ქამარშემოჭერილები ბუნტის ზღვარზე

ქამარშემოჭერილები ბუნტის ზღვარზე

 

2011 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში საბიუჯეტო დეფიციტი 6.3-დან 4.3 პროცენტამდე შემცირდა. დეფიციტის შემცირების წინაპირობად მთავრობამ „ბიუროკრატიული მადის ალაგმვა“ დაასახელა და ბიუროკრატთა მადის მოსათოკი კონკრეტული ღონისძიებების სიაც გამოამზეურა: სრული მორატორიუმი გამოცხადდა ავტომობილების შესყიდვაზე, სამინისტროების დაფინასება 10 პროცენტით შემცირდა და თანამდებობის პირთა ხელფასები გაიყინა. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“ რეალობად აქცია, მაგრამ ქამარი სახელმწიფო აპარატის ნაცვლად, მოსახლეობას შემოუჭირა. მათი აზრით, წინ რთული და სოციალურად მღელვარე ზამთარი გველის.

 

2010 წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტი 97 მილიონი ლარით იზრდება. აქედან შემოსავლები – 534 მილიონი, ხოლო ხარჯები 110 მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტის ნამეტი თანხის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სპორტის, ეკონომიკის სამინისტროებს, საერთო სასამართლოებსა და ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს ემატება.

 

ბიუჯეტის კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტი 6.960 მილიარდი ლარიდან 7.088 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. პროექტის თანახმად, საბიუჯეტო შემოსავლები მშპ-ს 27.8%, ხოლო ხარჯები – 24.9% იქნება.

 

ბიუჯეტის კანონპროექტის თანახმად, საჯარო სექტორში დასაქმებული 100 ათასი მოხელე 437 კაცით გაიზარდა, მათი შრომის ანაზღაურება კი – 4 მილიონი ლარით. 2001 წლის ბიუჯეტში სულ ხელფასებზე 1.1 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. 2010 წელთან შედარებით ეს რიცხვი 46 მილიონითაა გაზრდილი.

 

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდა. მომავალ წელს თავდაცვაზე 653 მილიონი ლარი, ხოლო საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე 791 მილიონი ლარი გამოიყოფა. მიმდინარე წელთან შედარებით, თავდაცვაზე 86 მილიონით, ხოლო საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე – 1.9 მილიონით ნაკლები დაიხარჯება. ბიუჯეტის ჩასწორებულ ვარიანტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დაფინანსება 6 მლნ 900 ათასი ლარით, 105.5 მლნ ლარამდე გაიზარდა.

 

3.6 მილიონი ლარით იზრდება გარემოს დაცვის დაფინანსება. მომავალი წლის ბიუჯეტი ამ სფეროზე 23 მილიონ ლარს დახარჯავს. 1.4 მილიონი ლარით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსებაც. 2011 წელს ამ კუთხით 550 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან 389 მილიონი ლარი საშუალო ზოგად განათლებას მოხმარდება. 2010 წელთან შედარებით, ამ კუთხით 33 მილიონით მეტი დაიხარჯება. ნამეტი თანხა ძირითადად პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენას და საჯარო სკოლების დაფინანსებას მოხმარდება.

 

2011 წელს ბიუჯეტიდან სასჯელაღსრულებაზე, პრობაციასა და იურიდიულ დახმარებაზე 105.5 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის კანონპროექტის ჩასწორებულ ვარიანტში ამ რიცხვმა კიდევ 6.9 მილიონი ლარით მოიმატა.

 

15.4 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებაც. 2011 წელს ჯანდაცვაზე 385 მილიონი ლარი გამოიყოფა. აქედან, 332 მილიონი ლარის ხარჯი დეტალურად გაწერილი არ არის.

 

2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას ყველაზე დიდი ვნებათღელვა განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში მიმდინარე რამდენიმე პროგრამის გაუქმებამ გამოიწვია. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში წელს მიმდინარე ყველა პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და რომ ბიუჯეტის ამ ნაწილს დასრულებული სახით მესამე განხილვისთვის წარმოადგენენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები 44.7 მილიონი ლარით 1.4 მილიარდი ლარამდე იზრდება, მომავალ წელს მიზნობრივი ჯგუფების (ღარიბები, ავადმყოფები და შეზღუდული შესაძლებლობების პირები, ხანდაზმულები) დაფინანსებას 20 მილიონით ნაკლები მოხმარდება. სამაგიეროდ, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში არაკლასიფიცირებული საქმიანობა 190 მილიონი ლარით გაიზრდება. აქედან 154 მილიონი ლარი სოციალური გაუცხოების საკითხებისთვისაა გამიზნული.

 

ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტი შოთა მურღულია მიიჩნევს, რომ: „სოციალური ხარჯების შემცირებას სოციალური მღელვარების გამოწვევა შეუძლია. თუმცა, ქვეყანაში ისეთი ფონია, სოციალური მღელვარება, შესაძლოა სოციალური ხარჯების შემცირების გარეშეც მოხდეს. კონკრეტულად რომელ პროგრამებს აკლდება 20 მილიონი ლარი, არ ვიცი. თუ რომელიმე ახლა მოქმედი პროგრამა მომავალ წელს აღარ დაფინანასდება, რა თქმა უნდა, ამ პროგრამის ბენეფიციარებისთვის ეს სასიკეთო არ იქნება“.

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ „სოციალური მღელვარება ბიუჯეტის ნებისმიერი რედაქციის პირობებშია მოსალოდნელი. ინფლაციის დონე მაღალია. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები იზრდება. პენსიის ოდენობა კი იგივეა და არც ახალი სამუშაო ადგილები იქმნება. ბიუროკრატიული მადა არ მცირდება – სახელისუფლებო ელიტა თავის პოზიციებს ინარჩუნებს და რეორგანიზაცია მხოლოდ ქვედა დონეზე ხდება. ეს კი სოციალურ ფონს კი არ აუმჯობესებს, არამედ აუარესებს“.

 

ყოფილი ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ექსპერტი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით მოსახლეობა ნაკლებად არის დაცული.

 

„ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში ოპონენტების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები არ გაითვალისწინეს. სოციალური, ჯანდაცვის და განათლების პროგრამების მიმართულებით ზრდა არ ხდება. იმ ფონზე, როცა ისეთ კვების პროდუქტებზე, როგორებიცაა პური, შაქარი, ზეთი და ხორცი, ფასები 20-50 პროცენტითაა გაზრდილი და ზოგ შემთხვევაში გაორმაგებულიც. ინფლაცია 10 პროცენტს აჭარბებს. პენსია კი ისევ 70 ლარია. ცხადია, რომ ამ პირობებში იგივე ოდენობის დაფინანსების შენარჩუნება მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით უფრო ნაკლებ თანხას ნიშნავს. 2011 წლის ბიუჯეტი სოციალურად უფრო მძიმე ბიუჯეტია. წინა წლებთან შედარებით ამ ბიუჯეტით მოსახლეობა უფრო ნაკლებად არის დაცული. ბიუროკრატიული მადის „ალაგმვა“ არ შეიმჩნევა. პირიქით, რამდენიმე სამინისტროში მომსახურე პერსონალის იგივე რაოდენობის პირობებში სახელფასო ფონდი გაიზარდა. სახელმწიფო აპარატი საკმაოდ დიდია და მისი შემცირებისკენ მიმართულ რადიკალურ ცვლილებას ვერ ვხედავთ“.