მთავრობა ცდილობს ჩრდილოეთის კარს გასაღები მოარგოს

მთავრობა ცდილობს ჩრდილოეთის კარს გასაღები მოარგოს

რუსეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით ჭორ-მართალი ერთმანეთში კიდევ ერთხელ აირია. შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით საქმე მხოლოდ კერძო ინიციატივებთან გვაქვს, სამთავრობო დონეზე რაიმე ძვრა არ შეინიშნება.

საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე აცხადებს, რომ კერძო სტრუქტურებისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა და იქ შესვლა უკვე დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ამ ფაქტს არ ადასტურებს. მისი თქმით, რუსეთთან დიალოგი ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ჯერ არ დაწყებულა.

ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრში აღიარებენ, რომ სამთავრობო დონეზე მოლაპარაკებები ჯერ მართლაც არ გაჩაღებულა, მაგრამ კონსულტაციებს კერძო კომპანიები საკუთარი ინიციატივით მართავენ. რომელ ქართულ კომპანიებს აქვთ ონიშჩენკოსთან დიალოგი, სეთურიძე ამ ინფორმაციას არ ახმოვანებს.

მიუხედავად ამისა, გიორგი სეთურიძე ამტკიცებს, რომ რუსეთის მთავარი სანიტარი მზად არის ქართული კომპანიები რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად დაარეგისტრიროს. ამიტომაც გიორგი სეთურიძე კომპანიებს ონიშჩენკოსთან შუამდგომლობას სთავაზობს. საკოორდინაციო ცენტრში აცხადებენ, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთში ექსპორტი სათანადო პროცედურების გავლის შემთხვევაში უკვე შესაძლებელია.

“ჩვენ, საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ექსპერტები, მზად ვართ, ნებისმიერ მსურველ კომპანიას გავუწიოთ კონსულტაციები და საჭიროების შემთხვევაში აღმოვუჩინოთ ქმედითი დახმარება წარმოებული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის დასაწყებად. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დააფიქსირა თავისი პოზიცია რუსეთთან ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაღრმავების გარდაუვალი საჭიროების შესახებ”, - განმარტავენ საკოორდინაციო ცენტრში და დასძენენ, რომ ქართული მწარმოებელი კომპანიებისთვის მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარზე დაბრუნება და ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლება.

ცენტრში მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერა ამ მიმართულებით გადადგმული აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია. “აქ ჯერი ქართულ მხარეზეა და ამ საქმეში ინიციატივა საკუთარ თავზე სწორედ საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრმა აიღო”, - აღნიშნავენ საკოორდინაციო ცენტრში.

სოფლის მეურნეობის მინისტრიც ვარაუდობს, რომ რუსული მხარის ბოლო განცხადების მიხედვით, მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობის განახლების სურვილს გამოთქვამს, თუმცა კონკრეტული გამოხმაურება მათი მხრიდან არ ყოფილა. კირვალიძის თქმით, რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის არსებობის სურვილი ყველას აქვს და ზურაბ აბაშიძის სახით რუსეთთან დიალოგის ახალი არხი გაჩნდა.

ამ რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში პირადი წარმომადგენელი დანიშნა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაა. გარდა ამისა, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს მთავრობა სამუშაო ჯგუფს ქმნის, რომელშიც საჭიროების შემთხვევაში რუსი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. თავად ზურაბ აბაშიძეც კი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ახალი არაფერია.