არასამთვრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული მსჯავრდებულები ციხიდან ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც მათ საკითხზე მომუშავე ჯგუფის დატოვებისთვის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და ორგანიზაციას „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აკრიტიკებენ.
„მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შექმნა პოლიტპატიმრების საკითხის შემსწავლელი კომისია და ამ კომისიის მუშაობის ბოლო თარიღად დაადგინა 19 ნოემბერი, გაგვიჩნდა იმედი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი გადაწყვეტდა ჩვენი პოლიტპატიმრობის სტატუსის ოფიციალურად აღიარების და უახლოეს ხანში გათავისუფლების საკითხს. თუმცა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „კონსტიტუციის 42 -ე მუხლის“ ერთობლივი განცხადებიდან, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი წყვეტენ კომისიაში მუშაობას, იმ მოტივით, რომ თითქოს კომისიისთვის მიცემული ვადა არასაკმარისია ჩვენი საქმეების სრულად და კომპეტენტურად შესასწავლად.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ ადამიანებისათვის, ვისაც საერთოდ არ ჰქონია შეხება პოლიტიკური პატიმრების პრობლემასთან, რასაკვირველია, მასში გასარკვევად არათუ 2 კვირა, არამედ, შეიძლება 2 წელიც კი არ იყოს საკმარისი. თუმცა, გვეგონა, რომ აღნიშნული კომისიის წევრები უფლებადაცვით სფეროში საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები არიან, რომლებიც პოლიტპატიმრების პრობლემის შესწავლას დღეს კი არ იწყებენ, არამედ, ამაზე მათ წლობით აქვთ ნამუშევარი. ასეთებად მიგვაჩნდნენ ზემოთ დასახელებული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და თუ ვცდებით და ისინი ახლა იწყებენ ამ პრობლემატიკის შესწავლას, მაშინ გასაკვირია, რატომ დათანხმდნენ ისინი თავიდანვე ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე? განა იმთავითვე ნათელი არ იყო, რომ კომიტეტის მიერ განსაზღვრული ორკვირიანი ვადა საკმარისი იყო კომისიის წინაშე წარდგენილი 200-მდე საქმის პოლიტიკური მოტივების შესასწავლად, ხოლო თუ ვინმე ამ მრავალტომიან საქმეებში ყველა სამართლებრივი ნიუანსის სიღრმისეულ შესწავლას მოინდომებს, მაშინ ჩვენი უკანონო პატიმრობა კიდევ მრავალი თვით (ან წლით) გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტპატიმრების განსაკუთრებულ გულისწყრომას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქმედება იწვევს, რადგან მათი განცხადებით, „საიამ“ ბოლო წლებში დაახლოებით 3,5 მლნ ლარი მიიღო გრანტების სახით და ამ წლების მანძილზე არათუ 200 -მდე პოლიტპატიმრის, არამედ სულ რამდენიმე მათგანის საქმე აქვს შესწავლილი. პოლიტპატიმრების განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ეს ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა პოლიტპატიმრების პრობლემის არსებობის დაფიქსირებისაგან, ყველაზე პასიური იყო ამ საკითხში და ახლაც სხვადასხვა გამოგონილი მიზეზებით ფაქტიურად იგივე პოლიტიკას აგრძელებს, რითაც ნებით თუ უნებლიედ, სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმის ბნელი საქმეების განვითარების ხელშემწყობად ევლინება საზოგადოებას. განცხადებას სულ 32 პატიმარი აწერს ხელს.
For.ge განცხადებაზე ხელის მომწერი ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ზაალ ჟვანიას შვილს გაესაუბრა. ელენე ჟვანია აცხადებს, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებმა ზაალ ჟვანიას საქმე ზედმიწევნით კარგად იციან, რადგან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ ნაწილში მას სწორედ საიას იურისტები აწარმოებდნენ.
„თვითონ თამარ ჩუგოშვილთანაც გვქონდა შეხვედრა და იცის, რომ მამაჩემი პოლიტპატიმარია და ამიტომ უბრალოდ გვაინტერესებს, რა საქმეებს იხილავენ? რა დრო სჭირდებათ? თუ დრო უნდოდათ, აქამდე სად იყვნენ? აუცილებლად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი უნდა იყოს ჩემი პატიმარი, რომ ყურადღება მიაქციონ და ყვირილი ატეხონ? მამაჩემი დაავადებული 60 წლის კაცია, რომელიც (ღმერთმა დაიფაროს) დღე-დღეზე შეიძლება მოკვდეს“, - აცხადებს ელენე ჟვანია.
იგი ვარაუდობს, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ არ აწყობს აღიაროს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ.
„თუ ჰომოსექსუალები სულ თვლით იციან, პოლიტპატიმრები ვინ არიან, ეს არ უნდა იცოდნენ? მე არც ჰომოსექსუალისტებს ვერჩი და არც არავის, უბრალოდ ამ კომისიის მუშაობაზე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის დამოკიდებული. მამაჩემის საქმეზე კი ჩვენს მიერ ჩვენი საცხოვრებელი სახლის შენარჩუნება-დაკარგვის საკითხია მიბმული. ამიტომ მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს პოლიტპატიმრების საკითხი აინტერესებდა, საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ეს თემა შეესწავლა“, - აღნიშნავს პატიმრის შვილი.
მისივე განცხადებით, იგი არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების სახელითაც საუბრობს, რადგან მათი განწყობაც ანალოგიურია.
მოძრაობა „არა“-ს ლიდერი, ლევან ჩიტაძე, რომელიც პარლამენტთან შექმნილი კომისიის მუშაობაში ღებულობს მონაწილეობას და რომელიც თავად მუშაობდა პოლიტპატიმრების სიის შედგენაზე, აცხადებს, რომ მან, ყოფილ პოლიტპატიმარ კოკა კვინიკაძესთან ერთად (რომელიც ახლა უცხოეთში ცხოვრობს), ყველა მისთვის ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციასა და კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიას მიმართა. ჩიტაძე ამბობს, რომ მისი მიზანი იყო ერთადერთი - არასამთავრობოებსა და პოლიტიკურ პარტიებს დაეფიქსირებინათ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ.
„ჩვენ არ ვითხოვდით, რომელიმე გვარზე შეჯერებას, უბრალოდ ყველას პოზიცია გვაინტერესებდა. ამ დოკუმენტზე იყო აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერა, ასევე ყველა არასამთავრობო შეუერთდა ამ დოკუმენტს, გარდა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“, „სამართლიანი არჩევნებისა“, „ემპათიისა“ და „ციხის საერთაშორისო რეფორმისა“. მიმაჩნია, უკეთესი იქნებოდა, ამ ორგანიზაციებს პოლიტპატიმრების საკითხებზე უფრო ეფექტურად ემუშავათ. „საიამ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ კომისია იმ მიზეზით დატოვეს, რომ ისინი პოლიტპატიმრების საკითხის შესწავლას ვერ ასწრებდნენ. მინდა თქვენი მეშვეობით მივმართო ამ ორგანიზაციებს - სჯობდა, იმ პოლიტპატიმრების საკითხები შეესწავლათ, ვისი საკითხის შესწავლასაც ასწრებდნენ, ხოლო რასაც ვერ მოასწრებდნენ, დააფიქსირებდნენ, რომ ვერ მოასწრეს“, - ამბობს ლევან ჩიტაძე.
მას უცნაურად ეჩვენება ამ ორგანიზაციების მიერ სამუშაო ჯგუფის დატოვება მანამ, სანამ ის პოლიტპატიმრების საკითხზე მუშაობას დაასრულებდა და ამ გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს. ჩიტაძე ამბობს, რომ კომისიაში საკმარისი ოდენობის ადამიანია იმისთვის დარჩენილი, რომ სამუშაო დაასრულონ. აქვე იგი განმარტავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ყველა ამ პატიმრის საკითხის შესწავლა უკვე დასრულებულია და სულ მალე ამ ადამიანების სია პარლამენტს გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, 12 ნოემბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დატოვეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან შექმნილი კომისია, რომელიც პოლიტპატიმრების თემაზე მუშაობს და რომელმაც მათი სია პარლამენტს უნდა გადასცეს განსახილველად. ამ ორმა ორგანიზაციამ კომისიის დატოვების მოტივად ის გარემოება დაასახელა, რომ სამუშაო ჯგუფი ევროპის საბჭოს მიერ პოლიტპატიმრების განსაზღვრისათვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად არ მუშაობს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილმა for.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოსცა რეზოლუცია N1900, რომლითაც პოლიტიკური პატიმრების დადგენისათვის ხუთი დეფინიცია განისაზღვრა და ეს ერთგვარი ტესტივით არის, რის მიხედვითაც საქმეების შესწავლა ხდება. ჯანეზაშვილი ხაზს უსვამს ამავე რეზოლუციის ბოლო პუნქტს, სადაც წერია, რომ ევროპის საბჭო წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, როდესაც პოლიტიკური პატიმრების საქმეებს განიხილავენ, თითოეულ საქმესთან დაკავშირებით სწორედ ამ დეფინიციებთან შესაბამისობაში მიიღონ გადაწყვეტილება.
ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ პარლამენტთან შექმნილი ჯგუფი სწორედ ევროპის საბჭოს დეფინიციების შესაბამისად მუშაობს.
„ეს იყო ჩვენი სამუშაო, თორემ ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს შესწავლილი და ვიცით მათი მდგომარეობა. როდესაც „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ასეთ განცხადებებს აკეთებს, თუ სურდა პოლიტპატიმრების საკითხების შესწავლა, შეეძლო ეს გაეკეთებინა. „საია“-ს რამდენიმე პოლიტპატიმრის საქმე შესწავლილი მაინც აქვს, თუმცა მათაც სერიოზული რესურსი აქვთ საიმისოდ, რომ თავის დროზე ყველა ამ პოლიტპატიმრის საქმე შეესწავლათ. „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ კი ვურჩევდი, ერთხელ მაინც იყოს ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაცია და ქვეყნისათვის ერთ-ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხზე, როგორიც არის პოლიტპატიმრების საქმე, დადოს დასკვნა. ეს მას და მის რეპუტაციას სჭირდება. წარმოიდგინეთ, ჩვენ, ყველა უფლებადამცველი ორგანზაცია დავამტკიცებთ პოლიტპატიმრების სიას და ამ საკითზე არ იქნება „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმოწერა, რაც მის იმიჯს სერიოზულ ზიანს მიაყენებს“, - ამბობს ლევან ჩიტაძე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა for.ge-სთან საუბრისას განმარტა, რომ მის ორგანიზაციას არაერთი პოლიტიკური პატიმრის საქმე აქვს შესწავლილი. პოლიტპატიმრების ბრალდებებთან დაკავშირებით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პოზიციის გაგება კი შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან „საიას“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მასთან დაკავშირება ვერც „საიას“ პრეს-სამსახურის მეშვეობით შევძელით.
დღეს კი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის საქმიანობასა და პოლიტპატიმრების მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ პრესკონფერენცია გამართეს.
ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, 2012 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი დაკომპლექტდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, შევიდა ამ ჯგუფის შემადგენლობაში.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ სტატუსის განსაზღვრა მოხდებოდა სწორედ ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად.
მათივე ცნობით, სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის. სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლეოდა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას.
„ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მივიჩნევთ, რომ ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირული შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები. ეს შეთავაზება არ გულისხმობდა ყველა საქმის მასალის დეტალურ შესწავლას და პროცესის წლების განმავლობაში გაჭიანურებას, არამედ იმ აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების შეფასებას, რაც აუცილებელი იყო პირისათვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დატოვა ჯგუფის შემადგენლობა.
ჩვენ მიერ ჯგუფის დატოვებამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებში. გავრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია, რომ საია არ აღიარებს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობას, არ უწევს მათ დახმარებას და არ შეუსწავლია თავის დროზე პოლიტიკური პატიმრების საქმეები.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ უკვე წლებია ვმუშაობთ პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე, ვუწევთ მათ საადვოკატო დახმარებას საქართველოში და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. შესწავლილი გვაქვს არაერთი პოლიტიკური პატიმრის საქმე, გამოცემული გვაქვს ანგარიშები და კვლევები.
მაგალითიად, საიამ 2010 წელს შეისწავლა 24 პოლიტიკური პატიმრის საქმე, აღნიშნულის თაობაზე სპეციალური ანგარიში გამოიცა 2011 წელს. ამ ეტაპზე კი ვსწავლობთ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა საქმეებს - ჯამში 30 საქმე (მათ შორის ზაზა სამხარაძის, გია სალუქვაძის საქმეებს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა საქმეებს რომლებიც დღეს ჩვენდა გასაოცრად ხელს აწერენ განცხადებას საიას წინააღმდეგ) რომელთაგან ზოგიერთი არის ჯგუფური საქმე და მოიცავს, დაახლოებით, 50 პირის სისხლის სამართლის საქმეს.
ჯგუფის დატოვების მიუხედავად, ჩვენ, საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე. ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან და კომიტეტის სხდომაზე წარვადგინოთ მოსაზრებები ჩვენს მიერ შესწავლილ პოლიტიკური პატიმრების საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენი დასკვნების ნაწილი უკვე გაეგზავნა პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს და ჩვენ გავაგრძელებთ ამ სახის დასკვნების მათთვის მიწოდებას, რათა დავეხმაროთ ჯგუფს მუშაობაში“, - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში.