ბოლოსდაბოლოს, რა მოუტანა მსოფლიოს იმ ინფორმაციებმა, რომლებიც Wikileaks.org – მოიპოვა და რომლებმაც მსოფლიო შესძრეს? ფაქტია, აჟიოტაჟი ჯერ ვერ ჩაწყნარდება, ვიდრე არ დასრულდება 250 ათასივე საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნება, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყველაფერს თავისი ლოგიკური დასასრული აქვს, საიდანაც ყველა თავის დასკვნას გამოიტანს. თუმცა, როგორი “დიპლომატიური შეფასებები” არ უნდა მისცენ ამ მასალებს გარკვეულმა ქვეყნებმა, ფაქტია, ვიღაცა რაღაცას აუცილებლად გაითვალისწინებს და “დაიმახსოვრებს”.
განათლებული ელჩის “გაუნათლებელი” გზავნილი
wikileaks-მა 3000-მდე დოკუმენტი სწორედ საქართველოზე გამოაქვეყნა. რა დასკვნა უნდა გამოიტანოს საქართველოს ხელისუფლებამ აქედან? საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ლატვიაში საქართველოს ელჩის, კონსტანტინე კორკელიას “საქმის” შესწავლა. wikileaks-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედმა ელჩმა 2008 წლის ომის დროს ლატვიაში შეერთებული შტატების ელჩთან საუბრისას განაცხადა: “საქართველო სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ახდენს”.
აქ, ალბათ, საკითხავი ისიცაა, ფლობდა თუ არა კორკელია ზუსტ ინფორმაციას იმის თაობაზე, ვინ რას აკეთებდა მაშინ, თუმცა, თავად ფორმულირება - “სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია” - თავისთავად, დამაეჭვებელია. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა (ამას აღიარებს აშშ-იც) და, შესაბამისად, საქართველო მისი ოკუპაციას ვერ მოახდენდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამერიკელი და ქართველი ელჩები ისეთი უცოდინრები იყვნენ, ამ ტერმინების მნიშვნელობა არ ესმოდეთ. შინაარსობრივად კი, ელჩის ინფორმაცია საეჭვოდ ემთხვევა ტალიავინის ცნობილ დასკვნას, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო...
კორკელია 2008 წლიდან მუშაობს ამ თანამდებობაზე და ფაქტია, მისი მუშაობა სამინისტროს მხრიდან დადებითად არის შეფასებული, რადგან ის ლატვიიდან ამ ხნის განმავლობაში უკან არავის გამოუწვევია - რაიმე დარღვევის გამო და არც იმ ელჩების რიცხვში მოყოლილა, რომლებიც ნოემბრის დიდი საკადრო გადადგილებების ადრესატები იყვნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ “ერთი პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით”, სამინისტრო ელჩს თანამდებობას არ დაატოვებინებს და საკმარისი საშუალებები გააჩნია ამ ფაქტის გადასამოწმებლად.
სხვათაშორის, ომის დროს რომ რიგმა ქართველმა ელჩებმა ქვეყანა და მისი მთავრობა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს, ეს ინფორმაციები ისედაც ჟონავდა ამ სისტემიდან. დღეს კი - პრესა.გე-ს რესპონდენტი, ყოფილი ელჩი იაპონიაში ვანო მაჭავარიანიც ადასტურებს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ მაშინ გარკვეული ფაქტების მიჩუმათება მოხდა - ანუ დასასჯელები არავის გაუთავისუფლებია თანამდებობებიდან და არც არავის დაუქვეითებია.
არავინ იცის, იყო თუ არა კორკელია ამ “შეწყალებული” და “პატიებული” ელჩების რიცხვში, მაგრამ ფაქტია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კორკელიას ინციდენტი მართლაც უნდა გადაამოწმოს და შედეგიც ამცნოს საზოგადოებას. ბოლოსდაბოლოს, კორკელიამ გასულ წელს ხელფასის სახით - 63 ათასი 504 ევრო აიღო. ამავდროულად, სამეცნიერო საქმიანობიდან მისი შემოსავალი 30 ათას ლარს აღემატება.
36 წლის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და რამდენიმე უცხოური უნივერსიტეტის მკვლევარი კონსტანტინე კორკელია ელჩობამდე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეც (2005-2007წ.წ.) იყო და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეც (2005წ.). გარდა ამისა, 1995 წლიდან 2002 წლამდე ის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის - 16 წიგნი. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ფაქტია, კორკელიას პროფესიულ, თუ პოლიტიკურ განათლებასა და გამოცდილებას ვერ დაუწუნებ, მაგრამ რატომ გვაქვს საქმე ან ტერმინების აღრევასთან, ანდა რატომ მოხვდა ის wikileaks-ის მასალებში, ამის გარკვევა (კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ), რომ ელჩის განათლებიდან გამომდინარე უფრო მნიშვნელოვანი ხდება და კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ამ ისტორიის მორალური მხარეც.
ნახევრადგასამხედროებული უწყების მსოფლიო მარცხი
ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს ყოფილ ელჩთან იაპონიაში, რომელიც თვლის, რომ აშშ-ზე მეტად პრობლემები იმ ქვეყნებს შეექმნებათ, რომელთა პირველი პირებისა თუ ელჩების შიდასაუბარები ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. ვანო მაჭავარიანთან ინტერვიუ სწორედ იმითაა საინტერესო, რომ თავის დროზე მისი, როგორც ელჩის პირადი მიმოწერა ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ბლანკზე აღმოჩნდა, შემდეგ კი - ქართულ მედიაში გავრცელდა.
თქვენთვის, როგორც ყოფილი ელჩისთვის რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც wikileaks-ის გახმაურებულ მასალებში დაინახეთ.. თანაც თქვენ, როგორც ელჩი, უკვე გახდით პირადი მიმოწერის გახმაურების მსხვერპლი...
ვანო მაჭავარიანი: “პრობლემა სწორედ ის, რომ საერთოდ არსებობს საფრთხე, საიდუმლო მასალები გახმაურდეს. რაც გამოქვეყნდა, ეს დიპლომატების ჩვეული სამუშაო რეჟიმია. ქვეყნებს შორის ურთიერთობები წარიმართება, როგორც ფორმალურ და ასევე არაფორმალურ ფორმატში. ხშირ შემთხვევაში, არაფორმალური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია. მე აქ არ ვსაუბრობ რაიმე სახის სადაზვერვო საქმიანობაზე, არამედ იმ შიდასაუბრებსა და შეხვედრებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ დიპლომატიური მისიის წარმატებული მუშაობისთვის...
ამ საქმიანობის გახმაურებაა პრობლემა, რადგან, როგორც წესი, ეს არის დახურულ კარს მიღმა ჩატარებული შეხვედრები და ხშირ შემთხვევაში, მაგ ფორმატში ხდება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მომზადება. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ხალხი, ვინც ამ არაფორმალურ შეხვედრას ატარებს, დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ეს არ გახდება საჯარო განხილვის თემა. სწორედ ამისთვის არსებობს “გრიფით საიდუმლო”, სწორედ ამიტომ აქვს დიპლომატიურ სამსახურს ნახევრადგასაიდუმლოებული ფორმა. ის, რაც მოხდა ამ wikileaks-ის მეშვეობით, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს სისტემა დაიმსხვრა.
დიპკოპუსის წარმომადგენელეთა შეხვედრებისა და არაფორმალური საუბრების შესახებ ადამიანთა ძალიან ვიწრო წრეა საქმის კურსში... დღევანდელ დღეს ალბათ, გაცილებით ადვილია ნებისმიერი ჰაკერისთვის მოიპოვოს მსგავსი ინფორმაცია, შევიდეს მონაცემთა ბაზაში და წიკილეაკს-საც სწორედ ამგვარი სიტუაციის მეშვეობით ჩაუვარდა ხელში ეს მასალები.
იქნებ, ეს ინფორმაცია შესაბამისი უწყებიდან ჰაკერების მიერ არაა გატანილი და ყველაფერი აშშ-ის ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ გაკეთდა? wikileaks-ის დამფუძნებელმა ჟულიან ასანჟმა ჯურნალ “თაიმსს” განუცხადა, რომ ახალი ინფორმაციების გაჟღერების შემდეგ ჰილარი ქლინტონს თანამდებობის დატოვება მოუწევს...
-ასანჟი რომ ჰილარი ქლინტონს ემუქრება, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. აქაც და ჩემს შემთხვევაშიც საჯარო სამსახურის დაუდევრობაა გამოყენებული. ყველაფერი განზრახ არის გაკეთებული იმისთვის, რომ ის, რაც საჯაროდ უცნობი უნდა იყო, ცნობილი გამხდარიყო.
არაფორმალური ფორმატის გარეშე დიპლომატიური სამსახურის მუშაობა წარმოუდგენელია. ეს სამუშაო იმდენად რთული, მნიშვნელოვანი და განსხვავებულია, სულაც არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოებაზე ე.წ შოკის ეფექტი მოახდინა. გახმაურებული ინფორმაციები მიმართულია ობამას ადმინისტრაციის, თუ ზოგადად ამერიკის წინააღმდეგ, ამაზე, რა თქმა უნდა, ყველამ თავისი დასკვნა უნდა გამოიტანოს. თუმცა, ფაქტია, ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება.
მე ვფიქრობ, ბევრად უფრო ცუდ დღეში ის ქვეყნები ვარდებიან, რომელთა პირველი პირები, ან ელჩები საუბრობენ აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მაგალითად აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ მედვედევი უუნაროა მართოს ქვეყანა, თურქეთი კი არასაიმედო პარტნიორია.. ეს უფროა სერიოზული პრობლემა. ვნახოთ, რა გამოქვეყნდება მომავალში და იმ ინფორმაციებით კიდევ სხვა დასკვნების გამოტანას შევძლებთ.
ჩვენთვის პრობლემა ისაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფრანგულ მხარეს ჰყავს მრჩეველი, რომელიც თურმე, ფრანგებს აწვდის ინფორმაციას.. ანუ რა ხდება - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გადის არასაჭირო ინფორმაციაც, ხომ? ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ...
ანუ ის რაც გამოქვეყნდა არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რასაც ასევე აკეთებენ იმ ქვეყნების დიპკორპსის წარმომადგენლებიც, რომელთაA ლიდერები უხერხული ეპიტეთებით არიან შემკულები - მაგალითად ბეტმენი პუტინი და რობინი მედვედევი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სკანდალი იქნება მხოლოდ საზოგადოებისთვის, მაღალი ეშელონებისთვის კი wikileaks-ის ინფორმაციები ადვილად მისატევებელი “შეცდომაა”, რადგან არავინ იცის, თუნდაც ობამას, ან ქლინტონს როგორ “ამკობენ” მაგალითად რუსი ელჩები?
-იცით რა არის, ეს არის ყველასთვის ცნობილი სამუშაო ფორმატი. განასაკუთრებული აქ არაფერია. საქმე ისაა, ვინ რა მნიშვნელობას ანიჭებს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, რუსული დიპლომატია საკმაოდ გამოცდილია და ძალიან კარგად ხვდება იმას, რომ ეს საუბრები აუცილებლად იქნებოდა.
მათ შეფასებებში არაფერი განსაკუთრებული არ იგრძნობა. თუმცა, ყველა მნიშვნელობას მიანიჭებს იმ ფაქტს, რა ხდება დიპლომატიური საქმიანობის წარმართვის შემდეგ, ანუ ინფორმაციები რომ ჟონავს. ჩვენთანაც იგივე საკითხზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და არა იმაზე, ვინ ვისზე რა თქვა, ან რა დაწერა. შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა თუ აქვს ქვეყანას, ასეთ სკანდალებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ ამ სკანდალებს ნაკლები გავლენა აქვთ ხოლმე კონკრეტულ ურთიერთობებზე.
wikileaks-ის ინფორმაციებიდან დაახლოებით 3000-მდე მხოლოდ საქართველოზეა...
-საქართველო არის ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნაწილი. ამ ინფორმაციებში ზუსტად გამოიკვეთა საქართველო იმ პერიოდში, როცა ის აქტუალური თემა იყო მსოფლიოსთვის. მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები... მეც მქონდა შეხვედრები აშშ-ის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან - ელჩთან და ელჩის მოადგილეებთან აგვისტოს ომის დაწყების წინ - ივნისში და ივლისში, როცა იაპონიაში ვიყავი ელჩი. შვებულებაში ვიყავი და სასწრაფოდ დავბრუნდი თბილისიდან ტოკიოში.
ზუსტად ამ არაფორმალურ სამუშაოებს ვაწარმოებდი იქ აკრედიტებულ სხვა ქვეყნების ელჩებთანაც და, რა თქმა უნდა, აშშ-ის ელჩთან იაპონიაში. ვაწვდიდი იმ ინფორმაციებს, რომელიც, ჩემი აზრით, გამოადგებოდა ამერიკულ მხარეს, რათა დარწმუნებულიყო იმაში, რა ხდებოდა ადგილზე, ანუ საქართველოში. ეს საუბრები ყოველთვის იწერება, ჩვენ ვიცით ამის შესახებ...
მე ვიცი, რომ ჩვენი ელჩების წარმოებულ ასეთ შეხვედრებზე იყო ისეთი საუბრები, რომლებმაც გარკვეული უხერხული სიტუაციები შეუქმნეს ჩვენს დიპლომატიურ სამსახურებს. შეხვედრების დროს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ ადამიანმა მისი პირადი მოსაზრებები ძალიან ფრთხილად და კონკრეტულად გამოთქვას. ელჩი ამ დროს უნდა გამოხატავდეს იმ პოზიციას, რომელიც არის მისი მთავრობის და ქვეყნის, რომელსაც იგი ემსახურება.
დააკონკრეტეთ ვის მოსაზრებაზე ამბობთ, რომ ძალიან პირადული იყო და არ იყო შესაბამისად, მიწოდებული მეორე მხარისთვის...
-საგარეო უწყებაში მუშაობის პერიოდში მქონდა ინფორმაცია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში იყო რამოდენიმე ელჩი, რომელმაც გარკვეულ საკითხებზე საუბრისას თავს ზედმეტის უფლება მისცა, ან არასწორი შეფასებები გააკეთა. ამას რიგ შემთხვევაში - მოჰყვა კონკრეტული ქმედება გათავისუფლების შესახებ, რიგ შემთხვევაში – შედეგი - არაბოლომდე მიყვანილი გადაწყვეტილებები იყო და ფაქტების რაღაც მიჩქმალვასთან გვქონდა საქმე.
ანუ მაშინ ქართველმა დიპლომატებმა შეცდომები დაუშვეს... აისახა მაშინ სახელმწიფოს პოლიტიკაზე უარყოფითად მათი შეცდომები, თუ ქართულმა მხარემ შესძლო და გამოასწორა ეს სიტუაცია?
-აქ, საქმე იმასთანაც გვაქვს, რომ ელჩებმა რეალურად არ იცოდნენ რასთან გვქონდა მაშინ საქმე. ასეთი მაგალითიც იყო მაშინ, რომ ჩეხეთში ჩვენმა ელჩმა, ლადო ჭიპაშვილმა ძალიან გაუგებარი პოზიცია დაიჭირა, რბილად რომ ვთქვათ, და ეს გახდა ცნობილი. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა სხვების იგივე ქმედებების მიჩქმალვა მოხდა. მე არ მაქვს უფლება ჭიპაშვილის შიდასაუწყებო საუბარზე მეტი გითხრათ, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეა. თუმცა, ამ ინციდენტს მოჰყვა ჭიპაშვილის გათავისუფლება. იყო რიგი სხვა შემთხვევები, არა ასეთი მძიმე ფორმით, მაგრამ ეს პროცესი არ გადაიზარდა მათ გათავისუფლებაში.
ნოემბერში სწორედ დიპლომატიურ სამსახურში მოხდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი გადაადგილებები... მარტო საკადრო ცვლილებები წაადგება ამ უწყებას?
-ეს ცოტა სხვა საუბრის თემაა, სიმართლე რომ გითხრათ. წიკილეაკს-ის თემას ისევ რომ დავუბრუნდეთ, საერთო ჯამში 250 ათასი დოკუმენტი აქვთ მოპოვებული, მცირე ნაწილი გამოქვეყნდა და კიდევ აპირებენ გამოქვეყნებას. შეიძლება, საინტერესო ინფორმაცია შემოვიდეს, რაც გათვალისწინებელი უნდა იქნას შემდგომში, თუ ვინ რა პოზიციაზე იყო მაშინ.
საერთოდ კი - ქვეყნისთვის ამ მძიმე პერიოდში, ასეთი არაოფიციალური შეხვედრები თუ არ ჩატარდა, ე.ი. აქაც გარკვეულ პასიურობასთან და არასწორ პოზიციასთან გვაქვს საქმე. იმ პერიოდში აუცილებელი იყო, რომ ამერიკის მისიებთან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყოფილიყო ინფორმაციების აქტიური გაცვლა-გამოცვლა, რათა სწორად ყოფილიყო საქართველოს პოზიციების მიტანა მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნებამდე და აშშ-მდე.
ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ წიკილეაკს-ის ინფორმაციები ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საკადრო გადაადგილებების დროს?
-პირველი - როცა ეს არაფორმალური და ფორმალური ურთიერთობები არსებობს, მაშინ ძალიან დიდი დაცვის მექანიზმი უნდა არსებობდეს, რათა არ მოხდეს ისეთი გაუგებრობა, როგორიც მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. სისტემა უნდა მუშაობდეს და ნებისმიერი ტიპის საქმიანი ურთიერთობა არ უნდა სცილდებოდეს უწყების ჩარჩოებს.
მეორეც – თუ გახმაურებულ ინფორმაციებში რაიმე საინტერესო საუბარი აღმოჩნდება, უნდა მოხდეს ამის გათვალისწინება. ჩემთვის ცნობილია, რომ ისეთი საუბრები იყო, რაც სწორედ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით არის საინტერესო. ანუ ანალიზი უნდა გაკეთდეს, ქართველი ელჩების მხრიდან რამდენად სწორი პოზიციები იყო დაკავებული აშშ-ის მისიებთან მუშაობაში მაშინ. ვიმეორებ, დიპლომატიურ საქმიანობაში ეს არაფორმალური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია...
ტალიავინის დასკვნაზე რამდენად შეუძლია გავლენა მოახდინოს არაოფიციალურად გაჟღერებულმა სკანდალურმა მასალებმა, იმ თვალსაზრისით, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია...
-ომი ჩვენ რომ არ დაგვიწყია ეს ისედაც ნათელია. ვერ დაიწყებ ომს რუსეთის წინააღმდეგ საკუთარ ტერიტორიაზე... წიკილეაკს-ის გამოქვეყნებული მასალებით ჩანს, რომ ეს ომი იყო შოკისმომგვრელი მსოფლიოსთვის და არ იცოდნენ, რა რეაგირება მოეხდინათ ამაზე, რათა ამ ყველაფერს მშვიდობიანი დასასრული ჰქონოდა. ამიტომ ტალიავინის დასკვნაც ზუსტად არც შამფურისა და არც მწვადის დაწვის პრინციპით დაიწერა.
თქვენი აზრით, როცა ასეთი ინფორმაციები ქვეყნდება რომელიმე საიტზე, სოციალურ ქსელში, გაზეთში, სწორია, ამგვარი ქმედება, თუნდაც მედიის მხრიდან? ერთ-ერთმა ამერიკულმა გაზეთმა გააკეთა განმარტება, რომ როცა საქმე სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება, ისინი თავს იკავებენ და არჩევანს საზოგადოების სასარგებლოდ არ აკეთებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოების ინტერესი და უფლება გაითვალისწინეს. ანუ რადგან დიდია ინტერესი, ამიტომაც გამოაქვეყნეს...
-იცით, ძნელია ამის თქმა. როგორც ადამიანს, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში 10-15 წლის განმავლობაში იყო ჩართული, მიმაჩნია, რომ მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნება, თუ ეს უშაულოდ შეეხება ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას და ამ სისტემაში მომუშავე ხალხს საფრთხის ქვეშ აყენებს, დაუშვებელია. დიპლომატთა კომენტარებში, რომელიც მათ პოლიტიკოსებზე გააკეთეს და მათ, როგორც ადამიანებს აქვთ ასეთი შეფასებების გაკეთების უფლება, ისეთი სკანდალური არაფერია. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში - უსაფრთხოების სისტემის გაუმართავ საქმიანობაზე უფრო მიუთითებს საერთო ჯამში.
ანუ, საბოლოოდ, აჟიოტაჟი ჩაწყნარდება და დიპლომატიური ცხოვრებაც თავის გზით გაგრძელდება..
-ჩემი აზრით, ზუსტად ეს იქნება. საერთოდ კი, კარგი იქნება ჩვენმა საგარეო უწყებამ გაითვალისწინოს ყველა ფაქტი, თუ წიკილეაკს-მა რაიმე ისეთი დამაფიქრებელი ინფორმაცია გაავრცელა, რომელი ქართული მხარისთვის არ არის ცნობილი და აუცილებლად არის ანგარიშგასაწევი. შემდეგში კი - გამოიყენოს იმისთვის, რომ ზუსტად ასეთივე შეცდომები აღარ იყოს დაშვებული, ანუ, მსგავსი ხალხი, არათუ ელჩის თანამდებობაზე, არამედ საერთოდ დიპლომატიურ სამსახურში აღარ დანიშნონ.