მოშიმშილე ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო „ლიდერთა“ ხუთეულშია

მოშიმშილე ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო „ლიდერთა“ ხუთეულშია

საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, სადაც საკვების უკმარისობას მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი განიცდის.

ასეთია 57 ქვეყნის გლობალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც დამოუკიდებელი კვლევითი სააგენტოების ასოციაცია Gallup International/WIN–მა ტრადიციული პროექტის „მსოფლიო ბარომეტრის“ ფარგლებში ჩაატარა.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დედამიწის ყოველი მერვე მცხოვრები (ანუ 12%) გასული წლის განმავლობაში საკვების საჭირო რაოდენობას ვერ იღებდა. ამასთან, რესპონდენტთა 3%–მა განაცხადა, რომ მათ საჭმელი ხშირად არ ჰყოფნიდათ, ხოლო 9% ამბობს, რომ ეს ზოგ შემთხვევაში ხდებოდა.

რესპონდენტები პირადი, სატელეფონო და ონლაინ–ინტერვიუს ფორმით გამოიკითხნენ. კითხვა კი ასეთი იყო: „ბოლო 12 თვის განმავლობაში მომხდარა თუ არა, რომ თქვენ ან თქვენს ოჯახს საკვები არ ყოფნიდა?“ პასუხების ვარიანტები იყო „ხშირად“ და „ზოგჯერ“.

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 12% საკვების უკმარისობას განიცდიდა. საინტერესოა, რომ კვლევისას მსოფლიოს მოსახლეობის 88%–მა განაცხადა, რომ საკვების მხრივ პრობლემას არ განიცდიან.

გლობალური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მწვავე შიმშილის კერების გავრცელება მსოფლიო რუქაზე ყოველთვის პროგნოზირებადი არ არის. თუმცა არის „მოსალოდნელი რეგიონებიც,“ მაგალითად აფრიკა, სადაც შიმშილის ინდექსი 40%–ს უტოლდება. ოდნავ უკეთესი ვითარებაა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებში, სადაც სამხედრო კონფლიქტებია (ერაყი, ავღანეთი, პალესტინის ტერიტორიები). სამაგიეროდ მოულოდნელი მაჩვენებელი დაფიქსირდა „დიდი შვიდიანის“ ქვეყნებში, სადაც მოშიმშილე მოსახლეობის წილმა 12% შეადგინა. „ბრიკისა“ და ლათინური ამერიკისა და აზიის სხვა განვითარებად სახელმწიფოებში კი შიმშილის ინდექსი 9%–ზე ნაკლებია.

იმ ადამიანების წილი, რომლებიც საკვების უკმარისობას განიცდიან, ყველაზე მცირე, 1% ტუნისშია, მეორე, საპატიო ადგილზეა გერმანია 2%–იანი მაჩვენებლით. შემდეგ მოდის ვიეტნამი, შვედეთი, ნიდერლანდები. საკმაოდ პრესტიჟულ, მეათე პოზიციაზეა აზერბაიჯანი 4%–იანი მაჩვენებლით. რუსეთი 21–ეა, უზბეკეთი 22–ე, სომხეთი 34–ე პოზიციაზეა 13%–იანი ნიშნულით, საქართველო კი 51–ე, ანუ ბოლოდან მეხუთე ადგილზე განთავსდა – აქ იმ ადამიანების წილმა, რომლებიც საკვების უკმარისობას განიცდიან, 38%–ს მიაღწია. ბოლოა სამხრეთ სუდანი 70%–იანი მაჩვენებლით. მის გარდა, საქართველოზე უარესი მაჩვენებლები აქვს კამერუნს, ნიგერიას და სამხრეთ აფრიკას.

გამოკითხვის ავტორები კვლევის შედეგებს შორის მოულოდნელობად ასახელებენ ტუნისის ლიდერობას. მოსალოდნელი იყო, რომ „ძალიან მდიდარი“ და „მდიდარი“ ქვეყნების მოსახლეობა ნაკლებად განიცდის შიმშილს, ვიდრე ნაკლები შემოსავლების მქონე სახელმწიფოების მოქალაქეები. თუმცა გამოკითხვას ასეთი ურთიერთკავშირი არ უჩვენებია. მაგალითად, ვიეტნამსა და აზერბაიჯანში, რომლებსაც მდიდარ ქვეყნებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, შიმშილის ინდექსმა მხოლოდ 3 და 4% შეადგინა. სამაგიეროდ აშშ–ში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 45 ათასი დოლარია, შიმშილის ინდექსია მაჩვენებელი 22%–ზე დაფიქსირდა.

სტატისტიკის სფეროს ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველო „მძიმე ხუთეულში“ მოხვედრას არ იმსახურებს და ადვილი შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოკითხვა მექანიკურად იყოს ჩატარებული.

მისივე თქმით, ამ ორგანიზაციის მონაცემები შესაძლებელია არასანდო იყოს, ვინაიდან საქართველოში ტრადიციული ოჯახები ცხოვრობენ და ნათესავები და ახლობლები ყოველთვის ეხმარებიან ირგვლივ მყოფ გაჭირვებულ ადამიანებს. თუმცა, ექსპერტის განმარტებით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში აღნიშნული პრობლემა არ დგას და საქართველოში ცოტაა ისეთი ადამიანი , რომელსაც შიმშილობის პრობლემა არ აწუხებს.