საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N949 დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო მეურნეობები, კოლმეურნეობები და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოები ვალდებულნი იყვნენ გაეტარებიათ რეორგანიზაცია და თავიანთი სტატუსი მოეყვანათ საქართველოს რესპუბლიკის „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში და ხელახლა გატარებულიყვნენ რეგისტრაციაში სათანადო ორგანოებში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის კოლმეურნეობის ტრანსფორმაციის მიზნით 1997 წლის 17 აპრილს ჭანიეთის ყოფილი კოლმეურნეობის მეპაიეთა საერთო კრების N2 ოქმში აღნიშნულია ორი საკითხის განხილვა, ჭანიეთის ყოფილი კოლმეურნეობის ბაზაზე სასოფლო-სამეურნეო პროფილის ახალი საწარმოს შექმნის შესახებ და შპს „ჭანიეთის“ დირექტორის დანიშვნის შესახებ. კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრებაზე გადაწყდა, რომ შ.პ.ს. „ჭანიეთის“ ნდობით აღჭურვილ პირებად საზოგადოების დაფუძნების პროცესში არჩეულ იქნენ ილია ხინთიბიძე და მერაბ კვირკველია.
შპს „ჭანიეთი“ გახლდათ ყოფილი კოლმეურნეობის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საზოგადოება, ამიტომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ირიცხებოდნენ 1992 წლის მდგომარეობით ჭანიეთის თემის საკომლო წიგნებში, ახალ საწარმოში გააჩნდათ თანაბარი წილი.
სოფლის მიერ ჩატარებული კრებიდან 7 თვის შემდეგ, 1997 წლის 30 დეკემბერს შპს „ჭანიეთის“ დირექტორმა ილია ხინთიბიძემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ 1997 წლის სოფ. ჭანიეთის ყოფილი კოლმეურნეობის მეპაიეთა წარმომადგენლების კრების 1997 წლის 17 აპრილის საოქმო გადაწყვეტილებით დაფუძნდა შპს „ჭანიეთი“ და მოითხოვა რეგისტრაციაში გატარება. დამფუძნებლები არიან ილია ხინთიბიძე, მერაბ კვირკველია და დავით სურგულაძე.
თუმცა, სოფელ ჭანიეთის მეპაიეთა საერთო კრებაზე ხინთიბიძე და კვირკველია დასახელებულნი იყვნენ ჭანიეთის ყოფილი კოლმეურნეობის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საზოგადოების ნდობით არჭურვილი პირებად და არა დამფუძნებლებად. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ განცხადებაში მითითებული დავით სურგულაძე სოფლის კრებაზე არ დასახელებულა.
სასამართლოს მიერ რეგისტრირებულ შპს „ჭანიეთი“-ს წესდებაში აღნიშნულია, რომ „შპს „ჭანიეთი“ წარმოადგენს ჭანიეთის კოლმეურნეობის სამართალმემკვიდრეს“, ხოლო ყოფილი კოლმეურნეები, 320 წევრი, დამფუძნებელთა ჩამონათვალში აღარ გვხვდება. ამგვარად გახდა შპს „ჭანიეთი“ ათობით ჰექტარი მიწის მფლობელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხადასხვა სოფლებში (გომის მთა, შეკვეთილი, ურეკი, ჭანიეთი) და მათივე მფლობელობაში გადავიდა ერთ დროს კოლმეურნეობის ბალანსზე არსებული სხვადასხვა საწარმო და ტექნიკა.
„სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობამ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, ყოფილი კოლმეურნეობის ქონებიდან, დაკარგა თავიანთ საკუთრებაზე უფლება. აღნიშნული ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად თაღლითობის ნიშნებს. ამჟამინდელი დამფუძნებლები თვლიან, რომ მათ არ დაურღვევიათ კანონი და მათი მხრიდან არანაირ თაღლითობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ კითხვაზე თუ როგორ აღმოჩნდა ყოფილი კლმეურნეობის ქონება შპს „ჭანიეთის“ საკუთრებაში ისე, რომ არ გაუთვალისწინებიათ ყოფილი კოლმეურნეობის მეპაიეთა კანონიერი უფლებები, პასუხი არ გააჩნიათ. ჯიუტად აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ქონება მათი საკუთრებაა და მას ვერავინ ვერ შეეხება.“ – ამბობს პრესა.გესთან საუბრისას საქართველოს დემოკრატიული განვითარების ექსპერტი ლევან ჩხაიძე.
შპს „ჭანიეთი“ -ს მიერ უკვე გაიყიდა რამდენიმე ჰექტარი მიწა. ბოლო გაყიდვა კი სამი წლის წინ განხორციელდა. სოფელ ჭანიეთის რწმუნებულის მოადგილემ დათო ქავთარაძემ 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აკვაპარკ „ციცინათელასთან“ სამი კილომეტრის დაშორებით 60 000 ლარად შეიძინა. რეალურად კი ეს ქონება მილიონ ნახევარი ლარის ღირებულებისაა. ოფიციალური ინფორმაციით, იქ ერთი კვადრატული მიწის ფასი 4 ლარი და 50 თეთრია. ქავთარაძე ჩვენთას საუბრისას ამბობს, რომ პირადად მის მიერ გადახდილი თანხა 24 000 ლარს შეადგენს. კითხვაზე როგორ აღმოაჩნდა თუნდაც 24 000 ლარი ადამიანს, რომლის თვიური ხელფასი 160 ლარია, გვპასუხობს – „წარსული საქმიანობიდან“, თუმცა საქმიანობას არ აკონკრეტებს.
ქავთარაძეს მას შემდეგ დაატოვებინეს თანამდებობა, რაც თემით პრესა დაინტერესდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია ტაკიძის ბრძანებით დააწერინეს.
რამდენიმე ხნის წინ „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამ ინფორმაციას უარყოფდა ტაკიძე, თუმცა ადასტურებდა ჭანიეთის გამგებელი შალვა ლომჯარია. მან დაადასტურა, რომ სწორედ ტაკიძის კაბინეტში გადაწყდა ქავთარაძის გაშვება იმ მიზეზით, რომ გურიის ხელისუფლებას მიწების სკანდალთან დაკავშირებული კიდევ ერთი ჩინოვნიკი არ აწყობს. ქავთარაძემ კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას სამსახურიც დააკარგვინეს, ფულიც და მიწაც.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით ამ საქმით დაინტერესებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიც, რომელიც ჭანიეთელების ყოველ შეკრებას „ათი თვალით და ათი ყურით“ აკვირდება. შალვა ლომჯარია გვიდასტურებს, რომ ის ჭანიეთში განვითარებული მოვნელენიბის და ჭანიეთელების კრებების შესახებ ინფორმაციას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელს, ვანო საჯაიას აწვდიდა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს „ჭანიეთის“ სამი მეწილიდან ორი გარდაცვლილია. ილია ხინთიბიძე ერთი წლის წინ ავარიით დაიღუპა, მერაბ კვირკველიამ კი საკუთარ ეზოში თავი დაიწვა. ჭანიეთლები ამ ორ ფაქტს იმ ქონებას უკავშირებენ, რომელზედაც პრეტენზიას გამოთქვამენ და რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონს აღწევს. თუმცა ოფუციალური დასკვნების თანახმად, არც კვირკველიას და არც ხინთიბიძის სიკვდილში საეჭვო არაფერი აღმოჩენილა. ამ ორ შემთხვევასთან კავშირს ცოცხალი მეწილე, დავით სურგულაძეც გამორიცხავს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის და ერთ-ერთი აქტიური ნაციონალის ძმაა.
სურგულაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის არაფერ შუაშია. ამბობს იმასაც, რომ შპს-ს მეწილე მეგობრების თხოვნით გახდა და არანაირი სარგებელი არ უნახავს. გავრცელებული ინფორმაციით, ქავთარაძეს მილიონ ნახევრიანი ქონება 60 000 ლარად არ შეუძენია. წყაროს ცნობით, კვირკველიამ, ხინთიბიძემ და სურგულაძემ ბიუჯეტისგან მალულად 200 000 ლარი აიღეს. ამას კატეგორიულად უარყოფს სურგულაძე. მისი თქმით, 60 000 ლარი იმ დაგროვილ დავალიანებაში გადაიხადეს, რომელიც შპს–ს ქონების გადასახადის სახით, წლების მანძილზე ბიუჯეტისთვის ჰქონდათ გადასახდელი.
სოფლის წარმომადგენელი, ალექსანდრე ქავთარაძე ამბობს, რომ სოფელი თანახმაა თვალი დახუჭოს უკანონოდ გასხვისებულ და გაყიდულ ქონებაზე იმ შემთხვევაში, თუკი შპს „ჭანიეთი“ დარჩენილ ქონებას სოფელს დაუბრუნებს, თუმცა ამაზე თანხმობა სურგულაძეს არ გამოუთქვამს. ამიტომ, ჭანიეთელები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ დახმარებით პროკურატურაში სარჩელის შესატანად ემზადებიან.
„მსგავი თაღლითური სქემა სხვა სოფლებშიც გახორციელდა. რამდენიმე კაცმა მოახერხა და ათასობით ლარი ხალხის ხარჯზე მიითვისა. ეს ერთ და ორი სოფელს არ ეხება. დარწმუნებული ვარ ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და საქართველოს დანარჩენ სოფლებშიც ასე თაღლითურად მოატყუეს ხალხი. თუ ვინმე ამ თემით დაინტერესდება და საკუთარი უფლებების დაცვას მოინდომებს, ჩვენ მზად ვართ გვერდით დავუდგეთ და ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლაში დავეხმაროთ.“ – გვითხრეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების ოფისში.