მეტი დაფიქრება, თავდაჭერილობა და სიდინჯე გვჭირდება, რომ ჩვენს რწმენას სიღრმე შევძინოთ, რათა ცხოვრებისეულმა განსაცდელებმა, მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა და ამოვარდნილმა ქარიშხლებმა ვერ შეარყიოს და მოგლიჯოს ის სიცოცხლის ხე, შენი ცხოვრება რომ წარმოადგენს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"მიუხედავად ქვეყნად სხვადასხვა სამართლებრივი ნორმების არსებობისა, ხშირად ვხედავთ, რომ მართალი კაცი დაჩაგრულია, ხოლო ცოდვილი, ცრუ და ცბიერი კი - უფრო „წარმატებულია“. ეს არის ის საცდური, რაც ადამიანს ხიბლავს და ცოდვის გზისკენ უბიძგებს. ამ საცდურს ვერ უძლებს სუსტი ნებისყოფის მქონე, მცირედმორწმუნე ადამიანი.
ეს არის ცოდვით დაცემული სამყაროს მახასიათებელი მწარე სინამდვილე; მრავალგზის თქმულა და ითქმება მომავალშიც, რომ წუთისოფელი, არის დროებითი და წარმავალი მოვლენა; ჩვენ კი მგზავრები ვართ; ქრისტიანი არის მარადიული მგზავრი, მით უმეტეს ამ წუთისოფელში. ერთადერთი, ვინც შეგვძენს მოთმინებას და დაგვეხმარება ამ გზის ღირსეულად გავლაში, არის ღმერთი და მის მიმართ გამჟღავნებული მტკიცე რწმენა, და იმ დიდი სიყვარულის წვდომა, რომელიც ღმერთმა ჩვენ მიმართ წარმოაჩინა, წვდომა იმ სულიერი აზროვნების სიღრმეებისა და ზნეობრივი მწვერვალებისა, რასაც გვაზიარა იესო ქრისტემ თავისი ქადაგებებით, მიღება და სულიერი თვალით დანახვა იმ სასწაულებისა, რომლებიც მან გვიჩვენა არაერთგზის.
ჩვენ წინაშეა ძალიან ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხებს ვეძებთ და ვერ ვპოულობთ არა იმიტომ, რომ ეს პასუხები არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ სულსწრაფობა, სულმოკლეობა გვახასიათებს. მეტი დაფიქრება, თავდაჭერილობა და სიდინჯე გვჭირდება, რომ ჩვენს რწმენას სიღრმე შევძინოთ, რათა ცხოვრებისეულმა განსაცდელებმა, მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა და ამოვარდნილმა ქარიშხლებმა ვერ შეარყიოს და მოგლიჯოს ის სიცოცხლის ხე, შენი ცხოვრება რომ წარმოადგენს; რაც უფრო ძლიერი ფესვი აქვს ხეს, მით უფრო მდგრადი და გამძლეა სხვადასხვა განსაცდელების წინაშე.
დღეს ჩვენი ცოცხალი სულიერი ერთობა (ეკლესიური ერთობა) რთულ გზას გადის. აქ ერთ საკითხს მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. ჩვენმა საზოგადოებამ, ათეიზმის ეპოქის შემდეგ, განვლო 30 წლიანი პერიოდი; ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მოვიდა ეკლესიაში. ეს მოსვლა გარკვეულწილად ზოგიერთთაგან იყო გაცნობიერებული ნაბიჯი, ზოგიერთთაგან კი - ეროვნულ-პატრიოტული მოტივებით იყო ნაკარნახები. ეკლესიის წიაღში ყოფნა, რწმენაში ყოფნა, ბევრად უფრო აღმატებულია, ვიდრე მხოლოდ ამსოფლიური პატრიოტიზმი! ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რას გვასწავლის დღენიადაგ წმიდა წერილი, წმიდა ეკლესია; გვასწავლის კი შემდეგს - რაც ამ სოფელში ბრწყინავს და ბზინავს, ყოველივე ოქრო არ არის და ნუ მიეძალებითო მას; და თვით ოქროც კი (თავისთავად) ვერ გაგიწევს სამსახურს იმაში, რომ ცხოვრება ღირსეულად განვლო და აღთქმული ქვეყნის მოქალაქეობას ეზიარო.
ხშირად გესმით, რომ დღე-დღეზე მეორედ მოსვლის ჟამია; იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის კონკრეტულ ადგილებსაც კი ასახელებენ (ამერიკა, რუსეთი, ისრაელი, საქართველო); ტოპონიმებზე არ დავკონკრეტდები(!). საგულისხმოა, რომ ეს ხდება მრევლში; და ამაში იმოწმებენ სიზმრებს და სხვადასხვა მითებს. რა არის ეს, თუ არა საზოგადოების ეგზალტირებისკენ მიმართული პროცესი?! ამ მესიზმრეობასა და მეზღაპრეობას ადამიანები შეჰყავს ჩიხში, რადგან სიცრუეში ამყოფებს მას; ეს კი საფრთხის შემცველია როგორც ცდომილებაში მყოფი თითოეული ადამიანისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის.
არავინ იცის სად და როდის მოხდება მეორედ მოსვლა იესო ქრისტესი. იესო ქრისტეს ამაღლების შემდგომ ეკლესია მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს და გვაფრთხილებს თავის შვილებს, რომ მარად სულიერ მღვიძარებაში ვიყოთ. ის, რის შესახებაც ზემოთ გესაუბრეთ, მსუბუქად რომ შევაფასოთ, არის ადამიანური სისუსტეების გამჟღავნება (ერთგვარი ხიბლის მდგომარეობა). არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ წმიდა სახარებისეულ სწავლებასთან ე.წ. „ზედმიწევნითი“ წვდომა აქვთ, სინამდვილეში კი დაპირისპირებულნი არიან ქრისტიანულ სწავლებასთან. არადა, დილით ამომავალი მზის მსგავსად, ჩვენი სულიერი მზერა მუდამ მიპყრობილი უნდა იყოს ღვთისკენ. სადაც და როგორც არ უნდა იყო, გილხინდეს თუ გიჭირდეს, იგლოვდე თუ ხარობდე, ყოველთვის, ყველაფერში შენ უნდა ეძებდე ღვთის წყალობას და მის კურთხევას, ყოველთვის და ყველაფრისთვის უნდა ჰმადლობდე უფალს.
ჩვენ, ადამიანებს, ყველაფერი მაინც იოლად გვინდა რომ დავძლიოთ, „ღმერთო მსუბუქი ჯვარი მომეცი, ძალიან მიმძიმს“. რა თქმა უნდა, ადამიანს უმძიმს თავისი ჯვრის ზიდვა, თუმცა, მოდით ისიც ვთქვათ, ვინ არიან ის წმიდანები, ვისაც თხოვნით მივმართავთ დახმარებისთვის, შემწეობისათვის? ისინი ჩვენი წარმოსახვის და ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენებ, თუ რეალური ადამიანები იყვნენ, რომელთაც საკუთარი თავი და ცხოვრება მიუძღვნეს რწმენას, იესო ქრისტეს დიდებას და წმიდა ცხოვრება ირჩიეს?! მართალია, ადამიანი არ არის აბსოლუტი, ხან წაიქცევა, რაღაც სისუსტე ძლევს, ყურადღება გაეფანტება, მაგრამ კვლავაც მოდის გონს, წამოდგება და აგრძელებს გზას. ხელი არასდროს არ უნდა აიღო მომავალზე, იცოდე, რომ უიმედობა ღმერთის უარყოფაა!
დღეს ჩვენ ადამიანებში უიმედობის, იმედგაცრუების ნიშნებს ვხედავთ და ეს არამც და არამც არ უნდა დავუშვათ; ღმერთმა დაგიფაროთ სასოწარკვეთილებისგან. ღმერთის უარყოფა არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის ცხოვრებას, როგორც მარადიულობისთვის მყოფი არსებისა; ეს არის თავის გაწირვა მარადიული სიბნელისთვის.
სამწუხაროდ, ზოგის გულში სამოთხეა, ზოგისაში - ჯოჯოხეთი, მაგრამ ეს თვით ამ ადამიანის არჩევანია; შენ რას ირჩევ, ქრისტეს თუ ბარაბას, სინათლეს თუ სიბნელეს, სიცოცხლეს მარადიულს, დაუსრულებელს, თუნდაც ამ ეკლიანი გზის გავლით, თუ - დროებით სიკეთეს, რომელიც ამწუთას მოგხიბლავს, მაგრამ მძიმე მომავალს გიმზადებს სამარადჟამოდ?! ეს უკვე შენი არჩევანია, შენი გადასაწყვეტია", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.