დავეწიეთ და გავუსწარით ამერიკას... ფასებით

დავეწიეთ და გავუსწარით ამერიკას... ფასებით

საქართველოს სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების სიძვირით ამერიკაც კი ვერ ეწევა. მაგალითად, აშშ-ში გაცილებით იაფია ვაშლი, ვიდრე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ვაშლის ქვეყანას ეძახიან. ამერიკაში მცხოვრების საშუალო შემოსავალი კი ქართველისას რამდენჯერმე აღემატება.

 

ეკონომიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის ინფორმაციით, საშუალო ხელფასით ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძენთ: ელექტროენერგიას - 6,9-ჯერ მეტს, ვიდრე საქართველოში, ბენზინს - 12,8-ჯერ მეტს, პურს - 2,3-ჯერ მეტს, ფრინველის ხორცს - 13,3-ჯერ მეტს, კვერცხს - 11,4-ჯერ მეტს, რძეს - 14,3-ჯერ მეტს, ვაშლს - 2,8-ჯერ მეტს, „ბიგ-მაკს“ - 9,8-ჯერ მეტს, პომიდორს - 3,3-ჯერ მეტს და ასე შემდეგ.

 

1 ლიტრი ბენზინის შესაძენად საჭირო თანხის გამოსამუშავებლად ამერიკაში საჭიროა 2 წუთი და 20 წამი, საქართველოში კი 29 წუთი და 30 წამი. ბანანების შესაძენად, შესაბამისად 14-ჯერ მეტი დრო (ამერიკაში - 4 წუთი და 5 წამი, ხოლო საქართველოში კი - 58 წუთი და 53 წამი).

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 1996 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერთა მონაწილეობით აკვირდება რამდენიმე ასეული დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასებს, რომლებზედაც მიემართება შინამეურნეობების ხარჯების უდიდესი ნაწილი. ეს სია 3 წელიწადში ერთხელ უნდა გადახალისდეს.

 

მაგალითად, 2004-06 წლებში მოქმედი კალათა შედგებოდა 311 დასახელების საქონლისგან. 2007-09 წლებში 282 დასახელების, ხოლო 2010 წლის იანვრიდან მოქმედი კალათა შედგება 266 საქონლისგან.  ბოლო 10 წლის განმავლობაში სასურსათო კალათის წილი კალათაში 57%-დან 40,3%-მდე შემცირდა.

 

სხვათა შორის, 2007 წლის სამომხმარებლო კალათისგან განსხვავებით 2010 წლის კალათაში დამატებული აღმოჩნდა - „ფლეშ ბარათი“, შემოქმედებითი წრის გადასახადი, ჯანდაცვის დაზღვევა, საგაზეთო განცხადების გამოქვეყნება, სულგუნი, ბალი, ალუბალი, დაფქვილი ყავა, ცოცხი, წყლის გადასახადი, სპექტაკლებისთვის გათვალისწინებული ხარჯი. ამავე დროს ამოიღეს, ხორბალი, თხილი, საჭმლის სოდა, ძაფი, ნავთი, ბინტი, სანთელი და სხვა.

 

საერთოდ, საქონლის მოხმარებისთვის აუცილებელი წლიური ხარჯების დადგენისთვის განმსაზღვრელია მისი მოხმარების სიხშირე. წლის განმავლობაში ერთი პურის შესაძენად 3,5-ჯერ მეტია საჭიროა, ვიდრე მაგალითად მასზე 557-ჯერ ძვირი მაცივრისთვის.

 

რაც შეეხება პენსიას, სოსო არჩვაძის ინფორმაციით, ამჟამინდელი პენსია თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ორი ათეული წლის წინანდელი მინიმალური პენსიის, დაახლოებით, 45%-ის ეკვივალენტურია.

 

„ამჟამინდელი პენსიები ჩამორჩება თავიანთი მსყიდველუნარიანობით არა მარტო ორი ათეული წლის წინანდელ პენსიებს, არამედ ჩვენი მეზობლების ანალოგიურ მაჩვენებლებსაც“, - ამბობს სოსო არჩვაძე.

 

დღეისათვის საქართველოს, მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკობრივი თამასა და ყველაზე დაბალი საშუალო პენსია აქვს. თუ საქართველოში იგი 48 დოლარია, სომხეთში დაახლოებით - 65 დოლარი, აზერბაიჯანში - 106,7 დოლარი, ხოლო რუსეთში - 220 დოლარი.

 

ამასთან, საშუალო ხელფასთან საშუალო პენსიის თანაფარდობითაც საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეზობლებს: საქართველო - 15,2%, სომხეთი - 20,1%, რუსეთის ფედერაცია - 34,0%, აზერბაიჯანი - 34,9%.

 

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი პენსიონერები „მაშინდელებს“ (საბჭოთა პერიოდის) ჩამორჩებიან არა მარტო მიმდინარე შემოსავლებით, არამედ დაგროვილი, გადანახული ფინანსური რესურსით. ორი ათეული წლის წინანდელი საშუალო პენსია თითქმის უტოლდებოდა, ხოლო პენსიონერთა დეპოზიტების საშუალო სიდიდით 22-ჯერ აღემატებოდა მაშინდელ საარსებო მინიმუმს.

 

სამწუხაროდ, დღეისთვის პენსიონერთა საშუალო პენსია თითქმის 25%-ით ჩამორჩება საარსებო მინიმუმს, ხოლო პენსიონერთა დეპოზიტების საშუალო სიდიდე 2-ჯერაც კი ვერ აღემატება მათ ამჟამინდელ საარსებო მინიმუმს.

 

სოსო არჩვაძის თქმით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ 90-იანი წლების შემდეგ ბევრ პენსიონერს მიმდინარე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მოუწია უძრავი ქონების გაყიდვა, პირველ რიგში, ბინის და შედარებით მცირე ფართობის ან ნაკლებად კომფორტულ ბინაში გადასვლა.

 

ასე რომ, საქართველოში არსებული სოციალური გარემო ბევრად ჩამორჩება, ამჟამად მეზობელ ქვეყნებსა და ასევე კომუნისტურ პერიოდში არსებულ ცხოვრებისთვის საარსებო გარემოს.