„ნიკა გვარამიას პასუხი მოეთხოვება“

„ნიკა გვარამიას პასუხი მოეთხოვება“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 51%-იანი წილის მფლობელი ტელეკომპანია „საქართველო“, გენერალური დირექტორი კი ნიკა გვარამია გახდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 13 ნოემბერს გამართულ პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომ ტელეკომპანია „საქართველო“ 51%-ის სანაცვლოდ „რუსთავი 2“-ს მის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას მთლიანად გადასცემს. „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილი - გიორგი გეგეშიძეს, 22% - ლევან ყარამანაშვილს, 18% კი გიორგი ყარამანიშვილს ეკუთვნის. შეგახსენებთ, ეს ადამიანები სააკაშვილის კარის ბიზნესმენებად მოიაზრებიან.

ახალი მფლობელი ჰყავს ტელეკომპანია „პიკ“-საც, რომელიც  საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხს „პიკს“ მართავდა. მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს კომპანიის 60% ოთხი დღით ადრე შექმნილ შპს „შვიესას“ გადაეცა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომ კომპანიის 60%-ის გადაცემის სანაცვლოდ, „შვიესა“ ვალდებულია ოქმზე ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში შპს „ტელეკომპანია პიკის“ კაპიტალში მილიონ ხუთასი ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. „შვიესას“ დამფუძნებელი და დირექტორი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია. ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ლიტვური მედიის ცნობით, იურგელავიჩუსი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას, media.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „საქართველო“-ს სამაუწყებლო ლიცენზია „სამოქალაქო განათლების ფონდს“ გადაეცა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ცოლი და ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილია.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, 4 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ 40% თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა იყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 4 ოქტომბერს ჩატარებული პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ლევან ყარამანიშვილმა თავისი კუთვნილი 90%-იანი წილიდან 40% ნახევარ მილიონ დოლარად „მედია ჯორჯიას“ მიჰყიდა. ასევე „მზის“ აქტივების მფლობელმა ყარამანაშვილმა „მზის“ 40% 250 000 აშშ დოლარად შპს „ჯორჯიან მედია კომპანის“ მიჰყიდა. კომპანიები, რომლებმაც „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ წილი იყიდეს, 3 ოქტომბერს კეზერაშვილმა ერთპიროვნულად დააფუძნა. სამი დღის შემდეგ კი მან ეს წილები გიორგი ყარამანაშვილზე გაასხვისა.

ამდენად, იკვეთება ტენდენცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ისედაც მის მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანიები ვიღაცეებზე გადაყიდოს და ამ გზით ტელეკომპანიების „კეთილსინდისიერი“ მყიდველები შექმნას. მოგეხსენებათ, ტელეკომპანიების „მზე“ და „რუსთავი2“ ყოფილმა მესაკუთრეებმა, ვანო ჩხარტიშვილმა და ქიბარ ხალვაშმა სპეციალური განცხადებები გააკეთეს, რომ მათ დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ. ტელეკომპანიები „საქართველო“ და „პიკ“ კი სხვების კუთვნილ სიხშირეებზე მაუწყებლობენ. კერძოდ, „პიკ“-ის სიხშირე მედიაკავშირ „ობიექტივს“ ეკუთვნის, „საქართველო“ კი ტელეკომპანია „202“-ს სიხშირეზე მაუწყებლობს. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა წინაპირობას ქმნის იმისთვის, რომ სიხშირეებისა და ტელეკომპანიების კანონიერ მესაკუთრეებს პრეტენზიები აღარ ჰქონდეთ, ვინაიდან მათი არხები და სიხშირეები ახლა „კეთილსინდისიერი“ მყიდველების მფლობელობაშია.

„რუსთავი2“-ის ახალი გენერალური დირექტორი კი 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადაღებულ ფილმის „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ერთ-ერთი შემოქმედი იყო. შეგახსენებთ, იმ პერიოდისთვის ნიკა გვარამია გენერალური პროკურორის მოადგილე იყო და ყველას გვახსოვს, როგორ საუბრობდა იგი ამ ფილმში ნოემბრის აქციის ორგანიზატორებზე, როგორც ქვეყნის მოღალატეებსა და რუსეთის აგენტებზე.

აღნიშნულ თემებზე for.ge-ს გვარამიას მიერ სამშობლოს მოღალატედ შერაცხული რეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრება.

გოგა ხაინდრავა: „ეს ყველაფერ ნიშნავს იმას, რომ „რუსთავი2“ ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაშიც მას ეკუთვნოდა. ყველა დანარჩენი ფიგურანტი ამ საქმეში უბრალოდ შირმაა, ისევე, როგორც გვარამიაც არის შირმა, რადგან არაფერს წარმოადგენს და არც არასოდეს წარმოადგენდა. რაც შეეხება ფილმს „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, ამაზე გვარამიას პასუხი მოეთხოვება, კერძოდ, ცილისწამებაზე, საქმის გაყალბებაზე და უამრავ სხვა თემაზე, რომელშიც გვარამია ისეთივე დამნაშავეა, როგორიც მთელი ეს ტერორისტული ორგანიზაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ტერორისტული ორგანიზაცია და ის უნდა გასამართლდეს, როგორც ორგანიზაცია. მათ შორის იქნება, რა თქმა უნდა, ეს ვაჟბატონიც. იქ იქნება მოროდიორობის უამრავი საქმე, რაც მათ აქვთ ჩადენილი, იგივე „იმედთან“ მიმართებაში და ა.შ. არ მგონია, ღირდეს ყველა იმ დანაშაულის ჩამოთვლა, რომელშიც ეს ორგანიზაცია არის არა მხოლოდ ეჭვმიტანილი, არამედ მხილებულიც, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები - არჩევნების გაყალბება და საერთოდ სახელმწიფო დანაშაულებრივი სტრუქტურის შექმნა.

მართალია, პარადოქსულად ჯღერს ერთად სახელმწიფო და დანაშაული, მაგრამ ეს ფაქტია და ერთ-ერთი ასეთი დამნაშავე იყო გვარამია. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, გვარამიას დანიშნავენ იქ, არველაძეს თუ ჯანდაბას და ოხრობას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ყველანი დამნაშავეები არიან ქართველი ერის წინაშე და ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც აქვთ ჩადენილი.

ახალაია ახლა ისე მიაგდეს, როგორც მგლებს გასატყუებლად ხორცს მიუგდებენ ხოლმე. მერე სხვას მიაგდებენ და ეს გარდაუვალი პროცესია. უმაღლესი პირებიდან ახალაიას აღარავინ ახსენებს, მხოლოდ თეა თუთბერიძე დარბის გიჟივით და ახლა უდანაშაულობაზე და საზოგადო მოღვაწეობაზე საუბარი უკვე აღარ არის. მთელი მათი დანაშაული აუცილებლად იქნება გამოძიებული და ამის შესახებ ეცოდინება ყველა მათ მფარველს როგორც დასავლეთში, ასევე განსაკუთრებით, ჩრდილოეთში, რადგან ამ ტერორისტული ორგანიზაციის ბევრი წარმომადგენელი რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა, თუმცა რა თქმა უნდა, სხვა მიმართულების სპეციალისტებიც იყვნენ.

ბატონო გოგა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომრუსთავი2“-ის დასაბრუნებლად იბრძოლებს. ნიკა გვარამია კი, რომელიც არხის გენერალურ დირექტორად დაინიშნა, ამბობს, რომ არხის ყოფილი მფლობელების დავასთან დაკავშირებით არაფერი იცის.

- გვარამია არის მატყუარა და ფარისეველი. ის ყველანაირად შეეცდება გაამართლოს ყველა ის უგუნური ნაბიჯი, რასაც სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დგამს. გვარამია რას აცხადებს, არავის აინტერესებს. მთავარია, რას იტყვის გამოძიება და ჩვენ დაველოდებით გამოძიებას.

ტელეკომპანიაპიკ“-საც ახალი მფლობელი ჰყავს. ეს არის ვინმე დარიუს იურგელავიჩუსი, რომელიც თავის დროზე ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო. ასევე ტელეკომპანიასაქართველოსაცახალი მფლობელი ჰყავს და ეს არის უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ პროცესებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენა იქონიოს?

- რასაც ისინი აკეთებენ, ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ჩერგოლეიშვილმა, მერაბიშვილმა და ბენდუქიძემ რაც არ უნდა შექმნან, ქართველი ხალხის გულს ისინი ვეღარასოდეს მოიგებენ იმ კრიმინალის, ცინიზმის და აბსოლუტური უმსგავსობის გამო, რაც მათ მთელს საქართველოზე გადმოანთხიეს. ამიტომ, ეს არის აბსოლუტურად უშედეგო მცდელობა. ხარჯონ ფული ბენდუქიძეებმა და ჩერგოლეიშვილებმა, რადგან ეს ფული მაინც გაჭირვებული ხალხის ჯიბიდან არის ამოღებული, იქნებ საქმეს გამოადგეს, ადამიანები მაინც დასაქმდნენ. რაც შეეხება მედია-საშუალებების მიერ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობას, გეტყვით, რომ მედია-საშუალება მაშინ არის სასარგებლო, როდესაც მაყურებელი იმ ინფორმაციით და მენტალობით არის დაინტერესებული, რაც ამ ტელევიზიიდან მოდის. არ გადამრიოთ ახლა, ვის რაში აინტერესებს ჩერგოლეიშვილისა და ბენდუქიძის ტელევიზია? საქართველოში პოლიტიკური პარტიებიც იყვნენ, რომლებიც პირველობას ჩემულობდნენ, მაგრამ რეალობა როგორია ყველამ კარგად დავინახეთ. ასე რომ, თავში ქვა უხლიათ და მუცელში სამართებელი, რამდენიც უნდათ, იმდენი არხი გააწყონ. საქმე ის არის, ვინ უყურებს და ვინ დაუჯერებს და არა ის, თუ რამდენი არხი ექნებათ. ისევ ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. კვირები გადაწყვეტს ამას, ძალიან საინტერესო საქმეები გაიხსნება, რომლებიც სააკაშვილსა და მერაბიშვილს პირდაპირ ამხელს.

„პიკ“-თან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ვითარებაა. როგორც ჩვენ ვიცოდით, ეს საბიუჯეტო ორგანიზაცია იყო. ყველამ, ვინც საქმეში ჩახედულია, კარგად იცის, რომ ამ ტელეკომპანიის დამფუძნებელი ბორის ბერეზოვსკია. კოტრიკაძე მხოლოდ მისი პაიკი იყო და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „არტივიაი“-ს კორესპონდენტი იყო, ბერეზოვსკის მსახური იყო. ბუნებრივია, მას არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ ტელევიზიის დამფუძნებელი ყოფილიყო. ყველამ კარგად ვიცით, გივი თარგამაძის მეშვეობით სააკაშვილისა და ბერეზოვსკის ერთმანეთთან კავშირები და ეს არხიც ამ ურთიერთობის პრინციპზე იყო აგებული. ამის იქით ლიტველი გაჩნდება, ესტონელი, ჩინელი თუ არაბი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც წესი, სააკაშვილისა და მისი გუნდის ქონებები სწორედ ოფშორულ ზონებში იყო რეგისტრირებული, მაგრამ მსოფლიო იმდენად პატარაა, რომ მოპარული ქონების გადაფორმების, დამალვის და გადატანის ყველა მცდელობა აბსოლუტურად უადგილოა. ძალიან მალე დავრწმუნდებით, რომ ნაძარცვი და ნაყაჩაღარი ქონების დაბრუნება მოუწევთ და ეს ყველაფერი ქართველ ხალხს დაუბრუნდება.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამნაციონალებიცდილობენ ტელეკომპანიებისკეთილსინდისიერიშემძენები შექმნან. ამიტომ, სამართლებრივად ძალიან საინტერესო სიტუაცია იქმნება.

- ეს ყველაფერი თაღლითური სქემებია, მაგრამ ვინ ჭამს ამას?

დიახ, მაგრამ შემდეგ მათ ეს საშუალებას მისცემს, მედიაზე ზეწოლის შესახებ დაიწყონ საუბარი.

- რომელ ზეწოლაზეა საუბარი, დამთავრებულია მათი საქმე. თითოეული მათგანი დღეს სტარტზეა, როგორ მოქუსლოს ამ ქვეყნიდან და ზოგიერთმა უკვე მოქუსლა კიდეც. როდესაც საბიუჯეტო სახსრების ხან ერთ და ხან მეორე კომპანიაში გადაქაჩვა ხდება, ეს არის თაღლითური სქემები. იგივე შეიძლება ითქვას „პიკ“-ზე, რომელიც არის ფულის სარეცხი მანქანა. ეს არის მერაბიშვილის სქემა. თავიდან იყო აბსოლუტურად უკანონოდ შექმნილი ტელეკომპანია „ალანია“, რომელსაც მერაბიშვილი კურირებდა. ასევე თაღლითური სქემით შეიქმნა „რეალ-ტვ“, სპეც-დანიშნულების განყოფილება, რომელსაც რატომღაც ტელევიზია დაარქვეს. ამის უკან სიხშირეებია, ლიცენზიებია და ა.შ. მაგრამ ეს თაღლითობა იმდენად ზედაპირზე დევს, რომ დიდი გამოძიება ამას არ დასჭირდება.

მერაბიშვილი არის ძალიან სერიოზული დამნაშავე და მას ძალიან სერიოზულ ბრალდებებზე მოუწევს პასუხისგება, ისევე, როგორც გიგა ბოკერიას, რომელიც პირდაპირ იმხილება ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში. იგი პირადად იძლეოდა ბრძანებებს, რის შედეგადაც ადამიანები დაიხოცნენ და დასახიჩრდნენ. ამიტომ მოსალოდნელია ძალიან სერიოზული სასამართლო პროცესი, რომელზეც ეს ყველაფერი გახდება ცნობილი როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

არ შემიძლია არ გკითხოთ ბაჩო ახალაიას შესახებ, რომლის მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანას დიდი ხმაური მოჰყვა. მისი ოჯახი და გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ახალაიას საფრთხე ელოდება. თქვენი აზრით, ვისგან ელოდება მას ეს საფრთხე?

- მას საფრთხე ნამდვილად ემუქრება და პირველ რიგში, ნაციონალების მხრიდან, რადგან ის არის ძალიან სერიოზული მოწმე. მას შეუძლია სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და მთელი ეს ნაციონალური ტერორისტული ორგანიზაცია უამრავ დანაშაულში ამხილოს. ამიტომ, ბუნებრივია, მიმდინარეობს ამ ფონის მომზადება, რადგან ყველასათვის ნათელია, რომ ახალი ხელისუფლება თვალის ჩინივით გაუფრთხილდება ისეთ მოწმეს, როგორიც ბაჩო ახალაიაა. ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან მას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, რადგან ის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ძალიან დიდ პროცესზე, ნიუნბერგის პროცესზე, რომელიც საქართველოში ჩატარდება. ამიტომ, ახალი ხელისუფლება მისი უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. სწორედ ამან განაპირობა მისი მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანა. ბუნებრივია, 40 კაციან ციხეში ბევრად უფრო ადვილია ადამიანის შენახვა, თუნდაც ის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში იყოს ეჭვმიტანილი და სწორედ ამაშია ახალაია მხილებული.

ნაციონალებს ქვეცნობიერად ესმით, რომ ახალაიას ციხეში ყოფნა მათთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც სჩვევიათ. ხოლო მათი ურთიერთობები ძალიან კარგად ჩანს იქიდან, როგორც ექცეოდნენ ერთმანეთს სააკაშვილი და ოქრუაშვილი. ეს კარგად ჩანს იქიდანაც, როგორ ჰყავს სააკაშვილს ახალაია გაწირული. ის მას საერთოდ აღარ ახსენებს, მხოლოდ კალანდაძესთან მივიდა სახლში. მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ეს სავირთხეთი აირია, ესმით რა ელოდებათ, რადგან იციან რაც აქვთ ჩადენილი და ამიტომ ხან აქეთ ეცემიან და ხან - იქით, მაგრამ არაფერი გამოუვათ. სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან გამოძიება დახვდებათ.

მე მგონი ახალაიას და მამამისს უნდა ესმოდეთ (და ვფიქრობ, ესმით კიდეც), რომ მას საფრთხე სააკაშვილისგან და მერაბიშვილისგან ელის, რადგან იმ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც საქართველოში მუშაობდა, ბაჩო ახალაია სერიოზული ფიგურაა. ამიტომ, ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი მოწმისგან რაც მალე განთავისუფლდებიან, მით უკეთესი იქნება მათთვის, მაგრამ ვერ ეღირსებიან! ახალაია იქნება დაცული და ძალიან ბევრ რამეს დაწერს მათზე, კალამს ვერ გააგდებინებენ ხელიდან. მინაშვილს რომ ახალაიასთან ერთად განუწყვეტელი ყოფნა უნდა, მალე მიუსვამენ გვერდით, ისევე როგორც თეა თუთბერიძეს, რადგან იდეოლოგები არანაკლებ დამნაშავეები არიან, ვიდრე ჯალათები. ამ ქვეყანაში სამართალი აღდგება და ყველა აგებს პასუხს თავის საქციელზე.