ბანკირების შეთქმულება მოსახლეობის წინააღმდეგ

ბანკირების შეთქმულება მოსახლეობის წინააღმდეგ

ბოლო 3 წელია ქვეყანაში მკვეთრად იზრდება გაღატაკებული ადამიანების რიცხვი. გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები კარგავენ ქონებას, ბინებს, სახლ-კარს. ჩვენ ამას შევეჩვიეთ - ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მივეჩვიეთ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა „გაბანკროტება“, „გადახდისუუნარო“, „შავი სია“ და სხვა. ოჯახების მიერ ბინების დაკარგვის ფაქტები, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის შემდეგ გახშირდა, მას მერე, რაც ბევრი ჩვენი მოქალაქე მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა. ჩვეულებრივი ადამიანები (რიგითი მოქალაქეები) არ იყვნენ მზად იმისათვის, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაკარგავდნენ სახლ-კარს და ზოგი მათგანი ქუჩაში, ზოგიც – ნაცნობ-მეგობრებთან შეკედლებული აღმოჩნდებოდა.

2008 წლიდან დღემდე დრამატულად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სახლ-კარი დაკარგა, ”შავ სიაში” მოხვდა, აღმასრულებელმა გამოასახლა... პარალელურად იზრდება ბანკების მიერ ჩამორთმეულ/დასაკუთრებული ქონებების რაოდენობაც და ამ ფონზე ქართული საბანკო სექტორი არნახულ მოგებას იღებს - 2011 წელს საბანკო სფეროს მოგებამ, ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს, 323 მილიონ ლარს მიაღწია.

დღეს, საქართველოში, საბანკო სექტორში 18 ბანკი მოღვაწეობს, მათგან 16 ბანკი, ერთობლივად, მოგების 30%-ს სჯერდება, ხოლო სექტორის მოგების უდიდესი წილი – 70%, მხოლოდ 2 ლიდერ ბანკზე მოდის, ამ ორი ლიდერი ბანკის მოგების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში 2–3-ჯერ გაიზარდა. ამას თან დაერთო ბანკების მიერ მოსახლეობისთვის ჩამორთმეული ქონების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. 2012 წლის მესამე კვარტალში ამ ორი ბანკის ბალანსზე აღრიცხული დასაკუთრებული ქონების მაჩვენებელი 35-ჯერ მეტია, ვიდრე 4 წლის წინ იმავე პერიოდში (2008 წლის მესამე კვარტალში) დასაკუთრებული ქონება უფრო კონკრეტულად, 2008 წლის მესამე კვარტალში ამ ბანკების ბალანსებზე 2,3 მილიონი ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება აღირიცხებოდა. 4 წლის შემდეგ, 2012 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით კი – ჯამურად 82,3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჩამორთმეული ქონება აღირიცხება.

GeorgianBanks.com-მა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა იმის დასადგენად, არის თუ არა რაიმე მიზეზ–შედეგობრივი კავშირი ბანკების სწრაფ გამდიდრებასა და ქვეყანაში უბინაოდ დარჩენილ ოჯახების რიცხვის ზრდას შორის.
ვის ხარჯზე მოახერხეს ბანკებმა რეკორდული მოგების მიღება?
კრედიტ ინფოს ”შავი სია” - ბანკების დაგეგმილი სტრატეგია თუ 400 000-მდე გადამგდები?
რა კავშირშია უბინაო ოჯახების რაოდენობის ზრდა, ბანკების მოგების ზრდასთან?
გულწრფელი თანაგრძნობა და ქველმოქმედება თუ პიარ უზნეობა?