ძველი მეგობრობა: ნატო პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტში ერევა

ძველი მეგობრობა: ნატო პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტში ერევა

დასავლური სამხედრო ალიანსი 2004 წლიდან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ახალ ქართულ მთავრობას შორის კონფლიქტში საჯაროდ აფიქსირებს პოზიციას. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც სააკაშვილს ორშაბათს პრაღაში შეხვდა, დასასრულს განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ საქართველოში „პოლიტიკური ოპონენტების“ დაპატიმრებით.

გასულ კვირაში სააკაშვილის მრავალწლიანი თანამებრძოლის ბაჩო ახალაიას, გენერალური შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და მეოთხე ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას წინააღმდეგ ჯარისკაცების შეურაცხყოფის ბრალდებით საქმე აღიძრა, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევასა და შეიარაღებული ძალების 6 წარმომადგენელს ეხება. ახალაია დაპატიმრებულია, მაშინ როდესაც კალანდაძე და შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ის რომ ნატოს შეფი ასე ცალმხრივად ერევა კონფლიქტში, მით უფრო თვალშისაცემია, რომ აქამდე ის ჯერ მხოლოდ ძველი რეჟიმის წარმომადგენელ სააკაშვილს ესაუბრა. მისი და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა კი ბრუსელში ოთხშაბათს შედგება. სააკაშვილმა რასმუსენის პოზიცია მაშინვე იმის დადასტურებად შეაფასა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა დასავლურ კოალიციაში ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. სააკაშვილის თქმით მას არ ახსენდება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნატოს საქართველოს მიმართ ერთხელ მაინც წამოსცდენოდა კრიტიკული რამ. მართლაც, დასავლეთი დუმდა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი ავტოკრატიული მმართველობის დროს კანონდარღვევებზე საქართველოში.

ის რომ დასავლური მთავრობები ინფორმირებული იყვნენ, ჩანს მაგალითად “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებული 2009 წლის 15 სექტემბრის სატელეფონო საუბარის მოხსენებიდან, რომელიც შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს თინა ქეიდენაუსა და სააკაშვილს შორის. აგვისტოს ბოლოს პრეზიდენტმა იმ დროს 28 წლის ახალაია, რომელიც მანამდე ციხეებზე იყო პასუხისმგებელი, თავდაცვის მინისტრად დანიშნა. ქეიდენაუ ამ დანიშვნის გამო „შეშფოთებული“ იყო და ახალაიას მმართველობის პირობებში ადამიანთა უფლებების სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებდა. სააკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ ეს დანიშვნა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ავნებს და რომ მნიშვნელოვანია, მომავალში ასეთი ქმედებებისგან თავი შეიკავოს. ოპოზიცია სხვა ბრალდებებთან ერთად ახალაიას პატიმრების წამების გამო ციხის ორი ბუნტის პროვოცირებაში ადანაშაულებს, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმებმა ჩაახშვეს და რომლის დროსაც მინიმუმ შვიდი პატიმარი მოკლეს.

აშშ-ს მთავრობა თავდაცვის ახალ მინისტრს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეურიგდა, მას შემდეგ რაც ამერიკის საელჩო თბილისში თავის მრავალ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ ახალაია მის წინამორბედებზე მეტ მზადყოფნას გამოხატავდა ამერიკული სამსახურების “რეკომენდაციების” გაზიარების მხრივ.

სამშაბათს ახალაიასა და კალანდაძის წინააღმდეგ საქმე დამატებით ეპიზოდთან დაკავშირებით აღიძრა, რასაც ადგილი ჰქონდა 2010 წლის თებერვალში. ორივე იმაზეა პასუხისმგებელი, რომ 17 ჯარისკაცი 36 საათის განმავლობაში საკვების გარეშე გაყინულ საშხაპეში იყო გამოკეტილი. საქმე ეხებოდა ჯარისკაც მძღოლებს, რომლებმაც უარი თქვეს ღამის ცვლის შემდეგ დილის ვარჯიშზე. გენერალურმა პროკურატურამ კალანდაძის დაპატიმრება ხელახლა მოითხოვა.
foreignpress.ge