საკრედიტო სუიციდი

საკრედიტო სუიციდი

ესპანეთის ბანკებმა მოვალეების გამოსახლების პროცესი შეწყვიტეს, ქართული ბანკები კი აგრძელებენ

ესპანურმა ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორი წლის განმავლობაში კლიენტებს საცხოვრებლებიდან არ გამოასახლებენ. ესპანეთის ბანკების ასოციაციამ დაადგინა, რომ ორი წლით შეჩერდება იპოთეკის გადაუხდელობის გამო კლიენტების გამოსახლება.

ეს ნაბიჯი ასოციაციამ მას შემდეგ გადადგა, რაც ესპანელი ქალბატონი ამაია ეგანი საკუთარი ბინის აივნიდან გადმოხტა. 9 ნოემბერს, დილით, ბასკალდოში, 53 წლის ქალმა თავი მოიკლა - საკუთარი სახლის აივნიდან გადახტა. მას სასამართლოსგან წერილი ჰქონდა მიღებული გასახლების შესახებ. ამ ფაქტმა, მთელი ქვეყანა შეძრა.

ბანკების ასოციაციის გადაწყვეტილების მიღებამდე, რამდენიმე ბანკმა განცხადება გააკეთა, რომ წყვეტდა მოვალეების ბინებიდან გამოსახლების პროცესს. მათ შორის, ბასკეთში (ესპანეთი) Kuchabank–მა განაცხადა, რომ აჩერებდა ბანკის კრედიტორების ბინებიდან გამოსახლებას, სანამ არ მიიღებდნენ იპოთეკური კრედიტის გაცემის ახალი პირობებს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან საკუთარი სახლი დაახლოებით 350 000–მა ესპანელმა დაკარგა. გამოსახლების საფრთხის ქვეშ კიდევ 200 000 ადამიანია.

საქართველოში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში (2008-2012) საცხოვრებლისა და პირადი ქონების გარეშე 172 293 ოჯახი დარჩა. კონკრეტულად, 2008 წელს ბინა დაკარგა 35 728 ოჯახმა, 2009 წელს 38 799 ოჯახმა, 2010 წელს 47 889 ოჯახმა, 2011 წლის 9 თვის მანძილზე 28 738 ოჯახმა. 2012 წლის 6 თვის მანძილზე კი ბინის გარეშე 21 139 ოჯახი აღმოჩნდა.

დღეისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს ”მოვალეთა რეესტრში” 73 ათასზე მეტი ოჯახი ირიცხება, რომლებიც ქონების დაკრგვასა და გამოსახლებას ელოდება.

ბოლო წლებში, ბანკის კრედიტის გამო სუიციდის და თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტები საქართველოშიც არაერთი დაფიქსირდა. GeorgianBanks.com-მა რამდენიმე ფაქტი მოიძია.

2009 წლის 7 მაისი - თვითმკვლელობა კახეთში – წნორში მცხოვრებმა 40 წლის რობერტ ხოხონიშვილმა ტყეში ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. ახლობლების განცხადებით, ხოხონიშვილს ბანკის კრედიტი – 3 ათასი ლარი ჰქონდა დასაფარი და ეს გახდა მისი თვითმკვლელობის მიზეზიც. გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

2011 წლის 31 მარტი - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა. 30 წლის ქალი მდინარე მტკვარში გადახტა, თუმცა ის მაშველებმა წყლიდან დროულად ამოიყვანეს. სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ბანკში ჩადებული ბინის დაკარგვა გახდა.

2011 წლის 31 მარტი - ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში 23 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფით თავი მოიკლა. ცხედარი საცხოვრებელი სახლის ახლოს მინდორში იპოვეს, _ აცნობეს "მედიანიუსს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს ბანკის ვალი ჰქონდა, რომელსაც ვერ იხდიდა. მეზობლები კი ამბობენ, რომ ახალგაზრდამ თვითმკვლელობა ორი კვირის წინაც სცადა. მათი თქმით, გიორგი გასულ წლებში ჯარში მსახურობდა, რა დროსაც რუსეთ - საქართველოს ომში წაიყვანეს, საიდანაც დაბრუნების შემდეგ, ის სტრესულ მდგომარეობაში ხშირად იმყოფებოდა.

2012 წლის 20 ივნისი - "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისის წინ, მოქალაქე გია ხამაშურიძემ თვითმკვლელობის მიზნით ვენების გადაჭრა სცადა, თუმცა თანმხლებმა ადამიანებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. გია ხამაშურიძე, რომელსაც "საქართველოს ბანკის" ვალი აქვს, მისგან სესხის რესტრუქტურიზებას ითხოვს, რაზეც რამდენჯერმე უარი მიიღო. გია ხამაშურიძეს ბანკისგან მილიონ სამასი ათასი ლარი სესხი ჰქონდა აღებული. მილიონ ორასი ათასი მან უკვე გადაიხადა. 

2012 წლის 23 ივლისი - 50 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. შემთხვევა სამგორის მეტრო სადგურში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ფრიდონ ჯანჯღავა დაძრულ მატარებელს შეუვარდა. ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი იპოთეკური სესხი გახდა. 

მიუხედავად არაერთი სუიციდისა, ქართული ბანკები გაცემული კრედიტების სანაცვლოდ მოსახლეობისათვის ქონების ჩამორთმევას და ქუჩაში გამოსახლებას დღესაც აგრძელებენ. საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და ბანკების ასოციაცია კი ამ პროცესებს შორიდან აკვირდებიან და ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ.