის ღირსების საქმე არა მხოლოდ ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფოსთვის და ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომლის უპირველესი ვალია ადამიანის უფლებების დაცვა. ვითხოვ აუცილებლად პრემიერ-მინისტრთან პირად შეხვედარს და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ ჩვენი სახელმწიფო გვერდით დაგვიდგება,“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას, რომ გაფრინდაშვილი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს.
აბაშიძის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაში დატოვების უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს.
„გაგრძელდება საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ხელისუფლება კვლავ არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დროულად დაუბრუნდეს. არ დარჩენილა არც ერთი ორმხრივი ან მრავალმხრივი ფორმატი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც არ დაგვეყენებინოს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.
ჩვენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ იმედისმომცემი განცხადებები. სამწუხაროდ, შედეგი ჯერ ასეთია – ფრიად დრამატული. ჩვენ, როგორც აქამდე, კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი თანამოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ცხინვალის ე.წ. სასამართლოს არანაირი სასჯელის დაწესება არ შეუძლია, ეს არის კრემლის პოლიტიკური სადიზმი. როგორც სესიაშვილი აცხადებს, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დარჩენა არის მიზანმიმართული პროვოკაცია ქვეყნის წინააღმდეგ.
„მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ცივილიზებული სამყარო, ყველა მოუწოდებდა კრემლს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრება არ მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ იმდენად, რამდენადაც კრემლი ხედავს, რომ ეს თემა ძალიან მგრძნობიარეა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში და ამიტომ კრემლი მიდის დესტრუქციაზე.
თავისთავად, ამ ყველაფერს ექნება ძალიან მკაცრი შეფასება როგორც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ასევე, რა თქმა უნდა, ყველასგან, ვისაც აქვს ჯანსაღი აზროვნება. გავაგრძელებთ მუაშაობას, რომ ბატონი ვაჟა გავათავისუფლოთ და ყველა შესაბამის მექანიზმს გამოვიყენებთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ქართველი ექიმის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია. სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს. პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ნაბიჯები რეგიონში შექმნილი ვითარების დეესკალაციას ხელს არ უწყობს, ჩვენს რეგიონს კი, სტაბილურობა სჭირდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმის დასტური, რომ გაფრინდაშვილის დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია.
„ჩვენ აუცილებლად ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გვექნება მყისიერი რეაგირება. იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ გვქონდა, ამ ცუდ სცენართან მიმართებაში, აუცილებლად ავამოქმედებთ და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბატონი ვაჟა, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, დაუშვებელი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და მაქსიმალურად იქნება ამოქმედებული ყველა არსებული თუ არარსებული მექანიზმი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი არ ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა, ვიდრე გააკეთა. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საჭიროა მეტი ძალისხმევა და ექიმის გასათავისუფლებლად პროცესი არ უნდა შენელდეს.
„არ მგონია, ხელისუფლებას რამე იმაზე მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა, ვიდრე გააკეთა. როგორც ჩანს, მის გმირულ დამოკიდებულებას ასეთი მეთოდებით პასუხობენ. ალბათ, მცდელობაა, რომ ეს ადამიანი გატეხონ. კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ეს პროცესი არ უნდა შენელდეს, რომ ამ ტყვეობიდან დავიხსნათ. სხვა შემთხვევებში, ადმინისტრაციული ჯარიმებით ათავისუფლებდნენ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვინაიდან ე.წ. საზღვრის კვეთა არ აღიარა, ალბათ, ჯიბრში ჩაუდგნენ და უნდათ, სამაგალითოდ დასაჯონ. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს სცილდება“, –განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.