ჰერმან ვან რუმპე საქართველოს პრეზიდენტს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ჰერმან ვან რუმპე საქართველოს პრეზიდენტს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 14 ნოემბერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რუმპეს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებთან საუბრისას ჰერმან ვან რუმპემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და ევროკავშირის სახელით გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტთან და ახალ მთავრობასთან.

14 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო და ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის ინტენსიურად ითანამშრომლოს როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე ახალ მთავრობასთან. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფი რუმპე ჯერ კიდევ არჩევნებამდე სამი თვით ადრე მიუთითებდა და შეახსენებდა მიხეილ სააკაშვილს, რომ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები რეფორმების გზაზე მიღწეული პროგრესის „გადამწყვეტი მაჩვენებელი” იქნებოდა. 14 ნოემბერს კი, ბრიუსელში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა სიამოვნებით აღნიშნა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით მას მოლოდინი გაუმართლდა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ახალი მთავრობა კონსტრუქციულად ითანამშრომლებენ:

„მე გამოვთქვი რწმენა, რომ პრეზიდენტი ეფექტიანად ითანამშრომლებს მთავრობასთან კოჰაბიტაციის პერიოდში. ასევე ხაზი გავუსვი იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საქართველოს განვითარებაში კონსტრუქციულ საპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია ითამაშოს.“

მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მთელ ძალისხმევას მოახმარს „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის“ გაჩენას. ”გარემოებათა დამთხვევის გამო, მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ერთდროულად აღმოვჩნდით ბრიუსელში”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ჰერმან ვან რუმპეს სიტყვების საპასუხოდ იქვე დაამატა: ”არსებობს აუცილებლობა თანამშრომლობისა, რადგან ჩვენ ერთსა და იმავე საკითხებზე ვსაუბრობთ...

ეს არ არის შიდა განსხვავებებისა თუ შიდა კონფრონტაციის საკითხები. ეს არის საფუძველი, ვიპოვოთ საერთო გადაკვეთის ადგილი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის საქართველოში, რათა მივიყვანოთ საქართველო ევროპამდე. ქართველები არა მხოლოდ ევროპელები, არამედ ისინი ენთუზიაზმით ევროპელები არიან. ასე რომ, პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ თავისუფალი სავიზო რეჟიმის შესახებ დიალოგის, ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით, უნდა გაგრძელდეს, უნდა მივაქცევინოთ ყურადღება ახალ ხელისუფლებას ყველა იმ წინსვლისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და ჩვენ ასევე ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, რომ მიუახლოონ საქართველო ევროპულ ინსტიტუტებს”, - განაცხადა ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შეხვედრებს მართავს ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან. როგორც პრემიერ-მინისტრმა 13 ნოემბერს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მან შეძლო და დაარწმუნა ის, რომ ახალი ხელისუფლება ისწრაფის განახორციელოს სტრატეგია, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიზანს ემსახურება.

უნდა ითქვას ისიც, რომ 14 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციის მსვლელობისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის იდეას და განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორია.