საქართველოს ტელესივრცეში ამ დღეებში ორი სიახლე გახდა ცნობილი: სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-ის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, არხის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ნიკა გვარამია, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილისა და იუსტიციისა და განათლების მინისტრების პოსტებს იკავებდა. ახალი მფლობელი ჰყავს ტელეკომპანია ”პიკის” მმართველ კომპანიასაც. შპს ტელეკომპანია „პიკის” 60 პროცენტი შპს ”შვიესას” გადაეცა.
საინფორმაციო სააგენტო ”მედია ჯის” ცნობით, ”შვიესა” ტელეკომპანია „პიკის” წილების გადაცემამდე 4 დღით ადრე შეიქმნა, მისი დამფუძნებელი და დირექტორი კი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია. ლიტვურ საინფორმაციო სააგენტო „ირუტასზე“ დაყრდნობით, „მედია ჯი“ იუწყება, რომ დარიუს იურგელავიჩუსი ამჟამად თბილისში ცხოვრობს და იგი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო. კომპანიაში მფლობელთა ცვლილებების შესახებ ტელეკომპანია „პიკს” კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის არ უცნობებია, ეს კი, კომისიის პრესმდივნის ხატია ყურაშვილის განმარტებით, კანონდარღვევაა, რაც უკვე კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლად იქცა.
” მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის თანახმად, ტელეკომპანია სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შესვლის შემთხვევაში ვალდებულია 10 დღის ვადაში აცნობოს კომისიას და წარუდგინოს განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია და ასევე ეს დეკლარაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე, რაც ტელეკომპანია „პიკს” არ განუხორციელებლია. ეს არის, ასე ვთქვათ, სანქცირების საფუძველი”, აღნიშნავს ხატია ყურაშვილი და დასძენს, რომ კომპანია ვალდებულია ასევე დაიცვას სალიცენზიო პირობები და იმაუწყებლოს.
საქმე ისაა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესამე არხი, ”პიკი”, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან საზოგადოებრივ არხთან დავის გამო შეცვლილი ფორმატით მაუწყებლობს, მომავალი წლის ბიუჯეტში კი მისი ფუნქციონირებისთვის თანხები გათვალისწინებული აღარ არის.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესამე არხის - „პიკის“ - მმართველი კომპანიის ახალი მფლობელის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გახდა ცნობილი თავად ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლებისთვისაც. „პიკის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი მთავარი პროდიუსერი ხათუნა საღინაძე ამბობს:
” ჩვენ ვართ რეალურად ამ შპს „პიკის“ თანამშრომლები. ჩვენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლები არ ვართ. კერძო კომპანიამ გვიქირავა როგორც შემქმნელები ამ რუსულენოვანი ტელეპროდუქციისა, ანუ ჩვენ ვიყავით მათი თანამშრომლები. შესაბამისად, ამ კომპანიის წილი გაიყიდა. ჩვენ გვაინტერესებს რას აპირებენ, რატომ იყიდეს, როგორი ტიპის ლიცენზია ექნებათ, ვალდებულები იქნებიან თუ არა საინფორმაციო მაუწყებლობაზე, მერე სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიას მოითხოვენ თუ არა. ანუ ბევრი დეტალია, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაურკვეველია და ბუნდოვანი”.
ხათუნა საღინაძის თანახმად, ტელეკომპანია, სავარაუდოდ, ქართულენოვანი იქნება, 20 ნოემბრიდან კი ახალი ამბების მაუწყებლობა კოლაჟის სახით გავა. ტელეკომპანია „პიკთან“ შედარებით, ნაკლები ბუნდოვანებაა „რუსთავი 2“-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით. სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, გენერალურ დირექტორად დანიშნული ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში ცვლილებებს არ აპირებს და მზადაა თავისი მენეჯერული გამოცდილება და იურიდიული განათლება არხის საქმიანობას მოახმაროს. არის თუ არა ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის დირექტორად დანიშვნა უმცირესობაში მყოფი პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“, საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილი და რა სახეს მიიღებს ეს პოლიტიკა? საზოგადოებაში გაჩენილი ამ ტიპის ერთ-ერთ მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, ტელეკომპანია ”საქართველოს” მფლობელების მიერ „რუსთავი-2“-ის 51 პროცენტიანი წილის შესყიდვის შესახებ პასუხის გაცემა ნიკა გვარამიას თავის პირველსავე ბრიფინგზე მოუხდა.
”ტელეკომპანია ”საქართველოს” დამფუძებლები, თავის მხრივ, არიან ასევე ბატონები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები, რომლებიც „რუსთავი-2“-ის დამფუძნებლებიც არიან, მათ შორის. ტელეკომპანია ”საქართველოსგან” დარჩა მისი ქონება, რომელიც შეერწყა ”რუსთავი”-ს და „რუსთავი 2“, როგორც ტელევიზია, ქონებრივად გაძლიერდა. შესაბამისად, მას დაემატა ახალი შენობა, აპარატურა, რიგი სტუდიებისა. შესაბამისად, ტელეკომპანია ”საქართველოს” მფლობელებმა აირჩიეს სწორედ ეს მედიასტრატეგია, რომ ერთი კომპანია, რომელიც ლიდერია ამ ბაზარზე, მის მფლობელებად დარჩნენ და ის ქონება, რომელიც გააჩნიათ, მოახმარონ სწორედ ამ კომპანიას.”
თუმცა ტელეკომპანია ”საქართველოს” ახლანდელმა მფლობელებმა ეს სტრატეგია აირჩიეს სწორედ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნებას ტელეკომპანიის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელებიც ითხოვენ. მედიაექსპერტი თამარ კორძაია ამბობს, რომ ეს შემთხვევითი არ არის:
”თუ მოითხოვენ საკონტროლო პაკეტის დაბრუნებას, დავა იქნება ძალიან რთული. გამართულებელი ფაქტორი ამ დავის კი არის ის, რომ მედიამფლობელები ყოველდღე იცვლებიან. თუ დავა დაიწყება ზუსტად იმაზე, რომ საკონტროლო პაკეტი უნდა დაუბრუნონ, მაშინ პირველ მფლობელებს მოუწევთ ყოველ მორიგ მფლობელზე, მესაკუთრეზე ამტკიცონ, რომ არაკეთილსინდისიერი შემძენია, რაც სამართლებრივად ურთულესი პროცედურაა და პრაქტიკულად ძალიან გაჭირდება ამის გაკეთება”.
მედიაექსპერტი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ მედიამფლობელების ხშირი ცვლა არანორმალური პროცესია და მედიის პოლიტიზებაზე მეტყველებს. მისი შეფასებით, მედიაბიზნესი საქართველოში რეალურად ბიზნესი კი არა, პოლიტიკური ინტერესების გამტარი საშუალებაა.