არჩევნების შემდეგ ქართული დემოკრატიის თავისებურებებსა და ნაკლოვანებებზე "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკური და სოციალური კვლევის კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარს, კობა კიკაბიძეს ესაუბრა.
- ბატონო კობა, არჩევნების შემდგ არც ისე დიდი დროა გასული, გასაგებია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება და შესაძლოა, არჩევნების შემდეგ ქართული დემოკრატიის თავისებურებებსა და ნაკლოვანებებზე საუბარი ნაადრევი იყოს, მით უმეტეს, რომ კანონმდებლობის თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური სისტემა სრულყოფილი სულაც არ აღმოჩნდა, მაგრამ საჯარო სივრცეში ძველი და ახალი ხელისუფლების ქცევა ამ თემაზე მსჯელობის საბაბს აშკარად იძლევა. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ რეალობას და ამ რეალობაში ძველი და ახალი ხელისუფლების ქცევას?
- ძველი ხელისუფლების მოქმედება შეიძლება ძალიან მოკლედ დავახასიათოთ - როგორც არაადეკვატური რეაქცია შექმნილ რეალობაზე, შესაბამისად, არაადეკვატური ტაქტიკური და სტრატეგიული ნაბიჯებით და ძველი ხელისუფლების ფიგურანტების კომიკურობამდე დასული იმპულსურობით. ახალმა ხელისუფლებამ კი ჯერ ბოლომდე ვერ გაითავისა და ვერ შევიდა ხელისუფალის როლში, რასაც, გარკვეულწილად, ფონს უქმნის ძველი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ზოგიერთ რგოლზე დარჩენილი ძალაუფლება. მაგალითად, სასამართლო და საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელიც ჯერ კიდევ განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობს, მაგრამ მოკლებულია პოლიტიკურ სინდისს, ასევე თვითმმართველობა, რომელსაც 2014 წლამდე ადგილებზე ძალაუფლება უნარჩუნდება. მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემა ყველამ ერთხმად აღიარა დემოკრატიისაკენ წინგადადგმულ ნაბიჯად, მაგრამ პოსტსაარჩევნო ჩანაცვლების პერიოდის პოლიტიკური მენტალობა ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია.
- ძველი ხელისუფლება ახლისაგან ორ-სამ კვირაში ითხოვს წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირებების შესრულებას, მათ შორის ისეთისაც, რომელსაც ამომრჩეველს თავად ჰპირდებოდა. გასაგებია, რომ ამგვარი მოთხოვნებით ტელეეკრანებზე გამოჩენა ოპოზიციაში გადასული "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია, მაგრამ თქვენი აზრით, როგორ აღიქვამს მათ განცხადებებს საზოგადოება, ანუ ის ხალხი, რომელსაც პოლიტიკოსები ელექტორატად მოიაზრებენ?
- ხალხი გაბრაზებულია, გაბრაზებული ადამიანის აღქმადობა შეიძლება არ იყოს ობიექტური, მაგრამ "ნაცმოძრაობის" სპიკერების, "მოლაპარაკე თავების" განცხადებები და გამოსვლები, რომელსაც პარტიული დისციპლინის კლიშე ადევს, ერთგვარი, უტიფარი შეუვალობით გამოირჩევა. პოლიტიკურ ფიგურანტებს ავიწყდებათ, რომ მათ იდეოლოგიის დონეზე ჰყავდათ ადამიანი იგნორირებული. მათი ამგვარი მოქმედების ტენდენცია დღესაც გრძელდება. როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობის" ლიდერები აგრესიული და გაუაზრებელი განცხადებებით პოლიტიკურ საფლავს საკუთარი ხელით ითხრიან.
- ოპოზიციაში გადასული "ნაცმოძრაობის" ლიდერთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ არჩევნებამდე საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გატარდა, არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რომ ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო, მედია, თავისუფალი ბიზნესგარემო იყო და პოლიტიკური პოლიციის აქტიურობა გადაჭარბებული არ ყოფილა, იმაზე მიანიშნებს, რომ "ნაცმოძრაობას", როგორც პოლიტიკურ ძალას, არ გამოუტანია დასკვნები, თუ რატომ წააგო საპარლამენტო არჩევნები. . .
- ჩემთვის ამ შეკითხვაზე საკმაოდ პრაგმატული და არგუმენტირებული პასუხი არსებობს, ეს არის მსოფლიოში დემოკრატიის შეფასება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომელიც იზომებოდა 2003 წლამდე და შემდგომ. ზოგ შემთხვევაში ყოველწლიურად ან გარკვეული პერიოდულობით დროში. მათი შედეგი არის ის, რომ დემოკრატიის ხარისხი საქართველოში 2003 – 2012 წ.წ. საგრძნობლად შემცირდა, ამავე დროს დემოკრატიულობის მაჩვენებლის ძირითადი პარამეტრებიც - არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება, თავისუფალი სასამართლოს, მედიის, ბიზნეს გარემოს შეფასება, რომელიც ერთობლიობაში დემოკრატიის წყროს წარმოადგენს, ასევე, უარყოფითად არის შეფასებული.
აქედან გამომდინარე, "ნაცმოძრაობის" "მოლაპარაკე თავების" პროპაგანდისტული სვლა, საქართველოს, როგორც "დემოკრატიის შუქურის" მისიაზე საუბარი, მტკნარი ტყუილია. შესაბამისად, ადვილია მათი უტიფარი განცხადებების ახსნა – "ნაცმოძრაობას" არ უნდა აღიაროს საკუთარი შეცდომები, რაც მათ "პოლიტიკურ გვამებად" ქცევის პერსპექტივას უმზადებს.
- მიუხედავად იმისა, საზოგადოებამ საკმაოდ კარგად გაიგო, რომ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებზე სოციალური დახმარებებისა და შეღავათების გაცემაზე უარი თავად თბილისის მერიას და საკრებულოს აქვს ნათქვამი და ამ თანხების სხვა მიმართულებით გადამისამართება თავად გადაუწყვეტია, მთავრობის სხდომიდან გამოსული თბილისის მერის, გიგი უგულავას ხმაურიანმა განცხადებებმა გაკვირვების გარდა უცნაური განცდა გააჩინა. რა უნდა ვიფიქროთ, წინა ხელისუფლება მართლა ფიქრობს, რომ "ბნელა" და საზოგადოება ისეთი ბნელია, რომ არაფერი ესმის?
- თქვენს კითხვაზე პასუხად, მე მახსენდება "ნაცმოძრაობის" გარიჟრაჟზე, მისი ერთ-ერთი იდეოლოგის,ზურაბ ჭიაბერაშვილის ესსე "წინ ილია ჭავჭავაძისკენ", სადაც ჩამოყალიბებულია "ვარდების ეპოქის" იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც 2003 წლის შემდეგ რეალურად ხორციელდებოდა. მე მინდა ის "მარგალიტი", რომელიც თქვენ კითხვაზე - მართლა ფიქრობს თუ არა ხელისუფლება, რომ საზოგადოება ბნელია, პასუხად სრულად წარმოგიდგინოთ:
"უმეცრების საბურველში" გახვეული მხარეები (რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ცოდნაზე დაწესებულ ინფორმაციულ შეზღუდვას), ან ინდივიდი ნამდვილად აირჩევს მისთვის მაქსიმალურად სარგებლის მომტან პრინციპებს, აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვა ინდივიდები ზუსტად იგივე პრინციპებს აირჩევენ. მაშინ საკმარისი ყოფილა მხოლოდ ერთმა ინდივიდმა (ცუდმა სტალინმა ან კარგმა პინოჩეტმა - ზ.ჭ.) მიიღოს გადაწყვეტილება ყველა სხვა ადამიანის მაგივრად". ალბათ, ბიუჯეტიდან სტრიპტიზ ბარის ლაბირინთებში გადარიცხული თანხების გათვალისწინებით, უგულავასთვის ჯერ კიდევ "ბნელა".
- პრეზიდენტმა სააკაშვილმა გირაოთი გათავისუფლებული, ჯარისკაცების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი გენშტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე თავის რეზიდენციაში მიიღო და შემდეგი განაცხადა - "არავის აქვს უფლება რომელიმე ოფიცრის ღირსება შელახოს, რა დონისაც არ უნდა იყოს იგი", მაგრამ შემდეგ იქვე დაამატა - "დავივიწყოთ და უკან მოვიტოვოთ ყველაფერი". საინტერესოა, პრეზიდენტი მართლა დარწმუნებულია, რომ გენერლის მიერ შეურაცხყოფილი ოფიცრები საჯაროდ და ინდივილუალურად მიყენებულ შეურაცხყოფას დაივიწყებენ?
- დიდი მადლობა შეკითხვისთვის, თქვენ ორი ისტორიული, "ვარდების ეპოქის" დამღის მატარებელი ფრაზა დაიჭირეთ "ოპოზიონერი" "ჯერ კიდევ პრეზიდენტის", გამონათქვამებში. სამედიცინო ხალხური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, პირველ ფრაზაში "სკლეროზის", ხოლო მეორეში "შიზოფრენიის" აშკარა ლინგვისტური ნიშნები იკვეთება.
როგორც ჩანს, პირველ შემთხვევაში "ჯერ კიდევ პრეზიდენტის" მეხსიერებას ბინდი გადაეფარა და არ ახსოვს პირადად რამდენი ოფიცრის და მოქალაქის ღირსება შელახა. ხოლო მეორე ფრაზა, ჩემი აზრით, დროშასავით უნდა აიტაცონ "ნაცმოძრაობის" მოლაპარაკე თავებმა - უნდა "დაივიწყონ და უკან მოიტოვონ ყველაფერი" და გაუძღვენ საკუთარ შემოძარცვულ ლეგიონებს ნათელი შიზოფრენიული მომავლისაკენ.
- გასაგებია, რომ მთავრობაში ბევრი ახალი სახეა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ახალი მმართველი პოლიტიკური ძალა ერთი გუნდი არაა და პროცესების ეფექტურად მართვის მექანიზმები ჯერ შემუშავებული არ აქვს. . .
- დიახ, ფაქტია, რომ განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომლის სახელისუფლებო დევიზიც იყო - "ჩვენ ერთი გუნდი ვართ" და "ძალა ერთობაშია", დღევანდელი ხელისუფლება არაერთგვაროვანი პოლიტიკური პოლუსებიდან მოვიდა ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე ისინი არაერთგვაროვანი გამოცდილების და პოლიტიკური ცოდნის მატარებლები არიან, მაგრამ იმედს იძლევა, სწორედ პოლიტიკური აზროვნების სიჭრელე და მაკონსოლიდირებელი ძალა ძლიერი პოლიტიკური ლიდერის სახით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალის ღიაობა საზოგადოებისთვის და მზადყოფნა უკუკავშირის სამუშაო რეჟიმით საქმიანობისთვის.
რაც შეეხება მართვის მექანიზმებს, აშკარაა, რომ ხელისუფლებას დასახული აქვს გადასაჭრელი მიზნები, ხედავს მის წინ მდგომ გადასაჭრელ ამოცანებს, მაგრამ ჯერ არ აქვს შემუშავებული ერთიანი მოქმედების სტრატეგია, რაც დროში გადასაჭრელი პრობლემაა და იმედია ახალი ხელისუფლებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი არ იქნება იგნორირებული, როგორც წინა ხელისუფლების დროს.