„რასმუსენს უყვარს სააკაშვილი“

„რასმუსენს უყვარს სააკაშვილი“

 

„მე უკიდურესად შეწუხებული ვარ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით“, - განაცხადა რასმუსენმა 12 ნოერმბერს პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

12 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „დემოკრატიის მომავალი აღმოსავლეთ სამეზობლოში“, რომლის ნაწილი საქართველოსაც ეხება. რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ნატო შეშფოთებას გამოთქვამს „გავრცელებულ ინფორმაციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებზე და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებული ზეწოლის გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან“.

ეს იყო 12 ნოემბერს. ორ დღეში კი, ანუ 14 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები რადიკალურად შეიცვალა. მან განმარტა, რომ მისი შეშფოთება დაკავებების შესახებ პოზიტიური მოტივებით იყო განპირობებული, რადგან მას საქართველო - ნატოს ურთიერთობაში პროგრესის ხილვა სურს. რასმუსენის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოძიება და პროცესები შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებულად იყოს მიჩნეული, ქვეყნისთვის შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს.

„აი, რატომ გვაქვს საერთო ინტერესი, რომ ყველაფერი მოხდეს კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპების თანახმად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პროცესების სრული გამჭვირვალეობის პირობებში ჩატარება, პოლიტიკური ჩარევის გარეშე და უზრუნველვყოთ ყველა მონაწილის საპროცესო უფლებების დაცვა. პრემიერმა კონკრეტული შეთავაზებით მომმართა, ჩამოგვეყალიბებინა სპეციფიკური მექანიზმი, რომელიც თვალყურს მიადევნებდა ამ პროცესებს. ვფიქრობ პრემიერ-მინისტრს სურდა, დავერწმუნებინე, რომ ის მტკიცედ აპირებს, დაიცვას კანონის უზენაესობა, მე კი პრემიერს ასე ვუპასუხე, რომ ძალიან ვაფასებ მის ერთგულებას ამ ფუნდამენტალური პრინციპებისადმი, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ახალი მექანიზმებისა თუ ინსტიტუციების შექმნა. ჩვენ გვყავს ნატო-საქართველოს კომისია, მე მყავს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც უწყვეტ დიალოგშია საქართველოს ხელისუფლებასთან. ვეყრდნობი რა პრემიერ-მინისტრის მიერ მოცემულ გარანტიებს, ვფიქრობ, არ არის საჭირო ახალი ინსტიტუციების შექმნა. ღრმად მწამს, რომ მთავრობა მოიქცევა ამ მაღალი პრინციპების თანახმად“, - განაცხადა რასმუსენმა.

ამდენად, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყანაში პროცესების დემოკრატიულად განვითარების მიმართულებით სრული ნდობა გამოუცხადა.

რამ გამოიწვია, ნატოს გენერალური მდივნის პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება, მით უმეტეს ორ დღეში? საქართველოში ამასთან დაკავშირებით ძირითადად ერთი ვერსიაა - ევროსტრუქტურებში მოკალათებულმა საქართველოს წარმომადგენლებმა, რომელთა დიდი უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, კარგად „იმუშავეს“, ნატოსა და ევროსტრუქტურების უმაღლეს წარმომადგენლებს ეს ადამიანები მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მათეულ ინტერპრეტაციას სთავაზობდნენ. ამიტომ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოს შესახებ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია ჰქონდათ. ამას დაემატა პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტიც, რომელმაც ბრიუსელსა და პრაღაში ივანიშვილს დაასწრო ჩასვლა. როგორც ჩანს, რასმუსენს სააკაშვილმაც გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, რამაც ნატოს გენერალურ მდივანს განუმტკიცა იმის რწმენა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის და თავისუფალ მედიას ავიწროვებს.

შეგახსენებთ, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაღიზიანება და საპასუხო კომენტარებიც მოჰყვა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ნატოს გენერალური მდივანი რეალურად რომ დაინტერესებულიყო საქართველოში შექმნილი ვითარებით, მას ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც უნდა მოესმინა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინა შეფასებები. ექსპერტთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ქვეყნის ელჩმა, ან სხვა ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენელმა საკუთარი ქვეყნის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს. ამიტომაც, ევროპელები მაღალი თანამდებობის პირების მონათხრობს ენდობიან. თუმცა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი იმასაც ამბობს, რომ რასმუსენს საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიმპატიები გააჩნია და ამიტომაც იყო იგი თავის შეფასებებში ასეთი სუბიექტური. ამ დროს რასმუსენს შეხვდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე თვალის სადევნებლად სპეციალური ინსტიტუციის შექმნაც კი შესთავაზა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა რასმუსენი მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეში დაარწმუნა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ორშაბათს, როდესაც ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ახალი ხელისუფლება გააკრიტიკა, საყვარელიძემ უკვე იცოდა, რომ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის ტონი შერბილდებოდა. აქვე ექსპერტი აღნიშნავს, რომ თუ რასმუსენს საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიღება სურდა, მას შეეძლო ორი დღე მოეცადა და ამ ინფორმაციას მიიღებდა. ამიტომ, რამაზ საყვარელიძე ასკვნის, რომ რასმუსენს თავად ჰქონდა ორიენტაცია იმაზე, რომ განცხადება ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაეკეთებინა, რაც მისი, როგორც ასეთი მაღალი რანგის ჩინოვნიკის ელემეტარული ტენდენციურობა და შეცდომაა.

„ჩემის აზრით, მისი ეს განცხადება მოტივირებული იყო იმით, რომ რასმუსენს სააკაშვილი უყვარს. რაც შეეხება იმას, რომ „ნაციონალების“ ლობი უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე „ქართული ოცნების“, მოდით ასე ვთქვათ, ლობი არის ფოსტალიონი, მაგრამ თუკი ადრესატს ჩემს მიერ მისთვის გაგზავნილი წერილის ნახვა არ სურს, ამას ფოსტალიონს ნუ დავაბრალებთ. ლობისტების მუშაობა ორივე მხრიდან საჭიროა, ამას დღევანდელი პოლიტტექნოლოგია ითხოვს, მაგრამ ამ ყველაფერს ლობისტებით ნუ ავხსნით“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, როდესაც ობამას სააკაშვილთან შეხვედრა არ სურდა, ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის სააკაშვილის ლობისტები რამდენიმე წელიწადი იბრძოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი, როცა თავად ობამას დასჭირდა, მან მიიღო სააკაშვილი. ამიტომ, ექსპერტი ასკვნის, რომ პოლიტიკოსი ლობისტებზე არ დაიყვანება. სააკაშვილის მიმართ რასმუსენის სუბიექტურ დამოკიდებულებას კი საყვარელიძე იმით ხსნის, რომ ნატოს გენერალური მდივანი არის ლიბერალური იდეოლოგიის ცნობილი მომხრე, იყო ლიბერალური პარტიის ლიდერი, მიაჩნია, რომ სახელმწიფო არაფერში უნდა ერეოდეს, უყვარდა ჯორჯ ბუშ უმცროსი და მისი ერთ-ერთი ცნობილი მომხრე იყო.

„სააკაშვილი ერთის მხრივ ლიბერალურ სახელმწიფოს აკეთებდა. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთს მაქსიმალური ლიბერალიზმით აშენებულ საქართველოს სთავაზობდა, ამასთანავე ბუშის ფავორიტი იყო. ამ წერტილების დამთხვევა ჩემთვის სავარაუდოს ხდის, რომ ნატოს გენერალურ მდივანსაც შეიძლება იგივე დამოკიდებულება ჰქონდეს სააკაშვილის მიმართ, რაც ჯორჯ ბუშ უმცროსს ჰქონდა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამჟამად გარდამავალი პერიოდია. უცხოეთში მომუშავე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს კი ახასიათებს ის, რომ ისინი პოლიტიკურ ამოცანებზე უფრო მუშაობდნენ, ვიდრე სახელმწიფოებრივზე. ამასთანავე, ინფორმაციის წყაროები, რომლებიც ნატოს გენერალურ მდივანსა და საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული და მათ ევროსტრუქტურებისთვის ტენდენციური ინფორმაციის მიწოდება მოახერხეს.

„ევროპელი ჩინოვნიკისთვის ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ელჩს შეუძლია ამა თუ იმ პიროვნებას პოლიტიკური მოტივაციით მიაწოდოს ინფორმაცია. აქედან გამომდინარეობდა შექმნილი ვითარება, თუმცა ვფიქრობ, რომ ბატონმა ბიძინამ მოახერხა რასმუსენის დარწმუნება პირველ რიგში იმაში, რომ ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებშია და აქ გამორიცხულია პოლიტიკური დევნა, ან რევანშიზმი. შესაბამისად, ნატოს გენერალური მდივნის პოზიციასთან დაკავშირებით ასეთი კორექტირება მოხდა, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო. სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი ყოველთვის მოკლევადიან ამოცანაზე მუშაობს. იმაზე არ ფიქრობენ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა. ეს არის მათი უგუნური ქმედება, რომელიც დღეს არ დაწყებულა. ცხრა წელია ისინი ცდილობდნენ ამ მეთოდებით ემართათ ქვეყანა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ნატოს სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის შეუსაბამობა ის სისტემური პრობლემა კი არ იყო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებდა, არამედ ის, რომ თავდაცვის მინისტრს შეეძლო ჯარისკაცი ეცემა. ხუხაშვილი ამბობს, რომ სწორედ ეს გვაშორებდა ნატოსგან და არა ის, რომ დღეს ვიღაცას ამის გამო პასუხისგება მოუწევს.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ რასმუსენი არასწორ ინფორმაციას ფლობდა. ამასთანავე, იგი ამბობს, რომ ანდერს ფოგ რასმუსენს, როგორც ჩანს, „ნაციონალებთან“ პარტნიორობისა და კოლეგიალობის გარდა, გარკვეული ემოციური ბმა აკავშირებდა და მისი პირველი შეფასებები ამ მეგობრობისთვის გადახდილი ხარკი აღმოჩნდა. ლაგაზიძის თქმით, რასმუსენის პოზიციის ასე მოკლე დროში ასეთმა რადიკალურმა ცვლამ საქართველოში მის იმიჯზე დადებითად არ იმოქმედა, რადგან აშკარაა, რომ ორი დღის შუალედით გაკეთებული ეს ორი განცხადება სრულიად სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებზე გამოხმაურებას წარმოადგენს.

„ნატოს გენერალური მდივანი ვალდებულია ერთი მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სულ მინიმუმ, მეორე მხარესთან გადაამოწმოს. ამასთანავე, გარდა ინფორმაციისა ამ ორი წყაროსი, ნატოს საქართველოში უამრავი სხვა წყაროც ჰყავს. ამიტომ, რასმუსენს განცხადების გაკეთებისას შეჯერებული და კომპილაციური ინფორმაციით უნდა ეხელმძღვანელა, რათა დღევანდელი განცხადების შემდეგ, ცოტა არ იყოს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო. მისი ბოლო განცხადება ადასტურებს იმას, რომ რასმუსენი სრულად არ იცნობდა იმ პროცესებს, რაზეც მან პირველი შეფასება გააკეთა და ასევე არ იცნობდა ბიძინა ივანიშვილს, რომლის პოლიტიკურ მოღვაწეობაზეც გააკეთა განცხადება“, - განმარტავს ექსპერტი.

მისი თქმით, პოზიტიური მომენტიც უნდა აღინიშნოს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც რასმუსენი შეხვდა იმ პიროვნებას, ვის პოლიტიკურ მოღვაწეობაზეც კრიტიკული განცხადებები ჰქონდა გაკეთებული, მან შეძლო რეალობა ეღიარებინა და სინამდვილესთან ახლოს მდგომი შეფასება გაეკეთებინა.

„კიდევ ერთი რამ არის საინტერესო. მე მაშინვე განვაცხადე, რომ ბაროზოს აღფრთოვანებული შეფასების შემდეგ, ველოდი, რომ რასმუსენის მხრიდანაც საკუთრივ ბიძინა ივანიშვილის პერსონის მიმართ პოზიტიური შეფასება წამოვა და როგორც ჩანს, ეს მისი პიროვნული ხიბლის დამსახურებაა-მეთქი. ალბათ, მართლაც მისი პიროვნული თვისებების დამსახურებაა, როდესაც იგი ახერხებს მის მიმართ ასე კრიტიკულად განწყობილ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ მისი განწყობა დადებითისკენ ასე რადიკალურად შეცვალოს. მიმაჩნია, რომ მას ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში ბევრ დივიდენდს მოუტანს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.