საქართველო რუსეთისგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის უკუგებას ითხოვს

საქართველო რუსეთისგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის უკუგებას ითხოვს

საქართველოს ახალ მთავრობას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა სურს და თბილისი ელის, რომ ამას იმის სანაცვლოდ მიიღებს, რომ მეზობელი ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე დათანხმდა, განუცხადა „როიტერს“ საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთში.

„საქართველომ თანხმობა განაცხადა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რაც მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ამას მოსკოვის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები არ მოჰყოლია,“ ამბობს ზურაბ აბაშიძე, გულისხმობს რა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მიმდინარე წლის აგვისტოში 18-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ.

„ჩვენ ასეთ ნაბიჯებს ველით,“ თქვა მან ორშაბათს.

აბაშიძე, რომელიც ამ თვეში პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა, ამბობს, რომ საქართველოს მონაწილეობის საკითხი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაუმჯობესდება ურთიერთობები.

აბაშიძემ თქვა, რომ ივანიშვილის გასულ თვეში გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სოჭის (შავი ზღვის სანაპირო ქალაქი) ოლიმპიურ თამაშებში, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.

„ეს პოზიტიური სიგნალია რუსეთისთვის, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო მზად არის რუსეთის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილებისთვის… ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ პოლიტიკური სურათი უნდა გავარკვიოთ.“

კანონმდებლებმა სააკაშვილის თაოსნობით, რომლის ბოლო საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს იწურება, სხვა ქვეყნებსაც მოუწოდეს ბოიკოტი გამოუცხადონ სოჭის ოლიმპიადას, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირადი პროექტია, და რომელზეც მილიონობით ამერიკული დოლარი დაიხარჯა.

ივანიშვილის კოალიციამ მისი ხელმძღვანელობით 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რითაც დასრულდა სააკაშვილის ცხრაწლიანი პოლიტიკური მმართველობა საქართველოში, ქცეყანაში, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის საგანია და ევროპაში ენერგორესურსების ექსპორტისათვის სატრანზიტო ქვეყანაა.

მილიარდერმა მაგნატმა პირობა დადო, რომ აშშ-ს მოკავშირის სააკაშვილის მსგავსად, მისი პრიორიტეტიც დასავლეთთან ურთიერთობა იქნება.

ის ასევე ამბობს, რომ სურს კავშირების გაუმჯობესება მოსკოვთან, რაც უკიდურესად გაუარესდა 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ, რომელიც მოჰყვა სააკაშვილის მცდელობას ნატოში გაეწევრიანებინა ქვეყანა, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე თითქმის ორი საუკუნე მოსკოვის კონტროლის ქვეშ იყო.

ამავდროულად, მას სურს როგორც ჩანს თავი აარიდოს მოსკოვის მხრიდან საქართველოს ამ ორი გამოყოფილი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, კონტროლის აღიარებას, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობს.

„ვფიქრობ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები და იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც არ არის ეგრედწოდებული „წითელი ხაზის“ მიღმა, როგორიცაა მაგალითად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება,“ განუცხადა აბაშიძემ „როიტერს“.

მან ჩამოთვალა განსახილველი საკითხები: ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სხვა პროდუქტები, რომელთა იმპორტიც 2006 წელს მოსკოვმა აკრძალა. ღვინოს და მინერალური წყლის ექსპორტი რუსეთში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან რეგიონში პოპულარული იყო, საქართველოს ექსპორტის თითქმის ერთ მესამედს შეადგენდა.

რეგიონული უსაფრთხოება

აბაშიძემ ასევე თქვა, რომ განიხილება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, განსაკუთრებით ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის თემა, და ასევე კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსული სამხედრო შენაერთები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია განლაგებული და მოსკოვი ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რეგიონები სახელმწიფოებად ცნოს, უსაფრთხოების მიღწევა ნაკლებ მოსალოდნელია.

აბაშიძემ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას.

„თუკი საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს ცალმხრივად აღადგენს, ეს ნიშნავს, რომ ვაკანონებთ იმ რეალობას, რაც ომის შემდგომ შეიქმნა,“ თქვა მან. „მაგრამ თუკი ჩვენი დიალოგი მოგვცემს რეალურ და ხელშესახებ შედეგებს, მაშინ შესაძლოა ეს საკითხი ჩვენ დღის წესრიგში დადგეს.“

აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ კვირას პრემიერმინისტრის რანგში ივანიშვილის პირველმა უცხოურმა ვიზიტმა ბრიუსელში, ხაზი გაუსვა იმას, რომ ურთიერთობები დასავლეთთან პრიორიტეტია.

„ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი „წითელი ხაზები“, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება საგარეო ურთიერთობებში,“ თქვა აბაშიძემ.

მან განაცხადა, რომ საქართველო იქნება „თანმიმდევრული, მაგრამ პრინციპული“ რუსეთთან მოლაპარაკებებში. „ჩვენ არ ვაპირებთ დავთმოთ პრინციპული საკითხები. ამავე დროს ჩვენ არც ის გვსურს, რომ თანამშრომლობის იმიტაცია მოვახდინოთ და პროგრესის ილუზია შევქმნათ,“ თქვა მან.

ივანიშვილს სურს, რომ მისი ურთიერთობა ეფექტიანი იყოს რუსეთთან, სადაც მან თავისი $6.4 მილიონიანი ქონების დიდი ნაწილი დააგროვა.

61 წლის აბაშიძე იყო საქართველოს ელჩი რუსეთში 2000-2004 წლებში – პერიოდი, რომელიც დაემთხვა პუტინის პირველ საპრეზიდენტო ვადას და ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“.
foreignpress.ge